თბილისური კრიმინალის აედი
აკა მორჩილაძე, Maid in Tiflis. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2007.
აჰა! - ქართულ ლიტერატურაშიც გაჩნდა რომანი, სადაც მოქმედების ნაწილს წიგნები წარმართავენ და ბიბლიოთეკა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პერსონაჟები. ამიერიდან ჩვენცა გვაქვს ჩვენებური “ვარდის სახელი” და შეგვიძლია გადავიღოთ “მეცხრე კარიბჭე”.
მაგრამ მეეჭვება, აკა მორჩილაძის რომანში Maid in Tiflis სწორედ წიგნის თემა იყოს წამყვანი. თუ ეკოსა და პერეს-რევერტესთან (უფრო კი პოლანსკისთან) წიგნის მიგნება, ფორმალურად მაინც, პერსონაჟთა ძირითადი მიზანია, აკა მორჩილაძე ატრიზავებს ამ მოტივს. წიგნი აქ სულაც არ არის მიზანი. წიგნებს არც მიგნება სჭირდება, რადგან ყველა გამოფენილია, საოჯახო ბიბლიოთეკაში ძევს. მარტო ერთია დამალული და, როგორც ბოლოსკენ აღმოჩნდება, მასაც იგივე დატვირთვა აქვს, რაც ყველა დანარჩენს.
წიგნებისადმი აკა მორჩილაძის პერსონაჟთა დამოკიდებულება უაღრესად ქართულია: მათ არ კითხულობენ. ხომ ვიცით, რომ ოჯახებში წიგნების უმეტესობა არ გადაუშლიათ. მით უმეტეს, ძველი, საბჭოთა დროს გამოცემული და ნაგროვები წიგნების. მაშ რაღას ყიდულობდნენ? არავითარი ენიგმა აქ არ არის. წიგნი – კაპიტალია, “დაგროვების საშუალება”. გაგიჭირდება – გაყიდი. ყოველ შემთხვევაში, ეს პასუხი აქვს აკა მორჩილაძის პერსონაჟს, კოლია მოგელაძეს, რომელიც კარგა ხნის მკვდარია.
აი, რა არის Maid in Tiflis-ის მთავარი თემა: მკვდრების, აჩრდილების, თან მყოფთა და თან არმყოფთა ძალა. მათი გავლენა ცოცხლებზე, მათი დიქტატი, უნარი, გმართონ, გამოქმედონ, გაგართონ ან სიცოცხლე გაგიმწარონ საიქიოდან. მაგრამ მთავარი თემის დადგენაც რომ ძალიან საეჭვოა? წიგნში გაცილებით მეტ თემასა თუ მოტივს დაძებნი.
აკა მორჩილაძის რომანები და მოთხრობები ორ პირობით ნაწილად შეიძლება დავყოთ: პირობითი ისტორია ხშირად “ზუსტი” დროით, მოგონილი ამბებით, ზოგჯერ მოგონილი ადგილებით და ასეთივე თანამედროვეობა. ეს უკანასკნელი კი აკა მორჩილაძესთან არ არსებობს კრიმინალის გარეშე. ის არის აედი ქართული კრიმინალისა, რომლის ხელში დაიბადა, იზრდება და აგრძელებს განვითარებას ახალი ქართული სახელმწიფო, პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადოება. ამ ციკლის სათავეში დგას “მოგზაურობა ყარაბაღში” (გახსოვთ, არა, როგორც იწყება: აქ ომი იყო თუ რაღაც, რაც ჰქვია – აი, ის რომ გაიქცა და მერე რომ...). სრულდება კი ციკლი ჯერჯერობით ამ რომანით, Maid in Tiflis.
მოდი ახლავე ვთქვათ, რომ სათაურის გაშიფვრა ბევრს არაფერს მოგვცემს: maid წარმოითქმის როგორც made და ნიშნავს ქალწულს ან შინამოსამსახურეს. მოკლედ, ნაცვლად დამზადებულია (ან: მოგონილია, შედგენილია) თბილისში ხელთა გვაქვს ქალწული თბილისში. სლვაჲ ესე, ალბათ, უნდა გავიგოთ, ვითარცა მკითხველის შემზადება ცრუმოძრაობების, ირონიისა და ლიტერატურული თამაშისათვის, რაც რომანს მართლაც არ აკლია. თითქმის იგივე და ცოტა მეტი ფუნქცია აქვს წიგნის 12 თავს ეპიგრაფად წამძღვარებულ ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის ტექსტებს, რომანისტის თავისუფალ თარგმანში...
კრიმინალს დავუბრუნდეთ. თუ აკა მორჩილაძის ადრეულ რომანებსა და მოთხრობებში ის იყო ცოცხალი, ხელშესახები, მჩქეფარე - ახლა რაღაცნაირად დაკრისტალებულია, თითქმის უხილავი, ბოროტი ნატვრისთვალია, რომელსაც ყველაფერი ძალუძს. ვგულისხობ, ამ რომანში, რაც უნდა, ყველაფერს აღწევს.
ამ ორი სერიოზული მოტივის – აჩრდილთა ძალაუფლებისა და კრიმინალის კვეთა წიგნში ზოგან ძალიან სასაცილოც შეიძლება იყოს. კოლია მოგელაძის შვილიშვილს, პლეხანოველ მოგელას ბებერი ქალაქელი ბანდიტები აკითხავენ, ბაბუაშენს განძი ჰქონდა ეზოში დაფლული და იქიდან წილი გვეკუთვნისო. უკაცრავად ვარ მოუქნელი შედარებისთვის: მოგელას სტუმრების ეპიზოდი შორეულად მაგონებს შალვა რამიშვილისა და გია ჭანტურიას დარდუბალას, მაიკლ ჯექსონის ცნობილი კლიპის პაროდიას, დაფხავებული ინვალიდი ვამპირები რომ ამოდიან მიწიდან და ეშვიან შევარდნაძესთან ცეკვავენ.
პლეხანოველ მოგელას სახელი არ აქვს. მის მეგობარს და სრულიად ასიმეტრიულ alter ego ბარნოველ ლევიკოს არ აქვს გვარი. მოგელას ქალს არც ერთი აქვს და არც მეორე. მას ქმარი გაუქრა, სამაგიეროდ დარჩა ავსტრიაში მცხოვრები მამამთილი (ხო ხვდებით უკვე, ვინც იქნება), რომელიც შვილის სიკვდილს არ იჯერებს და სურს, მთლიანად მართოს რძლის ცხოვრება. ის თითქმის არ ჩანს, მაგრამ სულ მოქმედებს. ბარნოველი ლევიკო მკვდარია, ბოლოშიღა მივხვდებით (ისიც არა დანამდვილებით), რამ მოკლა, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ასევე გამუდმებით მოქმედებს და ცოცხლად დარჩენილ ძმაკაცს აიძულებს, წიგნებს დააკვირდეს, კანაფით დაბინდული ტვინი გაანძრიოს და თვითონაც გაინძრეს. აკა მორჩილაძეს ძნელი საქმე გამოსდის: წიგნიერი, განათლებული, მომხიბლავი ბიჭი საბოლოო ჯამში აფერისტია, ხოლო უსაქმური ნარკომანი კი – ძალიან სიმპათიური პერსონაჟი. მისი ინერტულობა და ჩემთვის უწვდომელ სივრცეებში განრინება – ეს თბილისის ბრალია, ქალაქის, სადაც ვერაფერი ხარობს და ადამიანებიც თანდათან ქრებიან.
თორემ ჰოლანდიაში, სადაც თბილისს თავდაღწეული მოგელა და მისი ქალი გაიცნობენ ერთმანეთს... რომანის ეს თავი, მგონი, 21-ე საუკუნის ჯერჯერობით მთავარი ცელქობაა ქართულ ლიტერატურაში. გულწრფელი, სენტიმენტალური და რომანტიკული Love Story მოთხრობილია ენითა და აქცენტით, რომელიც განუხრელი ირონიის საგანია სრულიად აღმოსავლეთ საქართველოში. ჩარლზ ჩაპლინი იხსენებს, როგორ წარმოთქვა ანა პავლოვას სადღეგრძელო ვითომ ჩინურ ენაზე, რადგან ღარიბი ინგლისური ენა ვერ აუვიდოდა მის გრძნობებს. ეგებ თბილისური დიალექტი, რომელიც საფუძვლად უდევს ქართულ სალიტერატურო ენას, მართლა უძლურია სიყვარულის აღსაწერად და ამისთვის იმერული დიალექტი უნდა გამოვიხმოთ? აკა მორჩილაძის დიდოსტატური ოპუსი და უსაზღვრო ენობრივი არტისტიზმი პასუხს თუ არა, ამ კითხვას ნამდვილად გაგიჩენთ.
Maid in Tiflis-ში არის კიდევ ერთი თავი, რომელიც გაგახსენებთ, რომ აკა მორჩილაძე გახლავთ ისტორიკოსი გიორგი ახვლედიანი. ის თან მოგვითხრობს და თან მსჯელობს ქართული ხასიათისა თუ ქცევის ორ, ვთქვათ რბილად, თავისებურებაზე, რომლებიც დამპყრობელთა ორმა სატრაპმა – ხოსრო მირზამ, იმავე როსტომ მეფემ და ლავრენტი ბერიამ შესძინეს ქართველებს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ თითოეული ეს თვისება – თრიაქის წევა და უცხო ქალების სიყვარული – გახლავთ “მაკოორდინირებელი შტრიხი” პლეხანოველი მოგელასა და ბარნოველი ლევიკოსათვის. წავიკითხავთ რა (არ მეშინია ამ სიტყვის) მის ბრწყინვალე ესეს, უთუოდ გავიფიქრებთ, რომ აკა მორჩილაძე აღარ არის მარტო მწერალი. ის არის მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
© “ცხელი შოკოლადი”
No comments:
Post a Comment