Sunday, March 20, 2011

გიორგი ლობჟანიძე – ვენახი და დაუკრეფავი


თანამედროვე ქართული ინტერნეტპორტალების პოეზია
ლიტერატურული პორტალები ჩვენი სამწერლობო ყოფის შედარებით ახალი მოვლენაა. რაკი ინტერნეტი საქართველოში აქტიურად ბოლო 10–15 წლის განმავლობაში დამკვიდრდა, შესაბამისად, საზოგადოებასთან და ერთმანეთთან ურთიერთობის ამ საშუალებით მწერლების ახალგაზრდა თაობა უფრო სარგებლობს. ძველებს, რამდენიმე ბედნიერი გამონაკლისის გარდა, კომპიუტერთან მეგობრობა არ გამოსდით და თუ მოციმციმე მონიტორის დანახვაზე მთლად "- ფუი ეშმაკსო" არ გაიძახიან, მაინც ისევ შეჩვეული საბეჭდი მანქანა ან მამაპაპური კალამი და ფურცელი ურჩევიათ.
სანამ უფროსი ასაკის მწერლები ბატების გაპუტვითა და მათთვის საკალამე ფრთების დაცლით არიან დაკავებულნი, ამასობაში უმცროსებმა, სწორედ ინტერნეტის უსაზღვრო შესაძლებლობების გამოყენებით, არსებითად, ახალი ლიტერატურული წესრიგი დაამყარეს. ქართულ რეალობაში, ძირითადად, ორი ლიტერატურული პორტალი მოქმედებს: ლიტერატურა.გე და ურაკპარაკი. რა თქმა უნდა, არის სხვა პორტალებიც, მაგრამ ისინი ჯერ–ჯერობით დასახელებულ ორს დიდად ჩამორჩებიან პოპულარობითა და გავლენის მასშტაბებით.
რაც მთავარია, ორივე ამ პორტალს აქვს, როგორც ნაწარმოებების განთავსების, ასევე მათი შეფასების შესაძლებლობები და ორივეგან მოქმედებს ფორუმი, სადაც დარეგისტრირებულ ადამიანს შუძლია თავისუფლად იმსჯელოს მისთვის საინტერესო ლიტერატურულ საკითხებზე, კონკრეტული მწერლის, წიგნის, ნაწარმოებისა თუ მოვლენის შესახებ.
მწერალთა შედარებით ძველი თაობისათვის, რომელსაც საბჭოთა ცენზურის ულმობელი წნეხი აქვს გამოვლილი, მკითხველთან ასეთი ადვილი კომუნიკაცია ლამის სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს ნაწილია. თუმცა საქმის ასეთი გაიოლება, კაცმა რომ თქვას, სულაც არ მოსწონთ და პირად საუბრებში ერთგვარი დანანებით იხსენებენ ძველ, კარგ დროს, როცა ყველა ყველაფერს ასე ხელაღებით და მარტივად ვერ ბეჭდავდა.
თქვენ წარმოიდგინეთ, ამ სინანულის გაგება შეიძლება. ინტერნეტის იოლად ხელმისაწვდომობამ უამრავ უნიჭობას გაუხსნა პერსპექტივა და კარგი და ცუდი ერთმანეთში ისე აიზილა, მათი გამიჯვნა, გაცალკევება და შეფასება ვერაფრით მოხერხდება.
საბჭოურ ცენზურას კი, საზიზღარი იდეოლოგიური მხარის გარდა, ერთი დადებითი მომენტიც ჰქონდა. კერძოდ ის, რომ ადამიანი, ვინც პოეტობაზე პრეტენზიას აცხადებდა, მხოლოდ პრეტენზიის ამარა და პროფესიის ნიუანსებში გაურკვევლად, თავიც რომ მოეკლა, საკუთარი ნაწერის გამომზეურებას ვერ შეძლებდა. ეს კი შესაძლებელს ხდიდა გარკვეული შემოქმედებითი ფონის არსებობას, რაც სრულიად აუცილებელია ლიტერატურული პროცესის განვითარებისათვის.
გარდა ამისა, უფროსი ასაკის მწერლისათვის რიგ შემთხვევაში აშკარად გროტესკულად გამოიყურება ინტერნეტსივრცის დემოკრატიულობა. ვგულისხმობ სიტუაციას, როცა ინტერნეტპორტალზე ავტორები, ვთქვათ, ასეთი თანმიმდევრობითაა ჩამოთვლილი: კაიშაური რუსუდან, მინჩხი იოანე, საბანისძე იაონე, ხარანაული ბესიკ... ანუ არანაირი ფორმალური მარკერი ლიტერატურულ კონიუნქტურაში გასარკვევად, მხოლოდ ტექსტი და მკითხველი ერთმანეთის პირისპირ...
ასეთი ვითარება იმ დროს, როცა ისედაც სუსტია ლიტერატურული კრიტიკა, კურიოზულ შედეგებს იძლევა. ერთ–ერთი ასეთი კურიოზული შედეგი კი არის შეფასებისას სუბიექტივიზმის უკიდურესი გამძაფრება და თითქმის ყველანარი ობიექტური კრიტერიუმის უარყოფა. რითაც მკვიდრდება, რბილად რომ ვთქვათ, ისეთი არასერიოზული შეფასების სტანდარტი, როგორიც არის: მე ძალიან მესიამოვნა. ამ სტანდარტთან კი ბუნებრივი შკითხვა რატომ? ონტოლოგიურად შეუთავსებელია.
თანაც იმასაც გააჩნია, ვინ არის ეს მე, ვისაც ესა თუ ის ტექსტი სიამოვნებს. მეტწილად ეს არის წერით ატანილი ადამიანი, რომელსაც არ მიუღია სერიოზული ლიტერატურული განათლება, წაკითხული აქვს რამდენიმე (ძირითადად თარგმნილი) ტექსტი და თავი მაინც შეუცვლელი ექსპერტი ჰგონია.
ეს ყოველივე განაპირობებს იმას, რომ ქართულ ლიტერატურულ პორტალებზე, ძირითადად, ძალზე დაბალი გემოვნება და საეჭვოდ ფამილარული განწყობები ბატონობს. დიდი გამოძიება არ სჭირდება იმის დადგენას, რომ აქ, უმთავრესად, ერთი და იგივე ხალხი მოძრაობს, რომლებიც კარგად იცნობენ ერთმანეთს და ნიკები მხოლოდ უცხოთა თვალის ასახვევად აქვთ, თორემ საჭიროების შემთხვევაში თვითონ ფორუმის ადმინისტრაციიდანვე უპრობლემოდ სკდება, ვინ იმალება ამა თუ იმ ნიკის უკან.
ეს კიდევ სხვა პრობლემაა, სხვა წერილში განსახილველი, თუმცა ვფიქრობ, აქ იმდენად არის აღნიშვნის ღირსი, რამდენადაც პირდაპირ განაპირობებს ფორუმზე შემომსვლელთა გულწრფელობის ხარისხსა და შესაბამისად, ფორუმზე მიმდინარე სალიტერატურო პროცესების სწორად განვითარების პერესპექტივას.
უფრო უკეთ რომ მიგახვედროთ, რაზე ვლაპარაკობ, მაგალითად ლიტერატურა. გე–ზე ერთი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ლექსის რამდენიმე კომენტარს გაგაცნობთ. ლექსი სატრფიალო ლირიკის ნიმუშია, სადაც ავტორი საჯაროდ უხსნის სიყვარულს კატის წელში დაბადებულ თავის სატრფოს.
ამას კი იქვე მოსდევს კომენტარები:
აწეული საყელოსი რა მოგახსენო, მაგრამ უზრუნველ ცხოვრებაზე ოცნებით და რიხით კი წააგავხარ. ძალიან ლამაზები ხართ (მართლა ფისოსავითაა) მიყვარს თქვენი სურათების თვალიერება. ლექსი კარგია ძალიან, ადრესატსაც მოეწონება ალბათ და სხვებსაც.
რა გადამდებია ამ ლექსის განწყობა.....
ჩემები... :)
ავტორიც და ადრესატიც, - ძალიან ჩემები ხართ!
დამეთანხმებით, ასეთი კომენტარები ვერც ავტორს და ვერც ლიტერატურულ პროცესს ვერაფერს შესძენს. ეს უფრო ახლობელი ადამიანის საჯარო მოფერებას ჰგავს, რისაც მე პირადად ძალიან შემრცხვებოდა. შედარებით პროფესიული ერთადერთი კომენტარია:
მნიშვნელოვანი ნამუშევარია იმ გაგებითაც, რომ თანამედროვე ქართულ პოეზიაში ლირიკის როლის რედუცირების მკვეთრი ტენდენიციაა. ეს ლექსი კი სწორედ ლირიკას მიეკუთვნება. ყოჩაღ, ავტორო!
თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ კომენტარს ხელს თვით ნინო დარბაისელი აწერს, მივხვდებით, რა დღეშია პოეზია და პროფესიული კრიტიკული აზრი ჩვენს ლიტერატურულ პორტალებზე.
ასეთ ჩამტკბარ სიტუაციაში, ბუნებრივია, კრიტიკა და პროფესიული განვითარება არავის ანიტერესებს, აქ ლექსებს მხოლოდ ერთადერთი მიზნით დებენ: შეყვარებულსა თუ ახლობელს თავი მოაწონონ და მტერსა და მოშურნეს თვალი დაუყენონ.
ფორმალურად, თითქოს არსებობს ნაწარმოების შერჩევის აკადემიური მეთოდი. საიტის წესებში ვკითხულობთ: საიტზე გამოქვეყნებული ნაწარმოები თავდაპირველად გამოჩნდება ანონიმურად, მხოლოდ რედკოლეგიისა და მკითხველთა კლუბის წევრებისთვის, რომლებსაც წასაკითხად და შესაფასებლად ექნებათ 4 დღის ვადა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, დადებითად შეფასებული (რეიტინგით ნულს ზემოთ) ნაწარმოები გამოქვეყნდება ყველა მომხმარებლისათვის, ხოლო უარყოფითად შეფასებული ნაწარმოები (რეიტინგით ნულს ქვემოთ) ავტომატურად წაიშლება პორტალიდან.
მომხმარებელს ნაწარმოების გამოქვეყნება შეუძლია მხოლოდ 4 დღეში ერთხელ. ერთი და იგივე ნაწარმოებზე კომენტარის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ 20 წუთის შუალედით.
რეიტინგები ავტორთა და მათ ნაწარმოებთა პოპულარობისა და ხარისხის მაჩვენებელია. ნაწარმოების რეიტინგი განისაზღვრება რედკოლეგიისა და მკითხველთა კლუბის წევრების მიერ დასმული ნიშნების მიხედვით. ნიშანი შეიძლება იყოს როგორც დადებითი ("+1" კარგი, "+2" ძალიან კარგი), ასევე უარყოფითი ("-1" ცუდი, "-2" ძალიან ცუდი). ნაწარმოების შეფასება შეუძლია მხოლოდ რედკოლეგიის ან მკითხველთა კლუბის წევრს, როდესაც იგი თავისი სამომხმარებლო სახელით არის შესული საიტზე. ნაწარმოების ქულებით შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, მისი გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში.
ავტორის რეიტინგი გამოითვლება ფორმულის მიხედვით:
ნაწარმოებების რეიტინგების ჯამი
--------------------------------------------- + რეიტინგების ჯამის 5%
ნაწარმოებების რაოდენობა
მოკლედ, აგაშენათ ღმერთმა! მაგრამ საინტერესოა, ვინ არიან რედკოლეგიის ან მკითხველთა კლუბის წევრები, რომელთაც საბოლოო ვერდიქტი გამოაქვთ პორტალზე გაგზავნილი მასალებისათვის. ცალკე მათი სია საიტზე ვერსად მოვიძიეთ. ერთადერთი თუ მკითხველების გრაფაში შეხვალთ, იქ საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს წააწყდებით, სადაც ადამიანები, ზოგჯერ ნამდვილი გვარ–სახელით, ზოგჯერ კი ფსევდონიმით წერიან და გასწვრივ მითითებულია: მკითხველი, კლუბის წევრი ან რედკოლეგია. ისევ გაუგებარია, რა ნიშნით ხდება ამ პიროვნებათა დიფერენცირება.
რაკი რეიტინგის გამოთვლის არც თუ მარტივ მექანიზმს უკვე გავეცანით, ახლა დროა მიმდინარე კვირის რეიტინგულ პოეტურ ნიმუშებსა და მათ კომენატრებსაც გადავხედოთ.
ამ კვირაში ყველაზე მაღალი რეიტინგი (39ქულა) დილა(ადრიანო) დოშკვენცის ლექსს მოუპოვებია. ძლისპირი მართლაც გამორჩეული პოეტური ნიმუშია და ერთგვარად ამოვარდნილი იმ ესთეტიკიდან, რაც, წესით, ასეთ პორტალებზე უნდა მოეწონოთ.
ავტორს ეტყობა, რომ სანამ ლექსს პორტალზე გამოსაქვეყნებლად გააგზავნიდა, მანამდე დიდი ლიტერატურული სკოლა გაუვლია და პროფესიული ტექნიკის დახვეწაზეც საგულდაგულოდ უზრუნია. მისი ლექსი ისეთ ვერსიფიკაციულ ფოიერვერკად წარმოგვიდგება, რომ ჩანს, პოეზია ამ ავტორის მხოლოდ შემთხვევითი გატაცება კი არა, პროფესიული ზრუნვისა და შრომის საგანია.
დილა (ადრიანო) დოშკვენცის ლექსი მთელი წინა თაობების ქართველ პოეტთა ვერსიფიკაციულ მიღწევებს აჯამებს, ოღონდ რა თქმა უნდა, აქ ამ პოეტთა უბრალო და ბანალური გავლენა კი არა, მათი შემოქმედების პროფესიული და ძალზე სიღრმისეული ათვისება იგულისხმება. ამით დილა ადრიანო დოშკვენცი არსებითად ძალიან განსხვავდება პორტალის ავტორთა უმეტესობისაგან, რომელთა ნაწერებშიც იგრძნობა, რომ თავი პოეტური ოაზისების პირველაღმომჩენები ჰგონიათ. მათგან გასხვავებით, დილა(ადრიანო) დოშკვენცის მართლაც აღმოუჩენია თავისი დაუსახლებელი კუნძული, ოღონდ მანამდე უმდიდრესი ქართული პოეზიის ზღვა გადაუცურავს.
სწორედ ზღვასავით ირწევა მისი პორტალზე წარმოდგენილი ლექსის რიტმი და ისეთი ინტიმური რხევით არის გაჯერებული, რომ ყველაზე პრაქტიკული მიზნებით დახუნძლულ ადამიანსაც კი სიყვარულის არსებობასა და უძლეველობაში დაარწმუნებს. ლექსში რიტმივე ქმნის ერთგვარ მელანქოლიურ განწყობას, რაც ასე აუცილებელია სასიყვარულო ლირიკისათვის და რაც, სიტყვებით (და არა რიტმით) გამოხატული, უსათუო უგემოვნობაში გადაიზრდებოდა. აქ კი, რაკიღა ეს ყველაფერი ნათქვამი კი არა, მინიშნებულია, ემოციურად კიდევ უფრო მუხტავს ლექსის მხატვრულ და ესთეტიკურ განფენილობას.
მე, პორტალზე გაშინაურებული ლიტერატორებისაგან განსხვავებით, ნამდვილად არ ვიცი, ვინ არის დილა ადრიანო დოშკვენცი, მაგრამ ისევ და ისევ ლექსის რიტმიდან გამომდინარე შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს ავტორი რაღაცით ან რაღაცნაირად კოლხეთთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს ვარაუდი განსაკუთრებით საგრძნობია ლექსის ნერვულად დანაწევრებულ რეფრენებში, რომლის ცეზურაც არა სალიტერატურო ქართული დიალექტების, არამედ უფრო დასავლურ–კოლხური მეტყველების სტილისტიკას ენათესავება.
დილა(ადრიანო) დოშკვენცის ამ ლექსს, როცა ჩვენს წერილს ვწერდით, 14 კომენტარი ახლდა. ოღონდ თოთხმეტივე ფუჭი, უსაგნო და დაუსაბუთებელი. ყველა კომენტარის ავტორი ერთხმად აღნიშნავდა, რომ ლექსი ძალიან კარგია, რომ ძალიან მოეწონათ, მაგრამ არავინ ამბობდა იმას, რა და რატომ მოსწონდათ ამ ლექსში.
უცნაური კი ის არის, რომ ლექსში უამრავი რამაა ისეთი, რითაც უფრო არ უნდა მომწონდეს, ვიდრე მომწონდეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მომწონს და მომწონს იმიტომ, რომ მთელი ლექსი დამარეტიანებელი ლივლივის შეგრძნებას მიტოვებს.
კაცმა რომ თქვას, როგორ უნდა მოგწონდეს ლექსი, რომლის პირველივე ფრაზა გრამატიკულად გაუმართავია. რას ნიშნავს: ამბავს, რომელსაც ახლა გიამბობთ, ჩვილის ღიმილზე ნათელია და დედის ხელებზე თბილი.
ალბათ, წესიერი ქართულით რომ დაეწერათ, იქნებოდა: ამბავი, რასაც ახლა გიამბობთ, ჩვილის ღიმილზე ნათელია... ანუ ავტორს ელემენტარულად გრამატიკული ბრუნვები ერევა და ამის გამო სათქმელი ბუნდოვანი ხდება.
მთლად ჩვილის ღიმილივით ნათელი კი არც ლექსის მომდევნო პასაჟია: სიზმარმოკლული ტკბილი ძილია, ბალახმოვლილს რომ მისდევს ლიანდაგს, ბალახმოვლილი ძილია, ტკბილი ძილი... - სიზმარმოკლულს თუ სურვილმოკლულთან ან წყურვილმოკლულთან დავაკავშირებთ, მაშინ განსაზღვრება ტკბილი ცოტა უფრო ლოგიკური გამოჩნდება, მაგრამ აი, ბალახმოვლილი ლიანდაგი, რომელსაც სიზმარი მისდევს და მერე თვითონ სიზმარი ხდება ბალახმოვლილი, ჩემთვის ძალზე გაუგებარი პოეტური სინტაგმაა.
ერთადერთი ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, რომ აქ ბალახმოვლილის მაგივრად ბალახმოვლებული იგულისხმება და მაშინ ცოტა ადამიანური გახდება პოეტის სათქმელი, თორემ ისე, თავისი გულისთქმის გასაგებად, მე მგონი, ძალზე შორი გზები მოგვატარა..
კიდევ უფრო დამაბნეველია ლექსის შემდეგ სტროფში ნათქვამი: ‘’და გლახის მიერ ერთხელ გამხელილ მზითა მაქვს პირი ამოვსებული’’. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ სტრიქონის მნიშვნელობას მე პირადად ვერ ვიგებ და რაც არ მესმის, ბუნებრივია, არც მომწონს, თუმცა ობიექტურად, შეიძლება ძალიანაც კარგი რამაა.
ამასთან შედარებით იმაზე დაბეჯითება, რომ ადამიანი თვალდახუჭული შეიძლება იყოს და არა დახუჭული (მას დაინახავ მხოლოდ გულიდან, თუკი იქნები დახუჭული და...) პრეტენზიული კაცის ახირებად მოგეჩვენებათ, მაგრამ, რა ვქნა, პოეზია ჩემთვის ნიუანსების საქმეა და სულერთი არ არის, სათქმელს ჩემამდე რა ნუანსებით მოიტანენ.
ამის მიუხედავად, ლექსი დაწვრილებით იმიტომაც განვიხილე, რომ აშკარად ამოვარდნილია ლიტერატურა.გე–ზე გამოქვეყნებული პოეტური პროდუქციის ზოგადი ესთეტიკის ჩარჩოებიდან.
საქმე ისაა, რომ ქართულ სალიტერატურო პორტალებზე დამკვიდრებულია ზოგადი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც იკრიჭება ყველა პოეტური განწყობა და ემოცია. ლიტერატურა.გეს თავისი სტანდარტი აქვს, ურაკპარაკს თავისი - არსებითად, ორივე უგემოვნო და პოეზიის ნამდვილი ბუნების წინააღმდეგ მიმართული.
ლიტერატურა.გეს შემთხვევაში შესაძლოა, ეს რედკოლეგიის ბრალიცაა, რომელიც ავტორებს თავს ახვევს საკუთარ გემოვნებას და სულ ერთი და იმავე სტილისტიკის ლექსებს წაახალისებს, მაგრამ არა მგონია, მხოლოდ რედკოლეგია იყოს დამნაშავე იმაში, რომ ამ პორტალზე უმთავრესად უგემოვნო ვერლიბრი ბატონობს, ბესიკ ხარანაულის გავლენით შექმნილი პოეტური ოპუსები, სადაც ლიტერატურული თავწყაროს ამოცნობა სულ ადვილად შეიძლება და, რამდენადაც ბესიკ ხარანაული არის დიდი პოეტი, იმდენად აუტანელია ეს უსასრულოდ ტირაჟირებული ბესიკები.
სანამ მპოსტველთა ლეგიონი პორტალზე ბესიკ ხარანაულობანას თამაშობს, მანამდე, რამდენიმე გამოკვეთილი ავტორი ინტერნეტის ყველა სიკეთეს პროფესიული სრულყოფისა და საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციისათვის წარმატებით იყენებს. ლიტერატურა.გეს ავტორთა შორის არიან უკვე ისეთი ცნობილი პოეტები, რომელთაც დიდი ხანია, მოძებნილი აქვთ თავიანთი ხელწერა, არც ბეჭდვა უჭირთ, მაგრამ ინტერნეტრესურსსაც მიმართავენ, თუნდაც იმის გამო, რომ მკითხველთან უფრო მარჯვე და მოხერხებული საკომუნიკაცო საშუალება ჰქონდეთ. მაგალითად, ლიტერატურა.გე–ზე რეგულარულად აქვეყნებენ თავიანთ ნაწერებს: გივი ალხაზიშვილი, ნინო დარბაისელი, ნატო ინგოროყვა, ლელა სამნიაშვილი, რეზო გეთიაშვილი, ვასილ გულეური, ბელა ჩეკურიშვილი, შოთა იათაშვილი, ვაჟა ხორნაული, ვანო ჩხიკვაძე და სხვა ჩვენს ლიტერატურულ სამყაროში მეტნაკლებად ცნობილი პოეტი.
ეს, ვინც თავისი სახელითა და გვარითაა დარეგისტრირებული, ათასგვარი ნიკის მიღმა კი შეიძლება სხვა არანაკლებ ცნობილი ავტორებიც იმალებოდნენ. მაგალითად, ვინმე ილარიას რამდენიმე ლექსი არაფრით არ ჩამოუვარდება ზემოთ ნახსენები ცნობილი პოეტების ნაწარმოებებს. ილარიას ლექსები იმით არის საინტერესო და გამორჩეული, რომ მათში მეტაფორა თავის დაკარგულ და უსამართლოდ წართმეულ უფლებებს აღიდგენს.
საერთოდ, ინტერნეტპორტალების პოეზიას რომ კითხულობ ადამიანი, გამუდმებით გაწუხებს შეკითხვა, ხომ არ შიცვალა პოეზიის აღქმა თანამედროვე ეპოქაში, ხომ არ გაჩნდა რაღაც მოვლენა, რომელმაც ჩაანაცვლა ის, რასაც ტრადიციულად პოეზიად მოიხსენიებდნენ. ამ ეჭვის საფუძველს ქმნის ის ობიექტური სინამდვილე, რომ ტროპი - პოეტური მეტყველების ეს აუცილებელი ატრიბუტი - ძირითადად, ინტონაციით არის ჩანაცვლებული. და ეს მხოლოდ ქართული პოეზიისათვის დამახასიათებელი მოვლენა არა ჩანს. ასეთი ვითარება უნდა იყოს თითქმის მთელს თანამედროვე მსოფლიო პოეზიაშიც.
სწორედ ინტონაციის მოულოდნელობისა და რაც მთავარია სიახლის გამო ძალიან საინტერესოა პორტალზე ჰექსეს ფსევდონიმით გამოქვეყნებული ლექსები. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ეს პოეზია ყველაზე ახალია ჩვენს სინამდვილეში.
ინტონაციური სიახლე სჭვივის თეა თოფურიას ლექსებიდანაც, თუმცა თეას ლექსები, ჰექსეს ნიმუშებისაგან განსხვავებით, უფრო ინარჩუნებს კავშირს პოეზიის ტრადიციულ გაგებასთან, რადგან აქ ტროპი ყველაფრის ხერხემალს წარმოადგენს. საერთოდ, შედარებით ახალი ავტორებიდან ლიტერატურა.გე–ზე თეა თოფურია ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პოეტი მგონია:
"მიწა გადმოსწიეთ,/ ოღონდ ფრთხილად მთები არ დაიშალოს!/ ისე გიყურებ, როგორც ფერეიდნელი ბავშვი/ საზღვრის იქით გაშენებულ ვენახს,/ შეიძლება გავძვრე კიდეც ცისარტყელას ქვეშ,/ სირბილით ვიარო და მოვიდე./რომ ვიცოდე,მარტო მე არ მენატრები,/ რომ ვიცოდე, ეს მართლა ვენახია და არა დაუკრეფავი,/ რომელშიც არ უნდა გადავიდე./ რომ არ ვიცოდე, ის რაც ზუსტად ვიცი,/ შენ მხოლოდ მითმენ./ მეტი არაფერი."
რომ მოვინდომოთ, იქნებ ზუსტად ვერც ავხსნათ, რითი ზემოქმედებს ეს პატარა პოეტური ნიმუში ჩვენზე. იქნება, თავისი გულწრფელობით, იქნებ საგანგებოდ ხაზგასმული საუბრის ტონით, იქნებ მოულოდნელი პოეტურ სახეებით, შეჩვეული და კარგად გააზრებული გარემოს ახალ სიტუაციებში ჩაყენებით (ეს ვენახია და არა მოუკრეფავი, რომელშიც არ უნდა გადავიდე!)
და ეს ფრაზა ხომ მართლაც რაღაცნაირად ანათებს მთელ ლექსს. მთლიანად ამოაბრუნებს ჩვენს წარმოდგენას ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც ვენახია, მაგრამ თუ საზღვარს გადახვალ, დაუკრეფავად შეიძლება იქცეს. აი, აქ მდუღარებს ნამდვილი პოეზია, ამ დაუკრეფავად ქცეულ ვენახებში.
ანდა იმავე ციკლის კიდევ ერთი ნიმუში:
"იმ იხვივით ვარ,/ გადამფრენი იხვივით/ ტბა რომ გაყინული დახვდა/, იმ ძაღლივით, /პატრონი რომ გაეპარა სახლიდან,/ ის კი მაინც კედლებს სდარაჯობდა/ თაგვებს უყეფდა და ობობებს;/ გვიან გაიგო, პატრონის წასვლით/ მისი წასვლაც რომ დაიწყო/ რომ სამშობლო იქ არ არის, სადაც დაგაბამენ./".
ამ პატარა ნიმუშში რამდენიმე უხეში გრამატიკული შცდომა იყო და დამოწმებისას გავასწორე. საერთოდ, ინტერნეტპორტალების ქართული კიდევ ცალკე თემაა, რომელიც სპეციალურ ანალიზს საჭიროებს. თეა თოფურიასაგან კი ნამდვილად გასაკვირია, თემის ნიშნები რომ ეშლება ანდა ვითარებითი ბრუნვის ნიშანი დ ზმნის მრავლობითის თ–ში რომ ერევა. როგორც ჩანს, პოეზია გრამატიკას მართლაც არას დაგიდევთ, რადგან, სამაგიეროდ, თეა თოფურია ნელ–ნელა იხვეწება ურთულეს საქმეში: თანდათანობით ათავისუფლებს ლექსს ზედმეტი სიტყვებისაგან და ცდილობს გამოიყენოს ზუსტად იმდენი სიტყვა, რამდენიც სჭირდება კონკრეტული ემოციისათვის.
ეს ამბავი ჯერ–ჯერობით ინეტრნეტპორტალის პოეტებიდან ყველაზე დიდი წარმატებით ნატო ინგოროყვას გამოსდის.
საერთოდ, ნატო ინგოროყვა შესანიშნავი ნიმუშია იმისა, როგორ უნდა განავითაროს პოეტმა საკუთარი შესაძლებლობები, როგორ უნდა უერთგულოს ნიჭის იმ ნაპერწკალს, დაბადებიდან რომ მიეცემა. ნატოს ლექსებს კარგა ხანია ვკითხულობ, მახსოვს მისი პირველი მცდელობანი და მით უფრო თვალშისაცემია ზრდის გზა, რაც მან გაიარა ჩვეულებრივი, საშუალო სტატისტიკური, თუმცა არცთუ უნიჭო მელექსიდან თაობის გამორჩეულ პოეტამდე. დღეს ნატოს სიტყვამ უჩვეულო ელვარება შეიძინა, შიგნიდან წამოსული ნათება მთელ ლექსს კრავს და ადუღაბებს. და რაც მთავარია, პოეტი არ იყენებს არცერთ სიტყვას, რომელიც არ სჭირდება მოცემულ მომენტში.
მაგრამ ლექსის ფორმაზე, მე მგონი, არავინ იმედენს არ ზრუნავს და მუშაობს, რამდენსაც ლელა სამნიაშვილი. ლიტერატურა.გე–ზე მისი 38 ლექსია წარმოდგენილი. ეს იმდენად ღრმა და საინტერესო პოეზიაა, რომ თითოეული ლექსის ანალიზს შეიძლება ცალკე წერილი მიეძღვნას, ამჯერად კი მხოლოდ რამდენიმე არსებითი ნიშნის გამოკვეთით შემოვიფარგლებით.
ჩვენთვის აქ საინტერესოა ის, რომ ლელა სამნიაშვილის სტილისტიკა სავსებით ამოვარდნილი და განსხვავებულია ფორუმის ზოგადი სტილისტიკისაგან. ეს ერთგვარ გამოწვევასაც კი მოგვაგონებს: იყოს სხვანაირი და ჯიუტად ეცადოს საკუთარი სხვარიგობის დაკანონებას. მგონი, პოეტი საკუთარ თავსაც კი ექიშპება და ყოველ ჯერზე უმტკიცებს, რომ ის, რისი თქმაც უნდოდა, ასეც ან მხოლოდ ასე შეიძლებოდა დაწერილიყო. ლელასთან გვხვდება მრავალგვარი შინაარსობრივი აქცენტი, უამრავი ელფერი და ნიუანსი, რაც ნიშნეულია დღევანდელი მსოფლიო პოეზიისათვის, აქ გათვალისწინებულია სხვათა გამოცდილება და ათვისებულია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
ოღონდ საფრთხე, რაც ჩემთვის აშკარად თვალშისაცემია და რამაც სამომავლოდ შეიძლება დააზიანოს ლელა სამნიაშვილის პოეზია, იმავე ფორმალიზმიდან მომდინარეობს. პოეტი ზოგჯერ იმდენად არის გატაცებული ლექსის ფორმით, რომ მკითხველისათვის მთავარი - ემოცია - ამ ფორმის ხვეულებში ეკარგება. მისი ზოგი ლექსი ჰგავს ამერიკული პოეზიის თარგმანს, უაღრესად დახვეწილი და კულტურული სტილით შესრულებულს, მაგრამ ცივსა და ემოციურად არაფრის მომცემს. თუ ეს ტენდენცია გაღრმავდა, ძალიან სამწუხრო ამბავი იქნება, რადგან სამნიაშვილის შეუძლია იყოს ბრწყინვალე პოეტი ამ სიტყვების ყოველმხირვი გაგებით. შეძლება კი გულისხმობს ნიჭსა და რაც მთავარია, ზღვა ინფორმაციას, რაც მას მსოფლიო პოეზიიდან აქვს და რასაც საკუთარი ლექსის მშენებლობისას სათანადოდ გამოიყენებს. ოღონდ ეს ერთადერთი შემთხვევის გარდა არასოდეს ამოტივტივებულა ზედაპირზე.
საქმე ისაა, რომ ლელა სამნიაშვილის ბოლო ლექსის სათაური, რაც პორტალზე დაიდო, ბრწყინვალეა და ორიგინალურიც იქნებოდა, მანამდე სხვა პოეტის აღმოჩენა რომ არ ყოფილიყო. სიტყვათშეთანხმება დილისპირული ეკუთვნის ნინო დარბაისელს - შესანიშნავ პოეტს, რომლის პორტალზე მოღვაწეობამაც, სხვათა შორის, დიდად განსაზრღვრა ლიტერატურა.გეს გემოვნება და პროფესიული ხასიათი.
სწორედ ნინო დარბაისელი გამოიყენებდა ერთხანს სლოგანს, რაც ყველა პოეტს სასიკეთოდ წაადგება ლიტერატურული ზრდის თვალსაზრისით: პროფესიონალიზმი იწყება იმის გათვალისწინებით, რა გაკეთებულა შენამდე შენს პროფესიაში. თვითონ ნინო ერთგულად მიჰყვება ამ დარიგებას და პოეზია მისი პროფესიული შესწავლის საგანს წარმოადგენს. ის პროფესიონალი ლექსმცოდნეა და ეს სხვებს, მის კოლეგებს დიდად ეხმარება, რადგან პორტალზე ნინო დარბაისელის კომენტარი მუდამ საქმიანია, ლაკონური და არსებითი, მაგრამ თვითონ მას ზოგჯერ ხელს უშლის, როგორც პოეტს, რადგან საფრთხე, რომელზეც ლელა სამნიაშვილის ლექსებთან დაკავშირებით ვილაპარაკეთ, დარბაისელის პოეზიასაც არანაკლებ ემუქრება. ბოლო ხანს ფორმალისტური ძიებები ხშირად ანაცვლებს ემოციას და ამიტომაც ნინო, რომელიც ნახევარტონის, პოეტური მოიარების დიდოსტატი იყო, სათქმელს ხშირად უბრალოდ გვიყვება.
თუმცა ეს მისი პოეტური უფლებაა და ვერ შეედავები, რადგან ლექსში ყველაფერი ჭადრაკის პარტიასავით წინასწარ აქვს გააზრებული და მისი პოზიციები საქმის ცოდნიდან გამომდინარეობს.
დარბაისელის ადრინდელ სლოგანზე უკვე მოგახსენეთ, დღეს კი მისი პროფილის ქვემოთ ასეთი რიტორიკული შეკითხვაა: დამისახელეთ პოეტი მსოფლიო ლიტერატურიდან, რომელსაც ისეთი მნიშვნელოვანი სათქმელი აქვს, რომ იმ ენის ცოდნა, რომელზეც წერს, ნაკლად აღარ ეთვლება.
ალბათ უნდა იყოს იმ ენის არცოდნა ან უცოდინრობა და მაშინ ყველაფერი დალაგდება, გასაგები გახდება ნინო დარბაისელის პათოსი. ემჩნევა, ქალბატონი ნინო ისე შეაწუხა უმცროსი კოლეგების დამოკიდებულებამ მშობლიურ ენასთან, რომ ეს ფრაზა დღევანდელი ვითარების ყველაზე შესაბამის აზრად მიიჩნია.
ალბათ, ნინო დარბაისელის და კიდევ რამდენიმე პროფესიონალის პორტალზე ყოფნამ განაპირობა ის ფაქტი, რომ ლიტერატურა გე. მეორე ლიტერატურულ პორტალ ურაკპარაკთან შედარებით უფრო დახვეწილად და თანამედროვედ გამოიყურება, თორემ ძალიან ბევრი ავტორი, ვინც ლიტერატურა გე.–ზე პოსტავს, თავის ნაწარმოებებს ურაკპარაკზეც ათავსებს.
ძალზე ზედაპირული და სწორხაზოვანი შეფასებით, ამ ორ პორტალს შორის განსხვავება ასე შეიძლება დაკონკრეტდეს: ნოვატორები და ტრადიციონალისტები. ოღონდ ამ სიტყვებს ათასგვარი ნიუანსი აქვს და ამ შემთხვევაში, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შინაარსი შეიძლება თანაბრად გამოგვადგეს.
უბრალოდ, ჩემი დაკვირვებით, ურაკპარაკის ავტორებს აერთიანებს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პოეზიის ისეთი ბრმა სიყვარული, რომ ამ მაგისტრალიდან ნებისმიერ გადახვევას პოეზიის ღალატად და უგემოვნობად აფასებენ.
სინამდვილეში კი, თვითონ ამ ავტორთა ესთეტიკაა სტაგნირებულია და არ შეიცავს განვითარებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ პერსპექტივას. ამ ტიპის ხელოვანთა ჯგუფი ერთ მოჯადოებულ წრეზე ბრუნავს, მაგრამ ციყვივით რაც უნდა იხტუნოს, ამაოდ დაიღლება, რადგან იმას, რასაც ხელოვნურად აცოცხლებენ, ყავლი დიდი ხნის გასული აქვს, ოღონდ თავისთავად არაიმდენად მოძველებულია, რამდენადაც უკვე დასრულებული. აქ წრედი შეკრულია და ახალს ვერაფერს დაამატებ, თუკი ეს წრე არ გაარღვიე და თვისებრივად ახალ სივრცეში არ გადახვედი.
ამიტომაც შედარებით ნაკლებად მაინტერესებს ურაკპარაკის ავტორთა ნამოღვაწარი, თუმცა ცხადია, ყველას ერთ ტაფაში ჩაყრა დიდი უსამართლობა იქნებოდა და აქაც არიან მეტნაკლებად ნიჭიერი ავტორები.
მაგალითად, ამ თვის ავტორთა და ლიტერატორთა გამოკითხვის შედეგად შერჩეულ სიას გიორგი გაბაიძე მეთაურობს ლექსით \აპოკრიფი №1 თუნთას." გიორგი გაბაიძე აშკარად ნიჭიერი პოეტია სწორედ იმ ესთეტიკაში, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, ოღონდ ნიჭიერება მჟღავნდება იმით, რომ ცდილობს გაარღვიოს ამ ესთეტიკის საზღვრები და უკვე არსებული პრინციპულად ახალი რაკურსით დაგვანახვოს. მოახერხებს თუ არა ამას, დრო გვიჩვენებს.
გიორგი გაბაიძის ლექსს მოსდევს ნიკა ჩერქეზიშვილის საინტერესო ნიმუში მა (ლექსი მეოთხე). ეს ერთგვარი პოეტური ციკლი მამა–შვილის ურთიერთობის პრობლემატიკას ეხება და მოცავს მამაშვილობის გრადაციას მიწიერიდან ტრანსცენდენტულამდე. ოთხივე ლექსში არის საინტერესო ფრაზები, აქა–იქ გაკრთება ხალასი განწყობები, მაგრამ, საერთოდ, ეს ნიმუშები დატვირთულია ერთი ძალიან სიმპტომატური ნაკლით, რაც ამ ტიპის პოეზიას ახასიათებს: პოეტური პათეტიკა, რომელიც ხშირად სიტყვების მექანიკურ ბრახაბრუხში გადადის.
მაგალითად, მიმდინარე თვის რჩეულ ნაწერთა სიაში მესამე ნომრად განთავსებულ როის ეკუთვნის ლექსი: ... ჩემი ძმაკაცები და ...




(არჩილ ბერიძეს, გიორგი გაბაიძეს, გია ქიქავას, ლაშა მიქელაძეს, ლაშა-გიორგი ხოზრევანიძეს, მერაბ ჯიხაძეს, ნიკა მალაზონიას, მინდია ცეცხლაძეს, ზაზა ფირცხალაიშვილს, ლევან დევაძეს, სულხან წულუკიძეს, გენრი დოლიძეს)

BOX და სამი, შვიდი, ცხრა, უმჯობესი MUZ-ასი,
ფურცლებს ლექსებიანებს ქარი დასტაცებია,
გვიან ღამით ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე,
ბიჭები რომ მღერიან - ჩემი ძმაკაცებია.

ყველა პოეტია და საქართველო ქართულად
აჩიკოსი არ იყოს ბათუმიდან თენდება
და ამ ღამით სხვისი მზე ჩვენთვის არის ნათურა,
ყოველ გამთენიისას ბოძზე რომ ითენთება.
ლექსი ვრცელია, წერილში კი მხოლოდ ფრაგმენტს ვიმოწმებთ, რადგან ის, რის სალუსტრაციდაც გვჭირდება, ამ ფრაგმენტდანაც მშვენივრად ჩანს.
ჯერ ერთი ძმაკაცებს რომ აშკარად მოსწონებიათ, თანდართული კომენტარებიდან ძალუმად მჟღავნდება.
საერთოდ, ურაკპარაკის კომენატრები ცალკე თემაა, ასეთი ფამილარული ლიტმცოდნეობა სხვაგან, მერწმუნეთ, არსად შემოგხვდებათ.
აქ კი, მიუხედავად იმისა, რომ ფორმას ასე თუ ისე ფლობს ავტორი და თითქოს ოსტატურადაც იყენებს, მაინც ეს ლექსი ნიმუშია იმისა, როგორი არ უნდა იყოს ლექსი. დავიწყოთ იქიდან, რომ რიტმი მოპარულია. ჩეულებრივ მკითხველს გალაკტიონის ინტონაცია ჩაესმება, ცოტა უფრო სიღრმისეულად კი ეს ინტონაცია შემდგომში განავითარა და ახალი ნიუანსებით გაამდიდრა გივი გეგეჭკორმა.
ლექსში გამოყენებული ყველა რითმა კი უკვე იმდენჯერ არის ნახმარი, თავმოყვარე პოეტი არცერთ მათგანს თავს არ გაუცვლიდა))
გარდა ამისა, ეს პოეტური ოპუსი ისეთი პირადული დეტალებით არის დახუნძლული, და რაც მთავარია, იმდენად არაფერს აძლევს მკითხველს ეს დეტალები, რომ პირდაპირ კომიკურ ელფერს იძენს ასეთი ფრაზები: აჩიკოსი არ იყოს, ბათუმიდან თენდება.
აჩიკოსთან დიდი ბოდიში, მაგრამ რის აჩიკო, რა ატამი?
ანდა ამიხსენით, რას ნიშნავს ლექსის პირველივე, სატრამპლინო ფრაზები:
BOX და სამი, შვიდი, ცხრა, უმჯობესი MUZ-ასი....
მაპატიეთ, მაგრამ ამ ყველაფერს პროვინციალიზმის მძაფრი სუნი უდის.
მაგალითების მოხმობა, რასაკვირველია, კიდევ უხვად შეიძლება, მაგრამ ვფიქრობთ, ინტერნეტპორტალებზე განთავსებული პოეტური ნიმუშების ძირთადი ტენდენციების ნათელსაყოფად ესეც სავსებით საკმარისია.
რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურული პორტალები უკვე ზღვა მასალას იტევს და ამ მასალის ყოველმხრივ შეფასების პრეტენზია ერთ საჟურნალე წერილს ვერაფრით ექნებოდა. ჩვენ უბრალოდ საკითხი დავსვით და მთავარი აქცენტებიც მოვნიშნეთ, უფრო სწორად ის აქცენტები, რაც ჩვენ მთავრად მოგვეჩვენა, ხოლო საკვლევი და საანალიზო კიდევ უამრავი რამ რჩება.
მთავარია, პროფესიული კრიტიკა დროულად ჩაერთოს და გაერკვეს ამ უაღრესა დდინამიურ და ცოცხალ პროცესში, რასაც ვირტუალიური სალიტერატურო ცხოვრება ჰქვია. ამით საქმეს აშკარად წინ წავიგდებთ და ქართული ლიტერატურის განვითარებას, მთლიანობაში, დიდად წაადგება იმის გამიჯვნა, სად ვენახია და სად დაუკრეფავი, ამ სიტყვების პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:

Post a Comment