ანჯელასთან
ავტობუსმა თვალუწვდენელი მინდვრები უკან მოიტოვა და სოფლებისკენ გადაუხვია. თაკარა ზაფხულისგან გამომშრალი მიწის ბუღის ნაცვლად ღია ფანჯრებიდან ახლა მწიფე ვაშლის და საგვიანო ვარდის მოტკბო სურნელი შემოიჭრა.
კაფანდარა, მზეჩაკიდულმა დედაკაცმა მის გვერდით დედის მუხლებზე მჯდომ ბიჭუნას ლოყაზე ხელი მოუთათუნა და ჰკითხა:
- დაიღალე, ბაბო?
ბიჭი დედას მიეტმასნა. მოიღუშა.
- დაიღლებოდი ამოდენა გზაზე. მაშ!
დედაკაცმა ეს მერამდენედ გაპარა თვალი ბავშვის დედისაკენ, მაგრამ ის უწინდებურად ფანჯარაში იყურებოდა და საუბარს არ აპირებდა.
- შენ რა გქვია, დედას ბიჭო? - არ მოეშვა ბიჭუნას დედაკაცი.
- ნიკა.
- სოფელში მიხვალ, ბაბო? შენს ბაბოსთანა, შენს პაპასთანა, არა?
- ანჯელასთან მივდივართ ჩვენ, - ბღვერით თქვა ბიჭმა.
- უი! - პირზე ხელი აიფარა დედაკაცმა.
- ნიკა!- ფანჯრიდან სახე მოაბრუნა დედამ.
- რა უჭირს შვილო, ბაღლია. ამან რა იცის, სად რა თქვას, - აჩქარებით ალაპარაკდა დედაკაცი, - თქვას. განა რა მოხდა. მეც იმ კუდიანთან არ მივეხეტები? ჭირი ჩემ თავსა... გული უკან მიმექაჩება, ფეხები - წინ. გაქრა იმის თავი! მითომ რამე იცის. რას იზამ! მკითხავ-მარჩიელის საქმე ეგრეა... კი ვუვარდებით ხახაში და...
ახალგაზრდა ქალმა ისევ ფანჯარაში გაიხედა.
"იდიოტო! არაკაცო!" - ფიქრობდა ნერვიულად. - "კრეტინო... არაადამიანო... აი, რა დღეში ჩამაგდე! აი, სად ვარ შენი არაკაცობის წყალობით! ახლა ეს უტვინო დედაკაცი გადამეკიდა. ღმერთო, მალე მაინც მივიდოდეთ! კრეტინო! არაკაცო! მეზიზღები..."
- დე, ნახე, ხბო! - დაჰქაჩა ბიჭმა.
დედაკაცი ისევ არატრატდა.
- გიყვარს, ბაბო, ხბო? იი... რა ნიკორა ხბო მყაავს, რო იცოდე! წამო ჩემთან! ეთამაშე ნიკორასა, ჰა? წამოხვალ ჩემთანა?
ბიჭმა თავი გაიქნია.
- უი, რათა ბიჭო?! იცი, რა ეზო-კარი მაქ? აემსისხო ვაშლი... მსხალი... ლეკვიცა მყავს. ორი, განა ერთი!
დედაკაცი გაჩუმდა და ბიჭს მიაცქერდა, აბა, რა ჰქნა ლეკვების ხსენებამო.
- რა ქვიათ... - შეეკითხა ბიჭუნა.
- არც არაფერი. ჯერ არ დამირქმევია.
- ლამაზებია?
- ლამაზები, მაშ!
- იკბინებიან?
- უი, რა დროს იმათი კბენაა, ბაბო! ემოდენები არიან, აი!
დედაკაცმა ორი მუშტი დაანახა.
ბიჭს გაეცინა.
- მაშ, არა მკადრულობ, არ მოდიხარ ჩემთანა, არა? - არ ეშვებოდა დედაკაცი.
ბიჭი აირია. უხერხულად შეიშმუშნა.
- ლეკვი რო გაჩუქო, მაინც არა?
სიჩუმე ჩამოვარდა. დედაკაცმა ოდნავ გაჰკრა იდაყვი ბიჭის დედას.
- დახე, დახე... ამას დახე, გოგო... ყურის ბიბილოიანათ რო გაწითლდა, ქა!.. დადა-დადა, რა ქნა ლეკვის ჩუქებამა!
- დეე, - თქვა ბიჭმა ვედრებით.
- რა დე! რა დეე! ქალბატონო, არაა საჭირო! თქვენ თქვენი გზით წახვალთ, ჩვენ ჩვენით. ამან კი ერთი წელი ლეკვზე უნდა ინერვიულოს ტყუილუბრალოდ. ისეც არ გვაკლია სანერვიულო...
დედაკაცი გაჩუმდა. მზით გახუხული, ფუსფუსა ხელები მუხლებზე დაიწყო და კაბის სწორებას მოჰყვა.
"ჰმ! ნეტავ ეს რაზე უნდა მიდიოდეს ანჯელასთან?" - ფიქრობდა ახალგაზრდა ქალი, - "ალბათ ძროხა აღარ იწველება... ან კიტრი არ ისხამს...
იდიოტო! არაკაცო!
არაკაცო... იმ კახპაზე, იმ არაქალზე როგორ გაგვცვალე...
რატომ...
რატომ, საყვარელო...
რა დაგაკელი...
ჩემო სიცოცხლე... ჩემო სიყვარულო...
ერთადერთო..."
- ტყუილუბრალოდ რათა... განა მართლა ვერ ვაჩუქებ? - ჩაესმა დედაკაცის ხმადაბლა, დარცხვენილად ნათქვამი. მოუტრიალდა და ძალიან მართალი მზერით დაბნეულმა ჰკითხა:
- თქვენც ანჯელასთან მიდიხართ, არა?
- მეც, მაშ!
- ნეტავ, კარგად მკითხაობს?
- რა ვიცი, შვილო, მაქებარიცა ჰყავს და მაძაგებელიც. ეგეთ ადგილას, მანამ მიდიხარ, მაქებრებისა უფრო გჯერა. ეგრეა...
- ჰო, ეგ ეგრეა.
ავტობუსი ხტუნვითა და ჯიყჯიყით შეუყვა აღმართს.
- ადრეც ყოფილხართ ანჯელასთან? - ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ ახალგაზრდა ქალმა დედაკაცს.
- არა, შვილო. ნამყოფები ბევრი ვიცი, მაგრამ მე არა ვყოფილვარ. ეხლა, ე ბიჭის წერილი რომ არა, ანჟელასთვის მეცხელა?! რთველი კარზეა...
- ბიჭი?
- შვილიშვილზე გეუბნები, შვილო, ალმასივით ბიჭი მყავს... შვილიშვილი. დამეჩაგრა, მოუკვდეს ბაბო. დედა არ შერჩა და მამა ცოცხალი... ვაი, ჩემ დღესა.
"ღმერთო ჩემო..." - გაიფიქრა ახალგაზრდა ქალმა.
დედაკაცმა თვალებზე გაისვა ხელი.
- ბაბოს ბიჭია, ბაბოს გამოზრდილი... სამი წლისა დამირჩა ხელზე. აბა, მითხარი, იმას ეღალატებოდა? თორე მე რაღათ მინდოდა მზის შუქი ჩემი შვილის დამმარხავსა...
- დაწყნარდით. - ხელზე ხელი დაადო ახალგაზრდა ქალმა.
- ჰოდა... უმაღლესი დაამთავრა ბაბოს ბიჭმა და შენაო, როგორც საუკეთესო სტუდენტიო, დახვიეს ხელი და სამი თვით გამიგზავნეს... შუა დეკემბრამდის!..
- სად?
- სამუშაოდ, შვილო. ცხრამთასიქითა. გერმანიაში.
- რა უჭირს მერე... რა შორია. ჩემი დისშვილიც იქაა. სწავლობს.
- ღმერთმა გაგიხაროს... ჰოდა, წუხელის წერილი მომიტანეს. ჩემ ბიჭს მოეწერნა, ბაბოო, ესეთი და ესეთი ქვეყანააო... ესეთი და ესეთი სამუშაოაო... კაი ხელფასიო... ყველაფერიო...
- ჰოდა, აბა...
დედაკაცი ახლო მიეტმასნა ახალგაზრდა ქალს და შეთქმულივით ჩასჩურჩულა:
- გოგოებიო!
- რა?
- გოგოები ჰყავთ აქა ლამაზებიო...
- მერე რა?
- რაღა რა! გადამთიელი ქალისთვინ მინდა შვილო? გადამთიელი ქალი მიმიხედამს ჩემ ნაფერებ ბიჭსა? ბაბოს ბიჭსა?
- ჰოო...
- აგე! შენაც ჰოო, მეუბნები. ჭკუაში დაგიჯდა. გოგიაანთ რძალმა კიდევ, მითომ რაო, მადლობაცა თქვას იქაურმა თუ იკადრაო!.. გაუშვი, ბედი ნახოს, აქ წვალებასა, იცხოვრებს იქ მეფურათო, ქა! გაიგე, შენა?!
- ჰმ...
- მაშ! რო აღარ დამუწა პირი! რაღაცის ჯანდაბა ქალაქელობას მისცემენო. მერე როცა უნდა, აქ ჩამოვა, ისე, - იქაური ერქმევაო. ავდექი და ვუთხარი, ჩემ მახოსა არც ქალაქელობა აკლია აქა და არც სოფლელობა მეთქი! უცხო მიწაზე რათ უნდა დამირჩეს, მიწა არაა ესათქო?! - გაიქნია ხელი ფანჯრისკენ.
- იქაო, განა ეგეთი წვალებაა, აქ როაო, გოგიაანთ რძალმა, მითომ გაეგება რამე! უწვალებელი სამოთხის ბაღი იყო და მორჩა ისიცა თქო, - ეგრე ვუთხარი. სულ ენა მებორკებოდა ბრაზისგანა. ეს ქვეყანა წვალებისაათქო. - ეგრე ვუთხარი, - ჰოდა, თავისას ეწვალოს ყველა! თავისაში ნაწვალებს უფრო ტკბილ ლუკმასა სჭამს-მეთქი! მაშ!
- მერე? იმან რაო...
- რაო! გაიკრიჭა, როგორც არ იცის! შენაო, მოძველებულად ამბობო. მახოსა, სწორედ რო კაი გაფრონცქილი უცხოელი ქალი მოუხდებაო. მახოსაო, ქალო! ბაბოს ბიჭსა! ძაან იცის მერე იმ უცხო გომბიომა ჩემ მახოს წიწაკი წნილი ურჩევნიან თუ ნივრისა! რძე მიუტანოს უზმოზედა თუ მაწონი!
სიჩუმე ჩამოვარდა. დედაკაცმა ხელები მუხლებზე დაიწყო და ჩაჩუმდა.
ახალგაზრდა ქალმა ისევ ფანჯარაში გაიხედა.
"ძროხაში არ ყოფილა საქმე... საქმე მატილდაში ყოფილა... ან ფრიდაში... ააჰ! მაჰო! მაინ... როგორა აქვთ? მაინ ლიბე... მაინ ისა... მაინ სიცოცხლე... იჰ ლიბე დუ... მაინ საყვარელო...
ღმერთო! ღმერთო...
ეს ქალიც ცოდოა... ნუთუ ყველა ცოდოა ამქვეყნად?
შენც ცოდო ხარ, იცი? ეგ კახპაც...
ყველა.
ყველა..."
ფანჯარაში შემოჭრილმა თივისა და დასიცხული ვარდების სურნელმა გული აუჩუყა. სახე ბიჭუნას თმაში ჩამალა. ახლა შვილის სურნელმა დაათრო. ცრემლი მოერია. ანჯელასკენ სვლა საპნის ბუშტივით ლამაზ ტყუილად და სისულელედ მოეჩვენა.
"რა ტკბილია ყველაფერი... რა ლამაზია. ეს გზაც... ეს დედაკაციც...
ნეტა აქ იყო ეხლა, საყვარელო...
შენთან მინდა... შენთან მინდა...
შენ?
შენც გინდა... შენც, შენც...
ეგ გაივლის... გაივლის და ისევ ჩვენთან მოხვალ. ეგ უბრალოდ, სისულელეა...
ისევ ერთად ვიქნებით, არა, საყვარელო?
ისევ ერთად ვიქნებით. სულ... სულ..."
- ეგაა, მოვედით. ჩავდივართ, - თქვა დედაკაცმა.
სუფთა ჰაერის სახეზე მოლამუნება და მიწაზე დაბიჯება ეამათ. ავტობუსი არიხრიხდა და გზას გაუდგა.
- ესა, მაღლითა ორ სოფელშიც ავა და უკან ჩამოტრიალდება, - თქვა დედაკაცმა, - წამო, შვილო, ერთად ვიაროთთ...
- მე აღარ მინდა, - თქვა ქალმა.
- რაო, შვილო? - გაუკვირდა დედაკაცს.
- აღარ მინდა, ანჯელასთან, გადავიფიქრე.
დედაკაცმა ერთი-ორი ნაბიჯი წინ გადმოდგა და ცნობისმოყვარედ, გაფაციცებით ჩააშტერდა. მერე ნელ-ნელა გადააქნ-გადმოაქნია თავი.
- დადადადა... ქალის გაჩენის დღე დაიწვა, ქალის.
ცოტა ხანს კიდევ უყურა, მერე ხალისიანად თქვა:
- რაკი გულმა ეგრე გითხრა, ეგრეცა ჰქენი, შვილო! ქალის გული ოხერია, ტყუილათ არაფერს იტყვის...
ბიჭი აქეთ-იქით იბრიცებოდა. მზით გაჯერებულ სიმწვანეს მთლიანად დაეპყრო მისი გულისყური. სიმწიფით, სინოყივრით სავსე ჰაერს თითქოს დაეთრო.
- მაშ, არა? - ერთხელაც ჩაეკითხა დედაკაცი ქალს.
ქალმა თავი გააქნია.
- არა, არ მინდა. ისედაც ვიცი ყველაფერი. ის ავტობუსი ჩამოივლის და გავყვებით.
ბიჭმა გაკვირვებით ახედა დედას, კარგა ხანს ჩუმად იყვნენ.
- იცი, რას გეტყვი? - თქვა ბოლოს დედაკაცმა, - რაღაც, მეც აღარ მიმიწევს გული.
- "ისედაც ვიცი, საყვარელო", - ახლა გულში გაიფიქრა ქალმა, - "სხვა არაფერი მინდა გავიგო".
- გული მაინც უკან მექაჩებოდა, აკი გითხარი კიდეც და ამათ ჭკუაზე ვიარო?!
დედაკაცმა მუხლებზე დაიკრა ხელისგულები.
- მეც ვიცი, განა! მეც ვიცი! აქა ბრჭყვიალებს ჩემი მახოს ბედის ვარსკვლავი! ბაბოო, ასე მწერს, ნეტავ ერთი ჩვენს ეზოში გამატარა... მტკვარზეც მათევზავა, რთველი მამართველვინაო... ეგრე მწერს, ჩემი მალხაზი! ჩამოვა. იქ რათ დაურჩება ვისმე. აქ ჩამოვა თავის ბებერ ბაბოსთანა... აქაა მისი სული და გული და რათ არ ჩამოვა! მე რო ჩემი ბებერი გული მეტყვის ჩემი საქმისას, ი კუდიანმა ანჯელამ რა უნდა მითხრას იმისთანა. რაღად მინდა...
ბიჭს მოუტრიალდა და მხიარულად დასძახა:
- არაა, ბაბო?!
ბიჭს ლოყები ავარდისფრებოდა. გაოფლილ შუბლზე ქოჩორი მისწეპებოდა.
- ეხლა ჩამოივლის ჩვენი ავტობუსი, ჩავჯდეთ შიგა და ჰერიიი... ნიკორასთანა! ლეკვებთანა! სახელებიც შენ დაარქვი, ბაბო და მერე, რომელსაც ხელს დაადებ, იმას გაჩუქებ. ჩემი მახო დამეფიცება!
- დეე... - ახედა ბიჭმა დედას.
- ძალიან გინდა? - გაუღიმა ქალმა.
- ძალიან. წავალთ, დე?
- ჰო, წავალთ.
- მართლა?!
- ჰო, მართლა, მართლა.
- აუ, დეეე!
- ლოგინებიცა მაქ... საბან გობანიცა... მაღლითა ოთახებში დაგაწვენთ, განა დაბლითაში. დავჯდეთ... ვიქაქანოთ. გემრიელი პურიცა ვჭამოთ. არაა, ბაბო? ამაღამ ჩემი სტუმრები ხართ. ამაღამ რათა!.. მანამაც გაგეხარდებათ...
მზე საძოვრებისკენ გადახრილიყო. ჰაერს ოქროსფერი ბურუსი შეერია. ნიავს შორეული მინდვრებიდან და ჭალებიდან მათრობელი და თითქოს ძალიან, ძალიან ნაცნობი სურნელი მოჰქონდა...
© “არილი”
No comments:
Post a Comment