Sunday, September 14, 2008

შოთა იათაშვილი

მუტანტური "ვირის აპოლოგია"


ზაზა ბურჭულაძე, სახარება ვირისა (რომანი). გაგა ლომიძის კომენტარებით. თბ. "ლოგოს პრესი", 2004.


დახედავს წიგნს რიგითი მკითხველი და ხელად აღშფოთდება: "ესეც მორიგი მკრეხელობა!" და აბა სხვა რა ჩარაა, თუკი წიგნს "სახარება ვირისა" ჰქვია გულისსახეთქად და ავტორიც ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური პროზაიკოსი ზაზა ბურჭულაძეა? ყდას გადაშლი, თავფურცელს დახედავ და წერია: სახარება ვირისა გაგა ლომიძის კომენტარებით. და, ცხადია, რისხვაც მატულობს: ესღა გვაკლდა: გაგა ლომიძე - იოანე ოქროპირი!
მაგრამ თუ არ ვიჩქარებთ შეფასებაში, სამჯერ პირჯვარს გადავისახავთ, "ფუი ეშმაკს" და "ჯვარი აქაურობასა"-ს ვიტყვით და კითხვას შევუდგებით, აღმოჩნდება, რომ სკანდალური ავტორის ეს წიგნი გაცილებით ნაკლებადაა სკანდალური და პრინციპში სათაურს თუ არ ჩავთვლით, სკანდალურობის ბევრი არც არაფერი სცხია: წიგნი სკანდალური კი არა, კულტუროლოგიურია. ადამიანის პირით ამეტყველებული ვირი, მსგავსად ბალაამის ვირისა (წიგნს ეპიგრაფად სწორედ ეს ბიბლიური ისტორია უძღვის), კაცობრიობის წინაშე თავისი დიდი ღვაწლის წინაშე მოუთხრობს მკითხველს. და ნელ-ნელა ჩვენს წინაშე მდიდარი პანორამა იშლება: ანტიკური ხანიდან მოყოლებული დღევანელობამდე, სხვადასხვა რელიგიური თუ ლიტერატურული გამოცდილების მქონე ვირები ერთ კრებით სახეში ერთიანდებიან და გვაჯერებენ, რომ მხოლოდ თანამედროვე, გაუხეშებულ და გაყალბებულ "ვირულ ეპოქაში" მოხდა მათი პოზიტიური ხატისა თუ ანიმალისტური მისიის ნეგატიურით შეცვლა.
ტექსტი დაძეძგილია კულტუროლოგიური იმიჯებითა თუ მინიშნებებით, მაგრამ ვინაიდან საქმე მაინც მხატვრულ ნაწარმოებთან გვაქვს და არა კულტუროლოგიურ გამოკვლევასთან, ზაზა ბურჭულაძე არ ცდილობს იყოს მთხრობელი ლექსიკონური ინფორმაციისა და სწორედ ამიტომ ხდება აუცილებელი კომენტარები, სადაც ინაცვლებს ის, რასაც სტრიქონებს შორის გულისხმობს ავტორი. თუმცა ეს კომენტარები მხოლოდ და მხოლოდ "ვიროლოგიური" სახიათის არაა, ძალიან გამოწვლილვითაა და, ჩემი აზრით, ჭარბ ინფორმაციასაც შეიცავს ოდნავ მაინც განათლებული ადამიანისათვის.
მოკლედ, ბალაამის ვირი, იესოს ვირი, აპულეუსის ვირი, ხიმენესის ვირი... ვტრიალებთ ამ უცნაურად საინტერესო სამყაროში და ამავე დროს, საიდან სადაო და, გალაკტიონის სახე, გალაკტიონის თემაც ჩნდება ნაწარმოებში. ჯერ თავიდანვე, ავტორი ყვება, თუ როგორ შეიტყო ლიტერატურულმა სამყარომ, მისმა სამეგობრომ, რომ იგი გალაკტიონზე წერს რომანს და როგორაა შეწუხებული ამ ფაქტისადმი გადამეტებული ინტერესით. არადა, ის გალაკტიონზე კი არა წერს, ის გალაკტიონით (ხაზგასმა ჩემია. შ. ი.) წერს და მორჩა. ცოტა მოგვიანებით მთხრობელი ვირი ყვება, როგორ გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი და როგორ უბრძანა, გალაკტიონით ემეტყველა: ყოველივე ეს ინტრიგას ზრდის. მკითხველი ელის, რომ ნელ-ნელა "სახარება ვირისა" გალაკტიონის ენით დაიწყებს მეტყველებას და არა იმ ღვლარჭნილი, ჩიქორთული ქართულით, რომლითაც აქამდე მეტყველებდა. გაჩნდება გალაკტიონისეული სიმბოლიკა, სახეობრივი აზროვნება და ა. შ. - გაჩნდება რაღაც ფორმით: სტილიზებულად, პაროდიულად, გულისა და სულისმიერად თუ ვინ იცის, როგორ, მაგრამ გაჩნდება.
და აი, პირველი პასაჟი: მოზრდილი სქოლიო, სადაც დეტალურადაა განხილული "ლურჯა ცხენები" და კეთდება დასკვნა, რომ პოეტი ლექსში თავის თავს აიგივებს იესო ქრისტესთან, ხოლო ლურჯა ცხენების ადგილას იგულისხმებიან ლურჯა ვირები. უბრალოდ, გალაკტიონმა რატომღაც არ ისურვა საიდუმლო ბოლომდე გაეხსნა. ამ მცირე გამოკვლევის სხვადასხვანაირი აღქმა შეიძლება: ერთმა შეიძლება უბრალოდ გულიანად იცინოს ამაზე, მეორე აღშფოთდეს, მესამემ კი თემურ დოიაშვილს ამ სქოლიოს ალმანახ "გალაკტიონოლოგიის" შემგომ ტომში დაბეჭდვა ურჩიოს. ყოველ შემთხვევაში, "ლურჯა ცხენების" "ვირული ანალიზით" კიდევ უფრო იზრდება ამ აპოკრიფული "სახარების" გალაკტიონიზაციის მოლოდინი.
მაგრამ წიგნის ესთეტიკა გალაკტიონისაკენ სვლას არ იწყებს. უბრალოდ, წიგნის მეორე ნაწილში გალაკტიონი შემოდის, როგორც პერსონაჟი - საბჭოთა მწერლებისა და ოფიციალური მწერლური თუ არამწერლური სტრუქტურების წნეხქვეშ მოყოლილი. კარიკატურული, ფელეტონური ჩვენება მაშინდელი მწერალ-ფუნქციონერების სახისა, ჩემი აზრით, უკვე დრომოჭმული, ათასჯერ დაწერილ-წაკითხული და მოსაწყენი ამბავია. გალაკტიონის სახეც, რომელიც ფაქტიურად მხოლოდ ამ ფუნქციონერ-მწერლებთან კონფლიქტით იხატება (საყვედური: როგორ შეიძლება ხედავდე "სიზმრებს არაჩვენებურს"?), არადამაჯერებელია. თანაც, ნაწარმოების ამ ნაწილის მხატვრული სისუსტე კიდევ უფრო იკვეთება პირველ ნაწილთან და საერთოდ, ტექსტის საწყის იდეასთან შედარებისას. საინტერესო კულტუროლოგიული ძაფი, კულტუროლოგიური ნარატივი მოულოდნელად წყდება, და რისთვის? პრინციპში, არც არაფრისთვის. წყდება და აღარც გრძელდება - ასევე მოულოდნელად, თავმოუბმელად სრულდება.
საბოლოოდ რჩება შთაბეჭდილება, რომ ზაზა ბურჭულაძის ამ ტექსტში მოხდა მუტაცია: ავტორის ცნობიერებაში არსებული ორი დამოუკიდებელი თემა, ორი დამოუკიდებელი რომანის იდეა ერთმანეთს არაბუნებრივად შეერწყა და შედეგად მივიღეთ რომანი-მუტანტი, კულტუროლოგიის და ფელეტონის მახინჯი სინთეზი, ლურჯა ცხენისა და ლურჯა ვირის ნაჯვარი - უნაყოფო ლურჯა ჯორი.
იქნებ ვინმეს გაუჩნდეს კითხვა: იქნებ ეს გააზრებული "ლიტერატურული ვირულობაა" ავტორის მხრიდან? მაგრამ რატომ? ზაზა ბურჭულაძესთან ხომ ვირი და ვირულობა პოზიტივია და არა ნეგატივი! არა... ჩემი აზრით, ესაა, უბრალოდ აკიდებული ტვირთის არავირულად ვერგაქაჩვა, საქმის შუა გზაზე მიტოვება, იდეის ჩაფლავება. თუმცა, იდეაზე კიდევა გვაქვს სალაპარაკო. საქმე ისაა, რომ ეს იდეა, რომელიც ასეთი უცნაური და ორიგინალური ჩანს, ყოველ შემთხვევაში ქართული ლიტერატურისათვის მაინც, სინამდვილეში ქართულ ლიტერატურაში უკვე არსებობს და მაღალმხატვრული ფორმითაც. 1991 წლის "ცისკრის" მე-7 ნომერში გამოქვეყნდა შოთა ნიშნიანიძის პოემა "ვირის აპოლოგია" და ჩემი აზრით, შოთა ნიშნიანიძის ეს გვიანდელი და ნაკლებად ცნობილი ნაწარმოები ერთ-ერთი საუკეთესოა მის შემოქმედებაში. სათაურიდანაც ჩანს, რომ ამ პოემის პათოსი ჩვენს მიერ განსახილველი ნაწარმოების მთავარ სათქმელს ბევრ რამეში ემთხვევა. განსხვავება ისაა, რომ შოთა ნიშნიანიძე ნათლად და გზის აუცდენლად, ბოლომდე მიჰყვა დასახულ მიზანს, და ვინ იცის, ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პოეტური გამოცდილება სწორედაც ამ პოემაში ჩადო! "ვირის აპოლოგია" კომპოზიციურად ისე გამართულია და იმდენად დახუნძლულია სათქმელით, რომ მეტად ჭირს ციტატების დამოწმება. ამას ალბათ აჯობებს ის გადმოვწეროთ, რაც მან პოემას ეპიგრაფად წაუმძღვარა: "О святая ослиность"... მიქელანჯელო
კაბალისტიკაში ვირი წმინდა ცხოველად და სიბრძნის სიმბოლოდაა მიჩნეული.
ჩემი სხეული, ამბოდა წმინდა ფრანცისკი, ჩემივე სულის ვირი ძმა არისო.
ფრანცისკელთა ორდენში შემავალი ბერი ვირის ტყავით უნდა შემოსილიყო და ორდენის წევრებისათვის თხოვნით უნდა მიემართა: ძმებო ვირებო, ვირი ვარ და ვირად მიმიღეთო.
რაკი "ვირის აპოლოგია" პოეტური ნაწარმოებია, იგი კულტუროლოგიური კვლევის ისეთ ხასიათს არ იღებს, როგორც ზაზა ბურჭულაძის "სახარება ვირისა", მაგრამ გაცილებით უფრო უცნაური დამთხვევა ხდება: შოთა ნიშნიანიძესთან, ისევე როგორც ზაზა ბურჭულაძესთან (ანუ პირიქით), ნაწარმოების ფინალში გალაკტიონი შემოდის! დიახ, იქაც და აქაც, ვირების პატივსაცემად და სადიდებლად შექმნილი ნაწარმოებების დასასრულს - გალაკტიონი! ამის გამგონე ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ ბურჭულაძის მხრიდან პლაგიატთან გვაქვს საქმე, მაგრამ მოდით, უფრო დაკვირვებით შევხედოთ ამ საკითხს: წამოიდგინეთ ადამიანი, რომელიც მინიმუმ ერთი წელი აგროვებს "ვირულ მასალას", კრიბავს, ახარისხებს, მხატვრულ ქსოვილში ადგილს უძებნის, ხან იერუსალიმშია, ხან ინდოეთში, ხან საბერძნეთში და ამ დროს აქვე, ცხვირწინ ასეთი შესანიშნავი "ვირული წყარო" ეგულება. განა ასეთ საკმაზს მოაკლებდა თავის წიგნს, მით უმეტეს, რომ რატომღაც გალაკტიონის რელსებზე გადასვლა აუხირებია და აგერ, აქაც უცებ გალაკტიონი ჩნდება... არა, აქ ნამდვილად ინფორმაციის არარსებობას აქვს ადგილი და ამ დამთხვევის უკან კი რაღაც მისტიკა თუ მაგია. ვინ იცის, იქნებ ზაზა ბურჭულაძეში შოთა ნიშნიანიძის მიერ აღწერილი იმ უცნაური კაცის სულია ჩასახლებული, რომელიც "პროფესიით ლიტერატორია, ცხოვრებით - ბედოვლათი, სულით - პოეტი", და რომელსაც
"უყვარდა პოეტები, უყვარდა ძაღლები (უფრო უპატრონო);
უყვარდა ჩიტები (უფრო ბეღურები),
მაგრამ ყველაზე უფრო ვირები უყვარდა,
უყვარდა და ებრალებოდა".
რაც შეეხება გალაკტიონს, ნიშნიანიძესთან იგი სახინკლეში ახალგაზრდა მგოსნებთან დგას და ყვება, თუ როგორ წავიდა ხუთკაციანი დელეგაცია შუა აზიაში, როგორ სცეს დიდი პატივი მასპინძლებმა და იქაური ადათის მიხედვით თავიანთი წმინდა ცხოველის, ვირის რძე დაალევინეს. როგორ გახდა გალაკტიონით დაწყებული რიგ-რიგობით ყველა ცუდად, დელეგაციის ხელმძღვანელმა როგორ დასჭყივლა თავჩაღუნულ და მომჩვარულ ინტელიგენციას: "თქვენ კი შეგარცხვინათ ღმერთმაო და... /… (გვასახელა ძამიკოებო, გვასახელა ქართველები!) / ბოლომდე გამოცალა ვირის რძით გაპიპინებული ჯამი".
ერთი სიტყვით, აქაც კომუნისტი ფუნქციონერის და გალაკტიონის დაპირისპირება... - რა გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი, და რომ არ ვიცოდი, დავურეკე ზაზა ბურჭულაძეს. ველაპარაკე დაახლოებით ის, რაც აქ მოგვიანებით დავწერე და ნიშნიანიძის "ვირის აპოლოგიის" და "ვირის აპოლოგიაში" გალაკტიონის ამბავი რომ ვუთხარი, მართლა ისე სახტად დარჩა, და მერე ისეთი სინანული გამოთქვა, რომ არცოდნის გამო ეს მასალა თავისი რომანისთვის ვერ გამოიყენა, რომ ვირეშმაკობას აქ ადგილი ნამდვილად არ ჰქონდა.
დაბოლოს: მოდით, კიდევ ერთხელ ავიღოთ ხელში წიგნი და დავხედოთ: "სახარება ვირისა". ჰმ! როგორც ვნახეთ, ტექსტი მკრეხელური არ არის (თუმცა ეს ჩვენ გვგონია ასე, თორემ ბევრი მანიაკალურად მონდომებული საკმაოზე მეტ მკრეხელობას მოძებნის, დარწმუნებული ვარ), მაგრამ ადეკვატურია სათაური ტექსტის? შედგა კი "სახარება ვირისა"? ვფიქრობ, რომ ვერ შედგა, თუნდაც იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში მუტანტური ტექსტი მივიღეთ. და ისედაც, აბა დავფიქრდეთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო "სახარება ვირისა". ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ და მხოლოდ იმ სახედრის მონათხრობი, რომელზე მჯდარი იესოც იერუსალიმს შევიდა. ოთხთავის გარდა არსებობს აპოკრიფული სახარებებიც, როგორც ვთქვათ, "თომას სახარება" ან "მარიამ მაგდალინელის სახარება"; ლიტერატურაც ათასწლეულებია, რაც ამ იდუმალ მოვლენებს უტრიალებს, უამრავი დიდი ნაწარმოები შექმნილა ამ თემაზე... და ღმერთმა ნუ ქნას, მწერალი მთავარზე ფიქრს შეეშვას... და ცდილობენ ხოლმე ლიტერატორები, სახარებისეული სხვადასხვა პერსონაჟების თვალით დაინახონ და ახსნან ცხოვრება, ღვაწლი და ორბუნებოვნება იესოსი. აი, ამის ერთ-ერთი მაგალითი: ცოტა ხნის წინ ორ ვარიანტად ნათარგმნი (გიორგი ლობჟანიძის და მანანა გიგინეიშვილის მიერ) ჯიბრალ ხალილ ჯიბრანის "იესო, ძე კაცისა".
იესოს სახედარი კი მართლა ის პერსონაჟია, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში იყო და მისი თვალით დანახული და მის მიერ ბალაამის ვირივით ადამიანის ხმით ამოთქმული, შეიძლებოდა ყოფილიყო ლიტერატურული "სახარება ვირისა". მაგრამ ზაზა ბურჭულაძე ამ გზით არ წავიდა. იგი "ვირის აპოლოგიის" დაწერას შეეცადა, მაგრამ მან არ უწყოდა, რომ "ვირის აპოლოგია" ქართულ ენაზე უკვე დაწერილი იყო...



© ”წიგნები - 24 საათი”

No comments:

Post a Comment