დაგერხათ, ღორებო!
დი ბი სი პიერი, "ვერნონ გენიოს ლითლი", რომანი, მთარგმნელი ქეთი ქანთარია. თბ, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2006.
სანამ 2003 წლის "ბუკერის" ჟიური საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ორი-სამი დღით ადრე პრესამ ერთ-ერთი ნომინანტის, დიბისი პიერის, არც თუ ისე სახარბიელო წარსული გამოააშკარავა - მექსიკაში დასახლებული ავსტრალიელის ბიოგრაფია ნარკოტიკების მოხმარებით, ძარცვით, ვალების გადაუხდელობითა და სხვა ათასი დანაშაულებრივი ფაქტით იყო დატვირთული. თუმცა, თავად ავტორს არასდროს უცდია საკუთარი შავბნელი წარსულის დამალვა - პირიქით, მისი ფსევდინიმი (ნამვილი სახელია პიტერ უორენ ფინლეი) სწორედ განვლილი ცხოვრების აბრევიატურაა - DBC – Dirty But Clean (“ბინძური, მაგრამ სუფთა”). ზემოთაღნიშნული ფაქტორის და კიდევ იმის გათვალისწინებით, რომ "ვერნონ გენიოს ლითლი" დიბისი პიერის სადებიუტო რომანია, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო ჟიურის გადაწყვეტილება - ბუკერის პრემია - 50 ათასი ფუნტი სტერლინგი - საკმაოდ "არაელიტურ" ავტორს არგუნეს. საინტერესოა, რითი მოხიბლა დებიუტანტი მწერლის რომანმა საკმაოდ პრესტიჟული პრემიის კონსერვატიული ჟიური - ბუკერი ხომ ჰუმანიტარული დახმარება არაა, დიბისი პიერისთვის ვალების გასასტუმრებლად გადაეცათ ამხელა თანხა.
"ვერნონ გენიოს ლითლის" მოქმედება ტეხასში ხდება - ფასტფუდებით, ბარბექიუებითა და ტომატის სოუსით გაჟღენთილ ამერიკის ერთ-ერთ შტატში. მთავარი მოქმედი პირი 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლია, რომელსაც თანაკლასელის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობა ბრალდება. სასამართლოს ეჭვმიტანილი ჰყავს და საქმეს იძიებს, თუმცა, მართლმსაჯულება ერთადერთი არაა, ვინც ვერნონითაა დაინტერესებული - საქმეში ტელევიზია ერთვება. მასმედიის ინტერესებში მხოლოდ ერთი რამ შედის - როგორმე რეალურ შოუდ აქციოს გამოძიების პროცესი, ჟურნალისტები და შოუმენები ძალღონეს არ იშურებენ, კიდევ უფრო ჩახლართული გახადონ ვერნონის საქმე და მეტი ინტრიგა შემატონ მას. მკითხველმა რომანის დასაწყისშივე იცის, რომ ლითლი უდანაშაულოა, თუმცა, მართლმსაჯულება და სენსაციებზე მონადირე ტელევიზია ყველანაირად ცდილობენ, სასიკვდილო განაჩენამდე მიიყვანონ ბიჭი. დიბისი პიერი ცინიზმსა და სარკაზმს არ იშურებს ამერიკელების ნამდვილი სახის წარმოსაჩენად - ვერნონს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატობენ, ატყუებენ, მშობელი დედიდან დაწყებული, საყვარელი გოგოთი დამთავრებული, ყველა სარგებლის ნახვას და გამორჩენას ცდილობს შექმნილი სიტუაციიდან. ეს არის სატირა ქვეყანაზე, სადაც ადამიანებისთვის მთავარია სანახაობა, დროის გაყვანა, კარგი კვება და უახლესი საოჯახო ტექნიკა. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთ ენაზე ლაპარაკობს -კოკა-კოლას, ჰამბურგერების, სატელევიზიო შოუებისა და ახალნაყიდი ტანსაცმლის ენაზე - ადამიანებს შორის მაინც სრული დისონანსი და გაუგებრობაა. ამის ყველაზე ნათელ და სასტიკ მაგალითად მწერალს რომანის მთავარი მოვლენა გამოჰყავს: მკვლელობის მიზეზი ჰომოფობური გამოხდომაა - მოზარდის სექსუალური ორიენტაცია დაცინვის საგანი ხდება. დიბისი პიერის მიერ აღწერილ საზოგადოებაში განსხვავებული აზროვნებისა და შეხედულებების ადამიანს არა თუ არ იღებენ და ზურგს აქცევენ, არამედ ცდილობენ, გაანადგურონ, მოიშორონ, უკეთეს შემთხვევაში - რეალური შოუს გმირად აქციონ და როგორც გალიაში გამომწყვდეულ მხეცს, ისე, შორიდან უყურონ.
რამდენადაც მძიმე და დამთრგუნველია თემატიკა, იმდენად მსუბუქი და ლაღია მწერლის ენა და თხრობის სტილი. 15 წლის გაუნათლებელი ბიჭისთვის დამახასიათებელი ჟარგონული ლექსიკითა და სიმარტივით მოყოლილი ამბავი წიგნის ყოველ გვერდზე უფრო და უფრო ითრევს მკითხველს. თავად ვერნონ ლითლი კი მთხრობელი უფროა, ვიდრე მთავარი გმირი - ერთადერთი, რაც მას დანარჩენებისგან გამოარჩევს, ისაა, რომ მსხვერპლის როლში გვევლინება. რომანის პერსონაჟები ერთ მთლიან გროტესკულ სახეს ქმნიან, სათითაოდ კი მოკლებულები არიან ყოველგვარ ინდივიდუალობას, ყველა იმ შტრიხს, რომელიც მათს ადამიანურობას აგრძნობინებს მკითხველს. ეს საკმაო მიზეზია იმისათვის, რომ მწერალს პერსონაჟის შექმნის უუნარობაში დავდოთ ბრალი, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ვერნონიც და მის გარშემო მოფუსფუსე "კეთილისმსურველებიც" მხოლოდ ფონია იმისათვის, რომ მთავარი გმირები გამოიკვეთონ: პირსისხლიანი მართლმსაჯულება, ადამიანის უბედურებაზე აწყობილი ბიზნესი - რეალური ტელეშოუ და ფასტფუდების ცხიმში გახვეული, ტომატის სოუსით შეღებილი ამერიკა. ეს ის პერსონაჟებია, რომლებსაც ავტორი სარკაზმისა და ირონიის მკვეთრ ფერებში გვიხატავს და რომლებიც არა მარტო ამ რომანის, არამედ თანამედროვეობის ნამდვილი "გმირები" არიან. დიბისი პიერი კი თანამედროვეობის მწერალია - მან ზუსტად იცის, რას ამბობს, რისი თქმაა დღეს საჭირო და რას მოითხოვს მისგან მკითხველი. იცოდე, რა სურთ და რას ელოდებიან შენგან - ეს უკვე ნახევარი გამარჯვებაა. იმარჯვებს სიკვდილმისჯილი ვერნონ ლითლიც, რომელიც ერთი გამოცდილი მკვლელისა და რეციდივისტის უკანასკნელი დარიგების მიხედვით მოქმედებს: "მიეცი ხალხს ის, რაც სურს, გაიგე მათი მოთხოვნილებები და იმოქმედე - შენი ხელის აქნევაზე იცეკვებენ", - ეს გადარჩენისა და გამარჯვების რეცეპტია, რომელიც დიბისი პიერმა მკითხველს გაანდო, რომლის მიხედვითაც მისი სამწერლო დებიუტი შედგა... და რამდენიც არ უნდა უძახოს მისმა პერსონაჟმა მთელს მსოფლიოს, ღორებო, დაგერხათო, ავტორი კარგად ხვდება, რომ ეს სწორედ ისაა, რასაც მისგან "ღორები" მოითხოვენ და რისთვისაც იგივე "ღორები" ”ბუკერის” პრესტიჟულ პრემიას არიგებენ.
© ”ცხელი შოკოლადი”
No comments:
Post a Comment