Wednesday, November 5, 2008
ახალი წიგნები (ოქტომბერი, 2007)
ზაზა თვარაძე, “სიტყვები” (სერია “ყველა დროის საუკეთესი ქართული მცირე რომანი”). თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2007.
თუ აქამდე არასდროს გინახავთ ცოცხალი სიტყვები, არ გეჯერათ მათი არსებობის და ვერც კი წარმოგედგინათ, როგორ გამოიყურებიან ისინი, ახლა ისღა დაგრჩენიათ, ზაზა თვარაძის ახალი რომანი გადაშალოთ და ყურადღებით დააკვირდეთ თითოეულ სიტყვას - მერე უკვე თვენზეა, ჰაერში მოტივტივე სხეულებს კვამლს მიამგვანებთ, საპნის ბუშტს, ნისლის ნაფლეთებს თუ რამე სხვა ფორმას მოუძებნით თქვენს გარშემო მოფარფატე ცოცხალ ორგანიზმებს, სხეულებს, რომლებიც ისევე სუნთქავენ, იკვებებიან ჰაერით, როგორც - თქვენ. ალბათ არც მეზობელი ქუჩების ბინებზე შეგიმჩნევიათ წარწერა - “სანეტარო კანტორა”, უფრო მეტიც - არც კი გიძებნიათ ის ადგილი, სადაც ფულზე ნეტარება იყიდება. ჯერ-ჯერობით მხოლოდ წიგნის მაღაზიები შემიძლია გირჩიოთ - იქ ზაზა თვარაძის “სიტყვებს” მოგყდიან. მერე კი უფრო დიდი ნეტარებისკენ წიგნის კითხვისას თავად გაიგნებთ გზას.
ბესო სოლომანაშვილი, “ზამორა (სნაიპერა)”. (მოთხრობები). რედაქტორი ანა ჭაბაშვილი. თბ. “დიოგენე” 2007.
ომი რომ გასართობი საქმიანობა არაა და არც თუ ისე სახალისო თამაშია, ამის მიხვედრას არც განსაკუთრებული გამჭრიახობა სჭირდება, არც საამისო ასაკი და მით უმეტეს, არც იმ მწარე დანაკარგის საკუთარ თავზე გამოცდა, რაც ომის სისასტიკეს მოაქვს თან. თუმცა, თაობები მაინც სხვადასხვანაირად აფასებენ მოვლენებს და ხშირად ერთი და იგივე საგანი განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს. ხანდახან ისეც ხდება, რომ შვილიშვილებს პაპის პაპათა ცოდვები აეკიდებათ ხოლმე, და მერე ყველა ამ ისტორიას ან ფოტოფირი აფიქსირებს, ან ვინმე ჟამთააღმწერელი, ან კიდევ, უბრალოდ, მწერალი იყენებს სათავისოდ. ბესო სოლომანაშვილის წიგნიც სწორედ ამ უკანასკნელის გამოვლინებაა - ორიგინალური, ინდივიდუალური ხელწერის მქონე ავტორის მოთხრობები კიდევ ერთი საინტერესო და საყურადღებო მოვლენაა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში.
ოთარ ჭილაძე, “რკინის თეატრი” (რომანი). მეოთხე გამოცემა. თბ. “არეტე” 2007.
ხშირად ადამიანები არ აღიარებენ შემოთავაზებულ ნორმებს და წინ აღუდგებიან ხოლმე საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ აზროვნებას, თუნდაც ეს პროტესტი უახლოესი ადამიანების დაკარგვის ფასად ექცეთ. მერე ეს დანაკარგი აძლიერებთ, აძლიერებთ, ისე, რომ უძვირფასესის დამკარგავები მაინც მდიდრები ხდებიან - რაც თვალს აკლდება, სულს ემატებაო. ვერაფერს იტყვი - იყო ძე წარსულისა და მამა მომავლისა, მართლაც რომ საპატიო ტვირთია... არანაკლებ დიდი პატივია, იყო ყველა დროისა და თაობის საყვარელი მწერალი, კლასიკად აღიარებული ნაწარმოებების ავტორი. ალბათ, უკვე მიხვდით - საუბარი ოთარ ჭილაძეზეა, მისი “რკინის თეატრის” ახალი გამოცემა კი ისევ ელოდება წიგნის მაღაზიებში ერთგულ მკითხველს.
ლაშა გახარია, “100 ლექსი”. (ლექსები). შემდგენელი როზა ბერიკაშვილი. თბ. „ინტელექტი“ 2007.
მიწაზე დაწერილი და შემდეგ ცაში გადათეთრებული ლექსები, გულში აყვავებული და მერე იქიდან ხელებით ამოყვანილი სიტყვები, ნასათუთარი ენა, რითმებად და რიტმებად ფურცლებზე გადატანილი - ეს ყველაფერი პოეზიის მოყვარულებს ლაშა გახარიას ლექსების კრებულში ელით. “100 ლექსში” ორიგინალური პოეტიკის, განსხვავებული სტილისა და თვითმყოფადი ფორმის ნაწარმოებებია თავმოყრილი - “ტანზელექსებშემოშენებული” ავტორის ყელში “ლექსად ამოსული მეტასტაზები”. წიგნი პოეზიის გურმანებს კიდევ ერთხელ გაახსენებს საყვარელ პოეტს, ახალბედა მკითხველები კი ლაშა გახარიას სახელთან ერთად ლექსწერის მისეულ, ორიგინალურ და განსხვავებულ ფორმას ეზიარებიან.
პიერ გრიპარი, “ბროკას ქუჩის ზღაპრები”. (ზღაპრები). მთარგმნელი მაია ვარსიმაშვილი-რაფაელი. თბ. “აგორა” 2007.
როცა გარშემო ბავშვები გეხვევიან და ზღაპრების მოყოლას გთხოვენ, შენ კი პატარა ონავრების ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აღარც პერო-ანდერსენი-გრიმების მარაგი გყოფნის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხალხური თქმულებებიც ამოწურე, სხვა რაღა დაგრჩენია - თავად უნდა გამოიგონო მხიარული, ჯადოსნური ამბები და პატარები გაახალისო. მერე კი ეს სახელდახელოდ გამოძერწილი ზღაპრები ერთ წიგნად შეკრა და შენი ფანტაზიის ნაყოფი კიდევ უფრო მეტ პატარას გაუზიარო. ასე შეიქმნა პიერ გრიპარის მხიარული თავგადასავლები წყვილ ფეხსაცმელზე, მუტფრის ქუჩის ჯადოქარზე, ყოვლისმცოდნე თოჯინა - სკუბიდუსა თუ ონკანის ფერიაზე. უფრო მეტიც - ონკანის ფერიამ თურმე თვითონაც მოინდომა მეზღაპრეობა, მაგრამ ჯადოსნური ფორმულა დაეშალა და, ახლა წიგნის ბოლოს მიმალული, ბავშვებისგან დახმარებას ელოდება. “ბროკას ქუჩის ზღაპრები” კიდევ ერთი საბავშვო წიგნია ქართულ ენაზე, რომელსაც პატარები ხალისით წაიკითხავენ.
ალექსანდრე სულხანიშვილი, “მოგონებები შეფიცულთა რაზმზე”. თბ. “არტანუჯი”, 2007.
1921 წელს რუსეთისაგან საქართველოს ოკუპაციას მტრის მხრიდან საშინელი რეპრესიები მოჰყვა. დაიწყო საუკეთესო მამულიშვილების დახვრეტა, დევნა, გადასახლება, ქვეყნის დაწიოკება. ქართველი ერის ერთადერთი გამოსავალი პარტიზანული ბრძოლების გაჩაღება იყო, რისთვის მზადებაც ქართველებმა რუსების შემოსვლის დღიდან დაიწყეს. საქმეს სათავეში პოლკოვნიკი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი ჩაუდგა, ხოლო ამ წიგნის ავტორი - ალექსანდრე სულხანიშვილი რაზმის წევრი და ქაქუცას უახლოესი თანამებრძოლი გახლდათ. “მოგონებები შეფიცულთა რაზმზე” სწორედ “შეფიცულთა” რაზმის ბრძოლაზე მოგვითხრობს საბჭოთა ხელისუფლებისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. მოგონებები იმ ცოცხალ ფაქტებსა და მოვლენებზე დაყრდნობითაა აგებული, რომლის მონაწილეც თავად წიგნის ავტორი გამხდარა, და ამდენად, ა. სულხანიშვლის ჩანაწერები ქართველი მკითხველისთვის ისტორიულ წყაროდაც ძვირფასია.
© “ცხელი შოკოლადი”
No comments:
Post a Comment