Friday, March 28, 2008

ახალი წიგნები (მაისი, 2007)



აკა მორჩილაძე, “ქაღალდის ტყვია” (მცირე რომანი, მოთხრობები); თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2006.

ვერავაკური ხალხური ზღაპარი, თბილისი - სამყაროს ყველა კუთხე-კუნჭულში: ოკეანის გაღმა თუ გამოღმა, ურალის ქედს აქეთ თუ იქით, შავი ზღვის ჩრდილო თუ სამხრეთ, აღმოსავლეთ თუ დასავლეთ სანაპიროზე; ამ სამყაროს ცენტრი კი - საბურთალოელი თემო, იგივე აჰმედ კაიაა. “ქაღალდის ტყვია” სტამბოლში მცხოვრები ქართველი ოინბაზის ახალ თავგადასავლებზე გვიამბობს. მცირე რომანის გარდა წიგნში შესულია მოთხრობების ციკლი “მოგონებები ჩემი მეგობარი კაი ბიჭის ცხოვრებიდან”, რომელიც პირველად ჟურნალ “არილში” დაიბეჭდა.

ლელა სამნიაშვილი, “მუდმივი ტატუ” (ლექსები); თბ. “სიესტა”, 2006.

ჯიბით წაღებული როიალის კლავიშები, კოლბაში ნაგროვები ოკეანე, ფრჩხილებში დამალული იასამნის მარცვლები და კოცნა-ტკივილის ცვალებადი დოზები - მთელი ეს პოეტური ეშმაკობა ლელა სამნიაშვილმა ახალ წიგნად შეკრა და მკთხველს მიაბარა. წიგნში 2005-2006 წლებში დაწერილი ლექსებია შესული და მისი სახელიც გამართლებულია - მათ, ვისაც პოეზია უყვართ, ახალი კრებული “მუდმივ ტატუდ” დარჩებათ. “მუდმივი ტატუ” ლელასთვის პირველი წიგნი არ არის. აქამდე გამოვიდა მისი ორი პოეტური კრებული - “ფოტო-აბები(2000)” და “გველის წელიწადი (2004)”.

ირაკლი ბერიაშვილი, “თომა” (რომანი); თბ. “სიესტა”, 2006.

სამყარო, რომელიც სათამაშო მაგიდის გარშემო იწყება და მთავრდება; საგნების და მოძრაობების ესთეტიკა, რომელსაც მხოლოდ ბანქოს მოთამაშეები აღიქვამენ, ფერადი ჩიპები, აჭრელებული მართკუთხა ქაღალდები, სავსე საფერფლეები - სიმბოლოები, რომლებთან ერთადაც პოკერის თამაში ცხოვრება ხდება - თავისი ტკივილებით, სიხარულებით, იმედგაცრუებით, გამართლებით;

თომა ამ ცხოვრების ერთ-ერთი პერსონაჟია, აქტიური მოთამაშე - მოლოდინებით, წუხილებით, სილაღეებით და გამართლება-არგამართლებით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბანქოს მოთამაშეებისთვისაც კი მაგიდის მიღმა არსებობს ცხოვრება, რომელიც ხშირად გაცილებით უფრო რთული და სარისკო თამაშია, ვიდრე პოკერი. ირაკლი ბერიაშვილის “თომა” ერთი ადამიანის ორ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

არჩილ სულაკაური, “სალამურას თავგადასავალი”, ზღაპარი, თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2007, საიუბილეო გამოცემა.

ციცინათელების მწყემსი ბაია განსაცდელში აღმოჩნდა - ქონდარეთის ძილისგუდა უფლისწულმა სიზმარში ნანახ სათნო მზეთუნახავთან თამაში მოინდომა, შიკრიკებმაც ჭირვეულ უფლისწულს სურვილი შეუსრულეს - გოგონა მოიტაცეს და ქონდარეთის ტახტის მემკვიდრეს მიჰგვარეს. თუმცა, ბაია გასაჭირში მარტო არ დარჩენილა - მეგობარი სალამურა ციცინათელების მზეთუნახავის გადასარჩენად შორეულ მოგზაურობაში გაემართა, ქვეყნიერება მოიარა და თვითონაც არაერთხელ ჩაიგდო თავი განსაცდელში. პატარა ბიჭუნას თავგადასავალი ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია. ზღაპარი სიკეთესა და მეგობრობაზე უამბობს პატარებს, მხიარული ილუსტრაციები კი ბავშვებს წიგნის გმირების უკეთ გაცნობაში დაეხმარებათ.

პატრიკ ზიუსკინდი, “სამი ამბავი და ერთი დაკვირვება”, მთარგმნელი რუსუდან ბეჟაშვილი, თბ, “ლოგოს პრესი”, 2007.

როგორ გავხადოთ ჩვენ მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები “ღრმა”; დგება თუ არა დრო, როცა უნდა დავტოვოთ სათამაშო მოედანი, მოუხედავად იმისა, რომ მოგება გარანტირებული გვაქვს; ვეძებოთ თუ არა სამყაროს საწყისი არც მეტი, არც ნაკლები - ნიჟარაში? კითხვები, რომლებზეც პასუხს პატრიკ ზიუსკინდის “სამ ამბავში” იპოვით, ან, ვერ იპოვით. და თუ ისე მოხდა, რომ “ბიძგი სიღრმისკენ”, “ბრძოლა” და “მეტრ მუსარის ანდერძი” აქამდეც წაკითხული გქონიათ და ეს მხოლოდ ახლა, ამ წიგნის გადაკითხვის შემდეგ აღმოაჩინეთ, ნუ შეშფოთდებით, უბრალოდ, იქვე “ერთ დაკვირვებასაც” გადაავლეთ თვალი და მიხვდებით, რომ თქვენ არაფერი განსაკუთრებული არ გჭირთ - ეს მხოლოდ ლიტერატურული ამნეზიაა. არ გამოვრიცხავ, ეს ერთი დაკვირვებაც ოდესღაც წაკითხული გქონდეთ.

მიხეილ ჭაბაშვილი, “მოგონებები”, რედაქტორი ანა ჭაბაშვილი, თბ, “დიოგენე”, 2006.

მოგონებებად აკინძული მთელი საუკუნე, საინეტერსო ადამიანები, თავგადასავლები, ამბები უახლესი ისტორიის ასწლეულიდან; ეპიზოდები და ფრაგმენტები, რომლებიც ისტორიის ნაწილია და მათი მოყოლა თავისთავად ქმნის ისტორიას. მიხეილ ჭაბაშვილის “მოგონებები” 1990-1991 წლებშია დაწერილი. როგორც თავად ენათმეცნიერის ჩანაწერებში ვკითხულობთ, თავიდან იგი ზეპირსიტყვიერად ჰყვებოდა ამ ამბებს, შემდეგ, მეგობრის თხოვნით და წაქეზებით, ფურცელზეც გადაიტანა, ოღონდ, თავისი ოჯახისთვის და არა - გამოსაქვეყნებლად. დღეს უკვე მისი “მოგონებების” წაკითხვით ყველას გვაქვს საშუალება, დროებით მაინც დიდი ენათმეცნიერის ოჯახის წევრები გავხდეთ. მიხეილ ჭაბაშვილის სახელს ქართულ ენაზე გამოცემული არაერთი ლექსიკონი უკავშირდება და დღეს ეს სახელი ისტორიის კუთვნილებაა.

© “ცხელი შოკოლადი”

No comments:

Post a Comment