თეთრი ბეღურის ბენეფისი
"ხვალ იქნებ კარგი დღე იყოს" (ლიტერატურული ალმანახი). მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურულ-შემოქმედებითი სახელოსნო. თბ. "ახალი ხელოვნება" 2005.
ამას წინათ საიდანღაც ხელში ჩამივარდა ლიტერატურული ალმანახი სათაურით – "ხვალ იქნებ კარგი დღე იყოს". როგორც სადად და უპრეტენზიოდ გაფორმებული გარეკანიდან და, აგრეთვე, წინასიტყვაობიდან შევიტყე, ალმანახი შედგენილი ყოფილა ქ-ნ მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურულ-შემოქმედებითი სახელოსნოს წევრთა – შვიდიდან თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვთა ნამუშევრებით.
ცოტა უფრო ადრე, თბილისის ერთ ძველ უბანში, დღისით-მზისით, ბუნების პატარა საოცრებას წავაწყდი: ტროტუარზე მოფანტულ რაღაც საკენკს ბეღურები დასეოდნენ და გამაყრუებელი ჟივილ-ხივილით კენკავდნენ; ჩვეულებრივი, ქალაქელი ბეღურები იყვნენ, მაგრამ ერთი მათგანი სრულიად თეთრი, ანუ ალბინოსი გახლდათ; საოცარი კი ის იყო, რომ საკენკისათვის ერთმანეთში კაპასად მოჩხუბარი პატარა ყაჩაღები თეთრ თანამოძმეს არამცთუ არ ერჩოდნენ, პირიქით, განსაკუთრებული რიდით და მოკრძალებით ექცეოდნენ, ყველაფერს უთმობდნენ, ლამის ეფერებოდნენ და ელოლიავებოდნენ, და ისიც ამ პატივისცემას შესაშური ღირსებით იფერებდა. დიდხანს ვერ მოვწყვიტე თვალი ამ იშვიათ სცენას, რომელსაც გუნებაში "თეთრი ბეღურის ბენეფისი" დავარქვი. დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ ბევრს არ უნახავს. მერეღა შევნიშნე, რომ ჩემ გარდა თეთრ ბეღურას ვერავინ ამჩნევდა, თუმცა გამვლელ-გამომვლელი ქუჩას ნამდვილად არ აკლდა. ბუნებრივია, მომინდა ჩემი "აღმოჩენა" ვინმესთვის გამეზიარებინა. ერთი კი შევყოყმანდი, იქნებ არ ღირს-მეთქი, მაგრამ როდესაც ე.წ. თინეიჯერებმა მხიარული ყაყანით ჩამიარეს გვერდით და ბეღურებისათვის მათაც არავითარი ყურადღება არ მიუქცევიათ, ვეღარ მოვითმინე და მივაძახე: შეხედეთ, ბავშვებო, თეთრი ბეღურაა, თუ გინახავთ-მეთქი როდისმე. შეჩერდნენ. მოიხედეს; დახედეს ბეღურებს; უფრო მეტხანს მე დამაკვირდნენ; მერე ერთმანეთს გადახედეს, ხმამაღლა გაიცინეს და გზა განაგრძეს. სიბრალულნარევი მზერა გავაყოლე და ცოტა რომ დამშორდნენ, დავინახე: ერთმა თითი საფეთქელთან მიიდო და დაუსტვინა, სხვებმა კი კვლავ ერთად და ხმამაღლა გაიცინეს. გული მეტკინა, მაგრამ, ცხადია, არა იმის გამო, რომ ასეთი დიაგნოზი დამისვეს, არამედ სულ სხვა მიზეზით, რომლის მიხვედრაც მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს.
მართლაც და, გულსატკენი არ არის განა, ახალგაზრდა ადამიანზე თეთრი ბეღურის ნახვა არავითარ შთაბეჭდილებას რომ არ მოახდენს?! ასეთს ხომ ვერც გადაჯვარედინებული ორი ცისარტყელის ნახვა გააკვირვებს და ვერც თბილისიდან დანახული მყინვარწვერი გაახარებს?! რომ აღარაფერი ვთქვა საინტერესო წიგნზე ან რაიმე გონებამახვილურ მეცნიერულ აღმოჩენაზე თუ მხატვრულ მიგნებაზე. თუკი სინამდვილეს თვალს გავუსწორებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ სულიერებას დღეს ჩვენში უამრავი საფრთხე ემუქრება. ამის საბუთად მხოლოდ ზოგი მათგანის ზოგადი მოხსენიებაც იკმარებს.
უპირველეს ყოვლისა, ესაა ლამის საყოველთაოდ დამკვიდრებული უკიდურესი პრაგმატიზმი, როცა ყველაფრის საზომი მხოლოდ ფული ხდება. ამას მოსდევს ზნეობის საშინელი (თუ სრული არა) დაცემა, რასაც თავის მხრივ დაუფარავად და თითქოს მიზანდასახულად ხელს უწყობს სენსაციებს უზომოდ დახარბებული ტელევიზია თავისი კრიმინალური (ხშირად – პათოლოგიური) სიუჟეტებითა და გამომათაყვანებელი (ხშირად – სისასტიკის დამამკვიდრებელი) სერიალებით. პათოლოგიურია, აგრეთვე, თითქმის მთელი ყვითელი პრესაც თავისი გულისამრევი პროვინციული ჭორებითა და თითიდან გამოწოვილი ფსევდოსკანდალებით. შესაბამისად, დეგრადირებულია გემოვნებაც, რომელსაც ძირითადად წარმართავს ყოვლისშემძლე შოუ-ბიზნესი თავისი ხელოვნურად გაბრჭყვიალებული ვაი-ვარსკვლავებით (კიდევ კარგი, რომ მათ ქართული ასპარეზი ეპატარავებათ და თვალი დიდი რუსეთისაკენ უჭირავთ, სადაც ამ მხრივ კიდევ უარესი მდგომარეობაა და ამიტომ, თუკი შეაღწიეს, მხოლოდ პირის გაღებითაც გარანტირებული წარმატება ელით; скатертью дорога-ო, როგორც რუსები ასეთ შემთხვევებში იტყოდნენ).
არ შემიძლია ცალკე არ შევეხო ჩვენს უბედურად დამახინჯებულ მშობლიურ ენას, რომელსაც ისევ და ისევ პრესა, ტელევიზია და ხელისუფლების ყველა დანარჩენი შტოც მეთოდურად ჯიჯგნის, "აჟღერებს" და "აფიქსირებს"; მაგალითებს რა ჩამოთვლის, მაგრამ ორიოდ, თუთიყუშურად დამკვიდრებულ სიტყვათწყობას აქ მაინც მოვიყვან და მეტით მკითხველს არ შევაწუხებ; აი, ტელეეკრანიდან "საუბრობს" ვინმე მინისტრი: "მე მინდა გითხრათ, რომ ოთხმა პიროვნებამ (ლაპარაკია ყაჩაღებზე) მოახდინა მანქანაში ჩასხდომა და მიმალვა...". ჰა, როგორი ქართულია? და ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია.
უამრავი მწარე სიმართლე შეიძლებოდა თქმულიყო ნარკომანიაზე, მაგრამ ყველაფერი უკვე ათასგზის ნათქვამია და ამ თემას აქ გვერდს ავუვლი. ამის ნაცვლად, უმჯობესია, ორიოდე სიტყვა ითქვას სულიერებისათვის კიდევ ერთი, არანაკლები საფრთხის შესახებ, რასაც კომპიუტერის "ბოროტად გამოყენებას" დავარქმევდი; კერძოდ, მხედველობაში მაქვს ე.წ. ვირტუალური თამაშები, რომლებიც მეფისტოფელივით იპყრობს და ეპატრონება ახალგაზრდების ჯერ კიდევ "ნედლ" სულებს და თითქმის მთლიანად თიშავს მათ რეალობისაგან. თუ რას წარმოადგენს ეს რეალობა რეალურად (ტავტოლოგიისთვის ბოდიშს მოვიხდი) და როგორი უნდა იყოს, რათა აღნიშნულ საფრთხეს წინ აღუდგეს და გაუმკლავდეს, ეს ცალკე საკითხია და მისი გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო დონეზეა შესაძლებელი. ჯერჯერობით კი ყველაფერი უკუღმა მიდის: ყოველ ნაბიჯზე სოკოებივით მომრავლებულ ინტერნეტ-კაფეებში კომპიუტერებთან მიმჯდარი "თინეიჯერების" არაამქვეყნიური (ხომ არა ვთქვა – გამოთაყვანებული) სახეების ხილვა, სხვისთვის არ ვიცი და, პირადად ჩემთვის გულისმომკვლელია და შემაშფოთებელი...
...აი, ასეთი შავი ფიქრები ამიშალა თავში თეთრი ბეღურის, ასე ვთქვათ, ვერდანახულმა ბენეფისმა და მერე ეს მძიმე განწყობა კიდევ დიდხანს ვერ მოვიშორე. მაგრამ არსებობს, საბედნიეროდ, ალბათობის თეორია, რომლის თანახმად ზედიზედ ბევრი "ცუდის" მერე რაიმე "კარგსაც" უეჭველად უნდა მოელოდე. ეს თეორია პრაქტიკულად ხშირად მართლდება ხოლმე და გამართლდა ამჯერადაც: ვგულისხმობ სწორედ იმ ლიტერატურული ალმანახის ნახვას, რომელიც ამ წერილის თავშივე ვახსენე. თვალის ერთი გადავლებაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მივმხვდარიყავი, თუ რა განძთან მქონდა საქმე (ყველანაირად ვეცდები თავი შევიკავო დითირამბებისგან, მაგრამ ჩემი აღტაცება იმდენად გულწრფელია, რომ შესაძლოა მთლიანად ვერც შევასრულო ეს დანაპირები, რასაც, სულგრძელი მკითხველი, იმედია, მაპატიებს).
ალმანახის წინასიტყვაობაში სახელოსნოს ხელმძღვანელი, ქ-ნი მანანა ბეგიაშვილი ამომწურავად გვაცნობს თავისი მოღვაწეობის (სხვა სახელი მის საქმიანობას ვერ დაერქმევა) მიზანსა და მეთოდიკას, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ მეცადინეობა სახელოსნოში მაღალპროფესიონალურ დონეზე წარმოებს, ხოლო მიზანი უაღრესად საჭირბოროტოა და თან შორეულ მომავალზეა გათვლილი. ეს გახლავთ – ბავშვის ფსიქიკაში მხატვრული აზროვნების ჩანერგვა და გაღვივება; ეს გახლავთ – მშვენიერების შეგრძნების გაღვიძება და განვითარება; ეს გახლავთ – თვითშეფასების სწავლება და სათანადო წვრთნა იუმორის გრძნობის მიმართულებით; ერთი სიტყვით, რომელი ერთი დავასახელო, და მაშ გამოდის, რომ სახელოსნოს "მიზანი" კი არა, "მიზნები" ჰქონია, ერთიმეორეზე უფრო გადაუდებელი და სადღეისო. ასეთი სახელოსნო თავისი არსით "სულის გადარჩენის ლაბორატორიაა" და ამიტომ არ საჭიროებს მყვირალა რეკლამასა და ფუსფუსს იაფფასიანი, უდღეური პოპულარობისთვის; საშვილიშვილო საქმე მუდამ უხმაუროდ და დინჯად კეთდება. სასიკეთო შედეგი ასეთი მუშაობისა უკვე "ხელთა გვაქვს"; ამაზე მეტყველებს ალმანახის ნორჩ ავტორთა მიერ ექსპრომტად შეთხზული ხატოვანი თქმები, ორიგინალური სათაურები, პატარ-პატარა სიუჟეტები, რომლებშიც მკაფიოდ ინაკვთება ხალასი ნიჭი, თანდაყოლილი უშუალობა, მომხიბლავი იუმორი, დაკვირვების საოცარი უნარი და კიდევ არაერთი სხვა სულიერი ფასეულობა. ყოველივე ამას ხომ ფაქიზად წარმართვა და ჩამოყალიბება სჭირდება, რასაც კიდევაც იუველირულად ახორციელებს ქ-ნი მანანა.
სულ რამდენიმე ნიმუშს მოვიყვან ბავშვთა შემოქმედებიდან და ამით ალმანახის ღირსებას ნათელი თავისთავდა მოეფინება. აი, მაგალითად, სათაურები: "ცა ყველასია", "ორი ქარი შეხვდა ერთმანეთს" (მეტეო-ცნობა არ გეგონოთ, მხატვრული სახეა); "ჩაიდანი გრიშა"; "გულჩათხრობილი ფეხსაცმელი" და ა.შ. აი, ფრაზები: "თოვლი ღამეში გაიპარა"; "გუბე წევს და ფიქრობს"; "ფიფქებს გზა აებნათ". აი, უკვე აშკარა მხატვრული აზროვნების ნიმუშები: "ნიავმა დაუბერა და გამელოტებული ბაბუაწვერას ბოლო ბუსუსი მინდორს აჩუქა"; "პეპლების ნანადირებ ველზე ზაფხული მისვენებულიყო"... თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ჩვეულებრივი ცელოფანის პარკიც კი – ეს ჩვენი უღმერთოდ დანაგვიანებული საქართველოს ლამის ეროვნულ-ეკოლოგიური უბედურება – ბავშვთა შემოქმედებაში უარყოფით პერსონაჟად ქცეულა. მშვენიერია! სხვა, აბა, რა გვეთქმის!?
ალმანახი საშუალო ფორმატისაა და წვრილი შრიფტით ნაბეჭდ ასორმოცდაათამდე გვერდს შეიცავს, რაც თავისთავად შთამბეჭდავი ტექნიკური მონაცემია. სახელოსნოს უკვე ოცწლიანი წარსული აქვს, მისი ხელმძღვანელის ხელში კი უკვე რამდენიმე თაობის ასობით ბავშვმა გაიარა; და მე მჯერა, რომ არც ერთი მათგანი "თეთრი ბეღურის ბენეფისს" გულგრილად არასდროს ჩაუვლის, ეს კი, ჩემი აზრით, ძალიან ბევრს ნიშნავს.
ამბობენ, რომ მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო; ვინმეს შეიძლება გაეცინოს, რა ამბავია ამდენი "ჩიტებიო", მე კი დაცინვას არც ამჯერად შევუშინდები და სიხარულით გავიხსენებ, რომ ქ-ნ მანანას მოღვაწეობა, საბედნიეროდ, უპრეცედენტო არ არის ჩვენში: მსგავსი სარგებლობა მოაქვს მწერლისა და კინოდრამატურგის ერლომ ახვლედიანის სასცენარო სახელოსნოს, სადაც ახალგაზრდები არა მხოლოდ კინოსცენარების წერაში "იწვრთნებიან"; თითქმის იგივე მიზნებს ემსახურება ცნობილი მთამსვლელის გივი ქართველიშვილის ყოველწლიური საზაფხულო ექსპედიციები, რომლებშიც 12 წლამდე ასაკის ბავშვები არა მხოლოდ ფიზიკურად კაჟდებიან. ალბათ კიდევ არის აქა-იქ ჩემთვის უცნობი ასეთივე კუნძულები თუ ოაზისები, რაც ერთობლიობაში იძლევა უკვე სრულიად მყარ იმედს, რომ ხვალ უეჭველად "კარგი დღე იქნება".
სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ, აბა, როგორ არ ვუთხრათ მადლობა ყველას, ვინც კი მხარს უჭერს ქ-ნ მანანა ბეგიაშვილისა და სხვათა საშვილიშვილო მოღვაწეობას?! ამ კერძო შემთხვევაში არ შეიძლება პერსონალურად არ აღინიშნოს ბ-ნ დათო სიხარულიძის წვლილი, რადგან, მერწმუნეთ, სიტყვიერი მხარდაჭერა ადვილია, "უსიტყვო" კი – "ცოტა" უფრო ძნელი.
ამით დავასრულებდი, მით უფრო, რომ საქებარი სიტყვები აღარც მყოფნის, მაგრამ არა, ერთს კიდევ აუცილებლად ვიტყვი: ალმანახი "ხვალ იქნებ კარგი დღე იყოს" მე მაგონებს ზღაპრულ ზარდახშას, პირამდე სავსეს, თუმცა კი წვრილი და ჯერჯერობით უსწორმასწორო, მაგრამ სამაგიეროდ, ნამდვილი და არა ყალბი და ბრჭყვიალა თვალმარგალიტით.
© “წიგნები - 24 საათი”
No comments:
Post a Comment