ნაწყვეტები 1818 წლის 22 ოქტომბერს, ბერლინში წაკითხული ლექციიდან
ჩემო ბატონებო!
რადგან მე დღეს პირველად გამოვდივარ აქაურ უნივერსიტეტში ფილოსოფიის მასწავლებლის თანამდებობაზე, რომელზეც მისი უდიდებულესობის მეფის წყალობამ მომიწვია, ნება მომეცით, ჩემს ლექციებს წინ წარვუმძღვარო ეს წინასიტყვაობა, რომ ჩემთვის განსაკუთრებით სასურველად და სასიხარულოდ მიმაჩნია უფრო აკადემიური მოღვაწეობის ასპარეზზე გამოსვლა სწორედ ამ მომენტში და სწორედ ამ ადგილას. რაც შეეხება მომენტს, როგორც ჩანს, უკვე შეიქმნა ის პირობები, რომლებიც ფილოსოფიას ნებას აძლევენ კვლავ ყურადღებასა და სიყვარულს მოელოდეს, როდესაც ეს თითქმის დამუნჯებული მეცნიერება კვლავ შეძლებს ხმა აიმაღლოს. ვინაიდან ამ მოკლე ხნის წინ, ერთი მხრივ, მძიმე და გაჭირვებული ხანა, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების წვრილმან ინტერესებს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა, მეორე მხრივ, სინამდვილის მაღალი ინტერესები, ინტერესი და ბრძოლა უპირველეს ყოვლისა, ხალხის ცხოვრებისა და სახელმწიფოს პოლიტიკური მთლიანობის აღსადგენად და გადასარჩენად, გონის ყოველ შესაძლებლობასა და ყველა წოდების ძალებს, ასევე გარეგან საშუალებებსაც იმდენად შთანთქავდა, რომ გონის შინაგან ცხოვრებას არ შეეძლო სიმშვიდე და მოსვენება მოეპოვებინა. მსოფლიო გონს, რომლის ყურადღება მთლად სინამდვილითა და გარეგანი ამბებით იყო გატაცებული, ხელი ეშლებოდა თავის თავისთვის, თავისი შინაგანი ცხოვრებისათვის მიემართნა და თავის ნამდვილ სამშობლოში თავისი თავით დამტკბარიყო. მაგრამ ახლა, მას შემდეგ, რაც სინამდვილის ეს ნიაღვარი შეწყდა და გერმანელმა ხალხმა საერთოდ თავისი ეროვნულობა, ყოველგვარი ცოცხალი ცხოვრების საფუძველი გადაარჩინა, უკვე დადგა დრო, ნამდვილი ქვეყნის სამბრძანებლოს გვერდით, სახელმწიფოში დამოუკიდებლად გაიფურჩქნოს აზრის თავისუფალი სამეფო, და საზოგადოდ გონის ძალამ იმდენად მძლავრად იჩინა თავი, რომ აშკარად დაგვანახვა, რომ მხოლოდ იდეებსა და იდეების შესაბამს შეუძლია ახლა არსებობა შეინარჩუნოს, და რომ ყველაფერმა, რაც კი საერთოდ აღიარებას მოითხოვს, თავისი თავი შეგნებისა და აზრის წინაშე უნდა გაამართლოს.
...მაგრამ თვით გერმანიაშიც ამ მეცნიერების აღორძინებამდე წინანდელი ეპოქის უგვანობა იმდენად შორს წავიდა, რომ გამორკვეულად და დამტკიცებულად თვლიდა და გვარწმუნებდა, რომ ჭემშარიტების არავითარი შემეცნება არ არსებობსო; ღმერთი, სამყაროს და გონის არსება შეუცნობელია, მიუწვდომელიაო; რომ გონი რელიგიაზე უნდა შეჩერდესო, ხოლო რელიგია - რწმენასა, გრძნობასა და ბუნდოვან წარმოდგენაზე, გონივრული ცოდნის გარეშე. შემეცნება ვერ ეხება აბსოლუტის, ღმერთის და იმის არსებობას, რაც ბუნებასა და გონში ჭეშმარიტი და აბსოლუტურია, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ ეხება უარყოფითს, ე.ი. იმას, რომ ჭეშმარიტს ვერ შევიმეცნებთ, რომ მხოლოდ არაჭეშმარიტს, დროებითსა და წარმავალს აქვს უპირატესობა შემეცნებისა, - ნაწილობრივ კი შევიმეცნებთ იმას, რაც მასში უკვე იგულისხმება, გარეგანს, სახელდობრ ისტორიულს, შემთხვევით გარემოებებს, რომელთა შორის ეს მოჩვენებითი შემეცნება გამოვლინდა. სწორედ ამისთანა შემეცნებას უნდა მივუდგეთ ისტორიულად და იმ გარეგანი მხარეების მიხედვით კრიტიკულად და მეცნიერულად გამოვიკვლიოთ, რადგან მისი შინაარსიდან სერიოზული არა გამოვა რა. ამ თვალსაზრისის წარმომადგენლები ისევე შორს წავიდნენ, როგორც პილატე, რომაელი პროკონსული, რომელმაც როგორც კი გაიგონა ქრისტესაგან წარმოთქმული სიტყვა: ჭეშმარიტება, მაშინვე კითხვით უპასუხა: რა არის ჭეშმარიტება? და ეს ჰკითხა იმ აზრით, რომ მას, პილატეს ეს საკითზი ვითომც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდეს და იცოდეს, რომ არ არსებობს ჭეშმარიტების შემეცნება. ამრიგად ის, რაც იმთავითვე სამარცხვინო და უღირს საქმედ ითვლებოდა, - ჭეშმარიტების შემეცნებაზე უარის თქმა, - ჩვენი ეპოქის მიერ გონის უმაღლეს ტრიუმფად იქნა გამოცხადებული. თავიდან, თავისი წარმოშობის დღიდან გონების უნარის მიმართ სასოწარკვეთილებას ჯერ კიდევ თან სდევდა ერთგვარი გულისტკივილი და წუხილი, მაგრამ მალე რელიგიურმა და ზნეობრივმა თავქარიანობამ, შემდეგ კი ცოდნის ზერელობამ და უგვანობამ, რომელიც თავის თავს განმანათლებლობას უწოდებდა, პირდაპირ და აშკარად აღიარა გონების უძლურება და ქედმაღლურად მისცა სრულ დავიწყებას გონის უმაღლესი ინტერესები; ბოლოს, ეგრეთწოდებულმა კრიტიკულმა ფილოსოფიამ მარადისისა და ღვთაებრივის ამ უცოდინარობას სუფთა სინდისიც შეუქმნა, რადგან ეს ფილოსოფია გვარწმუნებს, ვითომც მან მოახერხა დამტკიცება იმისა, რომ მარადისისა და ღვთაებრივის შესახებ არაფრის ცოდნა არ შეიძლებაო...
...ეს შეხედულება ჯერ კიდევ წინამორბედი პერიოდიდან გადმოვიდა და საშინელ წინააღმდეგობაში ჩაუდგა ჯანსაღ სუფთა გრძნობას, ახალ სუბსტანციალურ გონს. ამ ახალი და ჯანსაღი გონის განთიადს მივესალმები, მოვუხმობ მას; მხოლოდ მის საქმეს ვაკეთებ, როდესაც ვამტკიცებ, რომ ფილოსოფიას შინაარსი უნდა ჰქონდეს, და როდესაც ამ შინაარსს თქვენს წინაშე განვავითარებ.
უმთავრესად მოვუხმობ ახალგაზრდობის სულს, რადგან ახალგაზრდობა სიცოცხლის ის მშვენიერი ხანაა, როდესაც ადამიანი გაჭირვებულობის შეზღუდულ მიზანთა სისტემას ჯერ კიდევ არ დაუტყვევებია და უნარი აქვს თავისუფალი, უანგარო მეცნიერული მოღვაწეობისა; როდესაც ასევე ჯერ კიდევ არ დაუტყვევებია იგი ამაოების უარყოფით სულს, წმინდა კრიტიკული კვლევის უშინაარსობას. ჯერ კიდევ ჯანსაღ გულს შესწევს სითამამე, ჭეშმარიტება მოითხოვოს, ხოლო ჭეშმარიტების სამეფო ის სამეფოა, რომელშიც ფილოსოფია სულდგმულობს, რომელსაც ფილოსოფია აგებს და რომლის თანამონაწილენი ჩვენ ვხდებით ფილოსოფიის შესწავლით. რაც კი ცხოვრებაში ჭეშმარიტი, დიადი და ღვთაებრივია, იდეისაგანაა; ფილოსოფიის მიზანია ამ იდეას მის ჭეშმარიტ სახესა და ზოგადობაში მისწვდეს, გონის სამეფო თავისუფლების სამეფოა. ყველაფერი, რაც კი ადამიანის ცხოვრებას აერთიანებს, რასაც კი ღირებულება და აღიარება აქვს, გონითი ბუნებისაა; ხოლო გონის ეს სამეფო მხოლოდ ჭეშმარიტებისა და სამართლის შეგნებით, იდეათა ჩაწვდომით არსებობს.
ნება მომეცით, ვისურვო და ვიმედოვნო, რომ მოვახერხებ მოვიპოვო და დავიმსახურო თქვენი ნდობა იმ გზაზე, რომელსაც ჩვენ დავადექით. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით, თქვენგან მოვითხოვო მხოლოდ ის, რომ თან მოიტანოთ ნდობა მეცნიერებისადმი, რწმენა გონებისადმი, ნდობა და რწმენა საკუთარი თავისადმი. ჭეშმარიტების ძიების სითამამე, გონის ძლიერების რწმენა ფილოსოფიური მეცადინეობის პირველი პირობაა, ადამიანი თავის თავს პატივს უნდა სცემდეს და უმაღლესის ღირსად სთვლიდეს. გონის სიდიადე და ძლიერება ადამიანს მაინც არ შეუძლია საკმაო სიდიადით იაზროს (რაც უნდა დიდი აზრი ჰქონდეს მასზე). სამყაროს დაფარულ არსებას თავის თავში არავითარი ისეთი ძალა არ გააჩნია, რომ შესძლოს შემეცნების სითამამეს წინააღმდეგობა გაუწიოს: იგი მის წინაშე უნდა გადაიხსნას, მთელი თავისი სიმდიდრე და სიღრმე მის თვალთა წინაშე გადაშალოს და მას საშუალება მისცეს მით დატკბეს და გაიხაროს.
© ”არილი”
não sei sobre o que se trata, porque não sei ler essa lingua. Mas deve estar muito bom. =D
ReplyDelete(google tradutor Portuguese)