Tuesday, July 12, 2011

ჯუანშერ ტიკარაძე - ლექსები


ციფროგრამა

3 წლისამ სარკის პატარა ნატეხი იპოვა –
ალესილ დანას ჰგავდა:
რომ ჩახედავდა,
მარტო თვალები გამობრიალდებოდა ხოლმე.
მოსწონდა.

7 წლისა იყო,
როცა პირველად მიხვდა,
რომ მართლა ქალად დაიბადა:
იმ დღეს მისი ძმები ტყეში გაიპარნენ თოფის სასროლად.
როგორ არ ეხვეწა,
მაგრამ მაინც არ წაიყვანეს.

9 წლისას მკერდი დააჩნდა,
თხილისოდენა,
წვეტიანი ჭიკარტებივით.

12 წლისა ახურებულ ლოყას გრილ მინას მიადებდა
და უსხეულო ზმანებებში ვიღაც მომთენთავ მოლანდებებს გაუყუჩდებოდა,
დაბერილი ნესტოებითა
და ბორნის ბაგირივით დაჭიმული ტანით.

14 წლის რომ გახდა,
უკვე ნამდვილი ქალი იყო
და მის თითოეულ ნაბიჯს
ღამის ტყის იდუმალი შრიალი
და უფსკრულის სიახლოვის თავბრუდამხვევი სუნი დაჰყვებოდა.

16 წლის მეზობელ სოფელში გაათხოვეს
ჩაფსკვნილ,
ჯმუხ,
მუდამ ტაოტში ამოსვრილ ტრაქტორისტზე:
პირველ ღამეს ძალიან ეტკინა.
მეორე ღამესაც.
მერე და მერე შეეჩვია.

17, 19, 21, 23, 25 და 27 წლისამ შვილები დააჩინა:
4 ბიჭი და 2 გოგო.

29 წლის იყო,
როცა მისი ნაბოლარა ბიჭი,
საკალანდოდ,
ცეცხლიდან წუთის წინ გადმოდგმულ,
ადუღებული წყლით სავსე ქვაბში ჩავარდა:
3 დღე იწვალა და მერე მოკვდა.

30 წლისამ გაიგო,
რომ ქმარი მეზობლის ქვრივთან დაძვრებოდა.
როგორ უნდა გახარებოდა,
მაგრამ არც სწყენია:
ახლა ღამღამობით მაინც ისვენებდა.

32 წლის იყო,
სოფლის სასაფლაოზე პატარა სამლოცველო რომ გაიხსნა:
უფრო ინტერესით შევიდა,
ვიდრე რწმენით.
სანთელიც დაანთო,
ოღონდ ვერ უშველა.

35 წლისას თავისი ნაბოლარა ბიჭი დაესიზმრა:
ისევ იმხელა იყო,
მაგრამ უკვე გამართულად ლაპარაკი ესწავლა.
ვითომ ეუბნებოდა, -
აქ სულ მარტო ვარ, დედა,
მოდი და სახლში წამიყვანეო.

თავის 37-ე დაბადების დღეს
(არც კი ახსოვდა,
იმ დღეს მისი დღეობა თუ იყო),
ჩამავალი მზით გასისხლიანებულ ცაზე გაუშტერდა თვალი.
მერე უცებ მიწაზე დაემხო
და ერთად წასკდა,
რაც ცრემლი დაგროვებოდა:
პატარა ბავშვივით გულამოსკვნილი ტიროდა
და საკუთარ თავს უწყრებოდა, -
გაჩერდი, შე სულელო, გაჩერდიო.

იმავე წელს მისი ქმარი ადიდებულ მდინარეში გადავარდა.
ტრაქტორი წყალმა წაიღო.
ეს გადაარჩინეს,
მაგრამ წელს ქვემოთ მოწყდა
და ლოგინიდან აღარც წამომდგარა:
თვალის გახელიდან თვალის დახუჭვამდე ყვიროდა და ცოლს აგინებდა.

38 წლისამ უფროსი გოგო გაათხოვა მეზობელ სოფელში:
სიძეს მიკროავტობუსი ჰყავდა
და თბილისის რეისზე მუშაობდა.

40 წლისა ნათესავის ქელეხში დამანახეს ბიძაშვილებმა, -
აბა, თუ იცნობ,
ვინ არისო.
მერეც ვერ ვიცანი,
როცა მითხრეს,
ვინც იყო:

იქამდე მომკვდარიყო,
ვიდრე 45 წლისას საშვილოსნოს კიბო დაემართებოდა
და 2 ზამთრის შემდეგ მოკვდებოდა.


***

მე რომ გამმართლებოდა და მოვმკვდარიყავი,
ასე,
19-20 წლისა,
მაშინ ხომ ვეღარც მოვასწრებდი,
საკუთარი თავისთვის ამდენჯერ მეღალატა.

ყველა გზაგასაყარის ეკალ-ბარდებს ხომ ვეღარ შევატოვებდი
საკუთარ შერცხვენას,
როგორც ნამუსახდილი ქალის ლეჩაქს.

***

რაღა დარჩა ჩემი ცხოვრებისგან?
მარტო ფუტლიარი,
რომელსაც თუ გახსნი,
ცარიელი დღეები ამოფრინდებიან –
დილა,
შუადღე,
საღამო...
ძილი.


***

რაც რამე მქონდა, სულ დავარიგე -
სითბოც, სიცილიც, ბოღმაც, სიტყვებიც,
გაუთენებელ ღამის კარისკენ
კი არ მივდივარ, ნაკადს მივყვები.
ქარები ავდრებს კვლავ მოდენიან
ცრუ იმედების საპარაკლისოდ.
ეს ღვთისქვეშეთი იმოდენაა,
არც კი მოიცლის, მომისაკლისოს.
რაც ვიყავ, ყოველ მავთულხლართს შევრჩი,
რაც რამე მქონდა, სულ დავარიგე.
ცანცარა მარტიც ქალაქის მტვერში
ნიღბებზე ირგებს ფერად პარიკებს.
ფერს უცვლის ღამე მოედნებს, პარკებს,
სიზმრისმიერი შიშით მოვერცხლილს.
როგორ ვიპოვი, სად დავიკარგე
ნაცნობ კორპუსთა სიუცხოვეში.
ეჭვები წყვეტენ დამჭკნარ თარიღებს,
წურბელებივით სულზე მიმსხდარნი.
რაც რამე მქონდა, სულ დავარიგე,
არ შემარჩინეს ერთი მისხალი.
დროა!.. ზვირთცემის მუსიკად ვიჭერ
დასაბამისკენ ჟამთა მიქცევას.
რაღა მაშორებს მოზომილ მიჯნას,
როცა ცაც მიწად გადაიქცევა
და მიწისგანვე მოზილავს ხორცის
ახალ ყალიბებს არსთაგამრიგე...
ვიცდი, დავყურებ მინავლულ კოცონს.
რაც რამე მქონდა, სულ დავარიგე.


***

ჩემი წლების ქვა-ღორღიდან
სისინით გამოსრიალდა
მომავლის შხამიანი ლანდი:
ს-ს-სიმარტოვე...
ს-ს-სიბერე...
ს-ს-სიკვდილი.



მეტი არაფერი

„tomorrow and tomorrow and tomorrow”

William Shakespeare, “Macbeth”

ხვალ და
ხვალ და
ხვალ და
ხვალ...
სულ ხვალ!

ხვალვე გაქრება დღევანდელი იმედი ხვალის
და შეგუბებული მრისხანებით ფეხმძიმე სასოწარკვეთაში
ზეგინდელი ცრუ იმედებით აღსავსე ახალი ხვალ ჩაისახება.
ადამიანიც ასე ისახება დასიზმრებული უკვდავების დამღლელ მოლოდინში.
ხმელეთზე ამოყრილი თევზებივით ასხმარტალდებიან ორიოდ წუთით
ცხოველური ინსტინქტებით გაჟღენთილ საქორწინო სარეცელზე
თუ სადაც წაუსწრებენ ერთიმეორეს
და ახლა ხორცის ახალ ნაჭერში გაბნეულ თავიანთ გენებს გააყოლებენ
სიცოცხლის ამ მოარულ აჩრდილს
ჯოჯოხეთის ცეცხლისკენ გაფარფატებული ფარვანას განწირულ და ტკივილიან ორბიტაზე...
ჩაქრი, ჩაქრი,
ცივი და ცარიელი სამყაროს უკუნეთში ჩაკარგულო პატარა კანდელო!
ჩაქრი, ჩაქრი,
სულელებისთვის ანთებულო შუქურავ!
მთელი ჩვენი დრო
ერთი რამდენიმეათწლეულიანი ოცდაოთხი საათია
და თუ შემთხვევით გამოსდებ ფრჩხილს
ჟამის დაძენძილი ხალათიდან გამოჩრილი მოგონებების ძაფს,
ვაშლის ნაფცქვენივით გაიშლება გადაგორებული დღეების ფოლიანტი -
10 ათასი უმიზნო გუშინ...
არა,
აღარ ახდება აღარასდროს
ბებიების ზღაპრები ბედნიერებაზე
და ეს გაბრდღვიალებული,
თვალისმომჭრელი,
მაცდური რეკლამების ელექტრონული სისხლით ათასფრად შეღებილი ქუჩებიც
მაინც ისევ ის
დასაბამიდან გაკვალული
არსაითკენ მიმავალი მტვრიანი და უღიმღამო შარაგზაა,
სადაც სულერთია ყველაფერი:
გინდ პირდაპირ იარე,
გინდ მარცხნივ გადაუხვიე,
გინდ - მარჯვნივ,
გინდ უკან მიბრუნდი,
გინდაც ჩამოჯექი ბორდიურზე
და ხმის ჩახლეჩამდე იხმაურე
ქვემოთ მოყოლილი
ძველი ქალაქელი დარდიმანდების ეს იდიოტური სიმღერა:
„დაუკარ, ბიჭო, კლაპიტონა,
სანამდის გულიც არ გამსკდარა.
ქვეყანა დიდი შაპიტოა,
სიცოცხლე - ბებერი მასხარა:
გავიდა ჭრელი მარმაშებით,
გავიდა, გადილაზღანდარა.
ბედი კამათლის თამაშია,
იღბალი - ქალი ბოზანდარა.
არ ვიცი, დროს რას ემდურიან,
თავად შლის, რასაც კი დაჩხაპნის.
შიმშილი ქურდი ხელმრუდია,
სიმაძღრე - შარაგზის ყაჩაღი.
მშვიდობით! სასრულ-დასაბამით,
სულო, კბილებით მიგიტანე.
დღე გაქონილი ყასაბია,
ღამე - გაქნილი მიკიტანი.
ჰოდა, დაუკარ, კლაპიტონა,
სანამდის ეს გულიც გამსკდარა.
ქვეყანა დიდი შაპიტოა,
სიცოცხლე - ბებერი მასხარა.

***

მე ვიცინი
მაგრამ არ მეცინება

მე ვსვამ კითხვებს
მაგრამ მეზარება პასუხების გაცემა

მე მივდივარ წინ
მაგრამ ერთ ადგილს ვტკეპნი სივრცეში

მე მითრევს დავიწყების ლამი და ლია
მაგრამ არ ვიცი
რას მოვეჭიდო

მე ვწერ ამ ლექსს
მაგრამ მირჩევნია გაშლილ სუფრასთან ვიჯდე
ფიროსმანის რომელიმე მოქეიფესავით

მე ვამბობ
მიხარია ვწუხვარ გმადლობთ თანაგიგრძნობთ
მაგრამ ჩემი ყოველი სიტყვა
ემოციისგან დაცლილი ფუტლიარია

მე ვეფერები შენს ტანფეხს დასწავლილი თანმიმდევრობით
მაგრამ იმაზე ვფიქრობ
დაჯდება თუ არა ტოტალიზატორში გამაზული მაასტრიხის X2
და მეტი ყვითელი გლაზგოურ დერბიში

მე ვაკაკუნებ ვაკაკუნებ ვაკაკუნებ
მაგრამ ვინ გამიღებს აჭედილ კარს
სახლის პატრონი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა

მე ვეძებ გზას
მაგრამ ვპოულობ მარტო ჩიხს
უსახურ კედელს ზედ უწმაწური წარწერებით

მე მინდა დავინახო როგორი გავხდი
მაგრამ ნიღაბს სარკის წინაც ვერ ვიშორებ

მე ვარსებობ დე ფაქტო
მაგრამ დე იურე მოვკვდი დიდი ხნის წინ

მე მოვკვდი დიდი ხნის წინ
მაგრამ ეს ცოცხლები დღესაც არ მასვენებენ

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:

Post a Comment