Wednesday, August 17, 2011

მალხაზ ხარბედია – ჯონ მაქსველ კუტზეე, "სირცხვილი", (1999)




ჩვენში ბევრისთვის რაღაც მაგიური იდუმალებითაა მოსილი სიტყვა ნობელი, ნობელის პრემია, ნობელიანტი. ხშირად გაიგონებთ, თავის დროზე აკაკი წერეთელი იყო წარდგენილი ამ პრემიაზეო, გრიგოლ რობაქიძეცო, არ მისცეს, მათ ნაცვლად კი ვიღაცეებს მიანიჭესო... თანამედროვე ქართველ კანდიდატებზეც ხშირად საუბრობენ ხოლმე. მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი და სიმართლე ითქვას, არც ვაპირებ ნობელის ამ ქართული მითის გამდიდრებას. მთავარი ისაა, რომ ჩვენი დღევანდელი სვეტის გმირი 2003 წლის ნობელის ლაურეატია, ადამიანი, ვინც რამდენიმე დღის წინ, უფრო ზუსტად, კვირას, 7 დეკემბერს, შვედეთის აკადემიაში შეკრებილ მაღალ საზოგადოებას კიდევ ერთი სანობელე ლექცია შეასმინა.
ეს ტრადიცია დიდი ხანია არ დარღვეულა, არ დაირღვა წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ლაურეატის "ლექცია" ძალზე არატრადიციული იყო.

* * *
ნუ დაგაბნევთ ის ფაქტი, რომ კუტზეე ერთად-ერთია, ვინც ორჯერ მიიღო ბუკერის პრემია,. ცხოვრების წესითაც და შემოქმედებითაც, იგი შორს დგას ასეთი ხმაურისგან და 1999-ში პრემიის გადაცემის ცერემონიალზეც კი არ მივიდა. კუტზეე კითხულობს პლატონის კურსს ჩიკაგოს უნივერსიტეტში, ამერიკელ პოეტ მარკ სტრენდთან ერთად კი უოლტ უიტმენის კურსი მიჰყავს. "შიგადაშიგ" რომანებსაც წერს, თანამშრომლობს New York Review of Books-თან, რომანი "სირცხვილი" კი სამი წლის განმავლობაში უკვე მსოფლიოს ორი უდიდესი პრემიის ლაურეატი გახდა.
ახლა კი მემგონი დროა ჩავუფიქრდეთ, მაინც რითაა ასეთი მნიშვნელოვანი ეს რომანი.
თავიდან დიდი არაფერი, თხრობა ჩვეულებრივი CV-ს "რეჟიმში" იწყება, გვაწვდიან ძირითად ცნობებს მთავარ გმირზე: დაიბადა, გაიზარდა, მუშაობს აქა და აქ... თუმცა ამ მშრალი ინფორმაციის წყალობით დასაწყისშივე იმდენად ზუსტად იკვეთება გმირის სახე, რომ მოლოდინით აღვსილ მკითხველს უკვე სიუჟეტისკენ გაურბის მზერა. წიგნის მთავარი გმირი, დევიდ ლური 52 წლისაა, ცოლს დიდი ხანი გაეყარა, დადის მეძავთან, და რომანის პირველივე სიტყვებიდან ვიგებთ, რომ გმირს სექსის პრობლემა მოხსნილი აქვს. ლური პროფესიით ფილოლოგია და როგორც ჩანს კარგად იცის კლასიკური ენებიც, რადგან ხშირად იმეორებს ლათინურ ფრაზებს და მუდამ ახსოვს ქოროს სიტყვები სოფოკლეს "ოიდიპოსიდან", რომელიც, ნიუანსების გარეშე, დაახლოებით ასე ჟღერს: "ადამიანზე, ვიდრე ცოცხალია, ნუ იტყვი ბედნიერიაო".
ესეც პირველი ნიშანი, სიუჟეტისკენ რომელიც გვახედებს, რადგან მომავალში გმირის მთელი ცხოვრება სწორედ ამ ნიშნით წარიმართება. იგი ცოცხალია, მაგრამ უბედური და ეს პირველი უბედურება, მას, თავისი ახალგაზრდა სტუდენტი გოგონას, მელანი ისააკსის სახით ეწვევა.
დევიდ ლური რომანტიკოსი პოეტების სპეციალისტია, უყვარს ვორდსვორთი, არის სამი წიგნის ავტორი, მათ შორის ერთი მეფისტოფელის გენეზისს ეძღვნება, მეორე ხილვებსა და ეროსს, მესამე კი ვორდსვორთის ისტორიოსოფიას. ერთი სიტყვით, თანამედროვე, მოდური ნაკრები აქვს შექმნილი... ასევე მუშაობს მცირე ოპერაზეც, ბაირონისა და გრაფინია გვიჩიოლის სიყვარულს რომ ეძღვნება. მელანის კი ბლეიკი და თეატრი უყვარს, ბევრს კითხულობს თანამედროვე ავტორებს (მათ შორის ტონი მორისონსაც, 1993 წლის ნობელის ლაურეატს).
ერთ მშვენიერ დღეს, მეძავისგან გაწბილებული ლური თავის სტუდენტ გოგონას აეკიდება. ისე, გასართობად, მრავალფეროვნებისთვის, და მოულოდნელად ეს ყველაფერი რომანში გადაიზრდება, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. სამაგიეროდ, ეს მოკლე ეროტიული თავგადასავალი მთელი უნივერსიტეტისთვის (და ქალაქისთვის) ხდება ცნობილი. აღშფოთებულია პროფესურა, ლურის რამდენიმეჯერ მელანის თაყვანისმცემელიც ეწვევა, მანქანასაც დაუზიანებს, ჩამოდის მელანის მამა... ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პროფესორი დევიდ ლური უნდა დაითხოვონ სამსახურიდან, მოხსნან კათედრის გამგეობიდან და ა.შ.
ე.წ. სასამართლოს სცენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რომანში და მასთან ერთად ჩნდება მთავარი თემაც, თემა აღსარებისა, რომელიც ბოლომდე გასდევს რომანს სხვადასხვა ვარიაციით. ეს სასამართლო ერთი მხრივ პლატონის დიალოგებს მოგვაგონებს, სადაც მთავარი გმირი, ამჯერად მდუმარე სოკრატეს როლში გვევლინება, სოფისტებად კი დისკრიმინაციის კომიტეტის წევრები და სხვადასხვა ჯურის ფემინისტები ჩანან, მეორე მხრივ კი სასამართლო დოსტოევსკისა და კაფკას სამყაროს აღადგენს. ლური თავს დამნაშავედ ცნობს, მაგრამ კომისიის წევრები, როგორც ჩანს, კიდევ რაღაცას მოითხოვენ და ეს რაღაც, აღსარებაა. კათედრას მიჩვეული პროფესორი უარს ამბობს ამაზე, გაურბის "დოსტოევშჩინას" და თავის ქალიშვილთან, ლუსისთან მიემგზავრება მიყრუებულ სოფელში. წასვლამდე ერთ-ერთ ჟურნალისტთან წამოცდება, ამ ინციდენტმა ჩემი გამოცდილება გაამდიდრაო, მაგრამ სოფელში ჩასული აღმოაჩენს, რომ ცხოვრებას ქალიშვილისგან სწავლობს, მისი თვალით უყურებს სამყაროს, "ექსკურსიებზე დაჰყვება" მას, შემდეგ კი მთავარი ინციდენტი ხდება, რომლის მოტანილი "სიმდიდრეც" რომანის ბოლომდე არ მოასვენებს დევიდ ლურის.
მათ სამი შავკანიანი მძარცველი შემოუვარდებათ, გააუპატიურებენ ლუსის, გაძარცვავენ სახლს, ლური დამწვრობას მიიღებს და ამის შემდეგ იწყება მცირე აღსარებების მთელი სერიაც. მამა თავის ქალიშვილს თხოვს ყველაფერი უთხრას პოლიციას, ის კი მხოლოდ ძარცვაზე შეიტანს საჩივარს, თხოვს გული გადაუხსნას მშობელს, ის კი ხმას არ იღებს და თავად ისმენს მამამისის აღსარებას. ერთი სიტყვით, იწყება ის, რასაც გამოექცა პროფესორი, ესაა "დოსტოევშჩინა", მთელი თავისი ისტერიკითა და უცნაურობებით (ლური მელანის მშობლებთანაც კი ჩადის და აქ, ავტორი, უკვე "კარამაზოვების" პერსონაჟივით, დააჩოქებს კიდეც მათ წინაშე მთავარ გმირს).
ლური ფიქრობს ციხე-სიმაგრედ აქციოს ქალიშვილის ფერმა, მაგრამ არაფერი გამოსდის. შემდეგ ცხოველების ერთ-ერთ კლინიკაშიც იწყებს მუშაობას, მკვდარ ძაღლებს დაატარებს კრემატორიუმში, ცხოვრობს ნაქირავებში. ბოლოს თავის ოპერასაც უბრუნდება, ზის და ბანჯოზე აწყობს მუსიკას, წერს ლიბრეტოს, განუწყვეტლივ მუშაობს, მარტო ყავაზე და შვრიის ფაფაზეა. ფიქრობს ადრიატიკის ზღვის ტალღებზე არეკლილ რომანიულ მზეზე. "Mio ბაირონ!" ამბობს მისი პერსონაჟი გრაფინია, "სადა ხარ?", ბაირონი კი მკვდარია, აჩრდილთა შორის დაეხეტება... ამღერებს დევიდ ლური ბანჯოს და ამ ინსტრუმენტის ჟღრიალზე ხვდება, რომ ეროსი კი არ უხმობდა მას ამ ნაწარმოების შესაქმნელად, არამედ კომიზმი. წერს ოპერას, სულ მას უტრიალებს, მაგრამ იგი მაინც არ იძვრის ადგილიდან, მასში მოქმედება არაა, ესაა მხოლოდ გაწელილი კანტილენა, ბორძიკით რომ მიიწევს წინ.
აი, სწორედ ასეთ სტატიკაში ამთავრებს კუტზეე ნაწარმოებს და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, ლუსის სიტყვებით დავამთავროთ სვეტი: "მე მათ ყველაფერი მოვუყევი, ყველაფერი კი ისაა, რაც მე მოვყევი".
მე ვერაფერი ვთქვი განსაკუთრებული ამ რომანზე და გირჩევთ თავად წაიკითხოთ ყველაფერი, რაც ავტორმა მოგვიყვა.

2003

1 comment:

  1. ებიჯო, რაიცით ხოლმე ეს მთელ სიუჟეტს რომ ყვებით რეცენზიაში :/ მოკლე შინაარსია?! :|

    ReplyDelete