დიალექტიკის გენიალური ოსტატი
ჰეგელის ნააზრევის გაცნობისას ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს ბრწყინვალე ოსტატის მიერ აგებულ ტაძარში ვიმყოფებით: ზღვა ფილოსოფიური მასალა აქ არაჩვეულებრივადაა მოწესრიგებული და ორგანიზებული. ყოველ დეტალს მოძებნილი აქვს მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი, ელემენტების განლაგებაში იგრძნობა მკაცრი თანაზომიერება, პროპორცია, რიტმი, ჰარმონია, რომელთა წყალობითაც გრანდიოზული ფილოსოფიური სისტემა წარმოგვიდგება როგორც საოცრად მონოლითური, შეკრული და დასრულებული ნაგებობა. და კიდევ: ჰეგელის მიერ აგებული ფილოსოფიური შენობა სავსეა სინათლით - ეს არის შუქი გონისა, ყოვლისმომცველი აბსოლუტისა, იდეისა და ამ ნათელ ნაგებობაში, სადაც ყველაფერი დაფარულსა და მარადიულზე მიანიშნებს, შეუძლებელია არ დაგეუფლოს საზეიმო და ამაღლებული განწყობილება.
გონის, იდეის, აბსოლუტის ცნებები ცენტრალურია ჰეგელის ფილოსოფიაში. სწორედ ამ ცნების თავისებური გააზრება ანიჭებს ჰეგელის მთელ ნააზრევს განუმეორებელ ხასიათს.
ერთ-ერთი მთავარი თეზისი, რომლითაც ჰეგელი კანტისა და ფიხტეს ფილოსოფიურ სკოლას დაუპირისპირდა, იყო თეზისი გონის აბსოლუტური ძლევამოსილების შესახებ. ჰეგელი ფიქრობდა, რომ კანტთან და ფიხტესთან ერთმანეთისაგან გათიშულია სინამდვილე და იდეა. ის, რაც არის და ის, რაც უნდა იყოს, არსი და ჯერარსი. იდეას აქ არა აქვს სისხლსავსე სიცოცხლე, აუცილებლობის კანონით შეპირობებული განხორციელების უნარი. ჰეგელის თითქმის ყოველ თხზულებაში იპოვით ამ თვალსაზრისის მიმართ გამოთქმულ ირონიით სავსე სტრიქონებს. "ფილოსოფიურ მეცნიერებას საქმე აქვს მხოლოდ იდეასთან, რომელიც ისეთი უძლური არაა, რომ მხოლოდ ჯერარს იყოს და ნამდვილად არ იყოს", - ვკითხულობთ "მცირე ლოგიკაში". გონი თავის სიძლიერის წყალობით პოულობს რეალიზაციის საშუალებებს: რაც გონიერია, ნამდვილია და რაც ნამდვილია, ის გონიერია (ჰეგელის ეს ცნობილი დებულება სრულიადაც არ ნიშნავდა ყოველი არსებულის გამართლებას, როგორც ეს ზოგს მოეჩვენა: სინამდვილისა და არსებობის ცნებები ჰეგელის ფილოსოფიაში არ ემთხვევა ერთმანეთს).
როგორია ამ ყოვლად ძლევამოსილი გონის არსება?
გონი კონკრეტულია. სიტყვა კონკრეტული ჰეგელის მიერ თავისებური მნიშვნელობით არის ნახმარი: კონკრეტული ნიშნავს განსხვავებულ, საპირისპირო გარკვეულობათა მთლიანობას. ეს კი მოასწავებს იმას, რომ მოძრაობა გონის სფეროში იქნება დიალექტიკური გადასვლა ერთი გარკვეულობიდან მის საპირისპიროსკენ, თეზისიდან ანტითეზისისკენ და აქედან კი სინთეზისკენ, რომელშიც წინა ორი გარკვეულობა მოიხსნება და შეინახება დამორჩილებული მომენტების სახით. მწყობრ დიალექტიკურ ტრიადათა მონაცვლეობაში ჰეგელმა ცნებათა ურთიერთდაპირისპირების ურთიერთგაპირობებულობის, ურთიერთმოხსნა-შენახვის, კატეგორიათა დინამიკის ჭეშმარიტად გრანდიოზული სურათი მოგვცა, ხოლო ფილოსოფიურ პრობლემათა - რაოდენობისა და თვისებრიობის, უარყოფის, წინააღმდეგობის, არსებისა და მოვლენის, შინაარსისა და ფორმის და სხვათა - დიალექტიკური გააზრების საფუძველზე მათი გადაწყვეტის სრულიად ახალი, ტრადიციული ფილოსოფიის მეტაფიზიკური აზროვნების წესისათვის უცნობ და უჩვეულო გზებს მიაგნო.
ჰეგელმა გონი წარმოადგინა არა როგორც მყარი სუბსტანცია, არამედ როგორც მოუსვენრობა, აქტიურობა. გონი ჰეგელისათვის არა მარტო სუბსტანცია, არამედ სუბიექტიცაა. ის არის სუბიექტი, რომელიც თავისი თავის წვდომას ესწრაფვის, თავის თავს ეძებს, თვითშემეცნება თვითრეალიზაციას, პოტენციალურად მოცემულ შესაძლებლობათა რეალიზაციას გულისხმობს, ეს რეალიზაცია კი დიალექტიკური პროცესია. აბსოლუტი წმინდა სახით "წმინდა აზროვნების ელემენტში" წარმოდგენილია "ლოგიკის მეცნიერებაში". ყოველი გარკვეულობა აქ გამოხატულია კატეგორიების სისტემაში. ყოველი კატეგორია აბსოლუტის პრედიკატია, იდეის ერთ მხარეს გამოხატავს. კატეგორიათა მარტივიდან რთულისკენ, აბსტრაქტულიდან კონკრეტულისაკენ ურთიერთგადასვლის პროცესს აგვირგვინებს აბსოლუტური იდეის ცნება. ამით გონის ზოგადი სქემა მოხაზულია. ამ სქემამ უნდა შეისხას ხორცი, უნდა ჰპოვოს თავისი სინამდვილე. გონი განასხვავებს თავის თავს ბუნებაში, მაგრამ ინერტული ბუნება ვერ არის ადეკვატური აბსოლუტის ჭეშმარიტი არსებისა. ბუნების გავლით რელიზაციის გზა ადამიანისაკენ მიდის. სწორედ ადამიანი, კაცობრიობის კულტურის პროდუქტები, ადამიანების აზროვნება და მოქმედებაა ის საბოლოო წერტილი, რომელშიც გონი თავის თავს პოულობს. ადამიანის ძირი ღვთაებრივია. ამიტომ ადამიანის არსების განხორციელება ღმერთის არსების განხორციელებაც იქნება. ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის უკანასკნელ ეტაპზე - აბსოლუტური გონის საფეხურზე - ადამიანი აღწევს უმაღლეს თავისუფლებას იმით, რომ ყოველი სპეციფიკურ-ადამიანური ითქვიფება ფილოსოფიაში, რომელშიც ღმერთი თავის თავს იაზრებს და იმეცნებს.
რელიგიურ-მისტიკური ხასიათის მიუხედავად, ჰეგელმა შეძლო სამყარო ყველა მის განზომილებაში წარმოედგინა როგორც დიალექტიკური ქმნადობა, კანონზომიერი განვითარების პროცესი. იქ, სადაც ერთი შეხედვით წმინდა შემთხვევითობა ბატონობს, ჰეგელი ეძებს და პოულობს კანონს, შინაგან ლოგიკას. განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა ეს ჰეგელის მიერ ისტორიის ფილოსოფიისა და ფილოსოფიის ისტორიის დამუშავებისას.
კაცობრიობის ისტორია ხშირად წარმოუდგენიათ როგორც ხდომილებათა უბრალო თანმიმდევრობა. ასეთ თვალსაზრისს ჰეგელი ზედაპირულად თვლის. ადამიანები პირად მიზნებს ისახავენ და კერძო ინტერესებიდან გამოსული მოქმედებენ, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ვნებათა შეჯახებაში არ ვლინდება გონის კანონი. ისტორია, ფიქრობს ჰეგელი, გონის მიერ თავისი თავის გაცნობიერების პროცესია. და რადგან გონის არსება თავისუფლებაა, კაცობრიობის ისტორია არის ზეაღმავალი გზა, პროცესი თავისუფლების გაცნობიერებაში. აღმოსავლეთის ხალხებმა იცოდნენ, რომ თავისუფალია ერთი. ასეთი თავისუფლება თვითნებობაა. ბერძნებმა და რომაელებმა იცოდნენ, რომ თავისუფალია ზოგიერთი. მხოლოდ ქრისტიანობა მივიდა იმ ცნობიერებამდე, რომ თავისუფალია ადამიანი საერთოდ. აქ ხდება სწორედ გონის მიერ თავისი თავისუფლების გაცნობიერება.
უდიდესი როლი ითამაშა ჰეგელმა ფილოსოფიის ისტორიის არსის მეცნიერული გაგების ჩამოყალიბებაშიც. ისტორიკოსს აქაც ქაოსი ხვდება: ერთი ფილოსოფიური სისტემა ცვლის მეორეს, მეორე - მესამეს და ა.შ. ყოველი ფილოსოფიური სისტემა თავისას, სხვა სისტემისგან განსხვავებულს ამბობს, და შემთხვევითი არ იყო, რომ ფილოსოფიის ისტორია განიხილებოდა როგორც ცდომილებათა, შემთხვევით შეხედულებათა თავმოყრა. ჰეგელი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელიც შეეცადა მიეგნო იმ ძაფისათვის, ფილოსოფიის ისტორიის სიღრმეში რომაა დაფარული და ურთიერთგანსხვავებულ ფილოსოფიურ სისტემებს ერთიანობას აძლევს, მათი მონაცვლეობის კანონზომიერ ხასიათს ნათელყოფს.
ჰეგელმა ფილოსოფიის ისტორიაც წარმოადგინა, როგორც გონის მიერ თავისი თავის შემეცნების პროცესი, გაშლილი დროში. გონი განსხვავებულ მხარეთა ერთობლიობაა, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ისტორიაში არსებული ცალკეული სისტემები, რომლებიც გონის რომელიღაც ერთ ასპექტს გამოხატავენ, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ყოველი სისტემა იდეის გარკვეული მომენტის გამოხატულებაა, ამიტომ ის არც შეიძლება უარიყოს. უარიყოფა არა რომელიმე ფილოსოფიის პრინციპი, არამედ ის შეხედულება, რომ ეს პრინციპი სრულად გამოხატავს მთელ იდეას, გონს. ამრიგად, ყოველი ფილოსოფიური სისტემა აბსოლუტურიცაა და შეფარდებითიც. ყოველი შემდგომი სისტემა მოხსნის წინა სისტემის პრეტენზიას აბსოლუტურობაზე, მაგრამ ითვისებს ჭეშმარიტ პრინციპებს. აქაც, ისევე, როგორც საერთოდ ისტორიაში, განვითარება მიდის მარტივიდან რთულისკენ, აბსტრაქტულიდან - კონკრეტულისკენ. ფილოსოფია წარმოიშობა არა ფილოსოფიის ისტორიის ბოლოში, არამედ თვითონ ფილოსოფიის ისტორიაა გარკვეული აზრის ფილოსოფია: აბსოლუტური ჭეშმარიტება რეალიზდება შეფარდებით ჭეშმარიტებებში და არა მათ მიღმა. ისტორია თავის განვითარებაში გამოხატავს ლოგიკურს, ლოგოსის საფეხურთა მონაცვლეობას.
ჰეგელის ფილოსოფიას ბევრი მტერი ჰყავდა. ბევრი მოძულე ჰყავს მას დღესაც - განსაკუთრებით ნეოპოზიტივიზმის ბანაკში. მაგრამ ნიშანდობლივია: როგორც წესი, ჰეგელის მტერი საერთოდ ფილოსოფიის მტერიცაა. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან ჰეგელი და ჭეშმარიტი ფილოსოფიური აზროვნება მოუცილებელია ერთმანეთისაგან. ჰეგელს უყვარდა გამოთქმა: კამერდინერისათვის არ არსებობს გმირი. მაგრამ, - უმატებს ჰეგელი, - არა იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი გმირი არ არის, არამედ იმიტომ, რომ პირველი კამერდინერია. ჰეგელის სიდიადე არ არსებობს მხოლოდ სულით კამერდინერებისათვის.
© ”არილი”
No comments:
Post a Comment