Thursday, April 10, 2008

ნიკა ჯორჯანელი

ჰიმნი ვარდისფერ სათვალეს

I

მუზა მე ყველაფერ ამაზრზენს მავიწყებს.

თუმც მასთან თამაში საქმეა სარისკო.

მარცხსაც ხომ არ სძინავს, მეწევა თავისკენ.

ვზივარ და არ ვიცი, საიდან დავიწყო.

მე მხოლოდ ის ვიცი, მაინც რომ დავიწყებ.

წამს ვითხოვ. მუხლებზე ხელები დავიწყო.

ზვირთცემა, ქარი თუ... ვბუქსაობ. რაღა ვქნა,

თუ ვერრა დავწერე ასი ცდის შემდეგაც?

არც იღბლის დაცდაზე არა ვარ თანახმა:

ვინც უმოქმედოა და უცდის შემთხვევას,

შორს როგორ გასწიოს, ადგილის გლახაკმა.

შორს მინდა გავწიო. ვცდი აბა ერთხელაც.

ზვირთცემა, ქარი თუ... ისევე ვბრკოლდები.

არადა, ვიცი, რომ უთუოდ გამოვა.

ზვირთცემა, ქარი თუ დამწვარი ფოთლები...

არასგზით არ ცხრება შეცდომის ავობა!

წინ ალბათ ვერ წავალ ასეთი მოთელვით.

რაღაც თავს ვერა ვცნობ. ჩანს, დაღლის გამოა.

როგორაც წარსულში ჩემგვარი მწირები,

დამბუგა მშვენების შეხების წადილმა.

არასდროს, თუნდაც რომ ყველაზე მცირედი

მომეცეს, არ გავალ ამ სალოცავიდან.

რაითაც არსებობ, არ გაიწირები

იმისგან. მთავარი ესაა. წავიდა!

II

ზვირთცემა, ქარი თუ ნგრეული აკლდამა,

თუნდ წინამორბედთა ოჯახის ალბომი

ყველანი ერთსა და იმავეს ამბობენ,

კერძოდ, რომ სამყაროს არავინ აკლდება.

წაგვისვას სიკვდილმა ჩვენ, ფარდაახდილმა,

ცრემლისგან დახეთქილ ლოყებზე სალბუნი!

სამყაროს მასშტაბით არავინ არ ევნო.

სამყარო არ არჩევს მარშლებს და რიგითებს.

სამყარო თავის გარემოს სიდიდის

ცენტრია, უზღუდო, უშემოგარენო

ადგილი, ტრიბუნის არმქონე არენა.

და, ტყუილუბრალო, ვერსაით გვითითებს

გზის მაჩვენებელი. ჩვენ სამყაროში ვართ,

ჩვენ სამყაროში ვართ, და არა მიწაზე!

ფუყეზე ფუყეა ყოველი სიმწრე

მსურს ვუთხრა მოზარეთ და ბედის მომჩივანთ,

მათ, ვინც აშკარა აბსურდის მორჩილად

უგრძნობ და განუსჯელ ბუნებას მიაწერს

განთიადს, ცეცხლსა თუ სასქესო ჰორმონებს,

ელვებს თუ იმას, რაც წვიმა თუ ღელეა,

ო, მაშინ როდესაც ისინი მღერიან,

რა ლხენა მოგველის, რომ გვამცნონ როგორმე.

ჩვენ უკვე დღეს გვიმხელს ღრუბლების მომგონი

მას, რაც ჯერ თითქოსდა არგასამხელია.

III

ნეტავი რას ვშვრებით? ყურს ხომ არ ვიყრუებთ?

ნუთუ ჩვენ არ გვესმის სფეროთა სიმღერა?

არც მოღობილია, არც გადატიხრული

რამეთი, სამყარო ყოფილა იმხელა.

როდემდე იღვაროს ცრემლები ბრიყვული?!

შეხედე, მაჟორში რამხელა სიღრმეა!

ცხოვრება შავმა და თეთრმა რომ შეფიცრა,

ეს ჩვენვე ვუზურგეთ მხარეებს ფერადებს.

მინორი ექოა ტყუილი ხმებისა,

ხარვეზი, საკუთარ თავში რომ ნეტარებს,

შეცდომა, სამოსი შიშველი მეფისა.

მინორი ეყრდნობა იმას, რაც ზედაპირს

და მხოლოდ ზედაპირს ედება. მინორი

თავს მარტოობათა იმართლებს სუსხით ან

იმით, რომ შთაუნთქავს ნისლს სანაპირონი;

რომ სადღაც ბინაში გარდაცვლილს უსხედან,

ხატს კი იქ კედელზე არ მოსდის მირონი.

მორჩა, სულ ესაა; მინორის ნუსხიდან

ვერასდროს ამოწერ არსებით რაიმეს,

იმდაგვარ რაიმეს, რაც ფიქრის ღირსია.

რა ბანალურია იძახო "ვაიმე",

რადგანაც, სენია თუ კატაკლიზმია,

გჭრიან თუ ფსკერისკენ მიათრევს ლაინერს,

მსვლელობა ჭირისა სულ ზედაპირზეა.

IV

სულთმობრძავ ავადმყოფთ, მკვნესარეთ, ჯვარცმულებს

სამყარო ნიადაგ შესთხოვს და არწმუნებს,

როგორმე მიჰბაძონ წამოზრდილ ქალწულებს,

უკვე რომ შეიგრძნეს ქალური უნარი

და ახლა კნუტებზე სულ აღარ ზრუნავენ.

სამყარო მეტყველებს. ამიტომ ნურავინ,

ნურავინ იტირებს. მეტადრე – ძალიან.

ცრემლების ფრქვევისთვის ნურავის სცალია.

ნეტარი ღიმილის მომგვრელად მწარეა

ის, გრძნობ რის ბოლოსაც, რომ მხოლოდ თქორავდა,

თავსხმა რაც გეგონა. იხარონ მხცოვანთა,

ვითარცა ქალწულთა მათ გასათხოვართა, –

წინ ნეტარებაა, რამ აღარ იიცა

ფოთლების შრიალმა, ვარსკვლავთა ციმციმმა.

რით უნდა გაქარწყლდეს იმედი იმისა,

მზის ამოხეთქისას რაცაა დასკვნილი!

სამყაროს არა აქვს დღე უკანასკნელი.

და ადამიანი ეს არის ვარსკვლავი,

მასში რომ უქრობლად ინათებს როდისმე!

სამყარო მოკლეა სიკვდილის ლოდინზე.

თუმც ისე ფართოა არც პატრიოტიზმი

სჭირდება მკვიდრთაგან, არც სხვა რამ ამგვარი.

ძმობილო, მუხანათ საწუთროს გავკარი:

ხან გტკივა გული და ხან ყვერის კაკალი.

V

ხან კიდევ ვიღაცა ხეიბრის დარდი და

ხან ვინმე მართალთა დათხრილი თვალები.

მე ალბათ დავღვრიდი სისხლს მოძალადეთა,

ოღონდაც მწერლობა ვერაა ალიბი.

მწერლობა გაკისრებს, მშვენება ადიდო

და იყო ცოტათი ნასწავლი აბელი.

და რახან მწერლობა მკითხველებს გაწელილ

მშვენიერ წამს აძლევს, რახანაც სინტაქსი

ცდილობს, რომ თავისი ხლართების სიმკაცრით

შებოჭოს ცხოვრების შავბნელი ნაწილი,

ნურავინ დააქცევს სისხლს, ვისაც ნაწერი

რამ წაკითხული აქვს. თუნდ ერთი სიტყვაც კი.

სიკვდილს კი – წარმავალ სივრცეთა წვრილფეხა

თავადს, ყბედ ორატორს, მოუბარს ხელგაშლით,

მე მინდა ვესროლო პატარა რეპლიკა

(ზედმეტი იქნება სხვა სახის დემარში):

მიწაში კუბოებს დარჩებათ ძვლებიღა,

დღეს ხელს რომ გვიშლიან ნარნარად ფრენაში!

არავინ მომკვდარა. არავის მივტირი.

სამყარომ არ იცის, რა არის სიკვდილი.

ასე რომ, უბრალო "რამტირი-რიმტირი"

მწუხარე მესაზე ნაღდია ამ მხრივ, და

რა კარგი იქნება, თუ ვინმე ნახევრად

წასული ამ ჩემი კილოთიც გამხნევდა.

2006

სოფელში

აქ უმეტესად დღისითაც ბნელა. ან მე ვიღვიძებ დაბინდებისას.

წვიმს. ვერაფერი ვეღარ გავიგე

ამ წვიმიანი ამინდებისა.

ლამის წავიდეს აქაურობა, მონახოს სადმე არსთა გამრიგე,

აქედან ძალზე შორეულ მხარეს,

და ასე უთხრას: რა შეგცოდე, რატომ გამრიყე?

მაგრამ უეცრად ღვთის მიერ სოფლად, უკვე რომ კარგავ ყველაფრის ხალისს,

რაღაცას მისას ესმება ხაზი,

როცა შორიდან მზე მოიწევს, აცმული ხარის

დანამულ რქაზე.

სონეტი

მე ეს მხვდა წილად, გავურბოდე თავსა და მილეთს

და ცხადად ვგრძნობდე, აფრასავით გაშლილი სიო

როგორ მიაფრენს ზღვის ტალღებში მანკიერ ხმელეთს.

მე ეს მხვდა წილად, თოლიების ვუსმინო წიოკს

და დავაკვირდე, არემარე, რომელიც მილეწ-

მოლეწა ქარმა, რანაირად წარმოთქვამს: „ვძრწი“-ო.

მე ეს მხვდა წილად, სიჩუმეში თამბაქო ვწიო

და შენ გიცქირო, თვით მიცქერი სანამ, და მერეც.

მე სინამდვილე არც მახარებს და არც მაღონებს.

გულს არ გიჩუყებ და არ მივდევ დაძრულ ვაგონებს,

თუმცაღა გრძნობა მეტისმეტად მაწვება ყელში.

ვაგზლის ცივ მერხზე მოვთავსდები და ზოგ უზაკველ

ფიქრს გავამჟღავნებ გვერდით მჯდომთან ვინმესთან, ელჩი

სულ სხვა ქვეყნისა, რომ არაა არც ერთ რუკაზე.

2005



© "ცხელი შოკოლადი”

No comments:

Post a Comment