შოთა იათაშვილი
III თავი
პიერი
ერთ-ერთ შეკრებაზე ალენმა პისტოლეტი მოიტანა. მარტა სიხარულისგან აკივლდა. ფილმა და სოფიმ ერთმანეთისკენ გააპარეს მზერა, მერე ალენს შეაცქერდნენ. მე გამაცია და თავი ჩავქინდრე, ფეხსაცმლის ჭვინტით კენჭი ავაგორავე.
- მოგწონთ? - გვკითხა ალენმა.
- უუუუუ! - დაიღმუვლა მარტამ და გულზე ხელები დაიბაგუნა.
- კაია... - მშვიდად თქვა ფილმა.
- რად გვინდა? - იკითხა სოფიმ.
მე ჩუმად ვიდექი. ალენმა გამომხედა, რამდენიმე წამი მიყურა, მერე ხელი ჩაიქნია და დანარჩენებს მიუბრუნდა:
- სროლა უნდა ვისწავლოთ.
სიჩუმე ჩამოწვა.
ხან ერთმანეთს ვუყურებდით, ხან ალენს და ხან მის ხელში მოთამაშე პისტოლეტს.
- რად გვინდა? - განმეორებით იკითხა სოფიმ.
- ყველაფერი გვინდა! - იყო ალენის პასუხი - არავინ იცის, როდის რა დაგვჭირდება.
- საშიშია... - თქვა სოფიმ - არ მინდა მე პისტოლეტი.
ალენმა გაიცინა. მერე პისტოლეტი აწია და სოფის შუბლში დაუმიზნა. სოფიმ შუბლზე ხელი აიფარა, “კარგი, რა...” - წაიბუტბუტა.
- გეყო! - ხმამაღლა უთხრა ფილმა ალენს და სოფის გადაეფარა.
მან უფრო ხმამაღლა გაიცინა და იარაღი ახლა მე მომიშვირა. დამბურძგლა, თუმც უმალ გადამიარა, ალენს თვალი თვალში გავუყარე და ვუთხარი:
- არ მეშინია.
- ყოჩაღ! - შემაქო ალენმა - ყველანი პიერივით უშიშრები უნდა იყოთ.
- უშიშარი ვარ! - იყვირა მარტამ.
ფილი და სოფი ჩუმად იდგნენ. ალენმა რამდენიმე წამი აცადა მათ, მერე ისევ მიუშვირა პისტოლეტის ლულა და ჰკითხა:
- თქვენ?
- ჩვენც - ეს ფილი იყო. მაგრამ სოფიმ ფილის ზურგში თავი ჩარგო და გავიგონეთ:
- არა, მე არა... მე მეშინია... ალენ, ძალიან გთხოვ, არ გვინდა რა პისტოლეტი...
- გვინდა! - ალენი შეუვალი იყო - ხარ ჩვენიანი?
სოფი ხმას არ იღებდა.
- ჰა, თქვი, ხარ თუ არა ჩვენიანი! - გამოსცრა კბილებში ალენმა და სასხლეტი მოსინჯა.
- კაი რა, ბიჭო, ჩვენიანია, აბა ვინაა! - მარტა ალენისკენ დაიძრა - არცერთს არ გვიცნობდი, სოფი რომ შენი ერთადერთი მეგობარი იყო. პირველად ხედავს იარაღს და ცოტათი დაფრთხა. აცადე, გადაუვლის... - მარტა ალენთან მივიდა - მანახე ერთი რა პისტოლეტია.
- აჰა! - ალენმა იარაღი გაუწოდა. მარტამ ჩამოართვა, ხელში შეათამაშა, დააკვირდა...
- რა არის ეს, ბიჭო?
- რა უნდა იყოს?
- ნაღდია, ვითომ?
ალენმა გადაიხარხარა. მერე თავში წაუთაქა მარტას:
- მიხვდი?
- მივხვდი, აბა რა, მაგის მეტი რა ვიცი, მაშ რისთვისა მყავს პოლიციელი მამიკოები!
მარტა ჩვენსკენ შემობრუნდა, იარაღი დააქნია და გვახარა:
- ეი, არაა ეს ნაღდი პისტოლეტი, გატყუებდათ ალენი!
- მომე, მომე, რას იქნევ შტერივით! - ალენი მარტას ხელში სწვდა და პისტოლეტი წაართვა. - არაა ჯერ საჭირო და იმიტომ არ არის. საჭირო რომ იქნება, ნამდვილიც გაჩნდება. მანამდე კი სპორტულითაც კარგად ვივარჯიშებთ! - ალენმა იარაღი ქამარში გაირჭო, მერე დაიხარა, ჩვენს მიერ დაყლურწული “კოკა-კოლას” სამი ბოთლი და მარტას ერთი “ბუდვაიზერის” ქილა მიწიდან აკრიფა, მარცხნისაკენ წავიდა, ბოთლები შემაღლებულზე დაალაგა და უკან, ჩვენსკენ გამოეშურა.
- მაშ ასე, ვიწყებთ პირველ მეცადინეობას! - ქვაზე ჩამოჯდა, იარაღი გვერდით ჩამოიდო, ჯიბეში ხელი ჩაიყო და მაყუჩი და ტყვიები ამოალაგა. - აბა, ჩემს ირგვლივ მოგროვდით!.. გოგო, გადმოადგი ფეხი, კიდევ გეშინია?
სოფიმ არაფერი უპასუხა, ისე მიუახლოვდა ალენს და მის წინ ჩაცუცქდა. ყველანი მოვიკრიბეთ. ალენმა აგვიხსნა, როგორ უნდა ჩაგველაგებინა ტყვიები, როგორ უნდა გაგვეკეთებინა ლულაზე მაყუჩი და მერე რიგრიგობით ყველას შეგვასრულებინა ეს პროცედურა.
- დავიწყებ, რა! - ითხოვა მარტამ, როცა კი საქმე სროლაზე მიდგა.
- შენ დაიწყებ კი არა, დაასრულებ! - შეუბღვირა ალენმა და იარაღი სოფის მიაჩეჩა. სოფიმ დაუმიზნა, ისროლა და “ბუდვაიზერის” ქილა გახვრიტა. გაოცებისაგან ყველამ, თვით ალენმაც კი, პირი დააღო. გათამამებულმა სოფიმ მეორედაც გაისროლა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ სექვოიას ფოთლები გახვრიტა.
- გუშინ მარკიზ დე სადს ვკითხულობდი - რატომღაც თქვა ფილმა.
- ეგ ვინღაა - იკითხა მარტამ.
- საფრანგეთის პრეზიდენტი, - ფილმა სოფის პისტოლეტი გამოართვა და შეათვალიერა, მერე ალენს ახედა _ გინდა, მეც ვისროლო?
- ჰო... - ალენი ჩაფიქრდა, ფილმა პისტოლეტი ხელში შეათამაშა და ცარიელი ქილებისაკენ გაიშვირა. ყველანი ვიდექით და გასროლის ხმას ველოდით. თვალმოჭუტული ფილი იდგა და წინგაშვერილ ხელს მილიმეტრებში ამოძრავებდა. ველოდით. ფილი იდგა და წინგაშვერილ ხელს დიდი ხანი მილიმეტრებში ამოძრავებდა. მერე გააჩერა. “ახლა გაისვრის” - გავიფიქრე. მაგრამ ფილმა არ გაისროლა. ის სკულპტურასავით იდგა. დავიძაბე. ვუყურებდით და ველოდით. ველოდით... ფილი არა და არ ისროდა. ბოლოს ალენმა თქვა:
- მარკიზ დე სადი?
- ჰო... რა იყო?
- არ მახსენდება.
- რა?
- მგონი არ ყოფილა ეგეთი საფრანგეთის პრეზიდენტი..
- კარგად იცი საფრანგეთის ისტორია?
- კი...
- იმდენი შენ რა გითხარი? - ფილი შებრუნდა და ალენს დაუმიზნა შუბლში იარაღი.
- ვერ მომკლავ - მიუგო ალენმა და შუბლზე ხელები აიფარა.
- ძალიანაც კარგი - უპასუხა ფილმა და იარაღი დაუშვა - ბოლო-ბოლო რა გინდა, ალენ?
შუბლზე ხელებაფარებული ალენი იდგა, თითქოსდა ფიქრობდა, რა პასუხი გაეცა. არ ვიცი რატომ, მაგრამ უცებ წამომცდა:
- მე ვიცი. წაკითხული მაქვს..
ფილმა პისტოლეტი ახლა მე მომიშვირა:
- მერე?
- რა მერე?
- კარგი პრეზიდენტია?
- პრეზიდენტი არ არის.
- რა? - ფილი უცებ გაშმაგდა, ჩემსკენ გამოემართა და იარაღი ზედ შუბლზე დამადო. - აბა ვინაა?
მივხვდი, რომ სწორი პასუხი არ უნდა გამეცა. ვიდექი და მარკიზ დე სადისთვის პროფესიას ვარჩევდი.
- ჰა, ბრძანე! - დამაჩქარა ფილმა.
- მაფიოზია - ვუთხარი.
- ალ კაპონეს პონტში? - იკითხა ალენმა.
- ჰო - დავუდასტურე. ფილმა გაიცინა და ალენს უთხრა:
- ჯერ მარკიზ დე სადი წაიკითხე და მერე მოინდომე ლიდერობა, ბრიყვო!
ალენმა ფეხი აიქნია და ფილს მკლავში სთხლიშა. ფილს იარაღი ხელიდან გაუვარდა და ალენი მას გაშმაგებული ეცა. ორივენი ძირს დაეცნენ და გაჯსა და ცემენტში აკოტრიალდნენ. ბუღი დადგა. გოგოები აწივლნენ.
“დამანებეთ რა თავი...” _ გავივლე გულში, დავიხარე და აგური ავიღე.
- რას აპირებ? - მეცა ხელში მარტა - უარესი არ ქნა...
მტვრის მიღმა, როგორც ნისლს მიღმა, ისე ჩანდა, თუ როგორ უბაგუნებდნენ ძირს დაცემული ალენი და ფილი ერთმანეთს მუშტებს. სოფი მათკენ გადახრილიყო და ხელებით, ფეხებით, ცრემლებით თუ ხვეწნა-მუდარით ცდილობდა მათ გაშველებას.
“დამანებეთ რა თავი!” - კიდევ ერთხელ გამიელვა ამ ფრაზამ თავში და უცებ საშინელი ბრაზი მომაწვა. აგური ძირს დავახეთქე და
- აააააააააააააააააააააააააა!......... - გულ-მუცლიდან შემზარავი უწყვეტი ბგერა აღმომხდა.
- პიერ, პიერ! - ჩამძახოდა ვიღაც ყურში და ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, მაგრამ მე უკვე ვერაფერს ვემორჩილებოდი. მუხლებზე დავეცი, ვიკლაკნებოდი და გაუჩერებლად ვყმუოდი. თვალწინ ჩემი ბავშვობის, ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე სურათები საშინელი სისწრაფით მიტრიალებდა... მერე აღარაფერი მახსოვს, რაღაც მომენტში ალბათ ხმაც ჩამიწყდა და გონებაც დამებინდა, ხოლო როცა თვალი კვლავ გავახილე, ალენი, ფილი, სოფი და მარტა ერთად დავინახე. თავზე მადგნენ. სოფი ცხვირსახოცით შუბლს მიწმენდდა, ალენი და ფილი რაღაც უცნაურ მასაჟებს მიკეთებდნენ, მარტა ბოთლიდან წყალს მაწუწავდა...
- მოვიდა აზრზე! - ჩაილაპარაკა ალენმა და შემეშვა. ფილიც ქვაზე ჩამოჯდა და მტვრიანი შარვლის ფერთხვას შეუდგა. მარტო გოგოები აგრძელებდნენ ჩემს მკურნალობას. ამოვიოხრე და ოდნავ წამოვიწიე. სოფიმ ისევ მომატყეპა სახეზე სველი ცხვირსახოცი და ტუჩებიდან სისხლი მომაწმინდა.
- დაანებე თავი, აღარ მოკვდება, - უთხრა ალენმა სოფის და თავისი დაჭმული თითების თვალიერება განაგრძო.
- რა მოხდა? - ვიკითხე დაბნეულმა და გაბრუებულმა.
- რა მოხდა და ბნედა გქონდა... ეპილეფტიკი გვაკლდა კიდევ ამ დამთხვეულთა კომპანიაში... გამომიხვედი რა შენც, ისა... ვინა?.. - ალენმა სისხლიანი ხელი ჩაიქნია და ფილს გახედა.
- დოსტოევსკი.
- ჰო, დოსტოევსკი... იცი მაინც, ვინ არის?
- როგორ არ ვიცი... ახლა ვკითხულობ მაგის რომანს: “დანაშაული და სასჯელი”... ძალიან მაგარია...
- “დანაშაული და სასჯელი”? ვა, საინტერესო სათაური აქვს. დედაჩემს ვეტყვი. ექნება სახლში ალბათ ეგ წიგნი. ჩავხედავ ერთი, რას ჯღაპნის მაგისი რუსი...
- სროლის გაკვეთილი არ გავაგრძელოთ? - ეს მარტა იყო.
- შენც მაგრად გიქრის რა... - ალენი წამოდგა, მარტას თავში წამოუთაქა და მანაც დაიწყო ტანსაცმლის ფერთხვა, - დღევანდელი გაკვეთილი დასრულებულია, საშინაო დავალება გექნებათ ნერვების დამშვიდება და ბნედებისა და ისტერიკების გარეშე შემდეგ გაკვეთილზე გამოცხადება... რას შვრები ბნედიანო, უკეთა ხარ? - მომიბრუნდა მე.
- მგონი.
- ადე აბა!
წამოვიწიე და ნელ-ნელა წელში გავიმართე. სოფი წამომეშველა.
- არაფერი გიჭირს, მშვენივრად გამოიყურები. თუმცა მარტა, შენ მაინც მიაცილე პიერი სახლამდე, დანარჩენებიც დავიშალოთ... ჩემი იარაღი სად არის?
ფილმა თავით მიანიშნა. სპორტული რევოლვერი გაჯის პარკთან ეგდო. ალენი მივიდა, იარაღი აიღო, ჯიბეში ჩაიდო და გამოგვხედა.
- აბა, გაუყევით თქვენ-თქვენ გზას... შემდგომი შეხვედრა სად იქნება, შეგატყობინებთ.
დავიშალეთ. მარტა მომყვებოდა და თავისი სისულელეებით ტვინს მიბურღავდა. მოთენთილი
ვიყავი, მაგრამ მეორეს მხრივ, თითქოს მთელ ორგანიზმში რაღაც მშვიდი იდუმალება ჩამდგომოდა.
- მარტა, გეხვეწები, ცოტა ხანი გაჩუმდი... სიწყნარე მინდა...
ეტყობა დაფრთხა, ეპილეფსიამ თავიდან არ წამოუაროსო და ენას კბილი დააჭირა. მხოლოდ ხელკავი გამომდო და ისე მომყვებოდა. მივდიოდი, სახლებს, ხეებს, ცას, ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს ვუყურებდი და რაღაც გასხივოსნებისმაგვარი მემართებოდა. ყველაფერი სასიამოვნოდ ბლანტი იყო, ფერები, ხმები, მოძრაობები _ ყველაფერი საოცრად ატკბობდა ჩემს სულს, ჩემს თითქოსდა ასე მოქანცულ სხეულს. არადა, სწორედ ეს დაღლილობა იყო ჩემთვის აქამდე უცნობი ის განცდა, ასე რომ მომწონდა.
მარტა მომყვებოდა... მე მშვიდად მივსრიალებდი ქუჩაში და ვნეტარებდი... სახლამდე ასე ვიარეთ... “როგორა ხარ?” - ხანდახან მეკითხებოდა მარტა. “კარგად” - ვპასუხობდი და ტკბობას ვაგრძელებდი. სადარბაზოსთან დავემშვიდობე და სახლში ავედი. კარი სუზიმ გამიღო.
- მიყვარხარ... - ვუთხარი, ვაკოცე და კისერზე ჩამოვეკიდე.
- პიერ, რა იყო, პიერ, რა დაგემართა?.. - გაკვირვებული და ცოტა არ იყოს შეშფოთებული მეკითხებოდა სუზი და თავზე ხელს მისვამდა, რაც ძალიან მსიამოვნებდა.
- შემო, შემო სახლში... რა გჭირს, პირი რატომ გაქვს სისხლიანი?
- ბნედა მქონდა... დე, მე ბნედიანი ვარ და იცი, რა სასიამოვნოა ეს?.. - ხელისგულებით მისი სახე დავიჭირე და სისხლშემხმარი ტუჩებით ცისფერი თვალები ამოვუკოცნე. სუზი განცვიფრებული მიყურებდა... სასტუმრო ოთახიდან რიტამ გამოიხედა.
- მოხვედი, პიერ? - ჰო, დე!.. - სუზის შევეშვი, რიტასაკენ წავედი, ახლა მისი ხელები ჩავბღუჯე და ტუჩებთან მივიტანე.
- რაო პიერ?
თბილ თითებს ვუკოცნიდი. მეჩვენებოდა, რომ მის თითებში გამავალ თითოეულ ნერვს ვგრძნობდი. ვგრძნობდი, როგორ იცვლებოდა რიტას მზერის მიმართულებაც: ჩემგან სუზისაკენ, მერე სუზისგან კვლავ ჩემსკენ. ბავშვობის ერთ-ერთი პირველი მოგონება დამიდგა თვალწინ. ოთხი თუ ხუთი წლის ვიყავი. რიტა და სუზი საპარიკმახეროში წავიდნენ და თან წამიყოლიეს. წარმოუდგენლად გადაჩახჩახებულ, ნელსურნელოვან ოთახში აღმოვჩნდი უცებ. ყველაფერი, თითქმის ადამიანების ჩათვლით, ერთიმეორეს ირეკლავდა, ყველაფერი კრიალებდა და ბრწყინავდა. თეთრხალათიანი ქალები ნარნარებდნენ ფერიებივით. საავადმყოფოშიც მყავდა თეთრხალათიანი ქალები ნანახი, მაგრამ ისინი ცუდი თეთრხალათიანები იყვნენ, ესენი კი დაუჯერებლად კარგნი.
რიტა და სუზი ერთმანეთისადმი ზურგშექცევით დასვეს და მათ გალამაზებას მიჰყვეს ხელი. მე კედელთან, სკამზე ჩამომსვეს, ორივესაგან თანაბარი დაშორებით. ირგვლივ ათასნაირი ნივთი ელაგა, ზოგი ნაცნობი, ზოგი უცნობი, მაგრამ ყველაფერი, თვით უბრალო მაკრატელიც კი, ამ ფერიების ხელში სულ სხვანაირი ჩანდა. მაკრატლები სულ სხვა ხმაზე კრაჭუნობდნენ, ფერიები ხანდახან რაღაც ნივთებს დენში აერთებდნენ და ისინიც გულშიჩამწვდომ ზუზუნს იწყებდნენ. და ამ მოზუზუნე ნივთებით ისინი რიტასა და სუზის თავებს დასტრიალებდნენ. რიტა და სუზი მიბნედილი მზერით ერთმანეთის გამოსახულებებს აკვირდებოდნენ, უღიმოდნენ, ელაპარაკებოდნენ... ვხედავდი, როგორ ხვდებოდა მათი სიტყვები სარკეებს, ირეკლებოდა და მეორე მხარეს მიექანებოდა. ხანდახან გინზბურგისა და ბირკინის ხმებში იბლანდებოდა და ქრებოდა, ხანდახან ტყვიასავით გაკვეთდა ხოლმე ნოტებითა და პარფიუმერიით გაჟღენთილ ჰაერს... ფერიები საკუთარ ჯადოქრობებს სჩადიოდნენ: ქერა სუზი წითელთმიან სუზიდ გარდაქმნეს, შავგვრემანი რიტა კი ქერა რიტად... ვიჯექი გაბრუებული ვუყურებდი, ჩემი ლამაზი დედები თვალსა და ხელს შუა როგორ ხდებოდნენ კიდევ უფრო ლამაზი ჩემი დედები და თვალსა ხელს შუა როგორ მიყვარდებოდა ისინი უფრო მეტად...
- პიერ, პიერ! - ჩამესმა.
თავი ავწიე და რიტას შევხედე.
- ჰო...
- რა გჭირს, პიერ?
- დე, წავიდეთ საპარიკმახეროში...
- სად?
- საპარიკმახეროში... მე, შენ და სუზი წავიდეთ ახლა საპარიკმახეროში. თქვენ თმა შეიჭერით, შეიღებეთ ან დაივარცხნეთ, მე კი გიყურებთ...
რიტამ საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიიდო და დაატრიალა. სუზის შევხედე. მანაც მიიდო თითი საფეთქელთან და დაატრიალა, თუმცა თბილად გამიღიმა და დაამატა:
- კარგი, წავიდეთ!
© kalmasoba.com
No comments:
Post a Comment