Friday, March 28, 2008

უმ­ბერ­ტო ეკო

ხეობა


(ნაწილი III)


ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიშვილმა



სახლში შვიდ საათზე დავბრუნდი, სადილის დროისთვის. გრანიოლას თორმეტ საათზე უნდა შევხვედროდი, მადონას პატარა სამლოცველოსთან. სწრაფად რომ მეარა, ორმოცდახუთ წუთში იქ ვიქნებოდი. ჰო, მართლა, იქ, ორატორიოში, გრანიოლამ მკითხა, მაჯის საათი თუ გაქვსო. მე ვუპასუხე, რომ არ მქონდა, მაგრამ თერთმეტზე, როცა ყველა დასაძინებლად დაწვებოდა, სასადილო ოთახში გავიდოდი, რადგან იქ კედლის საათი იყო.

სადილზე მაგიდას რომ მივუჯექი, ტვინი მქონდა არეული, ოჯახს თავი მოვაჩვენე, ვითომ დიდის ინტერესით ვუსმენდი რადიოს, მერე ჩემი მარკების ალბომიც "გულისყურით" დავათვალიერე. თერთმეტ საათზე ჩემებმა შუქი ჩააქრეს და ბინაში სიჩუმემ დაისადგურა, მე კი ისევ სასადილო ოთახში ვიჯექი. წარამარა ვანთებდი ასანთის ღერებს, საათი რომ შემემოწმებინა. თორმეტის თხუთმეტ წუთზე სახლიდან გამოვიპარე და სამლოცველოს გზას დავადექი.

გრანიოლა იქ დამხვდა და დაგვიანებისთვის მისაყვედურა. ის ცახცახებდა, მე - არა. მე ჩემს სტიქიაში ვიყავი. გრანიოლამ თოკი გამომიწოდა, მე მის ბოლოს მოვეჭიდე და ასვლას შევუდექით.

პირადად მე ჩვენი მარშრუტის რუკა გონებაში მქონდა ჩაბეჭდილი, გრანიოლა კი სულ იმას გაიძახოდა, ვაიმე, ვვარდებიო. მე ისე ავუყევი ფერდობს, თითქოს მუსიკის თანხლებით მივდიოდი და მტკიცედაც მივაბიჯებდი. გრანიოლას, მიუხედავად იმისა, რომ მე მომყვებოდა, წარამარა უცდებოდა ფეხი. ხველაც აუტყდა. ხშირად მიხდებოდა უკან მიბრუნება, რათა ხელზე მომექაჩა. ნისლი კი იყო, მაგრამ ნახევარ მეტრში მაინც შეგვეძლო ერთმანეთის დანახვა. მე თოკს ვეწეოდი და გრანიოლაც ჩნდებოდა ნისლის საფარველიდან, რომელიც თითქოს იმწამსვე იფანტებოდა. ერთი სიტყვით, სუდარაშემოძარცულ ლაზარესავით მეცხადებოდა.

მთელი საათი მივიწევდით წინ და მანძილის ნახევარი თუ გვექნებოდა დაფარული. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთადერთხელ მოვუწოდე გრანიოლას სიფრთხილისკენ - როდესაც კაჭარს მივუახლოვდით. მისთვის უნდა შემოგეარა და ბილიკზე გასულიყავი. ვაი შენ, თუკი გაბრიყვდებოდი და რახან ფეხქვეშ კენჭებს შეიგრძნობდი, მარცხნივ არჩევდი გადახვევას: მაშინ უთუოდ უფსკრულში მოგიწევდა სიცოცხლის დამთავრება.

როგორც იქნა ავედით, გალავნის ღიობსაც მივაღწიეთ. ნისლში შეუძლებელი იყო სან-მარტინოს დალანდვა. გრანიოლას ვუთხარი, ახლა უკვე ორღობეში ვართ, ოცი ნაბიჯი გადათვალე და მღვდლის სახლთან გავჩნდებით-მეთქი.

კარზე სამჯერ დავაკაკუნეთ, მერე დავახანეთ და იგივე გავიმეორეთ, სწორედ ისე, როგორც წინასწარ ვიყავით შეთანხმებული. მღვდელმა სახლში შეგვიშვა. სახეზე ქაღალდის ფერი ედო. ყაჩაღებივით კბილებამდე შეიარაღებული და ბავშვივით დაშინებული კაზაკებიც იქ დაგვხვდნენ. გრანიოლა ერთ-ერთ მათგანს გამოელაპარაკა - იმას, რომელმაც იტალიური იცოდა. კაზაკი გვარიანად ლაპარაკობდა ჩვენს ენაზე, მაგრამ უზადო აქცენტით ვერ დაიკვეხნიდა. გრანიოლა კი, ისე როგორც კაცს უცხოელთან საუბრისას სჩვევია, ძირითად ზმნის საწყის ფორმას აწვებოდა.

"შენ შენი ამხანაგების გაძღოლა და მე და ბავშვს უკან გამოყოლა. შენ თქმა შენს ამხანაგებს, რასაც მე გეუბნები და მათ, იმის გაკეთება, რასაც მე ვიტყვი. გასაგებია?"

"გასაგებია, გასაგები. ჩვენ მზად ვართ."

მღვდელმა, რომელმაც კინაღამ შიშისაგან საჯაროდ ჩაისველა, კარი გაგვიღო და ჩვენც ორღობეში გავედით. სოფლის ბოლოდან მაშინვე შემოგვესმა ტევტონური ღავღავი და ძაღლების ყეფა.

"ღმერთმა დასწყევლოს," წამოიძახა გრანიოლამ, მღვდელს კი ამაზე წარბიც არ შეუხრია. "ის უკეთურები აქ არიან, ძაღლებიც ჰყავთ, და ძაღლებს, ხო იცით, სუ ფეხებზე ჰკიდიათ ეს ჩვენი ნისლი, ყნოსვით მოგვაგნებენ. ახლა რაღა ვქნათ?"

"ვიცი მაგათი ამბავი. ხუთ კაცზე - ერთი ძაღლი. ჩვენი გზით წავიდეთ, იქნებ უძაღლოებს შევხვდეთ," უთხრა კაზაკების მეთაურმა.

“Rien ne va plus. ჩვენ ნელა ვივლით. ვიდრე არ გეტყვით, არ გაისროლოთ. მზად გქონდეთ ცხვირსახოცები, ჩვრები და თოკები", დაარიგა კაზაკები გრანიოლამ და მერე მე მომიბრუნდა: "აბა ახლა სწრაფად ჩავიაროთ ეს ორღობე და მოსახვევთან შევჩერდეთ. იქ თუ არავინ დაგვხვდა, ავშენებულვართ, გალავნის ღიობში გავძვრებით და მეყოლონ კარგად. მაგრამ თუ იმათ გადავეყარეთ, თანაც "ძაღლიანებს," მაშინ კი გვეტირა დედა და ეგ არის. ასე თუ მოხდა, ძაღლებიანად უნდა მივაცხრილოთ... თუმცა, გააჩნია, რამდენი იქნებიან. გავიხედე და ძაღლები არ ჰყავთ... ჯერ გავატარებთ, მერე მივეპარებით, ხელებს გავუკრავთ და პირში ჩვრებს ჩავტენით. მერეც იყვირონ, თუ ყოჩაღი ბიჭები არიან."

"იქვე დავტოვოთ?"

"კარგი კითხვაა. არა, თან წავათრევთ. სხვა გზას ვერ ვხედავ."

მერე გრანიოლამ ეს ყველაფერი მეთაურს აუხსნა და იმანაც თავის რაზმს "მოუთარგმნა."

მღვდელმა რაღაც ჩვრები მოგვცა და ასე გასინჯეთ, საეკლესიო სამოსელის ზონრებსაც შეელია. თან გვაჩქარებდა, წადით, წადით, ღმერთი შეგეწიოთო.

ორღობეს ჩავუყევით. მოსახვევთან კვლავ ღავღავებდნენ გერმანელები, მაგრამ ძაღლების ხმა აღარ ისმოდა.

ჩვენ კედელს ავეკარით. მალე ვიღაცები მოგვიახლოვდნენ, გერმანულად ლაპარაკობდნენ, ალბათ გაჩენის დღეს იწყევლიდნენ, რადგან ვერაფერს ხედავდნენ და არ იცოდნენ, საით უნდა წასულიყვნენ. გრანიოლამ ხელებით გვანიშნა, ორნი არიან, ჯერ ჩაიარონ და მერეო...

ის ორი გერმანელი აშკარად იქაურობის დასაზვერად გამოეგზავნათ დანარჩენებს, ვიდრე თვითონ ძაღლებთან ერთად მოედანს შემოუვლიდნენ. იარაღმომარჯვებული მზვერავები ფეხაკრეფით მიდიოდნენ; ორღობე ვერ შენიშნეს იმ სულელებმა და ჩაგვიარეს. კაზაკებიც მაშინვე ეცნენ და იქვე გვიჩვენეს, თავიანთი საქმის ოსტატები რომ იყვნენ. ელვის სისწრაფით დასცეს ბეჭებზე ორი კაცი და პირი ჩვრებით გამოუტენეს. თითო გერმანელი ორ კაცს ჰყავდა გაკავებული, მესამე კი ზურგსუკან უკრავდა ხელებს. თავაწყვეტილი ჯეელები იყვნენ ის კაზაკები!

"გათავდა და მორჩა", თქვა გრანიოლამ. "აბა, იამბო, მაგათი ავტომატები გალავანს იქით მოისროლე, თქვენ კი ბიჭებო, ეგ გერმანელები წინ გაიგდეთ და მე და იამბოს მოგვყევით უკან."

მე თავზარდაცემული ვიყავი და ახლა უკვე გრანიოლა იღებდა გადაწყვეტილებას. ღიობში ადვილად გავძვერით და გრანიოლამ თოკები დაგვირიგა. ერთი ეგ იყო, ჩვენი ჯაჭვის პირველი და ბოლო კაცის გარდა, ორივე ხელი ყველას დაკავებული ჰქონდა და ამიტომ, ძალიან გაჭირდა იმ გერმანელების ტყემდე მითრევა. აი, იქ კი გრანიოლამ ჩვენი მსვლელობის რეორგანიზაცია მოხდინა: ვინც გერმანელის წინ მიდიოდა, თავისი თოკი მისი ავტომატის ღვედს გამოაბა, ვინც უკან - მარჯვენა ხელით საყელოში ჩააფრინდა ტყვეს, მარცხენით კი უკანმომავალი კაცის თოკს ჩაეჭიდა. მაგრამ, ის-ის იყო ადგილიდან უნდა დავძრულიყავით, რომ ერთ-ერთ გერმანელს ფეხი დაუცდა, ზედ გადაემხო იმას, ვინც მის წინ მიდიოდა, უკანა კაციც წააქცია და ჩვენი ჯაჭვიც გაწყდა. კაზაკებმა რაღაც წაისისინეს (ალბათ თავიანთ ენაზე შეიგინეს), მაგრამ ჭკუა იხმარეს და არ აყვირებულან.

ამასობაში ერთმა გერმანელმა დრო იხელთა და გაპარვა სცადა. ორი კაზაკი ბორძიკ-ბორძიკით მიჰყვა უკან. ადვილი შესაძლებელი იყო, ხელიდან დაგვძრომოდა, მაგრამ იცოდა კი საით მიდიოდა? რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ფეხი დაუსხლტა, იქვე გაიშოტა და კაზაკებმაც ხელი სტაცეს. გაწევ-გამოწევაში გერმანელს თავიდან ჩაჩქანი გადაუვარდა. კაზაკების მეთაურმა გვითხრა, ახლა ეგ კასკა აქ თუ დავტოვეთ, ძაღლები კვალს აიღებენ და ადვილად მოგვაგნებენო... და აი, პირველად მაშინ შევნიშნეთ, რომ მეორე გერმანელი თავშიშველი იყო. "წყეული ნაბიჭვრები," წაისისინა გრანიოლამ. "მაგას ჩაჩქანი ალბათ იქვე გადასძვრა, ორღობეში. ძაღლებმა თუ მიაგნეს, დავიღუპეთ."

ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი! სულ რამდენიმე მეტრით წინწასულებს რაღაც ხმები და ძაღლების ყეფა შემოგვესმა.

"აი, ხომ ხედავთ! ორღობეს მიაღწიეს, ძაღლებმაც მაშინვე მიაგნეს ჩაჩქანს და ახლა მოგვდევენ. სმენა იყოს და გაგონება! ნუ შეშინდებით. ჯერ ის ღიობი უნდა იპოვონ, ეს კი არც ისე ადვილია; მერე Qქვემოთკენ უნდა წამოვიდნენ. თუ ფრთხილი ძაღლები ჰყავთ, ისინიც ალბათ ნელა ივლიან, და თუ ძაღლები აჩქარდებიან, ვეღარც ისინი შეიკავებენ თავს და უკანალით დაებერტყებიან. ვერ დაგვეწევიან, იამბო! რაც შეგიძლია, სწრაფად იარე. აბა, წავედით!"

"ვეცდები, გრანიოლა, მაგრამ ძალიან მეშინია."

"კი არ გეშინია, ღელავ. ღრმად ჩაისუნთქე და წინისაკენ!"

იმ მღვდლისა არ იყოს, ახლა კინაღამ მე ჩავისველე, მაგრამ ვხედავდი, რომ ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული, უჩემოდ ვერაფერს გახდებოდნენ. კბილები მიკაწკაწებდა, იმ წუთას მერჩივნა ჟირაფონე ვყოფილიყავი და არა რომაელი ლეგიონერი; ცხენი ჰორასი ან ძროხა კლარაბელი - და არა მიკი მაუსი შვიდი მოჩვენების სამფლობელოში; სინიორ პამპურიო - და არა ფლეშ გორდონი არბორიას ჭაობებში, მაგრამ როცა კაცი საცეკვაო მოედანზე ხარ, სხვა გზა არა გაქვს, უნდა იცეკვო. რაც შემეძლო სწრაფად დავეშვი ქვემოთ, თან ვცდილობდი, ფეხი არ შემშლოდა.

ის ჩვენი ტყვეები ძალიან გვაფერხებდნენ; ძონძებით პირგამოტენილები ძლივსღა სუნთქავდნენ და წარამარა ჩერდებოდნენ. თხუთმეტიოდე წუთში კაჭართან მივედით; იმდენად კარგად ვიცოდი, სადაც იყო, რომ იქამდე შევახე ხელი, ვიდრე საკუთარი თვალით დავინახავდი. მისთვის ძალიან ფრთხილად უნდა შემოგვეარა: ვინმე რომ განზე გადაქანებულიყო, შვერილთან აღმოჩნდებოდა და პირდაპირ უფსკრულში გადაეშვებოდა. ზემოდან ჯერ კიდევ კარგად გვესმოდა ხმები, მაგრამ ვერ გაგვეგო, გერმანელები თავიანთი ურჩი ძაღლების გასამხნევებლად ყვიროდნენ ასე ხმამაღლა, თუ უკვე გალავანს გასცდენოდნენ და ახლა ჩვენკენ მოდიოდნენ.

ამ ხმების გაგონებაზე ორივე ტყვე გამოცოცხლდა. მაშინაც კი, როცა ფეხზე მყარად იდგნენ, დაცემასა და განზე გადაგორებას ცდილობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელი იყო, ეს სითამამე ძვირად დასჯდომოდათ და დამტვრეულიყვნენ. ალბათ იფიქრეს, ახლა ესენი ვეღარ გვესრიან და სადაც არ უნდა აღმოვჩნდეთ, ძაღლები მაინც გვიპოვიანო. მათ უკვე აღარაფერი ჰქონდათ დასაკარგავი და თქვენც ხომ იცით, რაზეა წამსვლელი თავზეხელაღებული კაცი!

უეცრად სროლის ხმა გავიგონეთ. რადგან ქვემოთ ჩამოსვლა გაუჭირდათ, გერმანელებმა ცეცხლის გახსნა გადაწყვიტეს. ჯერ კიდევ მთელი ასოთხმოცი ნაბიჯის სავალი გზა ედოთ წინ და წარმოდგენა არ ჰქონდათ, ჩვენ სად ვიყავით, ამიტომ უმისამართოდ ისროდნენ, თანაც თითქმის ჰოტიზონტალურად, რახან არც ის იცოდნენ, რამდენად დამრეცი იყო ფერდობი. როცა ჩვენი მიმართულებით ისროდნენ, ტყვიები თავზემოთ დაგვზუზუნებდა.

"ვიაროთ, ვიაროთ," გვიბრძანა გრანიოლამ. "ვერ გვიპოვიან."

მაგრამ, ბოლოს გერმანელები გაერკვნენ ადგილ-მდებარეობაში და რამდენიმე მათგანი ქვემოთ დაეშვა. ძაღლებიც უკვე ჩვენკენ მოიწევდნენ. ახლა გერმანელები ჩვენი მიმართულებით ისროდნენ და რამდენიმე ტყვიამ მახლობელ ბუჩქნარში გაისისინა.

"ნუ შიშობთ," გაგვამხნევა კაზაკების მეთაურმა. "ვიცი, მაგათი ავტომატების Reichweite."

"იცის, რა მანძილიდან აღწევს მიზანს მაგათი ტყვია," აგვიხსნა გრანიოლამ.

"ჰო, მაგის თქმა მინდოდა. მეტად თუ აღარ მოგვიახლოვდნენ და ჩვენც ცოტა მოვუჩქარეთ, ტყვია ვერ მოგვწვდება. ნუღარ ვაყოვნებთ."

"მე კი ვივლი სწრაფად, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ? მაგ ორი გერმანელის წამოთრევაც გაგიჭირდებათ. რა აზრი აქვს თავ-პირის მტვრევით ჩემს ჩარბენას? მოდი, აქ დავტოვოთ ტყვეები, თუ არადა, შემეშვით, მე ჩემი გზით წავალ," თვალცრემლიანმა ვუთხარი გრანიოლას.

"რას ამბობ? აქ რომ დავტოვოთ, წამში შეიხსნიან თოკებს და დანარჩენებს შეეხმიანებიან," შეიცხადა გრანიოლამ.

"კონდახს ვხეთქავ თავში და ისე მოვკლავ, უხმაუროდ," ჩაისისინა მეთაურმა.

ამის გაგონებაზე გამაცია. როგორ, ის ორი უბედური უნდა მოეკლათ? მაგრამ გრანიოლას სიტყვებმა დამამშვიდა: "ეგ არ ივარგებს. თუ დავხოცავთ და აქ დავტოვებთ, ძაღლები მოაგნებენ და გერმანელები ჩვენც ადვილად გვიპოვიან. ერთი გზაღა დაგვრჩენია: აქედან შორს უნდა გადავყაროთ, ძაღლებიც მათკენ აიღებენ გეზს და ამასობაში ათ წუთს და ალბათ ცოტა მეტსაც მოვიგებთ. იამბო, ჩვენგან მარჯვნივ განა ის მატყუარა ბილიკი არ არის, პირდაპირ უფსკრულისკენ რომ მიემართება? იქითკენ გადავყაროთ. შენ ხომ თქვი, იმ გზით ვინც წავა, შვერილს ვერ შენიშნავს და გადაიჩეხებაო? ძაღლებიც იქითკენ წავლენ და გერმანელებსაც თან გაიყოლებენ. ვიდრე ისინი გონზე მოვლენ, ჩვენ გავივაკებთ კიდეც. იქიდან თუ გადაიჩეხა კაცი, ნაღდად მოკვდება, არა?"

"არა, მე არ მითქვამს, რომ ნაღდად მოკვდება. ისე, ალბათ დაიმტვრევა... და თუ თავიც ხეთქა რამეს..."

"ჯანდაბა შენ თავს. ხან ერთს ამბობ და ხან მეორეს! თუ ჩავარდნისას თოკები შეეხსნათ და დაყვირება მოასწრეს, სხვები გაფრთხილდებიან."

"მაშინ ჯერ უნდა დაიხოცონ და მერე ჩაცვივდნენ," განაცხადა ბევრის მომსწრე და ომის მუხანათურ კანონებში გარკვეულმა მეთაურმა.

მე გრანიოლას გვერდით ვიდექი და მის სახეს კარგად ვხედავდი. ადრეც უფერული ვინმე ბრძანდებოდა, ახლა კი აჩრდილივით გაფითრებულიყო. ცას აჰყურებდა, თითქოს მაღლიდან ელოდა ნიშანს. ამასობაში ტყვიებმა თავზემოთ გადაგვიზუზუნა. ერთ-ერთმა გერმანელმა თავის მცველს უბიძგა და ორივე ძირს დაებერტყა. გერმანელი კაზაკს კბილებში უბრაგუნებდა თავს და ყველანაირად ცდილობდა ხმაურის ატეხას. გრაინოლამაც მაშინ მიიღო გადაწყვეტილება: "ან ჩვენ, ან ისინი, იამბო. მარჯვნისაკენ რომ წავიდე, რამდენი ნაბიჯი დამჭირდება იმ შვერილამდე?"

"ათი. მე ათი მჭირდება, შენ კი ალბათ რვა უნდა გადაგა.. მაგრამ თუ დიდი ნაბიჯით წახვალ, ფეხქვეშ მიწა გამოგეცლება. ასე რომ, ოთხის გადადგმა გიჯობს... არა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა - სამის."

"კარგი," თქვა გრანიოლამ და მეთაურს მიუბრუნდა. "თქვენ მე მომყევით. ამ ორ ლაქიას მხრებში მაგრად ჩასჭიდეთ ხელი და წინ გაიგდეთ. დანარჩენები აქ დაიცდიან."

"რას აპირებ, გრანიოლა?" ვკითხე გაპარული ხმით.

"მოკეტე. ომია. ამათთან ერთად აქ დაიცადე. ეს ბრძანებაა, იამბო."

ისინი ნისლში გაუჩინარდნენ, კაჭარს იქით. ცოტა ხანში ქვების ჩხრიალი და რაღაც ყრუ ბრაგვანი მოგვესმა. მერე გრანიოლა და ორი კზაკი გამოჩნდნენ, გერმანელები - არა! "აბა, ჩქარა. ახლა უფრო სწრაფად ვივლით," გვითხრა გრანიოლამ. ხელი მხარზე დამადო. ერთიანად ცახცახებდა. რადგან ჩემს გვერდით იდგა, ისევ კარგად ვხედავდი: საყელომომდგარი სვიტერი ეცვა და ლანცეტის ბუდე ეკიდა გულზე. ალბათ ლანცეტი ამოიღო-მეთქი, გავიფიქრე. "რა უქენით იმ ორს?" ვკითხე ატირებულმა.

"შეეშვი მაგაზე ფიქრს. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით. ახლა ძაღლები სისხლის სუნს აიღებენ და გერმანელებს იქითკენ წაიყვანენ. მგონი, გადავრჩით. აბა, წავედით."

დაახლოებით ნახევარ საათში ხეობა ჩავიარეთ და გზაზე გავედით. მთელი ამ ხნის განმავლობაში ზემოდან ყვირილი და ყეფა გვესმოდა, მაგრამ ეს ხმები თანდათანობით სულ უფრო და უფრო გვშორდებოდა. ჯიჯიოს საბარგო იქვე გველოდა, კორომში. გრანიოლამ კაზაკებს უთხრა, მანქანაზე ადითო. მერე ჩვენ მოგვიბრუნდა: "მე ამათ გავყვები, ბარემ ბადოგლისტებს ჩავაბარებ." ცდილობდა, ჩემთვის თვალი აერიდებინა; ერთი სული ჰქონდა, იქიდან დროზე წავსულიყავი. "წადი, წადი, იამბო. სახლში წადი. მაგარი ხარ, ჯილდო დაიმსახურე! სხვაზე ნუღარაფერზე იფიქრებ. შენ შენი ვალი აღასრულე. თუკი ვინმეა რამეში დამნაშავე - მხოლოდ და მხოლოდ მე."

სიცივის მიუხედავად, შინ ოფლში გაწურული დავბრუნდი - ოფლში გაწურული და არაქათგამოცლილი. მგონი, სიცხემაც ამიწია. უნდა მოვინანიო, უნდა მოვინანიო, ვიმეორებდი გულში.

დილა კი უარესი გამითენდა: ჯერ ერთი, დროზე უნდა ავმდგარიყავი და მეორეც, დედაჩემი გამიგიჟდა, ასეთი ჭკუაარეული ჯერ არ მინახიხარო. რამდენიმე საათში ჩვენს სახლთან ჯიჯიო გამოჩნდა. ვანიშნე, ვენახში დამლოდებოდა. ვიცოდი, ის არაფერს დამიმალავდა. მანაც ყველაფერი მიამბო...

გრანიოლამ და ჯიჯიომ ის კაზაკები ბადოგლისტებს ჩააბარეს და უკან გამობრუნდნენ. ბადოგლისტებმა გააფრთხილეს, ღამე უირაღოდ სიარული საშიშია, რადგან "შავხალათიანები" დაძრულან სოლარასაკენ თავიანთი ხალხის დასახმარებლადო და გრანიოლას მუშკეტი მისცეს.

მთელ სამ საათს მოუნდნენ ვინიოლეტას გზაჯვარედინების გადაკვეთას. მანქანა პატრონს დაუბრუნეს და ფეხით წამოვიდნენ სოლარასაკენ. იმდენი ნერვიულობის შემდეგ გაილაღეს, აღგზნებულები ყვიროდნენ, ერთმანეთს ამხნევებდნენ, ზურგზე ხელებს უტყაპუნებდნენ... და ვერ შენიშნეს თხრილში მიყუჩებული "შავხალათიანები." ისინი ქალაქიდან ორი კილომეტრის დაშორებით შეიპყრეს. იარაღი ჰქონდათ და თავს ვერ გაიმართლებდნენ. ავტოფურგონში შეყარეს. იქ მხოლოდ ხუთი ფაშისტი იყო: ორი წინ იჯდა, ორიც უკან - მათ პირისპირ, ერთი კი ძარაზე იდგა და გზას გაჰყურებდა, რადგან ნისლი ჯერ არ გაფანტულიყო.

მათთვის ხელ-ფეხი არ შეუკრავთ, რადგან ორ მცველს ავტომატები ჰქონდა მომარჯვებული, გრანიოლა და ჯიჯიო კი ტომრებივით ეყარნენ მათ ფერხთით. მერე ჯიჯიოს რაღაც უცნაური ხმა ჩაესმა, თითქოს ქსოვილი გაიფხრიწაო და სახეზე ბლანტი სითხე დაედინა. ერთ-ერთ ფაშისტს ხროტინი მოესმა, ფარანი აანთო და ყელგამოღადრული გრანიოლაც დაინახეს.... თავისი განუყრელი ლანცეტით ხელში. მანქანა გააჩერეს და ორმა ფაშისტმა ლანძღვა-გინებით გადაათრია გრანიოლა გზაზე. მათ ჯიჯიოც ეხმარებოდა. გრანიოლა სულსა ღაფავდა, იქაურობა სისხლით იყო მორწყული. დანარჩენი სამი ფაშისტიც გადმოვიდა მანქანიდან. ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, თვალები სად გქონდათ, უფროსობას ეგ ცოცხალი სჭირდებოდა, ახლა რაღა ვქნათ, ციხე გველის, ტყვეები რომ არ გავკოჭეთო.

ვიდრე ისინი გრანიოლას ცხედარს "დასტიროდნენ", ჯიჯიოს არსებობა გადაავიწყდათ, და მანაც იფიქრა, ან ახლა და ან არასდროსო. იცოდა, იქ ციცაბო ფერდობი იყო და თხრილს გადაახტა. ფაშისტებმა ერთი-ორი კი გაისროლეს, მაგრამ ჯიჯიო ბურთივით ჩაგორდა ქვემოთ და ხეებში მიიმალა. ნისლში ისევე გაჭირდებოდა მისი პოვნა, როგორც თივის ზვინში ჩაკარგული ნემსის, თანაც ფაშისტებს დიდი აურზაური ხელს არ აძლევდა: გრანიოლას ცხედარი უნდა გადაემალათ და რისხვის თავიდან ასაცილებლად უნდა ეთქვათ, რომ იმ ღამით ვერავინ დაიჭირეს.

იმ დილას, მას შემდეგ, რაც "შავხალათიანები" გერმანელებთან შესახვედრად გაემართნენ, ჯიჯიო თავის რამდენიმე მეგობართან ერთად ტრაგედიის ადგილზე მივიდა. არხები გადაჩხრიკეს და გრანიოლას ცხედარს მიაგნეს. სოლარელმა მღვდელმა უარი განაცხადა ეკლესიაში მის დასვენებაზე, რადგან გრანიოლა ანარქისტი იყო და გარდა ამისა, უკვე ყველამ იცოდა, საკუთარი ხელით რომ გამოეჭრა ყელი, მაგრამ დონ კონიასომ ნება დართო ბიჭებს გრანიოლა ორატორიოს პატარა სამლოცველოში დაესვენებინათ, ღმერთმა მოწყალეა და მღვდლებზე უკეთ უწყის ყოველივეო.

გრანიოლა მოკვდა. მან გადაარჩინა კაზაკები, მე მშვიდობით დამაბრუნა სახლში და მერე მოკვდა. იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ კარგად ვიცოდი, რატომ მოხდა ეს ყველაფერი; მას ხომ არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, ტყვედჩავარდნილი როგორ მოიქცეოდა. აკი ამბობდა, მხდალი ვარ, წამებას ვერ გავუძლებ, ყველას გავცემ და მეგობრებს სასაკლაოზე გავისტუმრებო. მან მეგობრებისთვის დათმო სიცოცხლე. ლანცეტის ერთი გამოსმა და... იმ გერმანელებსაც ალბათ ასევე მოუღო ბოლო. ეს ყველაფერი რაღაც დანტესეულ სამსჯავროს ჰგავდა. მხდალის მამაცური აღსასრული. მან პასუხი აგო თავის ცხოვრებაში ჩადენილი ერთადერთი სისასტიკისთვის და ასე გამოისყიდა ცოდვა, რომლის ზიდვასაც ვერ შესძლებდა ცოცხლად დარჩენილი. ერთი ხელის მოსმით გააცურა ყველა: ფაშისტები, გერმანელები, ღმერთი...

ახლა ჩემს მოგონებებსაც კი შემოეძარცა ნისლის საბურველი. თვალწინ მიდგას სოლარაში ტრიუმფით შემოსული პარტიზანები. 25 აპრილს მილანი გათავისუფლდა. ხალხი ქუჩებს მოსდებია, პარტიზანები ქალაქში საბარგო მანქანებით შემოდიან, ჰაერში ისვრიან.NNრამდენიმე დღის შემდეგ კი ჯარისკაცს ვხვდები: ზეთისხილისფერი ფორმა აცვია, ველოსიპედს მიაქროლებს ცხენისწაბლას ხეებს შორის. ბრაზილიელი ვარო, მომაყვირებს და გზას აგრძელებს. ნუთუ ბრაზილიელებიც ამერიკელების და ინგლისელების მხარდამხარ იბრძოდნენ? ჩემთვის ეს არავის უთქვამს. არასდროს. Drôle de guerre.

გერმანია მარცხდება. ჰიტლერი თავს იკლავს. ომი დამთავრდა. ზეიმობს სოლარა, ყველა ერთმანეთს ეხვევა, ხალხი აკორდეონის ჰანგებზე ცეკვავს.

მე კი ამ ბედნიერ სამყაროში ტრაგედიიდან ვარ მოხვედრილი, ტრაგედიიდან, სადაც ორი მოკლული გერმანელი დარჩა და გრანიოლაც - ქალუნახავი და წამებული - შიშის, სიყვარულის და სიკერპის გამო.

ვერ გამიბედავს დონ კონიასოსთან მისვლა, ვერ გამიბედავს მონანიება. კი მაგრამ, რა უნდა მოვინანიო? ის რაც არ გამიკეთებია, არც კი დამინახავს და რაზეც მხოლოდ ვეჭვობ? და თუკი შესანდობი არაფერი ჩამიდენია, როგორ ვითხოვო შენდობა და მიტევება? ამიტომ ვიქნები საუკუნოდ შერისხული.



© ”ცხელი შოკოლადი”

No comments:

Post a Comment