Tuesday, July 8, 2008

ახალი წიგნები (ივლისი, 2007)



ბესიკ ხარანაული, “100 ლექსი”, ლექსები, შემდგენელი ნინო ყულოშვილი, თბ, 2007, “ინტელექტი”.


მარტოობის ხავსით დაფარული წმინდა გიორგი, ფშაური მზის ნაბიჯები ქართლის გზაზე, ბავშვებივით უმანკო დღეები, თიხისფერი ქალიშვილის ოცნებები და სურათები - მაწანწალა ძაღლის გზაზე, თაფლიანი ქილის, მთას მიმავალი ბერის... სურათები, რომლებსაც თვალნათლივ ხედავ ბესიკ ხარანაულის ლექსების კითხვისას - თითქოს ფერწერული ტილო გედოს წინ. ლექსების ახალი კრებული პოეზიის გურმანებს კიდევ ერთხელ გაახარებს საყვარელი ავტორის, ქართული თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი პოეტის ნაწარმოებებით. წიგნში ბესიკ ხარანაულის სხვადასხვა დროს დაწერილი 100 ლექსია თავმოყრილი.


ვახუშტი კოტეტიშვილი, “ვერცხლის საუკუნე + ბროდსკი” (ბილინგვა), ლექსები, რედაქტორი ევგენია ზახაროვა, თბ, 2006.


XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი კულტურული სიმდიდრე, რუსული ლიტერატურის ახალი აღზევების ხანა და სიმბოლისტების მიერ დაწყებული ესთეტიური გადატრიალება - ეპოქა, რომელმაც ლიტერატურის ისტორიაში “ვერცხლის საუკუნის” სახელით დაიმკვიდრა ადგილი. სწორედ ამ ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენლებია თავმოყრილი ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანების კრებულშიც - ინოკენტი ანენსკი, მაქსიმილიან ვოლოშინი, ნიკოლაი გუმილიოვი, ოსიპ მანდელშტამი, ველიმირ ხლებნიკოვი, ბორის პასტერნაკი, მარინა ცვეტაევა - პოეტები, რომელთა შემოქმედებასაც თამამად შეიძლება რუსული პოეზიის რენესანსი ვუწოდოთ. “ვერცხლის საუკუნის” პოეზიის გარდა, კრებულში შესულია იოსიფ ბროდსკის რამდენიმე ლექსის თარგმანი. წიგნი ორენოვანია, რაც ლიტერატურის მოყვარულებს არა მარტო ვახუშტისეული თარგმანის, არამედ ლექსების ორიგინალში კიდევ ერთხელ წაიკითხვის საშუალებას მისცემს.


ჰერმან ჰესე, “დამსვენებელი”, მთარგმნელი ნანა გოგოლაშვილი, თბ, 2007, “ინტელექტი”.


ალბათ, ხშირად გითამაშიათ მარგალიტებით, მაგიური თეატრის მაყურებელიც ყოფილხართ, ველოსიპედის ბორბლების ქვეშაც მოხვედრილხართ და იდუმალი ფრინველის - აბრაქსასის დაბადებაც არაერთხელ დაგსიზმრებიათ... ახლა კი დროა, ცოტა ხნით სახსრები აიტკიოთ და მსუბუქი იშიასის დიაგნოზით ბალნეოლოგიურ კურორტს მიაკითხოთ - “დამსვენებელი - ჩანაწერები ჩემი ბადენში მკურნალობის თაობაზე” - ჰერმან ჰესეს დაუვიწყარი მოთხრობის ახალი გამოცემა კიდევ ერთხელ მიაბრუნებს მკითხველს იმ სამყაროში, რომელსაც “ჰესეს სამყარო” ჰქვია. წიგნში ნობელიანტი ავტორის რამდენიმე მხიარული ზღაპარიცაა შესული, ასევე გაეცნობით მის დამოკიდებულებას მუსიკისადმი და შეიტყობთ მიზეზს, თუ რატომ ვერ ესტუმრა მწერალი შვედეთის აკადემიას, როცა მას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟიული ლიტერატურული პრემია მიანიჭეს.


ბორის ვიანი, “წითელი ბალახი”, რომანი, მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი, რედაქტორები ანა ჭაბაშვილი და ლალი ქადაგიძე, თბ, 2007, “დიოგენე”.


ორივეს ქერა, გრძელი თმა აქვს, ვიწრო წელი, სრულყოფილი ფეხები და ლამაზი მხრები. მათ გვერდით საყვარელი მამაკაცები არიან, რომლებთან ერთადაც ბედნიერად გრძნობენ თავს... მანამ, სანამ არ აღმოაჩენენ, რომ, თურმე, აღარ უნდათ სერიოზული კაცები, მობეზრდათ უფულოები, დაიღალნენ სიყვარულით და უკვირთ, საერთოდაც, როგორ ძლებდნენ ისეთი არსებების გვერდით, როგორებიც კაცები არიან. ერთი სიტყვით, ქალები, როგორც ყოველთვის - მსხვერპლის როლში... თუმცა, ეს როლი უფერულდება და დამაჯერებლობას კარგავს, როცა ნამდვილი მსხვერპლი გვყავს სახეზე... იქნებ “წითელი ბალახის” წაკითხვის შემდეგ მაინც დაფიქრდნენ ქალები, რომ მამაკაცი ფულის საჭრელი მანქანისა და სექსუალური პარტნიორის გარდა, შეიძლება ადამიანიც იყოს, თავისი სისუსტეებითა და უცნაურობებით, რომელსაც ხანდახან ფულის მხარჯველისა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებლის გარდა, ასევე ადამიანი სჭირდება.


ალექსანდრე დიუმა, "ჯადოსნური ზღაპრები", მთარგმნელები: თამარ ხოსრუაშვილი, ნატა ბალავაძე, თბ, 2007, “აგორა”.


გაფრთხილება პატარებს: თუ შემთხვევით ჯადოსნურ ჯოხს ან ნატვრისთვალს იპოვით, კარგად დაფიქრდით, სანამ სურვილის ასრულებას სთხოვთ მას... ან თუ ამპარტავნება და სუსტის დაჩაგვრის სურვილი შემოგიტევთ, გაიხსენეთ, რომ თქვენზე ძლიერებიც არსებობენ... წინააღმდეგ შემთხვევაში, უქნარა, ჯიუტი პიერისა და კეგლის მეფის, ხარატი გოტლიბის ბედი გელით. ალექსანდრე დიუმას “ჯადოსნური ზღაპრები” ბავშვებს მცონარობის, სიზარმაცისა და ამპარტავნების დამარცხებას ასწავლის; საინტერესო, მხიარული ამბები და მათი უცნაური პერსონაჟები სიკეთესა და სათნოებაზე გვიამბობენ. ზღაპრებს თან ახლავს სახალისო ილუსტრაციები, რაც წაკითხულის უკეთ აღქმაში დაეხმარებათ პატარებს.


ფაჰრეთინ ჩილოღლუ (ფარნა ჭილაძე), “სასაზღვრო ფიქრები”, მთარგმნელები ლელა დადიანი, ნანა კაჭარავა, მირიან მახარაძე, რედაქტორი ლია ჩლაიძე, თბ, 2006, “არტანუჯი”.


მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ქართველთა დიდი რაოდენობა გადასახლდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც ისინი ქართულ სოფლებს ქმნიდნენ, მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდნენ და ეროვნულობას ინარჩუნებდნენ. სწორედ თურქეთში მცხოვრებ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალია ფაჰრეთინ ჩილოღლუც, რომელსაც თურქეთის ლიტერატურულ წრეებში კარგად იცნობენ, როგორც პოეტს, პროზაიკოსს, მთარგმნელსა და პუბლიცისტს. იგი არაერთი წიგნის ავტორია საქართველოს ისტორიის, ქართული სოფლების, ხალხისა და ენის შესახებ. “სასაზღვრო ფიქრები” კი მოთხრობებისა და ლექსების კრებულია, რომელიც თურქულიდან ითარგმნა და ქართველ მკითხველს საშუალება მიეცა, მშობლიურ ენაზე გაიცნოს ამ საკმაოდ საინტერესო ავტორის შემოქმედება.



© ”ცხელი შოკოლადი”

No comments:

Post a Comment