ლიტვურიდან თარგმნეს რუსუდან კაიშაურმა და ირენა ჩემერისმა
ლიტველი მწერლის დღევანდელი დილა საკმაოდ მძიმეა. ფანჯრებში შეიძლება მზე კაშკაშებდეს, ჰაერი იქნებ არაჩვეულებრივად გამჭვირვალე იყოს, მეზობლები იქნებ ღიმილითა და სიყვარულით ესალმებოდნენ, მაგრამ ლიტველ მწერალს ეს ყველაფერი ვერ შველის, რადგან გაღვიძებისთანავე სიზმრებიდან გამოყოლილი სიმწარე იპყრობს.
დრო და დრო გგონია, რომ ეს სიმწარე ყველაზე ნაღდი რამაა ჩვენს მუხთალ და თავხედ ყოველდღიურობაში, მაგრამ იგი სიზმარშიც ვერ დაბობღავს, რადგანაც ჩვენს მწერლებს უძილობა სჭირთ. იმ ხატებსა და სიუჟეტებს, ღამით რომ აკითხავენ მათ, შეუძლებელია სიზმრები დაერქვას. მათში არც ნამდვილი სურვილია, არც საშინელება, არც კოსმიური საფრთხე და არც სიძულვილი. ღამეული ხატები გულისგამაწვრილებლად ბანალურია. ისეთივე მოსაწყენი ყოველდღიური ისტორიებია, რომლებმაც დღისით უკვე საშინლად მოგაბეზრეს თავი. ეს არაა სიზმრები. ეს ხატში განზავებული უდიდესი ტკივილია, რომელსაც არარაობა შობს. ის ღამით იმუხტება, მერე გაარღვევს ჩვენს კუთვნილ ღამეულ ხატებს, გააქრობს მათ ვერსაცნობამდე. ამახინჯებს ამ ხატების წიაღს. ამოჭრის მათგან მეტაფორას და ტოვებს მხოლოდ ბანალურ გარსს. რჩება მარტოოდენ უდიდესი სიმწარე, მეტაფიზიკური ტკივილი და თვითმკვლელობის სურვილი.
ხშირად დილ-დილობით ეს სიმწარე გულში ტკივილს იწვევს, რადგან ლიტველი მწერალი დღეს უფრო მეტსა და საშინლად სვამს, ვიდრე იმ შემაძრწუნებელ დროებაში. იქნებ იმიტომ, რომ ის დროება მართლაც შემაძრწუნებელი იყო. ეს დროება კი მხოლოდ და მხოლოდ მოსაწყენი, უნამდვილესი სიზმრებია, მარტო მეტაფიზიკური სიმწარითა და თვითმკვლელობის სურვილით აღვსილი.
ლიტველი მწერლები და პოეტები თვითმკვლელობის სურვილს ხმამაღლა და ღიად გამოხატავენ. ლექსი იწერება დაუშიფრავი ტექსტით, რიტუალურად იმეორებენ ინტერვიუებს საზოგადოებრივ საუბრებში, ხოლო ჩონჩხების მოსაწყენ სუფრასთან კი თვითმკვლელობას განიხილავენ, როგორც განვლილ მოვლენას. გასიებული ტუჩებით ბუტბუტებენ სამარესა და მომავალ ხსოვნაზე. სიკვდილთან სურთ დაქორწინება და გულუბრყვილოდ იმედოვნებენ, რომ ამ ქორწინებიდან მემკვიდრეობით მიიღებენ სიკვდილის შემდგომი ლეგენდის თუნდაც სულ უმნიშვნელო წილს. მიამიტები არიან, რადგანაც არ იციან, რომ ცდებიან. სიკვდილთან ქორწინება ხომ მუდამ მორგანატიკულია და ასეთ ქორწინებაში სუსტ მხარეს მემკვიდრეობაზე არავითარი უფლება არ გააჩნია.
თვითმკვლელობა კვლავ იქცა ლიტერატურული საუბრების მოდურ თემად. რამდენიმე ათეული წლის წინათ ერთი ფრანგი მწერალი აღნიშნავდა - თვითმკვლელობის საკითხი ფილოსოფიის საკუთრებააო. აუცილებლად იკითხე: ღირს კი ცხოვრება იმად, რომ იცოცხლოო? მხოლოდ ამ გზით შეძლებ სამყაროსთან კავშირს და იქ შენი ადგილის მოძიებასო. ასე აზროვნებდა ის ფრანგი ეგზისტენციალისტი. ძალიან ღრმად მოაზროვნე კი იყო.
ფილოსოფიური თვითმკვლელობის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, გაცილებით ძნელია, შეეწინააღმდეგო სევდას რეალურ თვითმკვლელობაზე, გაექცე ლიტერატურულ ხარაკირს, იმიტომ, რომ ამის შესრულებას ლიტერატურული სამურაის ღირსება, ლიტერატურული ბუშიდოს წმინდა წესები ესაჭიროება. თუკი ლიტერატურის მეომარს ძალა არ შესწევს აღასრულოს თავისი წმიდათაწმიდა მოვალეობები - რჩება მხოლოდ ხარაკირი.
სამწუხაროდ, უბედურება და ტრაგედია ისაა, რომ ვერავინ შეძლო აზრიანად გაეცა პასუხი კითხვაზე: როგორია ან როგორი უნდა იყოს ლიტერატურული ბუშიდოს წესები.
ათი წლის წინ რა წესებით ხელმძღვანელობდნენ, ბევრს არც ახსოვს. მაგრამ ისინი ყველასთვის ნათელი და გასაგები იყო. მაშინ გარკვევით ჩანდა, რა იყო ნაღდი და სუფთა და პირიქით. დაახლოებით მაინც ხვდებოდი, რა გზით უნდა გევლო, თუმცა ის არ იცოდი, სად მიგიყვანდა ეს გზა. მერე კი ყველაფერი საბოლოოდ აირ-დაირია.
მხოლოდ რამდენიმე, ტკივილისგან გატანჯულმა მწერალმა შეამჩნია, რომ ახლოვდებოდა მაგიური იუბილე. პირველი წიგნები, უცენზურო მეტრიკით შვიდი წლის წინ გამოჩნდა. დასანანია, მაგრამ ეს შვიდი წელი ლიტერატურის გამოფიტვის წლები იყო. ფორმალურად და რეალურად თავისუფლებამიღებულმა მწერლებმა ბოლომდე ვერ გაიაზრეს, რა ექნათ მისთვის. გისოსებიდან გათავისუფლებულმა ხელოვნებამ მხოლოდ ერთი რეალური თავისუფლების მოპოვება შეძლო: არ ჰყოლოდა მკითხველი!
ამ შვიდი წლის მანძილზე, ლიტერატურის გამოფიტვის წლებში, წიგნების ტირაჟი მნიშვნელოვნად, თითქმის ათჯერ და მეტადაც შემცირდა.
დღეს ყველაზე მონდომებულ ამერიკულ დეტექტივებსაც კი არ ძალუძთ დაძლიონ იმ ტირაჟის ნახევარი, რომელსაც ათი წლის წინათ ნაკლებად ცნობილი ლიტველი მწერლის უხეირო რომანი ძლევდა. რაღაც დალპა ლიტვის სამეფოში - საფულეთა შიგთავსი თუ შეხედულება ბეჭდვით სიტყვაზე? კატასტროფულად დაეცა ყოველკვირეულთა ტირაჟები, მით უფრო წიგნების.
როცა არა სურთ მწერლის წიგნის წაკითხვა, იგი დილიდანვე მეტაფიზიკურ ტკივილს გრძნობს და ვერანაირი რაციონალური ახსნა-განმარტებით ვერ დაარწმუნებთ, რომ ის ამაში დამნაშავე არ არის. არა და მომხდარის გამო, მწერალი მუდამ თავის თავს დებს ბრალს.
მწერალი დამნაშავეა იმაშიც, რომ სამყარო ისეთია, როგორიც არის, არა მარტო დღეს და არა მარტო ლიტვაში. მწერლის ბრალია ისიც, რომ გუშინ მოხდა ზუსტად ის, რაც გუშინ უნდა მომხდარიყო. ხვალ კი ყველაფერი სხვანაირად შებრუნდება, ისე, როგორც გვგონია და როგორც უნდა შებრუნებულიყო ხვალ. ამიტომაც იგი დილიდანვე თვითმკვლელობის სევდასა და მეტაფიზიკურ ტკივილს გრძნობს. მით უფრო თუ საღამოდანვე კარგად გამოთვრა. სულში საძაგელი გრძნობა ჩაებუდა, გულიც ცუდად გაუხდა ე.ი. ღებინება დააწყებინა. ასეა თუ ისე, ხელები უკანკალებს და ვერ პოულობს ვერც ადგილს, ვერც საქმეს. ენა კი გამუდმებით თვითმკვლელობაზე ბუტბუტებს.
გგონია, რომ თავად ლიტერატურა აპირებს ხარაკირის შესრულებას. არადა, ყველაზე არაეთიკური - ეთიკური თვითმკვლელობაა. უსიამოვნო განცდა გეუფლება, გეჩვენება, რომ თვითონ ლიტვურმა ლიტერატურამ გადაწყვიტა ფილოსოფიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა: კერძოდ, კი ის, რომ ეგზისტირებას აზრი არა აქვს. ჩვენ კი ყველას, მწერლებსაც და, უფრო მცირერიცხოვან, ჯერ კიდევ მკითხველებს გვევალებოდა, პასუხი გაგვეცა სულ სხვა კითხვაზე: მართლა გვაშინებს კი ლიტერატურის თვითმკვლელობა? ლიტვური ლიტერატურა ნამდვილად გახდება სამურაის მსგავსად ამაყი და თვითმკვლელობით დაასრულებს სიცოცხლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ცოტა ვინმე სცემს მას პატივს? თუ შეძლებს ღირსების მსხვერპლად მიტანასა და სრულიად სხვა ფასეულობების მოძიებით ჩაებღაუჭოს ცხოვრებას?
ამ კითხვებზე პასუხს თვით ყველაზე დიდი ბრძენიც ვერ გასცემს. ამგვარ კითხვებს დრო პასუხობს, ხოლო თუ მეტად მაღალფარდოვანნი ვიქნებით, შეგვიძლია განვაცხადოთ: ასეთ კითხვებზე პასუხს ლიტერატურის ისტორია იძლევაო.
ასე იწინასწარმეტყველეს ღმერთებმა: ტკივილითა და სევდით ნამთვრალევი მწერლები ლიტერატურის ისტორიის არც თუ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. სწორედ ამიტომ შეიძლება იმედი გქონდეს, რაკი არც ერთი ისტორია თვითმკვლელობას არ ექვემდებარება და არც ერთს არ დაუმთავრებია თვითმკვლელობით ცხოვრება, ამას არც ლიტვური ლიტერატურის ისტორია იზამს, და მნიშვნელობა არა აქვს, გაანაწყენებს თუ არა ეს ამპარტავან მკითხველს. თანაც თუ ყველა მწერალმა მეტაფიზიკური თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე, მაშინ აუცილებლად გაჩნდებიან სხვები.
სანამ იქნება ლიტვური ენა, იქნება ლიტერატურაც, სანამ ხალხს ექნება ინტერესი - იქნება ამ ლიტერატურის მკითხველიც. დღეს მეტყველების კულტურა უიმედოდ ეცემა, მაგრამ მას უფრო უიმედო, კომიკურ ტერორს მიკუთვნებული, აზროვნების პოლიცია გადაარჩენს.
აზროვნების პროცესი თითქმის არავის აინტერესებს, რადგანაც დღევანდელი ლიტვის აზროვნება არც პოპულარულია და არც მოთხოვნაა მასზე. ისიც სიმართლეა, რომ სწორედ ეს ექაჩება ლიტერატურას თვითმკვლელობისკენ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა სამყაროს დასასრული. ეს მხოლოდ მჭლე ლიტერატურის ეპოქის დასასრულია.
ბიბლია ამტკიცებს, რომ მჭლე ძროხების შვიდწლეულს აუცილებლად მოსდევს მსუქანი ძროხების წლები.
არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ეს პროცესი ახლავე იწყება.
"შვიდი წელი" უპირველეს ყოვლისა მეტაფორაა. აკი ბიბლიაც ლიტერატურული ნაწარმოებია.
No comments:
Post a Comment