Tuesday, September 9, 2008

ახალი წიგნები (2005)

იმრე კერტეში, "ლიკვიდაცია", ტიმ უილკინსონის თარგმანი
Liquidation By Imre Kertesz. Translated by Tim WilkinsonAlfred A. Knopf, 130 გვ.



ერთი ეპიზოდი რომანიდან: ბუდაპეშტი. ახალი წლის საღამო. მოქმედება 80-იან წლებში ხდება. ცნობილი გამომცემლობის რედაქტორი, ბატონი კინგბიტერი იქვე, მაგიდასთან მიმსხდარ პოკერის მოთამაშეებს შესცქერის. თამაშის წესები ცოტა უჩვეულოა. აქ ფული არ ტრიალებს. მოთამაშეები მხოლოდ იმ ადგილის სახელს ასახელებენ, სადაც უცხოვრიათ, უმოგზაურიათ ან გარკვეული ხანი გაუტარებიათ. მხოლოდ სახელი – მეტი არაფერი. მაგრამ სწორედ ეს სახელი განსაზღვრავს ჩიპების ღირებულებას.
ბი, კინგბიტერის ახლო მეგობარი, იმრე კერტეშის ახალი რომანის – "ლიკვიდაციის" გმირი, თამაშიდან გადის. არ უნდა, რომ თაღლითური ფანდი გამოუვიდეს. ტყუილსაც ვერ იტყვის – აუშვიცი უნდა დაასახელოს, ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი სიკვდილის ბანაკი. ამ სახელზე კოზირიც კი არ ჭრის.
აუშვიცი გაუჭრელია – ეს აზრი კერტეშის მთელ შემოქმედებას გასდევს. ეს არის ღერძი, რომლის გარშემოც მწერლის მთელი მხატვრული სამყარო ბრუნავს – ადამიანური ყოფისა და ურთიერთობების ათვლის წერტილი.
ებრაულ ოჯახში დაბადებულ კერტეშს (კერტეში 1929 წელს დაიბადა ბუდაპეშტში) კარგად ახსოვს 1944 წელი – აუშვიცში დეპორტაცია. ცოტა ხნის შემდეგ ის ბუხენვალდში დააპატიმრეს კიდეც. ომი რომ დამთავრდა, კერტეშმა ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა. კომუნიზმის აღზევების ხანაში კი მწერლობასა და თარგმნას მიჰყო ხელი. კერტეშის პირველი რომანი "უბედობა" 1975 წელს გამოქვეყნდა, თუმცა იმხანად დამწყები კალმოსანისთვის არავის მიუქცევია ყურადღება, არც რომანის განსჯა-შეფასებით შეუწუხებიათ თავი. რომანმა მხოლოდ 20 წლის მერე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 2002 წელს კერტეშს ნობელის პრემია მიანიჭეს.
"ლიკვიდაცია" კერტეშის პირველი რომანია ნობელის პრემიის მიღების შემდეგ. "ლიკვიდაცია" მთავარი გმირის მიერ შექმნილი პიესის სახელია. სხვა რომანების მსგავსად, ახალ ნაწარმოებშიც იგრძნობა კაფკასა და ბეკეტის გავლენა, მრავლად გვხვდება მეტაფიზიკური წიაღსვლები, ქვეტექსტები და ა.შ.
ერთ-ერთ საწყის ეპიზოდში გამომცემელ კინგბიტერს რამდენიმე მამაკაცი ესტუმრება. სტუმრები ბის შემოქმედებაზე იწყებენ საუბარს. ლაპარაკ-ლაპარაკში გამომცემელი აცნობებს, რომ საგამომცემლო სახლი დახურვის პირასაა.
უცნაური აქ არაფერი იქნებოდა, კინგბიტერს ბის სიკვდილის შემდეგ მისი ხელნაწერი რომ არ ჩავარდნოდა ხელში. კინგბიტერი ბის პერსონაჟებში საკუთარ თავსაც ამოიცნობს, მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ რეალობაში ყველაფერი ზუსტად ისევე ხდება, როგორც ეს ბის ნაწერშია. ბის შორსმჭვრეტელობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა; აი აქ კი კინგბიტერმა უჩვეულო და მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო – იმ ლიტერატურული გმირის ცხოვრებით ეცხოვრა, რომლის პროტოტიპიც ის თავისდა უნებურად აღმოჩნდა.
როცა კინგბიტერმა ბის თვითმკვლელობის ამბავი გაიგო, მაშინვე მეგობრის სახლს მიაშურა დისიდენტი მწერლის ნაწერების დასახსნელად, მისი ქაღალდები "იქ", "ზემოთ", რომ არ ჩავარდნოდათ ხელში (მოქმედება 90-იან წლებში ხდება). მაშინ ბის ახალი პიესის შესახებ კინგბიტერმა არაფერი იცოდა, მაგრამ ლიტერატურული გუმანით ხვდებოდა, რომ მის შემოქმედებას რაღაც აკლდა, ნაღდი მწერალი კი ამქვეყნიდან ისე არ წავიდოდა, ეს ვაკუუმი რომ არ შეევსო. ასეც აღმოჩნდა. საკუთარი თავის ლიკვიდაციის შემდეგ მწერალმა ახალი პიესა, "ლიკვიდაცია" დაგვიტოვა.
ბის თვითმკვლელობის მოტივმა კი ყოფილ ცოლთან დიალოგში გაიჟღერა: "პრინციპში შენ მართალი ხარ, ბი (ეს საუბარი მოგვიანებით მისმა ცოლმა გაიხსენა), ეს სამყარო მკვლელების სამყაროა, მაგრამ მე არ მინდა, რომ ის მარტო მკვლელების სამყაროდ წარმოვიდგინო. მინდა ვირწმუნო, რომ დედამიწა არის ის ადგილი, სადაც შესაძლებელია ცხოვრება."
აუშვიცმა გარკვეულწილად შეაფერხა ლიტერატურა, - თქვა კერტეშმა ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე.


იან მაკიუენი, "შაბათი"
Saturday By Ian McEwan Cape, 279 გვ.



"შაბათი" ბუკერის პრემიის ლაურეატი მწერლის, იან მაკიუენის ახალი რომანია. რომანის მთავარი გმირი ჰენრი პეროუნი გახლავთ, ცნობილი ლონდონელი ნეიროქირურგი. მწერალი ექიმის ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღის ამბავს მოგვითხრობს. კაცმა რომ თქვას, ისეთი რა უნდა მოხდეს 24 საათში. მაგრამ ამ 24 საათის აღწერისას მწერლის სათქმელი შესანიშნავად გაცხადდება.
2003 წლის 15 თებერვალი. ექიმი სნეული დედის სანახავად მიდის, გზაზე ლამის ტერორისტული თავდასხმის მოწმე ხდება, ვაჟს ერაყის ომზე ესაუბრება, ცოლსაც ესიყვარულება...
ლონდონის ქუჩებში ასეულობით ათასი მომიტინგე შეკრებილა. მომიტინგეები ბლერის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხომ ერაყში ამერიკელების სამხედრო ოპერაციების განხორციელებას დაუჭირა მხარი.
საყოველთაო ხმაური და აურზაური, რომელიც აქამდე მხოლოდ მქრქალ ფონად გასდევდა ნეიროქირურგის ცხოვრებას, ახლა ნერვულად იჭრება მის ცხოვრებაში.
მდიდარი ინგლისელი ექიმის ბიურგერული ყოფის მაგალითზე მწერალი ცდილობს, პასუხი გასცეს შეკითხვას – რა მასშტაბით არის შესაძლებელი ადამიანის ყოფის იზოლაცია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისაგან. ჰენრი ჯანმრთელი მამაკაცია, სხვებსაც შეუძლია სიცოცხლე გაუხანგრძლივოს, ყოველმხრივ უზრუნველყოფილია, მაგრამ საკუთარი წარმატებისა და თვითკმაყოფილების სინჯარაშია გამოკეტილი. თუმცა ჰენრიმ პროფესიული გამოცდილებით იცის, რომ ასეთ დამცავ სინჯარებს ყოველთვის არ ძალუძთ ადამიანის დაცვა დამანგრეველი ზემოქმედებისგან.
მაკიუენის რომანების ყველაზე გავრცელებული თემა ბედისწერის მოულოდნელობაა. შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს საყიდლებზე წახვიდე და ვეღარასოდეს ნახო შენი შვილი ("ბავშვი დროში"), სასეირნოდ გახვიდე და სატანა ქუჩის კუთხეში იყოს ჩასაფრებული ("შავი ძაღლები") და ა.შ. ჰენრი პეროუნის ეს განცდა ეუფლება აგრესიულ მძღოლთან – ბაქსტერთან შეხვედრის მერე.
11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ შექმნილი მხატვრული ნაწარმოებების დიდი ნაწილი გარკვეულწილად პოლიტიზირებულია. "შაბათიც" ამ ტიპის ნაწარმოებთა რიცხვს მიეკუთვნება. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება, ერთის მხრივ, უხეში ჩარევის და, მეორეს მხრივ, იზოლაციის წინააღმდეგ. როგორც ყველა საუკეთესო პოლიტიკური სარჩულის რომანში, აქაც ფაქტები და არგუმენტები ორაზროვნად არის განაწილებული.
და კიდევ ერთი, ცივილიზებული საშუალო კლასის წარმომადგენელი პეროუნი უნდობლად, დამცინავადაც კი უყურებს ლიტერატურას. ნეიროქირურგი ვერ ხვდება, რაში უნდა აინტერესებდეს რომანები, სადაც ვიღაცის ცხოვრებაა ასახული. მწერალი კი, რომელსაც, როგორც ჩანს, არ სურს ბოლომდე გაწიროს თავისი გმირი, ექიმს ლიტერატურულ გარემოს უქმნის – პოეტი ქალიშვილი, სიმამრი, რომელიც წერს და ცოლი, რომელიც გაზეთში მუშაობს.
კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს რომანი ერაყის ომის შემდგომ პერიოდში შექმნილი ყველაზე სერიოზული ნაწარმოებია.


ჟაკ ლე გოფი, "ევროპის დაბადება"
The Birth of EuropeBy Jacques Le GoffBlackwell, 274 გვ.



რომელ საუკუნეშია აგებული მსოფლიოს პირველი დაკიდული ხიდი? ან როდის გამოიგონეს მუხლა ლილვი? – ეს ალბათ მე-17 საუკუნეში მოხდა, იქნება მე-18-შიც... სინამდვილეში არცერთი პასუხი არ არის სწორი. გაოცდებით, მაგრამ ეს ყველაფერი მე-13 საუკუნეში მომხდარა, საუკუნეში, რომელიც, ჩვეულებრივ, ინტელექტუალური და მატერიალური ნოვაციების ეპოქასთან არ ასოცირდება ხოლმე. თუმცა ფრანგი მედიევისტი ჟაკ ლე გოფი სრულიად სხვაგვარად ფიქრობს. მას მიაჩნია, რომ სწორედ შუა საუკუნეებში ჩაეყარა საფუძველი ძირეულ გარდაქმნებს, გნებავთ, - სულიერს და გნებავთ – მატერიალურს. ის კი არა და, შუა საუკუნეებში უფრო მეტი საფუძველი არსებობდა ამ გარდაქმნებისათვის, ვიდრე დღეს, ჩვენს საუკუნეში.
"ევროპის დაბადების" შექმნით მხცოვანმა მეცნიერმა (ლე გოფი 80 წლისაა) დიდი ხნის ნატვრა აისრულა. მან შეძლო, მკითხველი იმაში დაერწმუნებინა, რომ, მიუხედავად მრავალრიცხოვანი სამეცნიერო გამოკვლევებისა, შუა საუკუნეების ისტორიისა და, საერთოდ, ამ პერიოდის მნიშვნელობა არასწორადაა ინტერპრეტირებული. კერძოდ, სამეცნიერო ლიტერატურის დიდ ნაწილში შუა საუკუნეებს გარდამავალ, ე.წ. ტრანზიციის (და არა ფორმაციის) პერიოდად მოიხსენიებენ. შესაძლოა, ამ არასწორი ინტერპრეტაციის ბრალიცაა ის უცნაური ფაქტი, რომ დღეს უფრო ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ მეორე საუკუნის რომი, ვიდრე მე-11 საუკუნის ლონდონი.
სხვათა შორის, ცნობილი ისტორიკოსი მარკ ბლოკი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ შუა საუკუნეები ჩვენი საუკუნის სარკეა. თუმცა ამ შეფასების დროს მეცნიერი უფრო ჩვენი ყოფის უარყოფით მხარეებზე აკეთებს აქცენტს. ამ მხრივ ლე გოფის მოსაზრებები უფრო ზომიერია.
"ევროპის დაბადება" ერთდროულად ხუთ ენაზე ითარგმნა და უკვე საკმაო პოპულარობა მოიპოვა.
შუა საუკუნეები იყო შემოქმედებითი გონის აღზევების, სიახლეთა დამკვიდრებისა და უჩვეულო პროგრესის პერიოდი, - წერს ლე გოფი თავის ნაშრომში. ეს წიგნი მხოლოდ კონკრეტული პერიოდის ისტორიული შეფასება როდი გახლავთ. ნაშრომი მკითხველს დაეხმარება საკუთარი თავი მსოფლიოსა და დროის კონტექსტში მოიაზროს. საქართველოს ისტორიის მაგალითზე ეს ნამდვილად ასეა.


მაიკლ დრენი, "ჯანგო" (ბოშათა ლეგენდის ცხოვრება და მუსიკა)
Django The Life and Music of a Gypsy LegendBy Michael DregniOxford University Press, 326 გვ.


მაილსს რომ ახსენებენ, ჯაზური მუსიკის მოყვარულებმა უკვე იციან, ვიზეცაა ლაპარაკი. ეს "ჯაზის პიკასოდ" ცნობილი მაილს დევისი გახლავთ. ასეა ჯანგო რენარის შემთხვევაშიც. საკმარისია, წარმოთქვა უბრალოდ ჯანგო და ამ სახელის მაგიური ზემოქმედების უნარს მყისიერად შეიგრძნობ და დაემორჩილები, ისევე როგორც მის საოცარ მუსიკას – ჯაზურ რიტმებთან შერწყმულ მღელვარე ბოშურ მელოდიებს.
XX საუკუნის 30-იანი წლები პარიზელ მელომანებს იმითაც დაამახსოვრდათ, რომ აქ ხშირად ჯანგოსა და მევიოლინე სტეფან გრაპელის კვინტეტი მართავდა კონცერტებს. კვინტეტის დახვეწილი შესრულება პირდაპირ გულებს უთბობდა მსმენელს. სულ მალე კვინტეტმა ამერიკელ ჯაზმენებს გადაუსწრო და ჯაზის მუსიკალურ ლექსიკონში ბოშური მუსიკალური ელემენტები გაჩნდა.
"ჯანგო: ბოშათა ლეგენდის ცხოვრება და მუსიკა" – ასე ჰქვია წიგნს, რომლის ავტორია მუსიკათმცოდნე ჟურნალისტი მაიკლ დრენი. წიგნში ბიოგრაფიული ფაქტები ლაღი ბოშური ცხოვრების ხიბლშია გახვეული. ამასთან, ეს საქარავნო ცხოვრება, გარედან ესოდენ ლამაზი და მიმზიდველი, ფათერაკებითა და ტრაგიზმითაა სავსე.
ჯანგო რენარი 1910 წლის 23 იანვარს დაიბადა. მამა მუსიკოსი იყო, დედა შესანიშნავად ცეკვავდა. ჯანგოც ბავშვობიდან გამოირჩეოდა თავისი მუსიკალურობით. სულ პატარა იყო, სმენით რომ ისწავლა ვიოლინოზე დაკვრა. 19 წლისა უკვე ვარსკვლავად იქცა. მაგრამ მერე დიდი უბედურება დაატყდა თავს. მოხეტიალე ფურგონში გაჩენილმა ხანძარმა ლამის ჯანგოს სიცოცხლე შეიწირა. სასწაულად დაძლია ბედისწერის განაჩენი - ფეხის ამპუტაციაზე უარი განაცხადა, დადამბლავებული ხელით კი იმდენი ქნა, რომ გიტარაზე დაკვრა მაინც შეძლო. როცა საავადმყოფოში მოსანახულებლად მისულმა ძმამ ახალი გიტარა აჩუქა, მან ინსტრუმენტი ისე გადააწყო, რომ მხოლოდ ორი თითით მოეხერხებონა სასურველი აკორდების აღება. ამ უნიჭიერესმა მუსიკოსმა ფაქტობრივად ახალი სააკორდო ფორმები და ახალი ჯაზ-გიტარა შექმნა. თავადვე გააკვირვა საკუთარმა ნებისყოფამ. ასე დაიბადა ხელახლა მუსიკოსი, რომლის თავისუფალი ჰანგებიც მოგვიანებით ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პარიზს იმედითა და რწმენით დაჰბერავდა ხოლმე.
ჯინ რენარი – ასეთია მისი ნამდვილი სახელი (ზოგჯერ მის სახელს რეინჰარდტად კითხულობენ ხოლმე). ჯანგო მისი ბოშური მეტსახელია, და ნიშნავს – "მე გავიღვიძე".


© “წიგნები - 24 საათი”

No comments:

Post a Comment