ყინულის დედოფლის დაბრუნება
ფიფქის ღმერთებო, თეთრო მწერებო,
რომ ამოავსეთ ჩემი ჰაერი,
რომ დამასიეთ ქარის მწევრები
და ლოლუები ათასნაირი,
რომ დამიწინწკლეთ, გამომიძენძეთ
მოსასხამები ფართხუნა ჩრდილის,
ყვრიმალებზე რომ გამომიძერწეთ
სხვა ყვრიმალები – ყინულის ცვილით,
რომ მომაცილეთ ძვირფასი ბაგე -
ჩემი სახელით ჰაერს რომ ორთქლავს,
ჩამომაშორეთ გრძნობების ბარგი
და ბარათების უმიზნო მოთქმა,
რომ გამიბრწყინეთ ნახშირი – კვნიტად –
ყინულის – თვალში; გულის – ორივე –
გასაღებიც და პაწია კლიტეც –
ხელუკუღმა რომ მომასროლინეთ, -
კიდევ, რას ითხოვთ? ზამთრის სარკმლებსაც -
შევეგუები მშვიდად; გულადად -
ვიტოვებ მხოლოდ - წიგნებს და სარკეს,
მზესაც ველევი – სიყვარულამდე.
მოაზროვნე
ზართუხუცესის კუზის ქვეშ ფრთები
ალბათ თეთრი და მსუბუქი იყო.
ვოცნებობ მათზე. ჩემი ფრთები ქვისაა –
ნათელ ღამეებში უბუდო ჩიტებს
იზიდავს მხოლოდ. გიგანტური,
მძიმე ზარები დაცურავენ ჰაერში –
ჩემთან შედარებით უსხეულოებს გვანან ისინიც.
ხორცის მფეთქავი ლოყებიდან არ ვიცილებ
ქვის ხელისგულებს, და ქვის ენას ვუყოფ
თანაბრად – ტურისტებს და საუკუნეებს.
მოხიბლულები არიან ჩემი ძველი ხელობით,
და შენც – მოელი ქვის გონებაში
ფიქრის ალმასად დაკრიალებას...
უფალო, ჩემში არ შეცვლილა არაფერი
მას შემდეგ რაც აქ მომათავსე;
და ერთმანეთს კვლავ არაფერს ვეუბნებით
მე და ცხოვრება – ტაძრის მიღმა რომ მისრიალებს.
* * *
ჟალუზის ცალი ქუთუთოს მიღმა
წელსაც მიბრწყინავს გოლდენ გეითი.
მე კი - პატარა ქალაქი მიყვარს -
მღვრიე ზღვითა და ჟანგიან გემით.
როდესაც გიხსნი, რად მიყვარს იგი -
სათვალეს იხსნი და ამბობ – სორრი;
და იახტების წინწკლები - ირგვლივ -
მატულობს, ვიდრე შორს გადასროლილ -
ჩინელი ბიჭის ანკესს ამოსდევს -
ჰაერში - ღამის თეთრი ბრჭყალები.
სორრი, - გტოვებ და დიდხანს ჩავყურებ -
ვედროს ვარსკვლავებს – სველ კიბორჩხალებს.
***
მარტოობა ადგილია ორისათვის.
შენ უზიხარ მაგიდას და თეორემას;
ფურცლებით და ციფრებით და ისრებით
დრო ამოევსო პატარა საათს.
მე სავარძელზე ვზივარ, და შენი
პერანგის თეთრ საყელოზე -
რას აღარ წერენ ჩემი თვალები.
მე მსურს მომხედო
და სახეზე გიბრწყინავდეს ჩემი სტრიქონი.
შენ გსურს მომხედო
და მე აქ ვიყო – პოეზიის გარეშე, შენთვის.
***
რა მოთმინებით მიყვებიან ცხვრები – თავდახრით –
საძოვრებს ბაცი დღეების თუ მჭკნარი ბალახის;
ბილიკი წყალთან მიიყვანს თუ ხევში გადაყრის
ზანტ ფარას, - ბოლოს გაწყალებად გულის არცა ღირს
ამაზე ფიქრი. კაციც უხრის მტერს თუ საყვარელს
თავს, - გრძნობის კრუნჩხვებს სასიკვდილოდ არასდროს არ სცნობს,
ოღონდ, ვიღაცას უნაწილოს მიწის სახრავი
ძვალი და ხორცი, სიმარტოვეს რომ გამოსტაცოს
თავი. და ქვეყნებს – იარლიყის ელვა, სახელი –
თავს ახრევინებს სხვა ქვეყნებთან. ამბავი გრძელი
არის მარტივი: არის ყველა თავის დამხრელი
და ამაყია ან უგნური, ან კიდევ ბრძენი.
თუმცა, ვერც ბრძენი უერთგულებს ამაზე წუხილს
და თავს, თავმდაბლად, წიგნებსა და ყვავილებს უხრის.
* * *
პლასტმასის ღმერთები თითებს მიჭამენ –
ყოველდღე მიაქვთ თითო წერილი..
ვისაც ვუყვარდი და არ ავირჩიე –
იმისი ტუჩებით ვარ დაწყევლილი.
და უშენობაც, აი, ასეთია –
თან დაგაქვს ჩემი ხელის მტევანი;
არადა, თითქოს ხელზე მაბია -
იმის გაქრობას მამჩნევს ვერავინ,
რადგან ვიღიმი, ზაფხულის ფერებს
გავყურებ წყნარად და ვაკვირდები –
ნისკარტის ბგერით თუ სისწრაფით ფრენის –
როგორ ირჩევენ ერთმანეთს ჩიტები.
ბედნიერება
მაინც, რა არის ბედნიერება?
ოდესმე თუ დაგვემართება?
თაფლიანი ჭიქა – ლამაზად –
ამოგვყურებს მე და შენ, მაგრამ
ფუტკრის მკვდარი სხეული,
როგორც თვალის გუგა –
გულში უბრწყინავს.
ვერცხლის კოვზი მომაწოდე,
ოქროსფერ ფრთებს
ფრთხილად მოვაცლი,
რომ შენმა ბაგემ თავისუფლად
მოსვას თაფლი ჩვენი ჭიქიდან.
მაგრამ ერთხელ მაინც დახედე –
ბედნიერების ამ ღმერთს, პატარას –
ასე მკვდარი რომ მოჩანს თაფლში,
რათა თავისი არსებობა დაგვიმტკიცოს,
რათა დაგვატკბოს.
© “წიგნები - 24 საათი”
No comments:
Post a Comment