Thursday, November 13, 2008

ახალი წიგნები (ოქტომბერი, 2007)

ამელი ნოტომბი
”არც ევა, არც ადამი.”
Amélie Nothomb
”Ni d'Eve ni d'Adam”
244 გვ. Albin Michel.



კულტურული შოკი ქვეყნისგან, სადაც ბავშვობა გაქვს გატარებული; ლინგვისტური, გასტრონომიული და ფსიქოლოგიური შეუთავსებლობა ქალაქთან, რომელიც, ფაქტობრივად, შენი მშობლიური ქალაქია... ცოცხალი რვაფეხები - საუზმედ, მხოლოდ იმიტომ, რომ სამეტყველო ღრუ დაკავებული გქონდეს და შენთან ურთიერთობა ვერ შეძლონ ადამიანებმა, რომლებთან ერთადაც ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარე... ამავე დროს კი იყო ქალი, რომელიც უყვართ, რომელსაც უყვარს; გქონდეს თვითირონიის მოჭარბებული დოზა და ხანდახან გულუბრყვილო რომანტიკოსსაც აცოცხლებდე საკუთარ თავში - ეს იმ ემოციებისა და განცდების მხოლოდ მცირე ნაწილია, რაც ბელგიელი მწერალი ქალის ახალი წიგნის წაკითხვისას გელით. როგორც მოსალოდნელი იყო, ამელი ნოტომბთან სამყარო ისევ აღმოსავლეთიდან იწყება - იქიდან, საიდანაც მზე ამოდის.


უილიამ ტრევორი
”თაღლითობა კანასტაში”
William Trevor
”Cheating at Canasta”
232 გვ. Viking



კანასტა ბანქოს ერთგვარი თამაშია. ყველა თამაშს კი, როგორც ვიცით, საკუთარი წესები აქვს. მაგრამ ხშირად ხდება, რომ შენს გაცურებას ცდილობენ, გატყუებენ, ბანქოს თავის ნებაზე აწყობენ და მერე ჩაწყობილი მასტებით გეთამაშებიან - ასეთ დროს უკვე წესები ვეღარ მუშაობს, მწყობრიდან გამოდის. ამ წიგნში ბანქოს გარდა სხვა ბევრ ისეთ ნივთსაც გადააწყდებით, რომლებსაც თავისი დანიშნულება კარგა ხნის წინ აქვთ დაკარგული, სახელები - დავიწყებული და შესაბამისად რაობა-როგორობაც - განუსაზღვრელი. აქ უილიამ ტრევორის ირლანდიაა - თამაშით წესების გარეშე და სავსე - უსარგებლო, მწყობრიდან გამოსული ნივთებით.


არტურ მილერი
”თანაარსებობა”
Arthur Miller
” Presence”
164გვ. Viking



როცა ბავშვობა ოჯახური პრობლემებით, დანაკარგებითა და დეპრესიებით დამუხტულ ატმოსფეროში გაქვს გატარებული, ახალგაზრდობის პერიოდი კი ფაშისტური მმართველობის სისასტიკეს დაემთხვა, უცნაურია, რატომ უნდა გაგიჩნდეს ამ ყველაფრის ნოსტალგია წლების შემდეგ, მაშინ, როცა ბოლოსდაბოლოს შენ გარშემო სიმშვიდე და სტაბილურობაა. უცნაურია, მაგრამ სწორედ წარსულის ამ მოგონებებზეა აგებული არტურ მილერის ბოლო წიგნი, მოთხრობების კრებული, რომელიც 2005 წელს, მისი გარდაცვალების წინა პერიოდში დაიწერა. წიგნში ექვსი მოთხრობაა შესული და ამბების ძირითადი ნაწილი ავტობიოგრაფიულია.


მარტინ მოზებახი
”მთვარე და გოგონა”
Martin Mosebach
“Der Mond und das Mädchen”
192 გვ. Hanser



ჰანსს ყველაფერი აქვს ბედნიერებისათვის - წარმატებული საბანკო კარიერა, მშვენიერი საცოლე - ინა, და საკმაო მატერიალური შესაძლებლობა, რომ თავისთვის და თვისი რჩეულისათვის ქალაქ ფრანკფურტის ცენტრში მყუდრო ბინა იქირაოს. ახალგაზრდა წყვილი უზრუნველად ცხოვრობს დიდი ქალაქის ხმაურში, სანამ ინა ერთ მშვენიერ დღეს საძინებელ ოთახში მკვდარი მტრედის სხეულს იპოვის და ნიშნობის ბეჭედიც უკვალოდ გაქრება ბინიდან... ახალგაზრდები თითქოს მოჯადოებულ ფიგურებად გადაიქცევიან, და მათ ბედნიერებასაც საკმაოდ რთული გამოცდა ელით წინ... რომანში ავტორისათვის დამახასიათებელი მსუბუქი ენითა და იუმორითაა აღწერილი ევროპის ერთ-ერთი მეგაპოლისის ბინადართა ცხოვრება; თავად ავტორი კი - მარტინ მოზებახი - წლევანდელი ბიუხნერის პრემიის ლაურეატია.


ჯ.მ. კუტზეე
”შიდა სამუშაოები”
J. M. Coetzee.
“Inner Workings”
304 gv. Viking.



ნობელიანტი მწერალის, ჯ. მ. კუტზეეს ახალმა წიგნმა მისი რომანების თაყვანისმცემლებს ამჯერად იმედი გაუცრუა - ”შიდა სამუშაოები”, არც მეტი, არც ნაკლები - ესეებისა და კრიტიკული წერილების კრებულია. მიუხედავად იმისა, რომ ფართო აუდიტორია მწერალს, როგორც ესეისტს, ნაკლებად იცნობს, ეს ამპლუა კუტზეესთვის სულაც არ არის უცხო. მისი რეცენზიები და მიმოხილვები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ” The New York Review of Books”-ში, და წიგნშიც ამ წერილების დიდი ნაწილია შეტანილი. გარდა ამისა, აქ ნახავთ სხვადასხვა ავტორების ბიოგრაფიებსა და ცხოვრებისეული ეპიზოდების საინტერესო დეტალებს. რობერტ მუზილი, ბრუნო შულცი, უილიამ ფოლკნერი, ფილიპ როთი - კლასიკოსის თვალით წაკითხული კლასიკოსები - ლიტერატურის მოყვარულებს არაჩვეულებრივი საშუალება ეძლევათ, მასტერკლასი გაიარონ ნობელიანტ მწერალთან.


ენ რო
”შელი - პოეტი საკუთარი თავის ძიებაში”
Ann Wroe
“Being Shelley: The Poet's Search for Himself”
464 გვ. Jonathan Cape


მას შემდეგ, რაც ჰაიდ-პარკის კონცერტიდან მიკ ჯაგერმა ასიათასობით პეპელა გამოუშვა მისი ლექსის თანხლებით, მან ჩინეთის სტუდენტურ ქალაქში დაიდო ბინა და მისმა სახელმაც ქვეყნის პრეზიდენტის საინაუგურაციო გამოსვლაზე არაერთხელ გაიჟღერა. მეთიუ არნოლდისგან შეჩვენებული კი ერთ-ერთი რადიკალი ჟურნალისტის კალთას შეეფარა - ”ქუჩის მებრძოლი დემონის” სახელით. მასვე ეძღვნება ჯეიმს ბიერის ბოლო ორტომეული, სადაც ”პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური განხეთქილების პოეტად” არის მოხსენიებული. ვერაფერს იტყვი - შელის მეამბოხე სული მეტად უცნაურ ტრაექტორიებს ხაზავს დროსა და სივრცეში. ამ წიგნის გმირიც სწორედ ეს მოუსვენარი ანგელოზია, თუმცა კი მის შესახებ თხრობისას ავტორი ქრონოლოგიას არ იცავს და ძირითადი აქცენტი ამ მოვლენის მისტიურობაზე, გადააქვს.


© “ცხელი შოკოლადი”

No comments:

Post a Comment