ჩაზნექილი ლეიბი
არაბულიდან თარგმნა იზოლდა გრძელიძემ
ცნობილი ეგვიპტელი მწერალი იუსუფ იდრისი (1927-1995), პროფესიით ექიმი, პირველი მოთხრობების გამოქვეყნებისთანავე ახალგაზრდა ეგვიპტელ მკითხველთა კერპი გახდა. მალე ძველი თაობის მწერალთა ისეთი ავტორიტეტის აღიარებაც კი მოიპოვა, როგორც ტაჰა ჰუსეინი იყო. ეს აღიარება კანონზომიერი გახლდათ, რადგან იუსუფ იდრისამდე ვერავინ შეძლო გადმოეცა ცრურწმენისაგან თავისუფალი ახალი თაობის სუფთა და ფარული სურვილები, გაცვეთილი მორალისადმი მათი შეურიგებლობა და ეგვიპტის ნათელი მომავლის რწმენა. მწერალს იზიდავს ერთი თვალის შევლებით უმნიშვნელო, არაფრით გამორჩეული ისტორიები, რომლებიც ხედვის საოცარი სიღრმით, ადამიანური თანაგრძნობით, მსუბუქი ირონიითა და თხრობის სადა მანერით მხატვრულ სრულყოფილებამდე აჰყავს. ყოველივე ამის გამო იგი არაბმა კრიტიკოსებმა "ნოველის გიგანტად" მონათლეს.
ქორწინების პირველ ღამეს, როდესაც ლეიბი ახალი, მაღალი და ფუმფულაა, იწვა კაცი თავისი ტანადი, მოსული სხეულით და სინაზესა და სიფაფუკეში ჩაფლული ნებივრობდა. შემდეგ ფანჯარასთან მდგარ ცოლს უთხრა:
- გაიხედე... შეიცვალა ქვეყანა?
გაიხედა ცოლმა ფანჯრიდან, მერე კი თქვა:
- არა... არ შეცვლილა.
- მაშინ ერთი დღე წავუძინებ.
ერთი კვირა ეძინა. როდესაც გამოეღვიძა, ტანი ოდნავ ჩაფლულიყო ლეიბში. მერე შეხედა ცოლს და უთხრა:
- გაიხედე... შეიცვალა ქვეყანა?
გაიხედა ცოლმა ფანჯრიდან. მერე თქვა:
- არა... არ შეცვლილა.
- მაშინ ერთი კვირა წავუძინებ.
ერთი წელი ეძინა. როცა გაიღვიძა, ორმო, რომელიც მის სხეულს "გაეთხარა", უფრო გაღრმავებულიყო. ცოლს უთხრა:
- გაიხედე... შეიცვალა ქვეყანა?
გაიხედა ცოლმა ფანჯრიდან. მერე თქვა:
- არა... არ შეცვლილა.
- მაშინ ერთი თვე წავუძინებ.
ხუთი წელი ეძინა. როცა გაიღვიძა, სხეული უფრო მეტად ჩაფლულიყო ლეიბში. ჩვეულებისამებრ უთხრა ცოლს:
- გაიხედე... შეიცვალა ქვეყანა?
გაიხედა ცოლმა ფანჯრიდან. მერე თქვა:
- არა... არ შეცვლილა.
- მაშინ ერთი წელი წავუძინებ.
ათი წელი ეძინა. ღრმა ორმოდ ქცეულიყო ლეიბი მისი სხეულისთვის. მომკვდარა კიდეც, გადააფარეს სუდარა, რომლის ზედაპირი ისე მოსწორდა, რომ ნაოჭიც არ გაუკეთებია. გაიტანეს ლეიბიანად, რომელიც საფლავის ნიშად ქცეულიყო და მოისროლეს ფანჯრიდან ქუჩის მაგარ მიწაზე.
ამ დროს ცოლმა, მას შემდეგ, რაც უყურა, თუ როგორ მიებარა სამარის ნიშად ქცეული ლეიბი მის უკანასკნელ ადგილსამყოფელს, გაიხედა ფანჯრიდან, თვალი შეავლო სივრცეს და თქვა:
- ო, ღმერთო! ნამდვილად შეიცვალა ქვეყანა.
No comments:
Post a Comment