Saturday, October 11, 2008

ქეთევან ტომარაძე

ათი ამერიკელის გულისფეთქვა


ათი ამერიკელი. ნოველების კრებული. შემდგენელი როსტომ ჩხეიძე, რედაქტორი თამაზ ნატროშვილი, მხატვარი კარლო ფაჩულია. თბ. "მერანი", 2004.


ქართველმა მკითხველმა ახლახან კვლავ იხილა მცირე ფორმის ამერიკული პროზის საუკეთესო ნიმუშები. "ათი ამერიკელი" – ასე უწოდა წიგნის შემდგენელმა, მწერალმა როსტომ ჩხეიძემ კრებულს, რომლეშიც შევიდა ცნობილ სპეციალისტთა მიერ სხვადასხვა წელს შესრულებული თარგმანები. ამერიკული მწერლობის მოყვარულები ინტერესით გაეცნობიან ედგას პოს, სკოტ ფიცჯერალდის, ერნესტ ჰემინგუეის, ტომას ვულფისა და სხვათა ნაწარმოებებს. ზოგიერთ ავტორთან, როგორიცაა მაგალითად, ედუარდ ჰეილი, მათ ქართულ ენაზე პირველად შეხვედრის სიამოვნება ელით.
დღეს, ღია საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ცხოვრების წესის დამკვიდრების ფონზე, დასავლეთისკენ სწრაფვის რთულსა და არაერთგვაროვან პროცესში, წიგნში გაერთიანებული, კარგად ნაცნობი მოთხრობები, შესაძლოა, მკითხველმა სულ სხვაგვარად აღიქვას; ამერიკულ მწერლობაში დამკვიდრებულ ლიტერატურულ მეთოდსა თუ იდეურ-ესთეტიკურ ხედვას სხვა დატვირთვა მიანიჭოს.
თანამედროვეობის თვალსაწიერიდან დანახული, უწინ ნაკლებად ცნობილი, ანდა მხოლოდ წარმოდგენაში არსებული სამყაროს ინტერპრეტაცია ამერიკელ ავტორთა მიერ, ჩვენს დინამიურ და გახსნილ ეპოქაში, მართლაც რამდენადმე განსხვავებულ ემოციურ მუხტს ბადებს და წინა პლანზე წამოწევს ისეთ იდეურ პლასტებს, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში ნაკლებ აქტუალური იყო. აღნიშნული კრებული ამ თვალსაზრისითაც იმსახურებს ყურადღებას და უთუოდ მიიზიდავს ლიტერატურის მოყვარულებს...
გასული საუკუნის სამოციანი წლების მკითხველს კარგად ემახსოვრება "ცივი ომის" ხანაში ამერიკული მწერლობის ზოგიერთი ნიმუშის რუსულ თარგმანებთან ზიარების ნეტარი წუთები. პირველი წარმატებული ცდები, თითქმის იმავდროულად, ქართულ ენაზეც გამოჩნდა. მახვილ თვალს არ გამოჰპარვია, უმთავრესად, ცენზურაგამოვლილ ნაწარმოებებთან რომ ჰქონდა საქმე და ვრცელი კუპიურები ეშხსა და ლაზათს უკარგავდა ავტორისეულ ნააზრევს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ძალზე მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ საზოგადოება მანამდე უცნობი, სრულიად განსხვავებული მწერლური ექსპერიმენტის, სუბიექტური ხედვის, გარესამყაროსთან, საზოგადოებასთან პიროვნული იდენტიფიცირების ორიგინალური ფენომენის მომსწრე გახდა.
სინამდვილის პროეცირების ეს უაღრესად საინტერესო ლიტერატურული ცდები, თავბრუდამხვევი ხასიათების მრავალფეროვნებით, ადამიანის სულში წვდომის უნარითა და მასშტაბებით, გენიალური სისადავითა და მეტაფიზიკური ფანტაზირებისაკენ სწრაფვით, ბევრს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ანდამატივით იზიდავდა.
ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებამ და "აკრძალული ხილის სინდრომისგან" გათავისუფლებამ, შეიძლება ითქვას, სხვაგვარად წარმოაჩინა "ათი ამერიკელიც", რომლის გამოცემაც ლიტერატურული ცხოვრების მოვლენად იქცა.
როსტომ ჩხეიძის შესავალი წერილი, "ბილიკები ჯადოსნურ ტყეში", ამერიკულ მწერლობაზე დამოუკიდებელ ნაშრომად რომ მოიაზრება და ნებისმიერ სამეცნიერო კრებულს დაამშვენებდა, ორგანულად ერწყმის კრებულს. ამასთან, იგი საუკეთესო გზამკვლევია გასული საუკუნის დასავლეთში მოღვაწე ავტორთა შემოქმედებით თავისებურებების, მწერლური ოსტატობის, ადამიანისა და ყოფიერების მოაზრების – ყველა იმ თვისებათა აღქმის პროცესში, რამაც თავის დროზე საბჭოთა მენტალიტეტი საფუძვლიანად შეცვალა და, ფაქტობრივად, სათავე დაუდო ღირებულებათა გადაფასებას.
ეს არის "ტრაგიკული სულისკვეთება", ხან უკიდურესობამდე მიღწეული, ხანაც უფრო შეფარული და ქვეტექსტებში ნაგულისხმევი"... შენიშნავს როსტომ ჩხეიძე კრებულის კომპოზიციურ სტრუქტურაზე მსჯელობისას. ... "სასოწარკვეთა, მიუსაფრობა, ჩიხში მომწყვდეული ადამიანის ამაოება ფარავს ყველაფერს და მოგანატრებს სხვა ამერიკის სურათთა ხილვასაც – ლაღი იუმორის, თავბრუდამხვევი სიხალისის, მახვილგონივრული კომიზმის ემბაზში ამოვლებული ამერიკისა, ლამის გაბმულ სიხარულად რომ მოგვაჩვენებს ქვეყნიერებას. თუმცა მკაფიოდ მაშინაც ვერ შეიგრძნობ, ეს მართლა სინათლეა თუ... მისი ციაგი".
"გაბმულ სიხარულად რომ მოგვაჩვენებს ქვეყნიერებას" – ამერიკული მწერლობის, ზოგადად, კულტურის განაშრევებში განფენილ ამ ზედმიწევნით ადამიანურ თვისებაზე აქცენტირება ამძაფრებს მკითხველის ინტერესს კრებულის მიმართ. კარგად გვიჩვენებს, რაოდენ ტევადი, მრავალმხრივი და მრავლისმომცველია თავად ცნება "ამერიკული ლიტერატურა", მსოფლიო ცივილიზაციის ბედნიერ პირმშოს, გიგანტური ნაბიჯებით მიმავალ გოლიათს რომ მოგვაგონებს.
"რომაელები თავიანთ დროშებს ეთაყვანებოდნენ; დროშებზე კი არწივი ჰქონდათ გამოსახული. ჩვენს დროშას არწივის მხოლოდ ერთი მეათედი – დოლარი წარმოადგენს (ამერიკული ოქროს ათდოლარიანი მონეტა. ქ.ტ.), მაგრამ ამ ნაკლს გაათმაგებული ლოცვით ვივსებთ", ირონიულად შენიშნავდა ედგარ პო თავის ერთ წერილში 1849 წელს.
ევროპა მუდამ შეუნელებელი ინტერესით აკვირდებოდა და სწავლობდა იმ ადამიანთა ყოფასა და ფსიქოლოგიას, რომელთა კერპად ქცეულ სიმბოლოს – დოლარს, ედგარ პო, ამერიკის ერთი ღირსეული შვილი, ასე ზუსტად ახასიათებს და რომლის დიადი ძალმოსილებაც, გარდა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა, არცთუ მცირე, ასპარეზისა, ამერიკულ კულტუროლოგიურ სივრცესაც მთელი სიგრძე-სიგანით განმსჭვალავს.
კრებულში "ათი ამერიკელი" თავმოყრილ მოთხრობებს სწორედ ამ სამყაროში შეჰყავს მკითხველი და ერთგვარად უადვილებს ისეთ ფასეულობებში გარკვევას, რომლებიც დაეხმარება, უკეთ "ჩაწვდეს ამერიკის სულს". შესაბამისად, საკუთარ თავში ხელოვნური, ყალბი დანაშრევები აღმოაჩინოს და ზნეობრიობის შკალაზე მათ სათანადო ადგილი მიუჩინოს.
ადამიანის სულის ფაქიზ მიმოხრას კი სამშობლოს სიყვარულზე უფრო ნაღდი, პოზიტიური, წმინდა და ფასეული რა შეიძლება ასაზრდოებდეს...
ჩვენთვის მანამდე უცნობი ავტორის, მე-19 საუკუნის მწერლის, ედუარდ ჰეილის (Hale) მოთხრობა "უსამშობლო კაცი", რომელიც ჰკრავს და ამთლიანებს "ათ ამერიკელს", მართლაც განუმეორებელია ჭეშმარიტ ღირებულებებში წვდომისა და, ამ პროცესთან უშუალოდ გადაჯაჭვული, ადამიანური დრამის მხატვრული ტრანსფორმირების თვალსაზრისით.
ფილიპ ნოლანის, ერთი ძალზე უცნაური ბედის მქონე ამერიკელის – რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იყო "უსამშობლო კაცი" მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ქვეყანა მისივე იდეალისგან რადიკალურად განსხვავდებოდა და ეწადა იგი სულ სხვაგვარი ეხილა – თავს დატრიალებული უჩვეულო ამბები, ავტორის მიერ სულისშემძვრელ დრამად მოიაზრება. მკითხველის თვალწინ თანდათან მწიფდება ზედმეტი თავდაჯერებითა და ეგოცენტრიზმით შეპყრობილი ადამიანის კატასტროფული პიროვნული მარცხი...
მოთხრობა, მრავალ მწერლურ ღირსებასთან ერთად, ფანტაზირების გასაოცარ ნიმუშსაც წარმოადგენს. ჰეილი გვთავაზობს ისეთ მხატვრულ მოდელს, რომელსაც, სიუჟეტის სიმძაფრითა და ფაბულის უჩვეულობით, ლიტერატურის ისტორიაში, შეიძლება ითქვას, ანალოგი ძნელად დაეძებნება.
შემთხვევითი არ არის ის გარემოება, რომ თამაზ ნატროშვილის მიერ ქართულ ენაზე პირველად თარგმნილ და "ჩვენს მწერლობაში" დაბეჭდილ ამ ნაწარმოებს საზოგადოების შეუნელებელი ინტერესი და მრავალი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა იაქტიურეს და ამავე გაზეთის ფურცლებზე გამოხატეს პირუთვნელი აზრი "უსამშობლო კაცისა" და იმ გულისფეთქვის მიმართ, რომლის ამამაღლებელ და განმწმენდ თავისებურებას ვერავითარი, თუნდაც საზოგადოების კეთილდღეობისაკენ მიმართული, გამოცდილ პოლიტიკოსთა შორს გამიზნული იდეა ვერ ჩაენაცვლება მანამ, ვიდრე ათასობით ადამიანთა სულებში ამაყად იფრიალებს არწივგამოსახული, საუკუნეებგამოვლილი დროშები...
- "ხოლო სამშობლო... ხოლო ეს დროშა (ხელით მანიშნა გემისკენ)... არასოდეს შემოგეპაროს გულში სხვა ოცნება, გარდა იმ ოცნებისა, ემსახურო მას, როგორც გიბრძანეს, თუნდაც ამ სამსახურმა ათასი ჯოჯოხეთი გამოგატაროს. და რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა გაამოს ანდა დაგამციროს, არასოდეს შეხედო სხვა დროშას"... ამ სიტყვებს სასოწარკვეთის მორიგი შეტევის ჟამს წარმოთქვამს ნოლანი – ერთ დროს სამშობლოს უარმყოფელი კაცი.
მაგრამ, ამჯერად, ნოლანის პრობლემას მოვწყდეთ და სხვა ეპოქაში გადავინაცვლოთ. ვნახოთ, რას უმზადებს ბედისწერა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების სხვა სიბრტყეზე მოხვედრილ, მეოცე საუკუნის ამერიკელ მწერალთა ძალისხმევით, ჩენთვის ასე ახლობლებად ქცეულ პერსონაჟებს.
ტომას ვულფის მოთხრობა "დაკარგული ბიჭი", ერთ-ერთი საუკეთესოა მწერლის შემოქმედებაში. ბუნებრივია, რომ კრებულის შემდგენელს, როსტომ ჩხეიძეს, ამ ნაწარმოების მკითხველისათვის კიდევ ერთხელ შეთავაზების სურვილმა სძლია და მას ათ ამერიკელს შორის საპატიო ადგილი მიუჩინა.
ჯერ კიდევ ამ ოციოდე წლის წინ, ამერიკული ლიტერატურის ცნობილმა მკვლევარმა, ციალა თოფურიძემ დაგვაახლოვა ტომას ვულფის უაღრესად სიმპათიურ გმირთან, გროვერთან და სამუდამოდ დაგვიტოვა ყველასაგან გამორჩეული ბიჭის სააქაოდან ნაადრევად, უაზროდ და უმოწყალოდ გაქრობის სევდა.
მწერლის განუმეორებელ სტილსა და ღრმა ფსიქოლოგიზმს უნდა მივაწეროთ ის გარემოება, რომ შოკოლადის დანახვისას უნებლიეთ წარმოგიდგება ტკბილეულობის მაღაზიის ვიტრინაზე ცხვირმიჭყლეტილი ბიჭის, გროვერის სურვილით აღსავსე, დიდრონი თვალები და, ფიქრით იმ ადამიანებს გადაევლები, შოკოლადივით ტკბილ-მწარე ცხოვრების ფიალიდან მცირეოდენი, თანაც დამადლებული ყლუპი რომ ერგოთ; სიცოცხლის წყურვილით პირთამდე სავსენი, "დროის ხილვასა" და ბოლომდე შეცნობას ესოდენ ადრეულ ასაკში, სიყმაწვილეშივე ჯიუტად რომ ცდილობდნენ.
გულისტკივილით კითხულობ გროვერის დედის სიტყვებს, რომელსაც თითქოს ძალზე უჭირს შვილების გარჩევა, მაგრამ მაინც, ვინ იცის, უკვე მერამდენედ შეახსენებს მათ: - ეჭვი არ მეპარება, შესაფერი ჭკუაცა გაქვთ და განსჯის უნარიც... მაგრამ გროვერი! გროვერს ყველაფერი ეგ იმთავითვე ჰქონდაო!..
რატომ იკარგებიან უდროოდ ასეთი ბიჭები, ცხოვრების გარიჟრაჟზე რა კანონზომიერებით, ბედის რა ირონიით იწირებიან... ამგვარ თავსატეხ, მარადიულ კითხვას უტოვებს მკითხველს მწერალი ერთი, თითქოსდა ჩვეულებრივი, ამერიკელი ბიჭის თავგადასავლის მოთხრობისას...
ამერიკელი მწერლის მიერ აქცენტირებულ დილემაში გარკვევას, თითქოს თავის თავშივე რომ შეიცავს პასუხს, დღენიადაგ ათასობით ფიქრებშემოჯარული ადამიანი ცდილობს. დრო ულმობლად მიქრის და, ისევ და ისევ, უმოწყალოდ ქრებიან გამორჩეული ბიჭები, ზოგჯერ კი მთელი თაობები. სახარებისეული ცნებაც, მოყვასის სიყვარული, უკეთილშობილეს ადამიანურ თვისებას რომ შეგვახსენებს, დროის ამ ულმობელ მდინარებაში სულ უფრო მეტი სიმძაფრით იჩენს თავს.
გროვერის მსგავსნი იქნებ ასე უდროოდ იმიტომაც მიდიან იმქვეყნად, რომ მათი დაკარგვით გამოწვეულმა განცდამ მოყვასის სიყვარული კიდევ უფრო გააღრმავოს, ეს გრძნობა არ ჩანავლდეს და არ ჩაიფერფლოს; გოლგოთის აღმართს შემდგარ ღვთიშვილის, გროვერისა და მის სულიერ მოძმეთა ხატმა – მაცხოვრის აჩრდილებად რომ დაგვტრიალებენ თავს – მოყვასის სიყვარული გაუმძაფროს – მათმა ხსოვნამ მძიმე გზასავალი შეუმსუბუქოს...
ამიტომაც შეახსენებს, ალბათ, ასე ხშირად დედა ცოცხლად დარჩენილ შვილებს გროვერს, თავის გამორჩეულ პირმშოს... ტომას ვულფი კი განსაკუთრებული სიყვარულითა და ექსპრესიით გვიხატავს უიღბლო ბიჭის სულისშემძვრელ ამბავს...
"ადამიანური ცხოვრების იმგვარი ნიმუშების მნიშვნელობას რომ ჩაწვდე, რომლებიც იმედს აღგიძრავს და გიბიძგებს, რომ მათ მიბაძო, უნდა გააცნობიერო, ყოველი გენიოსი, ჩენში აღფრთოვანებას რომ იწვევს, მხოლოდ დაოსტატებული მყვინთავია, რომელიც იმ ზღვას დაუფლებია, რომლის მარგალიტებით მოფენილი ფსკერი, უცილობლად, შენც გეკუთვნის" – რალფ ემერსონის მიერ პლატონის, შექსპირისა და მილტონის შემოქმედებით მემკვიდრეობაზე საუბრისას წარმოთქმული ეს სიტყვები თამამად შეიძლება მივუსადაგოთ იმ ათ ამერიკელს, რომელთა მოთხრობები ახალ კრებულში გაერთიანდა. ტომას ვულფი ამ ათეულში, უდავოდ, ერთი იმ სწორუპოვართაგანია, ვინც ღრმად გვახედებს მარგალიტებით მოფენილ, ცხოვრების უკიდეგანო ზღვის ფსკერში და მთელი თაობის ვნებებს თამამად და შეულამაზებლად გამოხატავს.
ამავე სიტყვებთი შეიძლება დავახასიათოთ "დიდი გეტსბის" ავტორიც, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, მწერალი, რომელმაც ტკბილი ცხოვრების აპოლოგიას სასტიკი განაჩენი გამოუტანა.
იმედგაცრუებისა და კრახის განცდის თემას ფიცჯერალდი წარმატებით აგრძელებს მოთხრობაში "ისევ ბაბილონი", რომელსაც მკითხველი კარგად იცნობს ვალენტინა ტატიშვილის თარგმანით. ასე შევიდა იგი "ათ ამერიკელშიც".
"დაკარგული თაობის" ვრცელი გალერეის ერთ-ერთი ყველაზე იმპოზანტური გმირი, ჩარლი, რომელიც მოწიფულობის ასაკში მტკიცედ გადაწყვეტს, საკუთარ ცხოვრებას გეზი უცვალოს, კვლავ ჩადის პარიზში – ღრეობის, ფუქსავატობისა და ბოჰემის ქალაქში, რომელიც ავტორისთვის ბაბილონთან ასოცირდება.
პარიზი, რჩეულ ქალაქთა შორის გამორჩეული, ერთ დროს ჩარლისთვის სამყაროს ცენტრს რომ წარმოადგენდა, სადაც შეეძლო უაზროდ და დაუფიქრებლად ეფლანგა ფული, მოპარული ველოსიპედით კი, შუაღამიდან გათენებამდე, "ვარსკვლავის მოედნის" გარშემო ექროლა სატრფოსთან ერთად, რათა ბოლომდე შეესვა ამქვეყნიური ცხოვრების ტკბილი ნექტარი.
მაგრამ გავა დრო და ჩარლიც "შეძრწუნდება და დაუსტვენს მის წყლულების შემხედვარე". პარიზში ხელახლა ჩასული კარგად ხედავს ერთ დროს მისთვის უსაყვარლესი ქალაქის ნამდვილ სახესა და ყმაწვილკაცობის შეცდომებს, რწმუნდება, რაოდენ დიდია უაზროდ გაფლანგული დროისა და დაშვებული შეცდომების საზღაური. ცხოვრების ულმობელი კანონი ფიცჯერალდის გმირს მხოლოდ მცირეოდენ შანსს უტოვებს, რათა ის იდეალი განახორციელოს, რომლისკენაც შინაგანმა ხმამ და მწარე ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ უბიძგა. პატარა მშვენიერი არსების, ჰონორიას ოცნება, მამასთან ერთად, ერთ ჭერქვეშ იცხოვროს, ერთადერთი იმედიღაა, რომელმაც ჩარლის ძალა უნდა შემატოს და მისი პიროვნული რეაბილიტაცია მოახდინოს.
იმედი ყველაზე ბოლოს ქრება და ჩარლიც ფიქრობს, "ერთ მშვენიერ დღეს კვლავ დაბრუნდება. მთელი სიცოცხლე ხომ ვერ აზღვევინებენ საზღაურს..."
მოთხრობის დასასრულს სინათლის სხივი კვლავ აკიაფდება, ოპტიმისტური აკორდი გაჟღერდება და მკითხველიც იმედის თვალს გაადევნებს ჩარლისა და მთელი მისი თაობის მომავალს. აღსანიშნავია, რომ ფიცჯერალდის მიერ სიცოცხლის ბოლოს შექმნილ ნაწარმოებებში მომავალი კვლავ ეჭვის ქვეშ დგება. იმედის მცირეოდენი ნაპერწკალიც ქრება და უსასოობის განცდა ისადგურებს რომანში "ნაზია ღამე" და მოთხრობების ციკლში "აისის კაკუნი". პიროვნული რღვევის თემას, რომელსაც ფიცჯერალდი ამ ნაწარმოებებით კვლავ უბრუნდება, კრიტიკის სამართლიანი შენიშვნით, ერთგვარ მახედ იქცევა და მწერალი, საბოლოოდ, "მის მიერ დაგებულ მახეში თავადვე ეგება".
მაგრამ მკითხველი ვერასოდეს დაივიწყებს დახვეწილი მანერისა და ნახევარტონების დიდებულ შემოქმედს სკოტ ფიცჯერალდს, ადამიანს, ვინც ასეთი სითბოთი და თანაგრძნობით განგვაწყო ამერიკელთა მთელი თაობისა და მის სიმბოლოდ ქცეული საოცარი პერსონაჟის, ჩარლის მიმართ.
აი, ეს არის ცხოვრება, შეგვახსენებენ ამერიკელი მწერლები და მართლაც, ლიტერატურული შემოქმედება სხვა არაფერია, თუ არა მკაცრი რეალობის მხატვრული პროეცირების ფართე გზებისა თუ ვიწრო ბილიკების უსასრულო ძიება, რაც ასე რელიეფურად გამოიკვეთა ედგარ ალან პოს, სტივენ კრეინის, შერვუდ ანდერსონის, უილიამ ფოლკნერის, ჯერომ სელინჯერის, ჰენრი მილერის ნაწარმოებებში, რომლებმაც "ათი ამერიკელი" დაამშვენა.
მწერალ როსტომ ჩხეიძის პიროვნულ ღირსებასა და მაღალ კულტურაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ გარდა წმინდა ლიტერატურული ფაქტისა, აღნიშნული კრებულის შედგენით, მან სხვა, არანაკლებ კეთილშობილი მიზანი დაისახა. ერთი მხრივ პატივი მიაგო ქართული მთარგმნელობითი სკოლის გამორჩეული წარმომადგენლის, ერეკლე ტატიშვილის ხსოვნას და მკითხველს მის მიერ შესრულებული ედგარ პოს "შავი კატის" თარგმანი შესთავაზა. მეორე მხრივ კი გვიჩვენა, წინამორბედთა მოღვაწეობა რა მყარი საძირკველია იმ საშური საქმის გასაღრმავებლად, რასაც კულტურული ურთიერთობები ჰქვია.
კრებულიდან ნათლად გამოიკვეთა ის გარემოება, თუ რაოდენ დინამიურად ვითარდება ამერიკული პროზის ქართულად თარგმნის ტრადიცია. როგორ იხვეწება დროთა ვითარებაში ქართული მთარგმნელობითი სკოლა, რა სიკეთე შეუძლია მოუტანოს ადამიანის სულიერი გამდიდრებისა და სრულყოფისათვის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურათა ინტეგრაციის ინტენსიურმა პროცესმა.
წლობით დაგროვილ გამოცდილებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ძველი და ახალი პლეადის მთარგმნელთა – ციალა თოფურიძის, ვახტანგ ჭელიძის, პაატა და როსტომ ჩხეიძებისა და სხვათა და სხვათა დამსახურებაა, რომ დღეს, ისევე როგორც მრავალი წლის წინ, მკითხველი ინტერესით ეცნობა ამერიკული მწერლობის ნიმუშებს და ითავისებს ათი ამერიკელის სათუთ გულისფეთქვას, რასაც საკუთარ გულისთქმას სიყვარულით მიუსადაგებს.


© “წიგნები - 24 საათი”

No comments:

Post a Comment