Saturday, April 12, 2008

დათო ქარდავა


ამინდის კაცი




სადღაც ამოვკითხე, მზე ყოველწლიურად უფრო და უფრო ცხელი ხდებაო. ალბათ, სულ მალე დედამიწა მზეს დაეცემა; არა, მგონი პირიქით ეწერა. მზე ყოველწლიურად ცივდებაო.

„დიდი გეტსბი“, ფ. სკოტ ფიცჯერალდი




პარასკევი იყო, მაგრამ სანდრო გიგიაძე შინ წასვლას არ ჩქარობდა. იჯდა ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიული პროგნოზირების განყიფილებაში, რომელსაც რვასართულიანი შენობის პირველ სართულზე სამი მცირე ზომის ოთახი ეკავა და კომპიუტერის მოციმციმე მონიტორს მიშტერებოდა, თან რადიოს უსმენდა ძველისძველი VAF-ით, რომელიც გეოლოგმა ბიძამ აჩუქა მეთორმეტე დაბადების დღეზე. ბიძა, უფრო სწორად, დეიდის ქმარი, ექსპედიციისთვის მზადებას სწორედ ამ ტრანზისტორის მოკითხვით იწყებდა. არ დამავიწყდესო, იტყოდა და ვერცხლისფერ, ლამის აგურისხელა ტრანზისტორს თვალსაჩინო ადგილზე დადებდა, მერეღა გამოალაგებდა საწყობიდან გეოდეზისტისა და ტოპოგრაფის ხელსაწყოებს, საძილე ტომრებსა და მშრალი საკვების ყუთებს. ძველი, გვარიანად გაცვეთილი, ცოტათი მძიმე, მაგრამ მაინც კარგი ტრანზისტორი იყო, პატიოსნად აწყობილი, უღალატო, დენზეც რომ მუშაობდა და გალვანურ ელემენტზეც. ახლა ფიქრობს და ვერაფრით აუხსნია, როგორ გადაურჩა გაყიდვას. თავის დროზე ქუჩაშიც გაიტანა, მეზობლებშიც ჩამოატარა, მაგრამ რატომღაც არავინ იყიდა. ალბათ, ძვირად დააფასა, ანდა ძალიან არ უჭირდა, თორემ ისეთი ნივთია, დახლზე დიდხანს რომ არ გაჩერდება.

ტელეფონმა რომ დარეკა, სტუდიაში მიწვეული სტუმარი ფეხბურთზე ლაპარაკობდა. ამ ოცდაათი, თუ ოცდათხუთმეტი წლის წინ სპეციალურად ჩავედი ერევანში, ბეკენბაუერის თამაში რომ მენახაო. სტუმრის გასახარად, რედაქციას ცნობილი ფეხბურთელის ხმის ჩანაწერიც აღმოაჩნდა. ბეკენბაუერი სასაცილო ბავარიული აქცენტით ჰყვებოდა ამბავს, რომელსაც წამყვანი წინასწარ გამზადებული ტექსტითა და სასიამოვნო ბანით აქართულებდა...

ვიდრე ზარს უპასუხებდა, მიმღებს ჩაუწია. დეპარტამენტის ახალმა თავმჯდომარემ, ვასილ ჭარბაძემ დაურეკა შიდა ქსელით, თავისთან დაიბარა და ჩარჩოებში ჩასმული დიპლომების, სერტიფიკატებისა და სამახსოვრო ფოტოების ფონზე სანდროს ჟურნალისტთან შეხვედრა დაავალა.

- შენი იმედი მაქვს... - საოცარი სისწრაფით უთხრა თავმჯდომარემ, - ახალგაზრდა, პროფესიონალი და გაუსვრელი კადრებით თუ შევძლებთ ამდენი ნაგვის გატანას. ახლი სისხლი და ახალი მიდგომაა საჭირო, სხვანაირად ბალასტისგან ვერ გავთავისუფლდებით...

- რა თქმა უნდა, ბატონო ვასილ...

სანდროს ძალიან არ უნდოდა სამსახურის დაკარგვა და ჰქონდა ამის არაერთი მიზეზი, მაგრამ ახალმა უფროსმა, რომელიც მეტყველების ერთგვარი ნევროზით, აჩქარებული მეტყველების უკიდურესად მწვავე ფორმით იყო დაავადებული, აზრის დასრულება არ აცალა.

- მარგი ქმედების კოციენტის გაზრდასთან ერთად, დეპარტამენტმა საკუთარი იმიჯის ამაღლებაზეც უნდა იზრუნოს. სინოპტიკოსები იმაზე მეტად მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ, ვიდრე სხვა რომელიმე დარგის მუშაკები, მაგრამ ამის შესახებ, რატომღაც არავინ არაფერი იცის. საკითხავია, რატომ?

სანდრო დაიბნა.

- იმიტომ, რომ მენეჯმენტი არ გვივარგა! - გაიღიმა თავმჯდომარემ, -

თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება უნდა იმართებოდეს როგორც კორპორაცია, როგორც დიდი კორპორაცია! ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტიც კორპორაციაა და ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციაც მაღალი ლიკვიდურობით გამოირჩევა. ამინდის პროგნოზის გარეშე თანამედროვე ადამიანი ჰგავს უსინათლო ინვალიდს, რომელიც ჩქაროსნულ გზატკეცილზე გადასვლას ცდილობს. თუ ჩვენს დეპარტამენტში მოპოვებულმა ინფორმაციამ დაიგვიანა, ანდა სიზუსტეში მოიკოჭლა, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე! პორტებში ვერ შევლენ გემები, გამართულად ვერ იმუშავებს საავაიაციო ტრანსპრტი და კომუნიკაციის სხვა საშუალებები... ერთი სიტყვით, ქვეყნის გამართულ მუშაობას ჩვენ, ამინდის კაცები, სინოპტიკოსები უზრუნველვყობთ, მაგრამ უბედურება ისაა, რომ საზოგადოება არ იცნობს თავის გმირებს, არ იცნობს და ამაში ბრალი საზოგადოებასთან ერთად, ჩვენც მიგვიძღვის! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ჩვენ უნდა შევქმნათ სინოპტიკოსის, ამინდის კაცის ახალი სახე, როგორც იტყვიან, new face და ამაში მედია-საშუალებები დაგვეხმარებიან. მოკლედ, ერთ-ორ საათში რადიოდან ჟურნალისტი შემოივლის და შეკითხვებს დაგისვამს, არ დაზარდე, ყველაფერი დაწვრილებით აუხსენი, თუ საჭიროა, რამდენჯერმე გაუმეორე... და კიდევ, სტანდარტული, შაბლონური ინტერვიუ არ გვინდა, „ცვალებადი მოღრუბლულობა, ალაგ-ალაგ ნალექი“... საკითხს შემოქმედებითად მიუდექი, დაამსხვრიე სტერეოტიპი, ამინდის კაცების საქმიანობა სულ სხვა კუთხით წარმოაჩინე... და კიდევ, რამე ტექსტი ჩემვისაც მოამზადე, საინტერესო რომ იყოს ისეთი...

სანდრო ყურადღებით უსმენდა ახალ უფროსს, რომელიც საოცარი სიხარბით ნთქავდა ბგერებს, მარცვლებსა და მთელ სიტყვებსაც კი (დეპარტამენტის ნაცვლად ამბობდა დეპრტამენტი, სინოპტიკოსის ნაცვლად - სინპტიკოსი), უსმენდა და თანხმობის ნიშნად უქნევდა თავს. თითქოს, საფუძველიც არ ჰქონდა, მაგრამ რატომღაც მაინც აშინებდა ვასილ ჭარბაძის ახალგაზრდული ასაკი, მეტყველების ტემპის არაბუნებრივი სისწრაფე, უადგილო ღიმილი, უსაფუძვლო კეთილგანწყობა, მარჯვედ ნასროლი ინგლისური ფრაზები და ელვარე ჰალსტუხები, რომლებსაც ახალი თავმჯდომარე ასევე საოცარი სიხშირით იცვლიდა...

ვასილ ჭარბაძემ საუბრის ბოლოს დააცემინა, ოთახში დაბრუნებულ სანდრო გიგიაძეს კი რადიომიმღებიც დაავიწყდა და კაიზერ ფრანციც, რომელიც, ალბათ, კიდევ კარგა ხანს იხსენებდა გარდასულ დროთა სასახელო ამბებს ბავარიული აქცენტით.

თაროდან უკანასკნელი ერთი კვირის ანგარიში გადმოიღო. „ნალექის მოცულობა - 76 მმ, თვენახევრის ნორმა“, გადაიწერა ფურცელზე. „ჩრდილოეთის ქარი 25-30 მეტრი წამში...“ ცხრილი, ტემპერატურის გრაფიკი... „ნული, მინუს ორი; მინუს ერთი, მინუს ოთხი...“ ყველაფერი გაამზადა, თუმცა მაინც ნერვიულობდა. ახალი უფროსი დილიდან კადრების შემცირებითა და ოპტიმიზაციით იყო დაკავებული. თანამშრომლები საკუთარ კაბინეტში დაიბარა და განცხადებები დააწერინა. „გთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩემი განცხადება და სამსახურიდან გამათავისუფლოთ...“ - წერდნენ შეშინებული სინოპტიკოსები და გულის სიღრმეში იმედოვნებდნენ, რომ ახალი უფროსი ჯეროვნად დააფასებდა მათ გამოცდილებას, დამსახურებას, ოჯახურ მდგომარეობას, ბოლოსდაბოლოს, მორჩილებას და სამსახურიდან არ გაათავისუფლებდა, თუმცა, ვიდრე განცხადებების დაწერას მოთხოვდა, ვასილ ჭარბაძემ ხელქვეითებს გული გადაუშალა, უთხრა, რომ სრულყოფილებამდე ბევრი უკლია, რომ მეტეოროლოგიაში არაფერი გაეგება, რომ პროფესიით მენეჯერია და რომ ეკონომიკის თეორიას სწავლობდა იენისა და ბაზელის უნივერსიტეტეტბში, ხოლო მარკეტინგს, სოციალურ მეცნიერებებსა და მართვის ტექნოლოგიებს, ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპისა და ქალაქ ბოხუმის რურის უნივერსიტეტებში. ისიც თქვა, რომ მეტეოროლოგიაზე მისი წარმოდგენა ძირითადად ტელევიზორიდან მიღებულ ინფორმაციას ემყარება. „forecast weather“ როგორ არის ქართულად, იქნებ შემახსენოთო. სულ ბოლოს კი, თქვნი დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდები, გუნდურ თამაშს გთავზობთ, როგორც დასავლეთში იტყვიან, team working-სო. მაგრამო, დაამატა, არაფერი გამოვა, თუ თავისუფალი არჩევნის საშუალებას არ მომცემთო. ვისაც მენეჯმენტი უსწავლია, იცის, რომ ბევრი ყოველთვის არ ნიშნავს კარგსა და ეფექტიან საქმიანობასო, როგორც იტყვიან, მეხუთე ბორბალი, თუ საბარგულში არ დევს, ხელს უშლის მოძრაობასო. ერთი სიტყვით, მე უნდა გადავწყვიტო, ვინ დარჩება და ვინ - არაო!

სანდრომ ჯერ ახალი უფროსისთვის მოამზადა ტექსტი, დღის ბოლოს კი ჟურნალისტსაც შეხვდა. ინტერვიუს დასაწყისში თქვა, რომ ამინდი, ეს მეტეოროლოგიურ ელემენტთა ერთობლიობაა, ატმოსფეროს მდგომარეობა დროის გარკვეულ მომენტსა თუ შუალედში, მთავარი მიზეზი კი დედამიწის ზედაპირის არათანაბარი გათბობააო. კორესპონდენტმა იმ საღამოს ისიც შეიტყო, რომ ციკლონების შემოჭრა ჩვეულებრივ ღრუბლიან, წვიმიანსა და ქარიან ამინდს იწვევს, ანტიციკლონი კი - წყნარ, ნათელ და უნალექოს. წასვლისას გოგონა კმაყოფილი ჩანდა, სანდროს კი ახალი უფროსის ერთგულება არ დაუფასდა, სხვებთან ერთად სამსახურიდან ისიც დაითხოვეს, მაინც შეამცირეს. მთელი თვე ვასილ ჭარბაძესთან შეხვედრას ითხოვდა, განცხადებაც დააწერინეს, მაგრამ ახალი უფროსი, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს მივლინებაში, თათბირებსა და შვებულებაში ატარებდა, ვერაფრით მოიხელთა.

ქუჩაში გამოსულს თანამშრომელი შეხვდა.

ქალბატონი თამილა, ფონური მონიტორინგის განყოფილების უფროსი, რეპროდუქციული თვალსაზრისით უპერსპექტივო იყო, მაგრამ მეცნიერებასა და სახალხო მეურნეობას კიდევ კარგა ხანს გაუწევდა სამსახურს – ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდა თავად ქალბატონი თამილა, ქრონიკულად აფორიაქებული, 51 წლის მდედრობითი სქესის გაუთხოვარი მოქალაქე, რომლის პირადი ცხოვრება, როგორც თავის დროზე სანდრომ შენიშნა, დაცლილი იყო ღირსეული მამაკაცებისგან, როგორც უდაბნო მცენარეული საფარისგან და სავსე - არაფრისმეტყველი „ცვალებადი მოღრუბლულობითა“ და „ცივი, ჩრდილო-დასავლეთიდან მქროლავი ქარებით“...

- რა გეშველება? - ჰკითხა თამილამ.

- არ ვიცი, სადაც მივედი, ყველგან უარი მითხრეს, - სახე მოისრისა სანდრომ, - უნდა დამეჯერებინა მარიკასთვის, უნდა წავსულიყავი სანამ დრო იყო...

- სად უნდა წასულიყავი?

- რა ვიცი, სად მიდის ეს ხალხი... თურქეთში, საბერძნეთში, რუსეთში, ამერიკაში... სადმე უნდა წავსულიყავი... ყველა ხომ არ გამოყარეს უკან? ვიმუშავებდი მტვირთავად, მენაგვედ, დავრდომილი ბერიკაცის მომვლელად... მექნებოდა საქმე, ფულს გადამიხდიდნენ, ადამიანი ვიქნებოდი...

- კარგი, ნუ განიცდი ასე ძალიან! იქნებ, არც ახლაა გვიანი...

- შეიძლება, - თქვა სანდრომ, - ვინ იცის, იქნებ კიდევ არიან კეთილი ადამიანები 40 წლის ჯანღონით სავსე მამაკაცს ტრაკის გამოწმენდაზე უარს რომ არ ეტყვიან. აი, ჩემი დამჭკნარი, ბუასილისგან გაწამებული საჯდომი, მისტერ სანდრო გიგიაძე და, აბა, ახლა შენ იცი, როგორ მიხედავ, დააკრიალებ და ცივი ნიავს არ მიაკარებო...

- დაწყნარდი, შენი ჭირიმე, ყველაფერი კარგად იქნება, - მხარზე ჩამოუსვა ხელი, - იქნებ, უკან დაგიძახონ, რა იცი, ყველაფერი ხდება, ცოტაც მოითმინე...

- ვის რაში ვჭირდები! მათთვის მე სარეველა ვარ. მირტყამენ მთელი ძალით, რომ ფესვებიანად ამომწიწკნონ, მე კი ვებღაუჭები მიწას, მაგრამ არავის ვებრალები, საითაც უნდა გივიხედო, სულ მუდამ მესმის, თუ გინდა ქვეყანას გამოადგე, მოკვდი, მიწად იქეციო...

რთი თვე კიდევ იარა ყოფილ სამსახურში. სხვაც ბევრი დაითხოვეს, ქალბატონმა თამილამ წინააღმდეგობის კომიტეტი ჩამოაყალიბა, მაგრამ სანდრომ გული ვერ დაუდო. მერე ბედს შეეგუა. მეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მხოლოდ ბიძის ნაჩუქარი რადიომიმღები და მუყაოს ყდაში ჩასმული სქელი საქაღალდე წაიღო. საკანდიდატო დისერტაციას, თითქმის დამთავრებულს, მაგრამ წლების წინ მიტოვებულსა და მტვერწაყრილს, გარეკანზე მთავრული ასოებით ეწერა: „მზის აქტივობისა და მაგნიტური ქარიშხლების ზემოქმედება ლითოსფეროზე, ატომოსფეროსა და ბიოსფეროზე.“ იცოდა, რადიომიმღებისგან განსხვავებით, არაფერში გამოადგებოდა, მაგრამ მაინც არ ეთმობოდა. არადა, იყო დრო, სჯეროდა, რომ ხელს მოიბრუნებდა, რომ ნაშრომს აუცილებლად დაასრულებდა და ფიზიკის დიდ აუდიტორიაში ჩურჩულით ნათქვამ მის სიტყვებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში გაიგონებდნენ...

შინ გვიან დაბრუნებულ სანდროს, ცოლი ლოგინში დახვდა. რადიო სააბაზანოში, თაროზე შემოდო. დილით პირის გასაპარსად რომ შევიდოდა, ჩართავდა.

- გძინავს? - იკითხა ჩურჩულით.

მარიკას ეძინა. სანდრომ მხარი იცვალა, ცოტა ხნის შემდეგ ბალიში გადააბრუნა. ვერ დაიძინა. წამოდგა. სააბაზანოში შევიდა, კარი ჩარაზა და რაიდიომიმღები ჩართო. უნიტაზზე ჩამოჯდა. სტუდიაში მიწვეული ექიმი სამკურნალო ნაყენს ამზადებდა.

„ვიღებთ ძირტკბილასა და კულმუხოს ფესვებს, ძახველის ყვავილებს, სალბისა და ბაღის პიტნის ფოთლებს, შვიტას ბალახს და ვასხამთ მდუღარე წყალს, ვაყოვნებთ 6-8 საათს და მიღებულ სითხეს სუფრის კოვზით მივირთმევთ დღეში 5-6-ჯერ...“

არხი შეცვალა. რადიოსადგური ყოფილი უფროსის ინტერვიუს გადასცემდა. ვასილ ჭარბაძემ სანდროს დაწერილ ტექსტს არ გადაუხვია და ბევრი ილაპარაკა ამინდის ცვალებადობაზე, მოსული ნალექის სიუხვესა და ზღვიდან მქროლავი ქარის სიძლიერეზე... ჰყვებოდა ამბავს სეზონური წვიმების, ციკლონების, მიწის ეროზიისა და მაგნიტური ქარიშხლების შესახებ... „იცით, შემთხვევით არაფერი ხდება“, - საუბრის მიმართულება შეცვლა მეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა, - „თოვლი და წვიმა შემთხვევით არ მოდის, არც ქარი ქრის შემთხვევით. ამინდი ესაა... როგორ გითხრათ, როგორ გამოვხატო ზუსტად... დიახ! ამინდი ენაა, რომლითაც ღმერთი ადამიანებს ელაპარაკება! თუნდაც სახარება ავიღოთ: „წამოდგა დ შერისხა ქარი და უთხრა ზღვას “დადუმდი, ჩადექ!“ და ქარი დაცხრა და დიდი მყუდროება ჩამოვარდა. ...შეეშინდათ მათ დიდი შიშით და ერთმანეთს უთხრეს; „ვინ არის ეს, ქარიცა და ზღვაც რომ ემორჩილება?..“ - დიახ, ამინდი ენაა, რომლითაც ღმერთი ადამიანებს ელაპარაკება... წარღვნის ამბავი გაიხსენეთ... „მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემდამი, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით, და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ... ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შეიქმნა... აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისგან...“ კიდევ ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება. თუ ღმერთი განრისხებულია, საშინელი სიძლიერის ქარი ქრის, ადამიანები გვალვებითა და მიწისძვრებით, შიმშილითა და უკურნებელი სნეულებებით იტანჯებიან, მაგრამ როცა ღმერთი კმაყოფილია, მაშინ ანათებს მზე, ზღვიდან უბერავს ნიავი და მოდის წვიმა, რათა მინდვრად იხაროს ჯეჯილმა, ხოლო გაუბედავმა შეყვარებულებმა ერთმანეთის უბეს შეაფარონ თავი... ადამიანებს შორის ურთიერთობაც მთელი სამყაროა, სადაც თავისებური სტიქია - ვნებები მძვინვარებენ... ამ სამყაროსაც თავისი სტრატოსფერო და ატმოსფოერო აქვს, ოღონდ აქაური ამინდის ფორმირებაში მონაწილეობს გრძნობები, რომელთა მართვა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შეუძლებელია!..

სანდრო ყურადღებით უსმენდა ყოფილ უფროსს, რომელიც ინტერვიუს ჩაწერისას სავარძელში გადაწოლილი ნება-ნება ხვრეპდა არომატულ ყავას და ცხელ სითხესთან ერთად ყლაპავდა ცალკეულ ბგერებს, მარცვლებსა და მთლიან სიტყვებსაც კი...

ისევ შეცვალა სიხშირე. სასიამოვნო ბანი ლაპარაკობდა: „...მრუშობის ცოდვა ყველა ქვეყანაში, როგორც საეკლესიო, ისე საერო სამართლის მიხედვით სასტიკად ისჯებოდა“, - ამბობდა სასულიერო პირი, - „რომის იმპერატორ ოპილიუსის ბრძანებით მრუშებს ერთმანეთს აბამდნენ და ცეცხლში ყრიდნენ. ტიბერიუსს, სევერუსსა და ავრელიუსს ასეთი სასჯელი ჰქონდათ: ორი ხის კენწეროებს ხრიდნენ, ზედ დამნაშავეს აკრავდნენ ფეხებით და შემდეგ ხელს უშვებდნენ, ისე რომ სხეული ნაწილებად იშლებოდა. ეგვიპტეში მემრუშე კაცს რკინის ხელკეტებით სცემდნენ, ათას დარტყმას აყენებდნენ, ქალს კი ცხვირს აჭრიდნენ...“

სანდრომ თაროს უკნიდან წლების წინ დამალული PLAY BOY-ის გაცრეცილი და ნესტისგან დამძიმებული ნომერი გამოიღო. სურამში ებრაელებისგან იყიდა 25 მანეთად. დედის ძმამ დაბადების დღეზე ნაღდი LEVIS აჩუქა, ჟარნალის ფული კი თვითონ, საკუთარი დანაზოგიდან გადაიხადა. სანამ თაროს უკან ჩამალავდა, ჟურნალმა მთელი უბანი მოიარა, გაცვდა და გაიცრიცა.

უნიტაზზე ჩამომჯდარმა საგულდაგულოდ გააცალკევა შეწებებული გვერდები, გადაფურცლა და მაშინღა გაჩერდა, შიშველი მოციგურავის ფოტოს რომ მიადგა. როგორ აღელვებდა ერთ დროს, როგორ არ ასვენებდა აბაზანაში მარტო დარჩენილს, ახლა კი უყურებდა ჩამქრალი თვალებით და ვერაფერს გრძნობდა...

- სანდრო! - მარიკამ გაცივებულ ბალიშს შეავლო ხელი. მოეჩვენა, რომ ვიღაცა ტიროდა. წამოდგა, ხალათი მოიცვა და აბაზანის კარს მიადგა.

- სანდრო! - დააკაკუნა კარზე. - რა ხდება! კარი გამიღე, სანდრო!..

ხმა არ გასცა. პასუხად რადიო ხრიალებდა და ვიღაც უსახელო პოეტი კითხულობდა ლექსს:

„ერთხელ ძალიან თავში,

წყვილი ცხოვრობდა ბაღში.

ხელთ რომ ჰქონოდათ თალგამი,

ვაშლს არ შეჭამდა ადამი.

ქალ-ვაჟს წაართვეს საშვი, ვეღარ შედიან სახლში...“

- სანდრო! - არ ჩერდებოდა ქალი, - რა ხდება! კარი გამიღე, სანდრო!..

პასუხად, რადიო ხრიალებდა.

© “ცხელი შოკოლადი”

No comments:

Post a Comment