გოჩა ბერია
დაგვიანებული წიგნი
ჯორჯ ორუელი, “ცხოველების ფერმა” (რომანი), ინგლისურიდან თარგმნა დათო აკრიანმა. თბ. “სიესტა”, 2006
საბჭოთა კავშირში ეს რომანი აკრძალული იყო, ალბათ იმიტომ, რომ ბოლშევიკებმა მასში საკუთარი თავი ამოიცნეს. თუმცა, იგივე შეიძლებოდა ეფიქრათ სხვებსაც, რადგან ყველა ტოტალიტარული რეჟიმი, სადაც მასობრივი დანაშაულებები სამთავრობო სისტემამდე აღწევს, საბოლოო ჯამში ტყუპი ძმებივით ემსგავსება ერთმანეთს.
არადა, ამ წიგნში ასაკრძალი არაფერია, “ცხოველების ფერმა” ერთი შეხედვით უწყინარი რომანი-იგავია, რომლის მსგავსიც ბევრი დაწერილა ეზოპეს დროიდან. განსხვავება ისაა, რომ ავტორს ისტორიულ მოვლენებზე ერთი კაცის გავლენა, ბოროტების ბუნება და საზოგადოების თავისუფალი ნების კვლევა აინტერესებს. ესაა იგავი, რომელიც გვასწავლის, რომ რეალობას გაცილებით უფრო ფრთხილად უნდა მოვექცეთ.
ცხოველები საკუთარ პატრონს, მისტერ ჯოუნზს აუჯანყდებიან, მას და მის თანაშემწეებს ფერმიდან განდევნიან და ანიმალიზმის პრინციპებზე დამყარებული, უტოპიური სახელმწიფოს მშენებლობას იწყებენ.
ამბოხებას ცხოველთა შორის ყველაზე “გონიერნი” - ღორები ხელმძღვანელობენ. ხოლო მას შემდეგ, რაც ფერმის ყველაზე ცბიერი ღორი – ნაპოლეონი ერთგული ძაღლების დახმარებით თავის პოლიტიკურ კონკურენტს - სნოუბოლს ფერმიდან გააძევებს, ღორების პირობები კიდევ უფრო შეიცვლება. ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობას იკავებენ: ფერმერის სახლში ცხოვრობენ, სამზარეულოში გამორჩეულ ულუფას მიირთმევენ, საწოლებში სძინავთ. სხვები კი დღენიადაგ ქარსა თუ წვიმაში “ნათელი მომავლის”- ანუ წისქვილის - მშენებლობაზე მუშაობენ და განახევრებული საკვებით სულს ძლივს იბრუნებენ. ალბათ ადვილი ამოსაცნობია, რომ რომანში აღწერილი სხვადასხვა ცხოველი სხვადასხვა ადამიანის ხასიათსა თუ საზოგადოებაში მის მდგომარეობას გამოხატავს. მაგალითად: დაუნდობელი ძაღლები - ხელისუფლებისადმი ერთგულ დასაყრდენს, პოლიციელებს განასახიერებენ, ცხვრები - მუდამ მორჩილ და თვინიერ ამომრჩევლებს, ცხენები კი დღენიადაგ შრომით გატანჯულ, დამონებულ საზოგადოებას.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა რევოლუციას რომანტიზმის ნაპერწკალი ანთებს, იგი მაინც ძალადობაა და არცერთი რევოლუცია საზოგადოებისათვის სიკეთით არ დასრულებულა (ამას ადასტურებს: საფრანგეთის, რუსეთის და თუ გნებავთ, საქართველოს ისტორია). სადაც კი გადაწყდა გეგმიური საზოგადოების შექმნა, კერძო საკუთრების ხელყოფა და კაპიტალის გადანაწილება, ამას ყველგან და ყოველთვის მოჰყვა ადამიანების ინდივიდუალური, რელიგიური თუ პოლიტიკური თავისუფლების დათრგუნვა და რომანშიც ეს პროცესებია აღწერილი.
მას შემდეგ, რაც ნაპოლეონის აბსურდულმა იდეებმა პირველი მარცხი განიცადა, მან ცნობილ ხერხს მიმართა: მტრებისა და მავნებლების ძიება დაიწყო. ეს პროცესი იმით დასრულდა, რომ სამმა ქათამმა ყველას წინაშე აღიარა, თითქოს სნოუბოლი მათ სიზმარში გამოეცხადათ და ნაპოლეონის წინააღმდეგ წააქეზა. ბატმა აღიარა, რომ ღამით, ყველასაგან დაფარულად ექვსი თავთავი შეჭამა. ცხვარი კი გამოტყდა, რომ სნოუბოლის წაქეზებით სასმელი წყლის ტბორში მოშარდა. ბელადის ერთგულმა ძაღლებმა, ისინი ადგილზე გაგლიჯეს, რითიც ცხოველებში შიშმა დაისადგურა.
ამ წიგნში არაფერია ისეთი, ჩვენი ქვეყნის ისტორია რომ არ გაგვახსენოს, მომხმარებელთა საზოგადოება, სახელმწიფოს მხრიდან გაკონტროლებული და დათრგუნული ინდივიდი, თუგინდ პოლიტიკური ლოზუნგები: “ნაპოლეონი ყოველთვის მართალია”, “ცხოველთა ძმა”, “ცხვართა მფარველი”, “იხვის ჭუჭულთა მეგობარი”. ქათმები ერთმანეთს ასე ესაუბრებიან: “ჩვენი ნაპოლეონის ხელმძღვანელობით ექვს დღეში ხუთი კვერცხი დავდე”, ან კიდევ; “რა საუცხოო წყალია ამხანაგ ნაპოლეონის მადლით”.
გეგმიურ საზოგადოებაში ძალაუფლების კონცენტრაცია ყოველთვის იზიდავს და “აჯილდოვებს” მორალური თვალსაზრისით ყველაზე უარეს წარმომადგენლებს. ასეთების გადარჩევა ან გამორჩევა შემთხვევით არ ხდება, ეს ძირითადად ტოტალიტარული სისტემებისთვისაა დამახასიათებელი. ამგვარი ადამიანები კოლექტიურ საზოგადოებებში ყოველთვის წარმატებულნი არიან და პოლიტიკურ მწვერვალამდეც ადვილად აღწევენ. ძლიერებსა და აგრესიულებს ახასიათებთ მეთოდების განურჩევლობა, გარშემო იკრებენ ადვილად დამყოლ და ამავე დროს სასტიკ თანამებრძოლებს. დემაგოგიური გამოსვლებით ყოველთვის წინ მიუძღვებიან ყველაზე გულუბრყვილო, პასიურ და ადვილად სამართავ ადამიანებს. სამაგიეროდ ვერ იმორჩილებენ განათლებულ, ნიჭიერ პიროვნებებს, ამიტომაც ტოტალიტარიზმს სძულს ინტელექტუალები.
თუკი თომას მორმა თავის “უტოპიაში” იდეალური საზოგადოება დაგვიხატა, სადაც ერთი შეხედვით ყველაფერი ბრწყინვალედაა მოწყობილი, ორუელმა იგივე გვიჩვენა, მხოლოდ ასეთ საზოგადოებაში მყოფი წევრების თვალით. მან დახატა სისტემა, სადაც მთლიანად იშლება პიროვნების ბუნება და იგი ერთგვაროვანი მასის ნაწილი ხდება. ამიტომაც საზოგადოებრივი სისტემები უნდა განისაჯოს არა მათი თეორიებისა და აბსტრაქტული იდეალების, არამედ ისტორიაში რეალურად ჩადენილი საქციელის მიხედვით.
დაგვიანებული წიგნი-მეთქი, ვახსენე, რადგან ვთვლი, რომ იგი ჩვენთან გაცილებით ადრე უნდა თარგმნილიყო. მანამ, სანამ ჩვენი ახალგაზრდები ჩე გევარას პორტრეტებით დაიწყებდნენ სიარულს და ყველანაირ რევოლუციას ისევ რომანტიკოსების თვალით შეხედავდნენ. მანამდე უნდა გამოცემულიყო, სანამ საზოგადოება მიხვდებოდა, რომ რევოლუციები მხოლოდ რევოლუციონერებისთვისაა სასარგებლო და რომ ზოგიერთისთვის ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ ძალაუფლებაა.
ამიტომ ეს რომანი ჩვენი საზოგადოებისთვის გაფრთხილებად უნდა იქცეს, იგი ყველამ უნდა წაიკითხოს: ძველმა თაობამ იმიტომ, რომ არასოდეს დაივიწყოს, თუ საიდან მოვდივართ. ახალგაზრდებმა კი იმიტომ, რომ უკან, ცხოველების ფერმაში დაბრუნების სურვილი არ გაუჩნდეთ.
© “ცხელი შოკოლადი”
No comments:
Post a Comment