Friday, October 10, 2008

კიმ ჰანი





















ედგარ პოს უდიდესი საიდუმლო



ჩვეულებრივი მკითხველისთვის ეს მხოლოდ ასოების დომხალია და სხვა არაფერი - უთავბოლო მწკრივები მთავრული და ნუსხური ასოებისა, რომელთაგან ზოგი სარკისებურადაა გადმოტრიალებული, ზოგი კი სულაც თავდაყირა არის დაყენებული. მაგრამ თავსატეხთა ენთუზიასტებისთვის და იდუმალ შიფრთა ამომცნობებისთვის ნიშანთა ეს უაზრო მწკრივი სხვა არაფერია, თუ არა უდიდესი გამოცანა, რომლის პასუხი 159 წლის განმავლობაში ვერ იქნა ნაპოვნი.
1841 წელს ედგარ ალან პომ ჟურნალ Graham's Magazine შესთავაზა ორი კრიპტოგრამა, რომელთა გაშიფვრა კრიპტოგრაფიული ხელოვნების ფანატიკოსთათვის წმიდა გრაალის ძიებას დაემსგავსა. მეორე მხრივ, პოს ხელოვნების თაყვანისმცემლებს სულ უფრო უძლიერდებოდათ რწმენა, რომ შიფრის ცხრაკლიტულს მიღმა დაფარული იყო იდუმალებით მოცული ანდერძი, რომელსაც მათ "ყორნის" ავტორი სამარიდან უგზავნიდა.
და აი, ერთმა ტორონტოელმა პროგრამისტმა, როგორც იქნა, გასაღები მოარგო საბედისწერო გამოცანას, რითაც, სხვათა შორის, დიდად გაუცრუა იმედი დეტექტივების მოყვარულებს, რომლებმაც უკვე მრავალი წელია თავი დაირწმუნეს - მინიშნება არარსებულ შიფრზე მხოლოდ დახვეწილი მისტიფიკაციააო.
თავდაპირველად საჭიროა აღინიშნოს, რომ როდესაც პომ ჟურნალის რედაქციას კრიპტოგრამები გაუგზავნა, მათი ავტორობა მიაწერა ვინმე უ.ბ. ტაილერს - "ჯენტლმენს, ვისი ტალანტები უღრმეს პატივისცემას იმსახურებს". 1985 წელს დარტმუნტის უნივერსიტეტის ინგლისური სიტყვიერების პროფესორმა ლუის რენზამ გამოთქვა ვარაუდი: უ.ბ. ტაილერი სხვა არავინ არის, თუ არა თავად ედგარ პო და კრიპტოგრამების გაშიფვრით ჩვენ ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის ანდერძს წავიკითხავთო.
თუმცა პროფესორის მტკიცებულებებს არაპირდაპირი ხასიათი ჰქონდა, ისინი მაინც სავსებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რამდენადაც ანაგრამებს და სხვადასხვაგვარ კოდებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პოს შემოქმედებაში. მწერალმა რამდენიმე სტატია მიუძღვნა კრიპტოგრაფიას, ხოლო მისი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მოთხრობა "ოქროს ხოჭო" თავიდან ბოლომდე შიფრის ამოცნობის სიუჟეტურ ღერძზეა აგებული. გარდა ამისა, იმ ქალაქების ძველ სარეგისტრაციო წიგნებში, სადაც სხვადასხვა დროს ცხოვრობდა ან იმყოფებოდა მწერალი (ბოსტონი, ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, რიჩმონდი, ფილადელფია და ბალტიმორი), უ.ბ. ტაილერის კვალი არ მოიძებნა.
დაახლოებით ამავე პერიოდში დიდი მწერლის ანდერძის გაშიფვრის პატივმოყვარე ოცნებამ შეიპყრო იელის უნივერსიტეტის სტუდენტი-ლიტერატურათმცოდნე შონ როზენჰაიმი, ოღონდ პირველ პასუხს მან კი არა, სხვა ამერიკელმა ფილოლოგმა, ტერენც უოლენმა მიაგნო: ორი იდუმალებით მოცული კრიპტოგრამიდან მან ერთ-ერთი ამოიკითხა. ეს აღმოჩნდა საპუნქტუაციო ნიშნების მეშვეობით დაშიფრული ლექსური ფრაგმენტი, რომელშიც საუბარი იყო რაღაც "უკვდავ სიჭაბუკეზე, სტიქიონთა ომის, მატერიის განადგურებისა და სამყაროთა ნგრევის ჟამს რომ არ იმუსრება". უოლენი ფიქრობდა, პო უსათუოდ საკუთარ ლექსს დაშიფრავდაო, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ეს ყოფილა ნაწყვეტი ინგლისელი დრამატურგის, ჯოზეფ ედისონის 1713 წელს დაწერილი პიესისა. ოღონდ როზენჰაიმს (შემდგომში მან დაწერა წიგნი "კრიპტოგრაფიული წარმოსახვა: საიდუმლო დამწერლობის ისტორია ედგარ პოდან ჩვენს დღეებამდე" და სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა ამ თემაზე) ვერაფერმა შეურყია ჯიუტი რწმენა, რომ შიფრის ავტორი თავად პო იყო.
"ედგარ პო კრიპტოგრაფიისა და დაშიფრული წერილების შედგენის ჟინით იყო ატანილი, - მოგვითხრობს ამჟამად უკვე გაპროფესორებული როზენჰაიმი, - ჩემს შრომაში ასამდე გვერდი მივუძღვენი იმის მტკიცებას, რომ სწორედ ის არის შიფრის ავტორი. თავიდან ვცდილობდი, კრიპტოგრამა თვითონ გამეშიფრა, მაგრამ სულ მალე მივხვდი, რომ ვერაფერს გავხდებოდი - იგი ჩემთვის მეტისმეტად კერკეტი კაკალი აღმოჩნდა". მაშინ როზენჰაიმმა დახმარება "კრიპტოგრაფიული ჟურნალის" რედაქციას და ერთ-ერთი კომპანიის პროფესიონალ კრიპტოგრაფებს სთხოვა, მაგრამ ამ თავსატეხზე ყველამ უშედეგოდ წაიმტვრია კბილი - კრიპტოგრამის ცხრაკლიტულს გასაღები ვერავინ მოარგო.
მიუხედავად ამისა, როზენჰაიმი ფარ-ხმალს არ ყრიდა. 1998 წლის 25 თებერვალს თავისი უნივერსიტეტის მხარდაჭერით მან კონკურსი გამოაცხადა. ინტერნეტში გახსნეს სპეციალური საიტი, სადაც კონკურსის პირობები იყო მოცემული - გამშიფრავს 2500 დოლარს ჰპირდებოდნენ.
წლევანდელ გაზაფხულზე, ე.ი. კონკურსის გამოცხადებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, საიტს წააწყდა თავსატეხების მოყვარული პროფესიონალი პროგრამისტი ჯილ ბროზა. იგი 1973 წელს დაიბადა ისრაელში. ბროზა თავისუფლად საუბრობს ხუთ ენაზე და კიდევ სამსა თუ ოთხ ენაზე შეუძლია იკითხოს. ასეთი შთამბეჭდავი ენობრივი ერუდიციის გარდა, ბროზას შესატყვისი განათლებაც აქვს: რამდენიმე წლის წინ იერუსალიმის უნივერსიტეტში მან მიიღო მაგისტრის ხარისხი სპეციალობით "კომპიუტერული ლინგვისტიკა".
პროგრამის გაშიფვრას მან დაახლოებით ორი თვე მოანდომა. ბროზა ამბობს, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, თუ სახელდობრ რა იყო დაშიფრული: "კრიპტოგრაფიის მოყვარულს ის კი არ აინტერესებს, რა შინაარსის ტექსტია დაშიფრული; მისთვის მთავარია, გაიგოს, როგორ არის შიფრი მოწყობილი".
შიფრისადმი მიდგომის შესამუშავებლად ბროზამ თავდაპირველად გადაწყვიტა, რომ ამოხსნა ინგლისურ ენაზე ეძებნა - ედგარ პო ხომ ამერიკელი მწერალი იყო, თანაც პირველ კრიპტოგრამაშიც ხომ სწორედ ინგლისურენოვანი ფრაგმენტი აღმოჩნდა დაშიფრული. შემდეგი ნაბიჯი იყო ვარაუდი, რომ რაც უფრო ხშირად გვხვდება ინგლისურში ესა თუ ის სიტყვა, მით უფრო ხშირი უნდა იყოს კრიპტოგრამაში მისი შესატყვისი. ბროზამ დაიწყო ტექსტიდან შედარებით ხშირი სამნიშნიანი კომბინაციების გამოყოფა, რაც, ალბათ, ინგლისური "the", "and" და "not" უნდა ყოფილიყო. მაგრამ, "ფონს გავედიო", როცა იფიქრა, "ვერ მოგართვესო", უპასუხა შიფრმა. მოგვიანებით გაირკვა, რომ იმ მიზნით, რათა გამშიფრავებისთვის ნიშნების სიხშირის მიხედვით ასოების ამოცნობა გაერთულებინა, კრიპტოგრამის ავტორს (ესე იგი, ალბათ, მაინც პოს) ერთი და იმავე ბგერის აღსანიშნავად რამდენიმე სხვადასხვა ნიშანი გამოუყენებია; ამასთან, რაც უფრო ხშირად იხმარება ასო, მით მეტი ნიშნით არის გადმოცემული იგი. მაგალითად, ასო "e"-ს შიფრში 14 სხვადასხვა ნიშანი შეესატყვისება, ხოლო "z"-ს - მხოლოდ ორი.
მაშინ ბროზამ შეადგინა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც რეალურ სიტყვებს სვამდა შიფრის "სიტყვების" ადგილას. აქედანაც არაფერი გამოვიდა. ბროზამ ინტერნეტში დაიწყო სიტყვათა ისეთი თანმიმდევრობების ძებნა, რომლებიც კრიპტოგრამაში მოცემული ასოთა რაოდენობის შესატყვისი აღმოჩნდებოდა. ძიება უშედეგოდ დამთავრდა.
შვიდი კვირის შემდეგ ჯილ ბროზა პრაქტიკულად მზად იყო დამარცხებას შეგუებოდა, მაგრამ გადაწყვიტა ალალბედზე ბოლო შესაძლებლობაც მოესინჯა. მან შიფრის ყველა განმეორებადი სამნიშნიანი კომბინაციის ადგილას ინგლისური "the", "and" და "not" ჩასვა და ამის შემდეგ, მისივე სიტყვით რომ ვთქვათ, "გასაქანი მისცა ფანტაზიას". პარადოქსია, რომ ამოხსნის ამდენი ლოგიკაზე დამყარებული და მეცნიერული საფუძვლის მქონე მცდელობის შემდეგ, სწორედ ამ ინტუიციურმა ხერხმა დააყენა პროგრამისტი სწორ კვალზე.
23 ივნისს ტექსტი უკვე გაშიფრული იყო. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში როზენჰაიმიც შედიოდა, რამდენიმე თვე შეალია შემოწმებას. ფაქტობრივად, ამოხსნის სისწორე მაშინ ირწმუნეს, როდესაც ბროზას წერილიდან სამი თვის შემდეგ კონკურსის ავტორებმა კიდევ ერთი ანალოგიური ამოხსნა მიიღეს.
სამწუხაროდ, ფრაგმენტის გაშიფვრას არანაირი სულისშემძვრელი აღმოჩენა არ მოჰყოლია. ეს იყო დაუფარავად გრაფომანული პროზაული ტექსტი. როზენჰაიმს, მართალია, საშინლად გაუცრუა იმედი გაშიფვრის შედეგმა, მაგრამ იგი დღემდე დარწმუნებულია, რომ შიფრი თვით დიდი მისტიფიკატორის, ედგარ ალან პოს მიერ არის შექმნილი. "ჩემი აზრით პო რაღაც თამაშს გვეთამაშება, - ამბობს პროფესორი, - ეს არის, ვერაფრით ვერ მივხვდი, რისი თქმა სურდა, როცა ამ უაზრო აბდაუბდას გვიგზავნიდა მზეში მჯდომ ვიღაც გოგოზე". ოღონდ, ამ ახალი საიდუმლოს ამოხსნა, როგორც ჩანს, მომავალ თაობებს მოუხდებათ.



ამოცანის ამოხსნა

(როზენჰაიმის მიერ შემოთავაზებული გაშიფვრით ივარაუდება, რომ ტექსტი შეიცავს დაახლოებით ორ ათეულ ავტორისეულ ან ტიპოგრაფიულ შენიშვნას, თუმცაღა იგი შეცდომების ჩასწორების შემდეგაც ერთობ ბუნდოვანია).

"ადრე გაზაფხული იყო. შუადღის ხვატი იდგა. და თითქოს ნიავის ნელ ქროლვასაც მოჰქონდა თან ბუნების ტკბილი სატანჯველი. სიო სავსე იყო ერთმანეთში არეული ვარდის, […?] და უსურვაზის ველური ყვავილების სურნელით. ეს ნელსურნელება ღია ფანჯრიდან იჭრებოდა ოთახში, სადაც შეყვარებულები ისხდნენ. მზის მცხუნვარე სხივი ეცემოდა ქალწულის ვარდისფრად შეფაკლულ სახეს, რომელიც რომანტიკული წარმოსახვით შეთხზულს ან შთაგონებული სიზმრის ნაყოფს უფრო ჰგავდა, ვიდრე მიწიერ რეალობას. სატრფო სინაზით აღსავსე მზერით შეჰყურებდა ქალწულს, რომლის კულულებს მაცოცხლებელი ზეფირი ეალერსებოდა[…?] და როცა მზის შუქის უხეში შემოჭრა იგრძნო(?), კაცი ფანჯრისკენ გაემართა, რათა ფარდა გაეფარებინა. "არა, არა, ძვირფასო ჩარლზ, - რბილად შეაჩერა ქალმა, - უმჯობესია ცოტა მეტმა მზემ შეგვაწუხოს, ვიდრე სრულმა უჰაერობამ".

The Globe and Mail


© “ლიტერატურა _ 24 საათი”

No comments:

Post a Comment