Tuesday, July 12, 2011

მალზახ ხარბედია - თამთა მელაშვილის "გათვლა"


DOWNLOAD

გამომცემლობა "დიოგენემ" თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნი, "გათვლა" გამოსცა, ვრცელი მოთხრობა, რომელიც თამამად შეიძლება წლის მოვლენადაც მივიჩნიოთ.

თამთა მელაშვილის "გათვლა" ავტორის სადებიუტო ნაწარმოებია და ბოლო 15-20 წლის მანძილზე მე ვერ ვიხსენებ ასეთ სერიოზულ დებიუტს. იყო ძალიან ნიჭიერი, მახვილგონივრული ან ოსტატური დებიუტები, მაგრამ ასეთ თანმიმდევრულსა და სულისშემძვრე, იშვიათად. ესაა წიგნი ომის შესახებ, სადაც არც ერთი გასროლის ხმა არ ისმის, სადაც სულ რამდენიმე ზარმაცი მეომარი ჩანს, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი მთელი თავისი სიმძაფრით გვაჩვენებს ომის საშინელებას, რადგან საქმე ბავშვებს ეხება. როგორც თავად ავტორი ამბობს, ამით, მას სურდა ომის მეორე, დაფარული მხარე ეჩვენებინა:

"ომი ზოგადად აღიქმება პოლიტიკოსების და სამხედროების საქმედ, ანუ მამაკაცების საქმედ. ამ ტექსტით კი მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ არსებობს ომის მეორე, დაფარული მხარეც, ანუ ქალებისა და ბავშვების გამოცდილება, ჩვეულებრივი ადამიანების გამოცდილება კონფლიქტის ზონაში ან ომში. და მე მინდოდა დამენახვებინა, რომ ეს მეორე მხარე, თავისი ტრაგიკულობითა და სიმძაფრით არანაკლებია, ვიდრე პირველი, უშუალოდ ფრონტის ხაზი, სადაც უშუალოდ სამხედროები და პოლიტიკოსები არიან ჩართული."

ცხადია მკითხველი პირველ რიგში სამაჩაბლოზე და 2 წლის წინანდელ ომზე გაიფიქრებს და მართალიც იქნება, რადგან თავად თამთასთვის იყო ეს ომი წიგნის მთავარი იმპულსი, თუმცა დაასრულებთ კითხვას და მიხვდებით, რომ ამბავიც და პერსონაჟებიც სცილდებიან ერთი კონკრეტული ომის ფარგლებს. ჯერ ერთი, მოქმედება ქალაქში ვითარდება, რომელიც არც ცხინვალია, არც ახალგორი და არც გორი, აქ არც ქართლური აქცენტით ლაპარაკობენ, გვარებიც სხვადასხვა კუთხისაა, სახელები კი უცნაური, მთავარი გმირებისა - ხაზგასმით თბილისური, უფრო სწორად კი, კარიკატურულად, საწყლად თბილისური. ავტორმა ერთი მცირე ჩანაფიქრიდან ვრცელი მოთხრობა გადმოადნო, სადაც გამაოგნებელი სიზუსტითაა აღწერილი გრძნობები, ფიქრები და საუბრები და რაც მთავარია, ეს ყველაფერი თითქმის მთლიანადაა დაცლილი სენტიმენტებისგან:

"იდეა დიდი ხანია მქონდა, ეს ტექსტი თავიდან ძალიან მცირე მოთხრობა იყო, რომელიც სასტიკად არ ვარგოდა. იდეა ძალიან მომწონდა და ვგრძნობდი, რომ უნდა განმევრცო ეს ტექსტი, რათა მართლა კარგი და ეფექტური რაღაცა გამოსულიყო. და ამ სახით ტექსტი წლევანდელ ზაფხულს დაიწერა, მქონდა თავისუფალი დრო და შესაბამისად საშუალება მომეცა, რომ დავმჯდარიყავი და მემუშავა. წინა მოთხრობებს ყოველთვის რაღაც აფექტურ მდგომარეობაში ვწერდი, დავჯდებოდი და უცებვე ვწერდი, ამჯერად კი აბსოლუტურად გააზრებული ტექსტი დავწერე, რომელზეც თვეების განმავლობაში ვიჯექი და ვშრომობდი. მანამდე არასდროს მეგონა, თუ ასე შეიძლებოდა ტექსტი დაწერილიყო, იმიტომ, რომ ვფიქრობდი, რომ აუცილებლად მუზა უნდა მოგივიდეს, რომ დაწერო, აქ კი, უბრალოდ ვიჯექი და და ვმუშაობდი".

ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამთა მელაშვილმა პირველად ამ ზაფხულს იგრძნო რას ნიშნავს იყო მწერალი. ეს დიდი ბედნიერებაა არამხოლოდ მწერლისთვის, არამედ გამოცდილი მკითხველისთვისაც, რომელიც ხედავს, ამჩნევს თუ როგორ იბადება მწერალი და რაც მთავარია, თავად მწერალი არ მალავს ამას, არ გაჩვენებს თავს, არამედ გულახდილად გეუბნება.

თამთას წინა 2-3 მოთხრობასთან შედარებით, რომელიც აქამდე მქონდა წაკითხული, "გათვლა" სერიოზული ნახტომია. ამბის სიმწვავის გარდა აქ პირველ რიგში ოსტატობაა აღსანიშნავი. ჯერ ერთი, თხრობის ოსტატობა -დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ ქართველი ნარატოლოგები არაერთხელ მიაკითხავენ ამ პატარა ტექსტს ზოგიერთი ხერხის ილუსტრირებისთვის, თუმცა ეს არაფერია თამთას დრამატურგიულ ალღოსთან შედარებით. საქმე ისაა, რომ ნაწარმოების ყოველ თავში ხდება რაღაც ისეთი, რაც ყველაზე არსებითი შეიძლება მოეჩვენოს მკითხველს, ანუ ტემპერატურა თხრობისას არასდროს კლებულობს, პირიქით, მატულობს და ყოველი მომდევნო სცენა სულ უფრო ნაკლებ დროს და ადგილს გიტოვებს ამოსუნთქვისთვის - ასეთია დაუმარხავი მკვდარის ამბავი, დაღუპულების ტანსაცმლის დაწვის, ეპილეფსიის სიმულაციის და სხვ. სცენები, რომელიც ნაწარმოებს ერთ მხურვალე მთლიანობად აქცევენ.

თამთა მელაშვილმა, ჩემი აზრით, კარგ დროს დაიწყო წერა. იგი 31 წლისაა, ბევრის აზრით კი ეს ასაკი საუკეთესო პერიოდია პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი აზრების და გრძნობების გადმოსაცემად, პროზაში გადმოსაცემად. თამთა 1979 წელს დაიბადა ამბროლაურში, სკოლაც იქვე დაამთავრა, შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, ჩააბარა სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მალე აღმოაჩინა, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა. მუშაობდა რამდენიმე ადგილას, 1 წელი გერმანიაში გაატარა, შემდეგ ისევ სამშობლოს დაუბრუნდა და სულ ახლახანს კვლავ ევროპაში ჩავიდა, ამჯერად ბუდაპეშტში, რათა მაგისტრის ხარისხი მიეღო და გენდერული კვლევების სპეციალისტი გამხდარიყო. წერდა ბავშვობიდან, თუმცა თავად მიაჩნია, რომ სერიოზულად წერა მხოლოდ გერმანიაში დაიწყო, სწორედ მაშინ, როცა literatura.ge-ზე გარეგისტრირდა:

"წერა გერმანიაში დავიწყე და არა იმიტომ, რომ ნოსტალგია შემომეძალა, არამედ მოწყენილი პერიოდი მქონდა. დამთხვევაც მოხდა, სწორედ მაშინ დავრეგისტრირდი ლიტერატურულ პორტალზე literatura.ge. ალბათ რაღაც მარცვალი ყოველთვის მქონდა, კითხვაც მიყვარდა, წერაც მაინტერესებდა და ამ პორტალმა ძალიან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ მე წერა დამეწყო და უკეთესი მკითხველი გავმხდარიყავი".

პირველი ნაწარმოების გამოქვეყნებაც ამ პერიოდს ემთხვევა:

"პირველი პუბლიკაციაც literatura.ge-ს ჩარჩოში მოხდა, მივიღე მონაწილეობა კონკურსში "წერო", ეს იყო 2006 წელს, როცა ჟიური პრიზი გადმომცეს და შესაბამისად, კრებულში შეიტანეს ჩემი მოთხრობა, ცხოვრებაში პირველად. ძალიან ცოტა მოთხრობა მაქვს დაწერილი, მაგრამ ეს განსაკუთრებულად მიყვარს, რომელიც შემდეგ ბაკურ სულაკაურმაც შეიტანა იმავე წლის ანთოლოგიაში "15 საუკეთესო". შემდეგ უკვე lib.ge-სა და გამომცემლობა "სიესტას" ერთობლივ კრებულში, თუ არ ვცდები, 2008 წელს, შევიდა ჩემი კიდევ ერთი მოთხრობა, რომელიც 2009-ში ისევ გაიმეორა ბაკურ სულაკაურმა ანთოლოგიაში "15 საუკეთესო", და მორჩა...".

თამთა საკმაოდ ცოტას წერს, თუმცა ასეთი, ერთი შეხედვით, უბარაქობა შესაძლოა მეტი ნაყოფიერებით შემოუბრუნდეს მწერალს. ყოველ შემთხვევაში, თამთას მაგალითი ამას მოწმობს. დაბოლოს, ერთი წინადადებით ვიტყვი იმას, რაზეც უახლოეს მომავალში შეიძლება უფრო მოზრდილი წერილიც დავწერო: ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე თანამედროვე ქართულმა მწერლობამ ბევრს დაანახა, რომ ყველაზე ადეკვატურად ხედავს და კითხულობს ომს, განსხვავებით სატელევიზიო მედიის ან პოლიტიკოსების ყალბი ისტერიულობით სავსე ხედვებისგან.

© radiotavisupleba.ge

No comments: