Friday, March 25, 2011

მალხაზ ხარბედია - ესმა ონიანის 100 ლექსი


გამომცემლობა “ინტელექტმა” სერიაში “100 ლექსი” ესმა ონიანის კრებული გამოსცა.
ესმა ონიანზე საუბრისას ვერასდროს ავუვლით გვერდს ერთ კითხვას, რომელიც თავის დროზე ძალზე ზუსტად ჩამოაყალიბა პოეტმა ნაზი კილასონიამ. ეს კითხვა, უფრო სწორად კი ვარაუდი, ასე ჟღერს – “შეიძლება ყველა მხატვარმა არ იცის, რომ იგი პოეტია. შეიძლება ყველა პოეტმა არ იცის, რომ იგი მხატვარია...”. ამ სიტყვების ტრაგიკული სიბრძნე ესმა ონიანის ცხოვრებას ბოლომდე გაჰყვა, განსაკუთრებით მისი პირველი ნაწილის მნიშვნელობა და სწორედ ამიტომაა, რომ დღეს ხელახლა გვიწევს ამ გამორჩეული პოეტის წაკითხვა და აღმოჩენა.
გამომცემლობა “ინტელექტის” სერიაში, “100 ლექსი”, პოეტ რენე კალანდიას მიერ შედგენილი ესმა ონიანის კრებული კიდევ ერთი ნაბიჯია ამ პოეტის გაგებისკენ, რომელსაც სიცოცხლეში 4 კრებული ჰქონდა გამოცემული, მაგრაც ცოტა ვინმე თუ ამჩნევდა.
ესმა ონიანი 1938 წელს დაიბადა, დაამთავრა 23-ე ქალთა საშუალო სკოლა, შემდეგ სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. მას ყველა იცნობდა როგორც ფერმწერს, გარდა ამისა მუშაობდა წიგნის გრაფიკაზე, ტელევიზიაში, დამგმელ მხატვრად, 1968 წლიდან 1999 წლამდე, ანუ სიცოცხლის ბოლომდე ასწავლიდა სამხატვრო აკადემიაში. ესმა ონიანის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე მისი დის, ირინა ონიანის ინიციატივით და რამდენიმე კერძო პირის დახმარებითა და მხარდაჭრით გამოვიდა მისი ლექსებისა და ესეების თითქმის სრული კრებული, ასევე ნახატების საკმაოდ მოზრდილი ალბომი, რის შემდეგაც ესმა ონიანის შემოქმედებამ, შეიძლება ითქვას, ახალი ცხოვრება დაიწყო. ეს კრებულიც ამ ახალი ცხოვრების ნაწილია და იგი პოეტის ოდნავ განსხვავებულ პორტრეტს გვიხატავს. ასეა პოეტ გიორგი ლობჟანიძისთვისათ, ვინაც ესმა ონიანის ლექსები პირველად ყმაწვილობისას წაიკითხა:
“ძალიან კარგია, რომ 100 ლექსის სერიით გამოვიდა ესმა ონიანის ლექსები. მე ადრეულ სიყმაწვილეში მქონდა წაკითხული ესმა ონიანის ლექსები და მაშინაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მე ვიგრძენი, რომ ნამდვილ პოეტთან მქონდა საქმე, მაგრამ ერთად შეკრებილი და ერთ წიგნში გაერთიანებული სულ სხვა სურათს გვაძლევს. ჩემს წინაშე აბსოლუტურად სხვა პოეტი წარდგა და მე ვიტყოდი ძალიან დიდი პოეტი, რომელიც უსამართლოდ დაუფასებელია ან არ არის ისე სათანადოდ დაფასებული როგორც მას ეკადრება”.
ესმა ონიანის, როგორც პოეტის დაფასებაზე თავის დროზე რეზი თვარაძეც წერდა: “ეს იყო სიმძაფრე, რომელიც ძნელი გასაძლები იყო იმ დროისთვის. მაშინ ასე არავინ არ წერდა, გარდა ანა კალანდაძისა და ადრეული გალაკტიონისა. ეს დღემდეც ვერ აიტანა ქართულმა საზოგადოებამ. ამიტომ არის, რომ ესმა ონიანი, უბრწყინვალესი პოეტი, დღემდე დარჩენილია სალონების და ცალკეული ოჯახური წრეების კუთვნილებად. სხვათა შორის, ამაში არ ვხედავ არაფერს ცუდს. ესმა არ შეიძლება იყოს მასობრივი პოეტი, მასებში საკითხავი პოეტი, მრავალ ასეულათასიანი მკითხველის პოეტი”.
გარდა იმისა, რომ ესმა ონიანი ასეულათასიანი მკითხველის პოეტი არაა, იგი არც იმ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ადვილად შეიძლება ადგილი მიუჩინო. მისი პოეტური ყოფიერება კომფორტისთვის არაა, მისი, როგორც პოეტის არსებობა მუდამ კითხვებს სვამს, იგი გაურბის ყოველგვარ განსაზღვრულობას, სიცხადეს. გადახედეთ ესმა ონიანის ადრეულ ლექსებს და ნახავთ, უფრო სწორად, მოისმენთ და მიხვდებით თუ რამხელა ენერგია ჩადო ესმა ონიანმა თავისი ლექსის ჟღერადობაში. კითხულობ და ფიქრობ, რა საჭიროა ამდენი ალიტერაცია, ამდენი ბგერითი სავარჯიშო, მკვეთრი ხორხისმიერებისა თუ ბაგისმიერების ასეთი შეხამება, ერთგვარი თანხმოვნების ტანგო...
კიდევ ერთი განსაკუთრებული ნიშანი ესმა ონიანის ლექსებში საგნობრიობაა, ანუ საგნები, რომლებსაც იგი დიდი მონდომებით ალაგებს, თითქოს ნატურმორტის დასახატად:
“ჯერ ერთი არის აბსოლუტურად თვითმყოფადი პოეტი. მე ვერ გეტყვით უფრო პოეტია იგი თუ მხატვარი. იგი მხატვრობიდან არის გაზრდილი როგორც პოეტი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. მისი ყოველი ლექსი თითქოს ფერწერაშია ამოვლებული როგორც თათარაში ჩურჩხელა და საუკეთესო ნუგბარია მკითხველისათვის. ესმა ონიანი ძალიან თანამიმდევრული პოეტია, რაც აკლია ხოლმე პოეზიას ხშირ შემთხვევაში, იმიტომ, რომ პოეზია მაინც არის რეფლექსიაზე დამყარებული და პოეტი მუდმივად თავის განწყობებს ასახავს. ხოლო ესმა ონიანის ლექსებში ეს ყველაფერიც არის, რეფლექსია, განწყობილებაც, მაგრამ იგი მყარ ღერძზეა ასხმული, იმიტომ, რომ იგი მოაზროვნე პოეტია. ეს არის გულით მოაზროვნე პოეტი, რომელიც გვთავაზობს სამყაროს ისეთს, როგორსაც ის ხედავს და ეს სამყარო არის იმდენად გასხვავებული იმისაგან, რასაც აქამდე ვიცნობდით ქართულ პოეზიაში, რომ სწორედ ამით არის ესმა ონიანი ძალიან დიდი შემოქმედი ჩემთვის.”
ასევე უნდა ვახსენოთ ესმა ონიანის ნეოლოგიზმები და ურთულესი კომპოზიტებიც, რომელიც მის ლექსს განსაკუთრებულ სურნელს მატებს, მაგრამ მასთან მთავარი მაინც ხედვაა, გაელვებები, მეხსიერების ამონათებები, უბრალოდ ვიზიონები. თუმცა რაღა უბრალოდ, ვიზიონები და ხილვები უკვე საკმაოდ ბევრზე მეტყველებს. ესმა ონიანი სწორედ ამ ხილვებსა და გაელვებებს სწირავს ყველაფერს, რიტმსაც, რითმასაც, ოღონდაც ამ ნივთებმა ადგილი იპოვონ, ნივთებმა, რომლებიც ლექსებში იჭრებიან. ეს ნივთები, შეიძლება ითქვას, ანგრევენ ლექსს, ლექსის კანონიკას, მაგრამ სამაგიეროდ სწორედ ამ ე.წ. ნგრევით იშვება პოეზია.
ესმა ონიანთან ეროტიული ნაკადიცაა და მისი ეროტიული მეცნიერება ყველაფერს ზედმიწევნით სწავლობს, აქ შიშველი ნატურის ეროტიკაცაა, ზღმარტლისფერი ძუძუსთავებით, ოფლით და სხვა მიკროსკოპული დეტალებით და ამავდროულად რაღაც განმაღმრთობელი, მაღალი ეროსიც ჩანს. სწორედ ამიტომ, ესმა ონიანი ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ქალი პოეტიცაა XX საუკუნის ქართველ ქალ პოეტებს შორის:
“XX საუკუნეში სწორედ ესეთი ტიპის ქალი შემოქმედები იყვნენ საქართველოში, რომლებიც თავისთვის ჩრდილში იდგნენ და ჩუმად წერდნენ და გარდაცვალების შემდეგ უფრო გამოიკვეთა მათი მნიშვნელობა. შემიძლია გავიხსენო ბორენა ჯაჭვლიანი, რომელიც, მართალია აბსოლუტურად სხვა ტიპის პოეტი იყო, მაგრამ რაღაცით გავდა თავის ბედისწერაში ესმა ონიანს. და ჩვენი ლიტერატურათმცოდნეობის ვალია, მე ვფიქრობ, დაინახოს, აღმოაჩინოს ბოლოს და ბოლოს ეს პოეტები და შეაფასოს და დააფასოს სათანადოდ”.
ახლა ვფიქრობ რომელი ფრაგმენტი, ან შედარება მოვიყვანო, რომ ესმა ონიანის ლექსი უცებ აფრიალდეს მკითხველის თვალწინ. ვფიქრობ და პირველად ეს სახე მახსენდება: “მამადავითის თეთრი ლებანი”, უზუსტესი შედარება, რომელსაც ადვილად გაითავისებს ყველა, ვისაც თბილისი ესმის და აკვირდება ამ ქალაქს. გარდა ამისა მახსენდება ესმა ონიანის ერთი დიდი ლექსი, “ისევ გადახვევები ოთხ ნაწილად”, სადაც 9 გვერდის მანძილზე მეორდება თითქოს ანაგრამებში შეფარული პოეტის სახელი, ესმა: “ნუთუ ეს მე ვარ?! ისევ მე ვარ?!... ისევ მოვსულვარ!... დავიფერფლები ისევ ამაში... ეს მე დავსცქერი... ეს მე მიგრძვნია...”.
ეს წიგნიც ხომ მთლიანად ესმა ონიანის ნაგრძნობთა ნაკრებია და ბარემ ისიც აღვნიშნოთ, რომ ესმა ონიანი სწორედ ამ პოეტურ გრძნობებში და ხედვებში დაიფერფლა.
© radiotavisupleba.ge





No comments:

Post a Comment