Thursday, November 6, 2008

მაგდა კალანდაძე

ჯადოსნური პორტალი


ა. ა. მილნი, ”ვინი პუჰი”, ”სახლი ვინის ტყეში”. მთარგმნელი ლამარა თურმანიძე, რედაქტორი ლალი ქადაგიძე. თბ. ”დიოგენე” 2006.


მახსოვს, დილის რადიოინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა ერთ-ერთ იმჟამად მარგინალ პოეტს - ლექსების წერა რა ასაკში დაიწყეთ და ვინმეს გავლენა თუ გქონდათო. პასუხი კიდევ უფრო ნათლად მახსოვს - პირველი ლექსი ვინი პუჰის პოეტური ტალანტის გავლენით დავწერე და მერეც ლექსწერის მისეულ მეთოდს მივმართავდიო - პასუხს კორეპონდენტ-რეპონდენტის თავაზიანი სიცილი მოჰყვა.
იმ ასაკში ვიყავი, რუსულის მასწავლებლები ო’ჰენრის და დრაიზერის კითხვას რომ აძალებენ ბავშვებს, მაგრამ ვინი პუხის თავგადასავალი არათუ წაკითხული არ მქონდა, უშუქობა-უდენობის გადამკიდე მულტფილმისთვისაც არ მომეკრა თვალი. მაშინ ვაფრინე დედა ბიბლიოთეკაში და ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორ კვირაში პირველი ლექსი გამოვაცხვე. იშვიათია წიგნი, რომელსაც ამხელა გავლენა მოეხდინოს ე.წ. ”კოლექტიურ ქვეცნობიერზე” - მახსოვს, როგორ ღიღინებდნენ ვინი პუჰის სიმღერას ლეონოვის ხმის წაბაძვით, ან რა ხალისით ვრცელდებოდა ანეკდოტები ვინი პუხსა და გოჭუნაზე - ბორის ზახოდერისეულმა თარგმანმა და საბჭოთა მულტფილმმა გაბერილი, ღორმუცელა, ნახერხით თავგამოტენილი დათუნია საკულტოდ აქცია.
უცნაურია, მაგრამ ისე მოხდა, რომ სამშობლოში (ინგლისი) და სხვა არასაბჭოთა ქვეყნებში ვინი პუჰი და მისი მეგობრები ჩვეულებრივ, ბავშვებში უფრო იყო პოპულარული და ალან მილნის საბავშვო წიგნს უფროსებისგან ამხელა გაფეტიშება და პერსონაჟებთან თვითიდენტიფიკაცია არ მოჰყოლია. წიგნის ილუსტრაციებიც (ერნსტ შეპარდი) და დისნეის მულტიპლიკაციური ფილმების გმირებიც უპრეტენზიობით და ინფანტილურობით განსხვავდებიან ჩვენთვის კარგად ცნობილი თვითკმაყოფილი ვინისგან, მშიშარა გოჭუნასა თუ ცხოვრებაზე ხელჩაქნეული იო-იოსგან.
სწორედ ორიგინალის მიხედვითა შედგენილი ვინი პუხის პირველი ქართული თარგმანიც. პირველი წიგნი - ”ვინი პუჰი” ინგლისში 1926 წელს გამოიცა და მას მალე დათუნიას ახალი თავგადასავლები - ”სახლი ვინის ტყეში” (1928) მოჰყვა. წიგნები ათი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბისგან შედგება, რომლებსაც ა. მილნი თავისი პატარა ბიჭის, ქრისტოფერ რობინისთვის იგონებდა. მოქმედების ადგილი უღრანი ტყეა - ერთგვარი პორტალი, რომელსაც სხვა სამყაროში გადავყავართ, იუმორით, მზრუნველობითა და სიხალასით დამუხტულ ატმოსფეროში, სადაც თავად ქრისტოფერ რობინი, მისი მეგობარი დათუნია, გოჭუნა, კურდღელი, ჭოტი და სხვა პერსონაჟები ცხოვრობენ.
ქართულ თარგმანში ამ პერსონაჟების ხასიათებს არაერთგან სცდება მათივე ფრაზეოლოგია და ხშირად შინაარსთანაც შეუსაბამოა. მაგალითად, კურდღლის ხვრელში გაჭედილი, აბუზღუნებული ვინი არასოდეს იტყოდა: ”რაკი ასეა, ნუგეში მცეს ამ მწარე დღეში ჩავარდნილ, საცოდავ დათუნიას”, არც თაფლზე სანადიროდ ჰაერში გამოკიდებული წაიღიღნებდა სახელდახელოდ შექმნილ თავის სულელურ სიმღერას ასეთი სიტყვათწყობით: ”მხიბლავს ზეცის მყუდროება, მოლივლივე ლურჯი ფერი”. მსგავსი შემთხვევები ტექსტს საერთო რიტმიდან აგდებს და მკითხველსაც ხელიდან უსხლტება პერსონაჟის გარშემო შექმნილი განწყობა. იკარგება მთლიანობა და ირღვევა ნაწარმოების ის საშუალო ტემპერატურა, რაც მას ერთი ამოსუნთქვით გაკითხებს. ცოტა არ იყოს, დამაბნია გოჭუნას სახელმაც - ვინის განუყრელ მეგობარს წიგნის ქართულ თარგმანში რატომღაც ”დრუნჩა” (ინგ. Piglet) ჰქვია, არადა ქართული საბავშვო ლიტერატურიდან დრუნჩა დღემდე დათვთან ასოცირდება (”დათუნია დრუნჩასა ერბო ერგო თაფლისა...”).
”ვინი პუხი” ის წიგნია, რომელზე მუშაობის დროსაც მთარგმნელი აუცილებლად გადააწყდება სირთულეს, გახდეს წიგნის თანაავტორი და შემდეგ სხვა ენაზე დაწეროს იგი; თვითონვე შექმნას პერსონაჟები - დიდი მოაზროვნე და პოეტი, ღორმუცელა დათვი, რომელსაც ნახერხით აქვს თავი გამოტენილი და თავის ბრიყვულ ფილოსოფიას პრიმიტიული, სასაცილო ლექსიკით აყალიბებს, პრეტენზიული, მშიშარა და ფაცი-ფუცა გოჭი, გამოუსწორებელი პესიმისტი, სკეპტიკოსი იო-იო, დინჯი და მეოჯახე კურდღელი, უღრანი ტყის ბინადრების ავტორიტეტი, დამცველი და ერთგული მეგობარი ქრისტოფერ რობინი, და რაც მთავარია, მთარგმნელმა ტექსტს უნდა შეუნარჩუნოს ის მიამიტური განწყობა და ხასიათი, რომელიც ყველა ამ პერსონაჟს აერთიანებს. გულუბრყვილობა და ნაივურობა - სწორედ ეს არის ა. მილნის ორივე წიგნის ემოციური ფონი, რაც გაიძულებს, გაგეღიმოს ვინის მუქთახორობასა და მუცლის მონობაზე, ჭოტის ძალადნაკითხობაზე, გოჭუნას დაუდევრობასა და იო-იოს უკმეხობაზე; მიამიტურობაა ვინი პუხის ტყის ის ძირითადი მუხტი, რასაც წიგნის კითხვის დროს ამ სამყაროდან გავყავართ და თავს პატარა ცხოველების გვერდით მყუდროდ და დაცულად გვაგრძნობინებს. თუმცა, ისევე როგორც ყველა კარგ წიგნს, ვინი პუხის თავგადასავალსაც ერთი ნაკლი აქვს - ბოლოს ისიც მთავრდება. მაგრამ, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ავტორი არ გვიშვებს უღრანი ტყიდან - მართალია, ვინი პუხი და ქრისტოფერ რობინი ხელიხელჩაკიდებულები მიდიან მათი საყვარელი ადგილიდან და თავგადასავლებიც ამით მთავრდება, მაგრამ რჩება ჯადოსნური პორტალი, რომელიც ყოველთვის, როცა კი მოგვინდება, უკან დაგვაბრუნებს ვინის ტყეში და მისი მორიგი სულელური ჩანაფიქრის განხორციელების მომსწრეს გაგვხდის: ”ორივენი წავიდნენ. მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ და რაც არ უნდა შეემთხვეთ გზაში, აქ, ამ მოჯადოებულ ადგილას, ამ გორაკზე შეფენილ ტყეში პატარა ბიჭი მაინც ყოველთვის ითამაშებს თავის დათუნიასთან ერთად.”



© “ცხელი შოკოლადი”

No comments:

Post a Comment