Wednesday, November 12, 2008
მიშელ უელბეკი
მიშელ უელბეკი თანამედროვე ფრანგი მწერალია, რომელსაც პროვოკატორის სკანდალური იმიჯით იცნობენ. მკვეთრად ნიჰილისტური აქცენტები, დროდადრო მორალისტური პოზიციიდან საუბარი, მტკივნეული თემებით მანიპულირება – ეს მისი იოლად ამოსაცნობი ხელწერაა. ბესტსელერი “ელემენტარული ნაწილაკები” (1998), რომელმაც მკითხველი საზოგადოება პოლარულად დაპირისპირებულ ნაწილებად გაყო, ერთგვარ საკულტო წიგნად იქცა. ამბობენ, რომ თანამედროვე ფრანგულმა ლიტერატურამ ახალი ხმა, ახალი ტონალობა შეიძინა. უელბეკის სხვა რომანებიც (“ბრძოლის ველის განვრცობა”, “პლატფორმა”, “კუნძულის შესაძლებლობა” etc.), ისევე როგორც მისი ესსები თუ მცირე ზომის პროზაული ტექსტები, მომხმარებელთა საზოგადოებაში ტაბუირებულ თემებს ეხება – მარტოობას, ცხოვრების აბსურდულობას, სექსუალურ აქტივობასთან დაკავშირებულ სირთულეებს, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობების ბნელ მხარეებს, კულტურის თვალშისაცემ კომერციალიზაციას და ასე შემდეგ.
ესეები შესულია კრებულში “გადარჩენა” (Rester Vivant - 2003).
ფრანგულიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ
გერმანელი
ასე გადის გერმანელის ცხოვრება. ახალგაზრდობაშიც, მოწიფულობაშიც გერმანელი მუშაობს (ძირითადად გერმანიაში). ხანდახან უმუშევარია, მაგრამ უფრო იშვიათად, ვიდრე ფრანგი. წლებს წლები მიყვება და აი, გერმანელი საპენსიო ასაკს აღწევს; ახლა უკვე საცხოვრებელი ადგილის შერჩევაც შეუძლია. რა ქნას - შვაბურ ფერმაში დასახლდეს? მიუნხენის რომელიმე გარეუბანში იყიდოს სახლი? ზოგჯერ ასეც ხდება, მაგრამ უფრო და უფრო იშვიათად. სიღრმისეულ ცვლილებებს განიცდის ორმოცდათხუთმეტ-სამოც წელს მიღწეული გერმანელი. როგორც ზამთრისპირს ყარყატი, ძველი დროის ჰიპი ან “Goa trance”-ის მიმდევარი ისრაელელი, სამოცი წლის გერმანელი სამხრეთისკენ მიემგზავრება. მას ესპანეთშიც აღმოვაჩენთ, ხშირად კარტახენასა და ვალენსიას შორის გადაჭიმულ სანაპიროზე. ზოგიერთი მათგანი – ძირითადად საზოგადოების შეძლებული და უფრო კულტურული ფენიდან – კანარის კუნძულებსა და მადეირაზეც კი შენიშნეს.
ასეთი ღრმა, საბოლოო, ეგზისტენციალური ცვლილება გარშემომყოფებს სულაც არ აკვირვებს. უცხოეთში მრავალჯერ გატარებულმა შვებულებამ კარგი ნიადაგი შეამზადა, ბინის ყიდვის შემდეგ კი სამხრეთში წასვლა თითქმის გარდაუვალი გახდა. ასე ცხოვრობს გერმანელი, ამგვარად ატარებს დარჩენილ წლებსა და თვეებს. ეს ფენომენი პირველად 1992 წლის ნოემბერში აღმოვაჩინე. ალიკანტეს ჩრდილოეთით მივდიოდი და უცებ მანქანის შეჩერების იდეა მომივიდა ერთ პატარა ქალაქში, რომელიც იოლად შეიძლებოდა სოფლად ჩაგეთვალათ. ზღვა იქვე იყო, ორ ნაბიჯში. ამ სოფელს სახელი არ ერქვა, ალბათ იქაურებს მოფიქრების დრო არ ჰქონდათ – ჩანდა, რომ ყველა სახლი 80-იან წლებში აეშენებინათ. დაახლოებით ხუთი საათი იქნებოდა. ცარიელ ქუჩებში მივაბიჯებდი. ერთმა უცნაურმა მოვლენამ თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება: მაღაზიებისა და კაფეების აბრები, რესტორნების მენიუები, ყველაფერი გერმანულ ენაზე იყო დაწერილი. ცოტა საჭმელი ვიყიდე, მერე შევამჩნიე, რომ იქაურობა გამოცოცხლებას იწყებდა. უფრო და უფრო მეტი ხალხი მოდიოდა ქუჩებში, მოედნებზე, ზღვის სანაპიროზე. როგორც ჩანს, ქალაქს მომხმარებელთა მძლავრი ჟინი აცოცხლებდა. დიასახლისები სახლებიდან გამოდიოდნენ. ულვაშიანი ტიპები ერთმანეთს თბილად ესალმებოდნენ და მორიგი წვეულების დეტალებს ათანხმებდნენ. ამ მოსახლეობის ჰომოგენურობამ, რაც თავიდანვე თვალშისაცემი იყო, თანდათან შემაშფოთებლად უცნაური სახე მიიღო. დაახლოებით შვიდი საათისთვის ყველაფერს ნათელი მოეფინა: ქ ა ლ ა ქ ი მ თ ლ ი ა ნ ა დ გ ე რ მ ა ნ ე ლ ი პ ე ნ ს ი ო ნ ე რ ე ბ ი თ ი ყ ო დ ა ს ა ხ ლ ე ბ უ ლ ი.
სტრუქტურის მიხედვით გერმანელის ცხოვრება ემიგრაციაში მყოფი მუშის ცხოვრებას მოგვაგონებს. ვთქვათ, არსებობს ქვეყანა A და ქვეყანა B. ქვეყანა A არის ის, სადაც მუშაობ და რომელშიც ყველაფერი ფუნქციურ დატვირთვას ატარებს, მომაბეზრებელი და წინასწარ განსაზღვრულია. რაც შეეხება ქვეყანა B-ს, იქ გასართობად მიდიან, შვებულებებს, სიბერის წლებს ატარებენ. იქიდან წასვლა ყოველთვის უჭირთ, ერთი სული აქვთ, უკან როდის დაბრუნდებიან. მხოლოდ ამ ქვეყანაშია შესაძლებელი ნამდვილი მეგობრობა, ღრმა ურთიერთობები. სწორედ ქვეყანა B-ში გადაწყვეტენ ხოლმე იმ სახლის შეძენას, რომელსაც მოგვიანებით შვილებს უანდერძებენ. როგორც წესი, ქვეყანა B სამხრეთით მდებარეობს.
შესაძლებელია თუ არა ამ ყველაფრიდან დავასკვნათ, რომ გერმანია მსოფლიოს ისეთი ნაწილია, სადაც გერმანელს ცხოვრება აღარ უნდა და რომელსაც მთელი არსებით გაურბის? ასეთი დასკვნის გამოტანაც შეგვეძლო. როგორც ვხედავთ, მშობლიური ქვეყნის შესახებ მისი აზრი ემიგრანტი თურქის მოსაზრებას ემთხვევა. ვერც არსებით განსხვავებებს ვხედავთ, თუმცა, რამდენიმე უმნიშვნელო სხვაობა მაინც შეინიშნება.
როგორც წესი, გერმანელი დაოჯახებულია, ერთი ან ორი შვილი მაინც ჰყავს. მშობლების მსგავსად, შვილებიც მუშაობენ. აი, ხელსაყრელი შემთხვევაც ჩვენი პენსიონერისთვის, რომელიც სეზონურ მიკრო-მიგრაციას ახორციელებს – ძირითადად, დღესასწაულების პერიოდში, შობასა და ახალ წელს შორის. (ყურადღება – ქვემოთ აღწერილი მოვლენა არ შეინიშნება ემიგრანტ მუშებში, ამ სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით. დეტალები ბერტრანმა, ლუდის ბარ “ლა მედიტერანე”-ს ოფიციანტმა გამიმხილა ნარბონში).
გრძელი გზაა კარტახენადან ვუპერტალამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაზე თანამედროვე მანქანით მიდიხარ. როგორც კი მოსაღამოვდება, გერმანელი შეჩერებისა და შესვენების აუცილებლობას იგრძნობს. ლანგედოკ-რუსიონის რეგიონის კომფორტული სასტუმროები ფართო არჩევანს სთავაზობენ. ამ ეტაპზე ყველაზე რთული დაბრკოლება გადალახულია – რაც არ უნდა ვთქვათ, ფრანგული ავტო-საგზაო ქსელი გაცილებით ჯობია ესპანურ ქსელს. ვახშმის შემდეგ (ხამანწკები, კალმარი პროვანსულად, სეზონზე – ბუიაბესის ორი პატარა პორცია) გერმანელი მოდუნდება, მოეშვება და გულახდილი საუბრის ხასიათზე დგება. ლაპარაკობს საკუთარ ქალიშვილზე, რომელიც დიუსელდორფის სამხატვრო გალერეაში მუშაობს, პროგრამისტ სიძეზე, ამ წყვილის პრობლემებსა და შესაძლო გამოსავალზე. ყველაფერს ყვება.
“Wer reitet so spat durch Nacht und Wind?
Es ist der Vater mit seinem Kind”.
(“ვინ აპობს ცხენით ღამეს ქარიანს?
M მამა და შვილი ერთად არიან”)*
რასაც გერმანელი ამბობს ამ დროს და ამ ადგილას, არც ისეთი მნიშვნელოვანია. ის ხომ მესამე ქვეყანაშია, შეუძლია გასაქანი მისცეს თავის ღრმააზროვან ფიქრებს და მას ნამდვილად აქვს ღრმააზროვანი ფიქრები.
მოგვიანებით გერმანელი იძინებს. ამაზე კარგს ნამდვილად ვერაფერს გააკეთებდა.
ეს იყო ჩვენი რუბრიკა: “ფრანკის და მარკის პარიტეტი. გერმანული ეკონომიკური მოდელი”. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.
* დარეჯან სუმბაძის თარგმანი
გამოცდა, რომელსაც უნდა გაუძლო
შაბათს, ნაშუადღევს, სადებიუტო რომანის ფესტივალზე, შამბერიში, წიგნების გამოფენა-გაყიდვასთან დაკავშირებით, გაიმართა დებატები თემაზე: “იქცა თუ არა სადებიუტო რომანი კომერციულ პროდუქტად?” დისკუსიისთვის საათნახევარი იყო გამოყოფილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბერნარ სიმეონმა მაშინვე სწორი პასუხი გასცა: “დიახ”. ამის მიზეზიც ნათლად განმარტა: ლიტერატურაში, როგორც საერთოდ ყველაფერში, პუბლიკას უცნობი სახეები სჭირდება (მგონი, უფრო უხეში გამოთქმაც კი იხმარა: ახალი ხორცი). მან მოიბოდიშა კიდეც იმის გამო, რომ შესაძლოა, სიტუაციის შეფასებისას ცდებოდა, რადგან ცხოვრების ნახევარი ამ კაცმა იტალიაში გაატარა, ანუ იმ ქვეყანაში, რომელიც, მისი აზრით, ბევრ სფეროში ყველაზე უარესი ტენდენციების ავანგარდში იმყოფება. ამის შემდეგ დებატები უფრო ზოგად და ბუნდოვან თემაზე გაგრძელდა – ლიტერატურული კრიტიკის როლზე.
როგორც წესი, ვნებათღელვა აგვისტოს ბოლოს იწყება, ამ ტიპის საგაზეთო სათაურებით: “ახალი რომანისტი გამოჩნდა” (იქვე კი ხელოვნების თაღის ქვეშ ან მეტროსადგურ “მეზონ-ალფორის” დეპოში გადაღებული ჯგუფური სურათია მოთავსებული) და მთავრდება ნოემბერში, ლიტერატურული პრემიების გადაცემისას. მერე ბოჟოლეს ფესტივალი იმართება, რასაც საშობაო ლუდის ზეიმი მოჰყვება – ეს ყველაფერი გეხმარება, რომ ახალ წელს მშვიდად დაელოდო. ცხოვრება არც ისე რთულია - უბრალოდ, გამოცდაა, რომელსაც უნდა გაუძლო. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ კომერცია უთუოდ დიდ პატივს მიაგებს ლიტერატურას, რადგან დაჯილდოებით გამოწვეული სიხარული წლის ყველაზე მძიმე პერიოდს ემთხვევა, ორშაბათ დღეს ან ბნელ გვირაბში შესვლას რომ მოგვაგონებს. ჩოგბურთის ტურნირი “როლან გაროსი” კი, პირიქით, ძირითადად, ივნისში იმართება. ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც არ მინდა გავაკრიტიკო ჩემი კოლეგები, რომლებიც ყველაფერზე მიდიან და არასდროს იციან, მათგან კონკრეტულად რას ითხოვენ. პირადად, მე ძალიან გამიმართლა. ჰო, ერთი პატარა გაუგებრობაც მოხდა, ჟურნალ “კაპიტალთან” დაკავშირებით, რომელსაც ბიზნეს-ჯგუფი “განცი” გამოსცემს (თავიდან, იმავე სახელის მქონე ტელეგადაცემაში ამერია, M-6-ზე რომ გადის). ჟურნალისტი გოგო კამერის გარეშე მოვიდა, რასაც, წესით, უნდა დავეეჭვებინე, მაგრამ მაინც გამიკვირდა, როცა აღიარა, რომ ერთი წინადადებაც კი არ ჰქონდა წაკითხული ჩემი რომანიდან. მეც ვერაფერს მივხვდი მანამდე, სანამ ჟურნალში ამ სტატიას არ გადავაწყდი: “დღისით – ინსტრუქტორი, ღამით – მწერალი: ძნელია, პრუსტსა და სულიტცერს გაუთანაბრდე” (ჩემი სიტყვებისგან საერთოდ არაფერი იყო დარჩენილი). სინამდვილეში, ჟურნალისტ გოგოს სურდა, არაჩვეულებრივი თავგადასავალი მოესმინა. ჰოდა, წინასწარ რომ გავეფრთხილებინე, რაღაცას მოვიფიქრებდი - ზღაპარს მაინც მოვიგონებდი, სადაც მორის ნადოს უკმეხი ბებერი ჯადოქრის როლში გამოვიყვანდი, ვალერი ტაიფერს კი ზანზალაკებიან კეთილ ფერიად ვაქცევდი. “წადი, შვილო, ნადო ინახულე. ის არის ჩვენი თილისმა, ჩვენი მეხსიერება, უწმინდესი ტრადიციების მცველი”. ან “როკის” ინტელექტუალურ ვერსიას შევთავაზებდი: “პროგრამებით შეიარაღებული, დღისით ის კომპიუტერულ პრობლემებს ებრძვის, ხოლო ღამ-ღამობით, ზის და ფრაზებს დაუნდობლად აშალაშინებს ტექსტური რედაქტორით. მისი წარმატების საიდუმლო – მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა”. ამის ნაცვლად, ისე გულახდილად ვისაუბრე, ბრიყვულად გულწრფელად და ცოტა აგრესიულადაც კი, მაგრამ სასწაულს არ უნდა ელოდე იმ ადამიანისგან, რომლისთვისაც წინასწარ არ აგიხსნია ყველაფერი. რასაკვირველია, უნდა მეყიდა ეს ჟურნალი, მაგრამ ვერ მოვასწარი (აქვე შევნიშნავ, რომ “კაპიტალს” ძირითადად უმუშევრები კითხულობენ, რაშიც სასაცილოს ვერაფერს ვხედავ).
მეორე უსიამოვნო გაუგებრობა მოგვიანებით მოხდა, გრენობლის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში. მოლოდინის საპირისპიროდ, ლიტერატურის პროპაგანდა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც დროდადრო ასეთ ფრაზებს წამოისროდნენ ხოლმე: “ეი, ძმაო, მაგრად მომხვდა გულზე, ხო იცი... რაღაც იმედიც გამიჩნდა...” მაგიდებთან მიმსხდარი მწერლები გამოშტერდნენ. არა, პრინციპში, არცერთი მათგანი არ იყო წინააღმდეგი, თითქოს ისიც ახსოვდათ, რომ, მართლაც, უხსოვარი დროიდან მოყოლებული მწერლის ერთ-ერთი მისია... მაგრამ რა უნდა ეთქვათ ასე, ზეპირად, ორ წუთში? “ბრუელი ვერ დაინახა”, - ჩაიბურდღუნა ვიღაცამ, ვის სახელსაც ვეღარ ვიხსენებ. როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდებმა მაინც წაიკითხეს ჩემი რომანი.
საბედნიეროდ, ბოლო სიტყვები, რომლებმაც ყველაფერს ნათელი მოჰფინა და საკუთარი ადგილი მიუჩინა, ჟაკ შარმეტცმა წარმოთქვა, შამბერის ფესტივალის დამაარსებელმა (იმ შორეულ დროს, როცა სადებიუტო რომანი ზოგადი იდეების თავმოყრაზე მეტს ნიშნავდა): “აქ ესენი ამისთვის არ მოსულან. თუ გინდათ, სიმართლის თქმა მოსთხოვეთ – პირდაპირ ან ალეგორიულად. მოსთხოვეთ, ჭრილობები გაიხსნან და თუ შეძლებენ, ზედ მარილიც მოიყარონ”. ამ ციტატის მოყვანისას მეხსიერებას ვენდე, მაგრამ, ასეა თუ ისე - მაინც მადლობა!
დღესასწაული
დღესასწაულის მიზანია, დაგვავიწყოს, რომ საცოდავი მარტოსულები ვართ და ერთ დღეს მოვკვდებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას სურს ცხოველებად გვაქციოს. აი, ამიტომ აქვს პრიმიტივს საკმაოდ კარგად განვითარებული დღესასწაულის განცდა. ჰალუცინოგენური ბალახების მოზრდილი დოზა, სამი დოლი და ფარსიც შედგა: ეს მას მშვენივრად ართობს. ამის საპირისპიროდ, საშუალო ევროპელი მხოლოდ გაუთავებელი ღამეული დროსტარების მიწურულს თუ აღწევს სუსტ ექსტაზს, მერე კი გამოყრუებული და დაბოლილი მობარბაცებს: მას საერთოდ არა აქვს დღესასწაულის განცდა. საკუთარი მდგომარეობის ბოლომდე გაცნობიერებით, ის რადიკალურად უცხო რჩება სხვებისთვის და სიკვდილის იდეით თავზარდაცემულს არ შეუძლია, დანარჩენებში როგორმე გაერიოს. მიუხედავად ამისა, მაინც ჯიუტობს. ცხოველური სახის დაკარგვა სევდას ჰგვრის, რცხვენია და სწყინს. მასაც უნდა, რომ მოზეიმე იყოს, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ჰგავდეს მაინც ასეთ ტიპს. ის აუტანელ სიტუაციაშია.
რა მინდა ამ იდიოტებთან?
“თუ ორი თქვენგანი ჩემი სახელით შეიკრიბება, მეც მათ შორის ვიქნები” (მათე, 17, 13). პრობლემაც ეს არის: რისი სახელით ვიკრიბებით? რა არის ის, რაც, სინამდვილეში, ჩვენს შეკრებას გაამართლებს?
გასართობად შეკრებილები. ეს ყველაზე ცუდი ჰიპოთეზაა. ამ გარემოში (ღამის კლუბები, დისკოთეკები, სხვადასხვა სახის ფართი) აშკარად არაფერია თავშესაქცევი, გამოსავალიც მხოლოდ ერთია: ვინმე უნდა შეაბა. ამდენად, დღესასწაულის კანონიდან იმიტომ გამოვდივართ, რომ დაუნდობელ ნარცისულ შეჯიბრში თავით გადავეშვათ, სექსუალური აქტის უფლებით ან მის გარეშე (ითვლება, რომ, კლასიკურ შემთხვევაში, კაცს სხვის სხეულში შეღწევა სასურველი ნარცისული კმაყოფილების მოსაპოვებლად სჭირდება. ამ დროს ის დაახლოებით იმავეს გრძნობს, რასაც ინგლისური ბილიარდის უფასო პარტიის თამაშისას. ქალები კი, ხშირ შემთხვევაში, იმ რწმენითაც კმაყოფილდებიან, რომ სხვებს მათში შეღწევა სურთ). თუ ამ ტიპის თამაშები გძულთ, ან გრძნობთ, სასურველ სიმაღლეს მაინც ვერ მიაღწევთ, ერთი გამოსავალია: რაც შეიძლება, სწრაფად გაეცალოთ იქაურობას.
ბრძოლისთვის შეკრებილები (სტუდენტური მანიფესტაციები, ეკოლოგისტთა თავყრილობები, თოქ-შოუები გარეუბნების თემაზე). ა პრიორი, შესანიშნავი იდეაა: მართლაც, საერთო საქმით დაკავშირებამ იოლად შეიძლება გამოიწვიოს ერთიანობის ეფექტი, ჯგუფის კუთვნილების განცდა, ნამდვილი კოლექტიური თრობაც კი. სამწუხაროდ, ბრბოს ფსიქოლოგიას უცვლელი კანონები აქვს: ყოველთვის ყველაზე იდიოტი და ყველაზე აგრესიული ტიპები იწყებენ მბრძანებლობას. ჰოდა, ერთ დღესაც ხმაურიან, მყვირალა ბანდის შუაგულში აღმოჩნდებით, რაც თავისთავად საშიშია. გამოსავალი იგივეა, რაც ღამის კლუბში: მანამდე უნდა წახვიდეთ, სანამ ყბაში მოგდებენ, ან ვინმე უნდა შეაბათ (აქ უფრო ხელსაყრელ გარემოებებში: საერთო შეხედულებების არსებობამ, პროტესტის მიმდინარეობით გამოწვეულმა სხვადასხვა განცდებმა ნარცისული ფარის ოდნავ შემოკლება შეძლეს).
სექსისთვის შეკრებილები (სპეციალური ბარები, კერძოდ მოწყობილი ორგიები, New Age-ის ზოგიერთი ჯგუფი). ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ყველაზე ძველი საშუალებაა, გააერთიანო ადამიანები იმით, რაც მათ მართლაც საერთო აქვთ. სექსუალური კავშირები მყარდება, მაგრამ ამ აქტებს ყოველთვის არ ახლავს სიამოვნება. ეს ასეა. ჰო, სულ ეს არის, რაც არის.
ზეიმისთვის შეკრებილები (წირვა, წმინდა ადგილების მონახულება). რელიგია სრულიად ორიგინალურ გამოსავალს გვთავაზობს: გაბედულად უარვყოთ განშორება, სიკვდილი და ვამტკიცოთ, რომ, არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენ ღვთაებრივ სიყვარულში ვცურავთ, მარადიული ნეტარებისკენ მივემართებით. ამგვარად, რელიგიური ცერემონია, რწმენით აღსავსე მონაწილეებით, შემდგარი დღესასწაულის უნიკალური მაგალითი იქნებოდა. რა თქმა უნდა, შეიძლება, ზოგიერთ აგნოსტიკოს მონაწილეს, ცერემონიის მიმდინარეობისას, ერთგვარი რწმენა ჩაესახოს გულში, მაგრამ ამის შემდეგ მიწაზე მტკივნეული დაშვების რისკიც იზრდება (თითქმის ისევე, როგორც სექსის დროს, თუმცა უფრო უარესად). გამოსავალი: მადლცხებული უნდა იყო.
წმინდა ადგილების მონახულება იმ უპირატესობებს აერთიანებს, რაც სტუდენტურ მანიფესტაციასა და “ნუველ ფრონტიერის” ტურისტულ მოგზაურობას აქვთ. ეს ყველაფერი, დაღლილობის ფონზე გამძაფრებული სულიერი აღმაფრენის ატმოსფეროში, ასევე იდეალურ პირობებს ქმნის შებმისთვის, რაც უკვე თითქმის სავალდებულო ხდება, ხანდახან – გულწრფელად სასურველიც კი. წმინდა ადგილების მონახულების დასასრულთან დაკავშირებული ოპტიმისტური ჰიპოთეზა: ქორწინება + ჭეშმარიტ რჯულზე მოქცევა. ამის საპირისპიროდ, მიწაზე დაშვება, შეიძლება, მართლაც საშიში იყოს. თავი დაიზღვიეთ და ამ მოგზაურობას UCPA-s “სათხილამურო სპორტის” ტური ისე გადააბით, რომ ჯავშნის გაუქმების დრო დაგრჩეთ (გაუქმების პირობები წინასწარ გაარკვიეთ).
დღესასწაული ცრემლების გარეშე
სინამდვილეში, როგორც კი გართობას გადაწყვეტთ, დარწმუნებული იყავით, რომ მოწყენილობისგან მოკვდებით. იდეალური იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით დღესასწაულებზე. სამწუხაროდ, მოზეიმე იმდენად დაფასებული ტიპია, რომ ეს უარყოფა სოციალური იმიჯის მკვეთრ დეგრადაციას იწვევს. მომდევნო რამდენიმე რჩევა ყველაზე უარესის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ (ბოლომდე მარტო დარჩენა, სასოწარკვეთაში თანდათანობით გარდამავალი მოწყენილობის მდგომარეობაში, იმ მცდარი შთაბეჭდილების თანხლებით, თითქოს სხვები მშვენივრად ერთობიან).
* თავიდანვე გააცნობიერეთ, რომ დღესასწაული აუცილებლად ჩაიშლება. გაიხსენეთ წინა წარუმატებლობის მაგალითები. არა, აქ ცინიკური და სკეპტიკური დამოკიდებულების არჩევა არ იგულისხმება. პირიქით, საერთო კატასტროფას მორჩილებითა და ღიმილით თუ შეხვდებით, წარმატებასაც მიაღწევთ: ჩაშლილ დღესასწაულს ბანალურობის სასიამოვნო წუთებად აქცევთ.
* ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ შინ დაბრუნება მარტოს მოგიწევთ, ტაქსით.
* დღესასწაულის წინ: დალიეთ. ალკოჰოლის ზომიერი დოზის მიღება დადებითად მოქმედებს კომუნიკაბელურობასა და ოპტიმისტური განწყობის შექმნაზე. ამ მხრივ, მას ვერაფერი უწევს კონკურენციას.
* დღესასწაულის დროს: დალიეთ, მაგრამ დოზები შეამცირეთ (ალკოჰოლური კოქტეილი + ეროტიკული ატმოსფერო მალევე იწვევს ძალადობას, მკვლელობას ან თვითმკვლელობას). უფრო გონივრული იქნება, თუ ხელსაყრელ დროს 1/2 ტაბლეტ “ლექსომილს” მიიღებთ. ალკოჰოლი ტრანკვილიზატორების ეფექტს აძლიერებს, ნახავთ, რა მალე მოგერევათ თვლემა: ეს სწორედ ტაქსის გამოძახების დროა. საუკეთესო დღესასწაული ხანმოკლე დღესასწაულია.
* დღესასწაულის შემდეგ: დარეკეთ და მადლობა გადაიხადეთ. მომდევნო დღესასწაულს მშვიდად დაელოდეთ (დაიცავით ერთთვიანი ინტერვალი, რისი შემცირებაც, შვებულების დროს, ერთ კვირამდე შეგიძლიათ).
და ბოლოს, მანუგეშებელი პერსპექტივა: ასაკი დაგეხმარებათ, წლების მატებასთან ერთად, დღესასწაულთან დაკავშირებული ვალდებულება მცირდება, მარტოობისკენ მიდრეკილება კი იზრდება. ნამდვილი ცხოვრება იმარჯვებს.
ჟაკ პრევერი იდიოტია
ჟაკ პრევერი ის არის, ვის ლექსებსაც სკოლაში ასწავლიან. ამ ლექსებიდან ვიგებთ, რომ მას უყვარდა ყვავილები, ჩიტები, პარიზის ძველი უბნები და ა.შ. ეჩვენებოდა, თითქოს სიყვარული მხოლოდ თავისუფლების ატმოსფეროში იფურჩქნება და, თუ განვაზოგადებთ, ის უპირატესად თავისუფლების მომხრე იყო. კეპი ეხურა და “გოლუაზს” ეწეოდა, რის გამოც, ზოგჯერ, ჟან გაბენშიც კი ერევათ ხოლმე. სხვათაშორის, სწორედ მან დაწერა სცენარები ფილმებისა: “ნისლების სანაპირო”, “ღამის კარიბჭე” და სხვა. მასვე ეკუთვნის “ქანდარის შვილების” სცენარიც, რომელსაც შედევრად მიიჩნევენ. ეს ყველაფერი კი საკმარის საფუძველს გვაძლევს იმისთვის, რომ ჟაკ პრევერი გვეზიზღებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმავე პერიოდში დაწერილ ანტონენ არტოს სცენარებს წავიკითხავთ, რომლების მიხედვით ფილმები არასდროს გადაუღიათ. იმ სამწუხარო ფაქტის კონსტატაციაც გვიწევს, რომ საზიზღარი “პოეტური რეალიზმი”, რომლის მამამთავარიც პრევერი იყო, დღესაც მძვინვარებს და იმასაც კი ფიქრობენ, თითქოს კომპლიმენტი იყოს ლეო კარაქსისთვის, მის სახელს ამ მიმდინარეობას თუ დაუკავშირებენ (ამავე ლოგიკით, ერიკ რომერი, უდავოდ, ახალი საშა გიტრი იქნება და ა.შ.) ფილმების გახმოვანების დაწყების შემდეგ ფრანგული კინო წელში ვეღარ გაიმართა და ამ ამბავს, საბოლოოდ, გადაჰყვება კიდეც, რაც ნამდვილად არ იქნება ცუდი.
ომის შემდეგ, თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში, ჟან-პოლ სარტრსა და ჟაკ პრევერს უზარმაზარი წარმატება ხვდათ წილად. გამაოგნებელია, როგორი ოპტიმიზმი ჰქონდა მთელს იმ თაობას. დღეს მეტ-ნაკლებად გავლენიანი მოაზროვნე, ალბათ, ჩორანი იქნებოდა, მაშინ კი ვიანს და ბრასანსს უსმენდნენ... შეყვარებულები, ბაღის გრძელ სკამებზე რომ კოცნაობდნენ, “ბეიბი-ბუმი”, იაფფასიანი საცხოვრებელი კორპუსების მასიური მშენებლობა, ამ ხალხის დასაბინავებლად. წარმოუდგენლად დიდი ოპტიმიზმი, მომავლის რწმენა და ცოტა იდიოტიზმიც. ნათელია, რომ დღეს ბევრად უფრო ჭკვიანები ვართ.
ინტელექტუალების წრეში პრევერს დიდად არ აფასებდნენ. და მაინც, მისი ლექსები გადავსებულია იმ სულელური სიტყვების თამაშით, რაც ბობი ლაპუენტის სიმღერებში ასე ძალიან მოგვწონს. ისიც ცხადია, რომ სიმღერა მეორეხარისხოვან ჟანრად ითვლება, დასვენება კი, ხანდახან, ინტელექტუალსაც უნდა. მიუხედავად ამისა, ის სრულიად დაუნდობელი ხდება დაწერილ ტექსტთან - ლუკმა-პურის მოსაპოვებელ მთავარ წყაროსთან მიმართებაში. პრევერთან “ტექსტზე მუშაობა” ჩანასახოვან მდგომარეობაშია: ნათლად და გამჭვირვალედ წერს, ბუნებრივად, ხანდახან – დიდი გრძნობითაც. მას არც წერის პროცესი აინტერესებს, არც – წერის შეუძლებლობა. მისი შთაგონების უშრეტი წყარო თავად ცხოვრებაა. ჰოდა, თავსაც არავინ იწუხებს პრევერის შემოქმედებაზე სამაგისტრო დისერტაციების მომზადებით. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს, ის “პლეადაში” მოიაზრება, რაც მეორე სიკვდილს უდრის. ჩვენს წინაშე მისი შემოქმედებაა – დასრულებული სახით, გაყინული, გაშეშებული. ხელსაყრელი შემთხვევა გვეძლევა ამ კითხვის დასასმელად: რატომ არის ჟაკ პრევერის პოეზია ისეთი მდარე, რომ, ზოგჯერ, კითხვის დროს სირცხვილის განცდაც კი გვიჩნდება? კლასიკური ახსნა (იმიტომ რომ მის ლექსებს “სიმკვეთრე და სიზუსტე აკლია”) თავიდან ბოლომდე მცდარია. სინამდვილეში, სიტყვების თამაშით, მსუბუქი რიტმითა და გამჭვირვალობით პრევერი სრულყოფილად გადმოგვცემს სამყაროს მისეულ კონცეფციას. ფორმა შინაარსს შეესაბამება და ეს მაქსიმუმია, რაც ფორმას შეიძლება მოვთხოვოთ. საერთოდაც, როცა პოეტი ამ დონემდეა ჩაფლული ცხოვრებაში, ანუ თავისი ეპოქის რეალურ ცხოვრებაში, წმინდა სტილისტური კრიტერიუმების მიხედვით მისი განსჯა შეურაცხმყოფელიც კი უნდა იყოს. რადგან პრევერი წერს, მას სათქმელიც აქვს, რაც მხოლოდ ღირსებას მატებს. სამწუხაროდ, ის, რისი თქმაც სურს, უნაპირო სისულელეა, ხანდახან - გულისამრევი სისულელეც. ლამაზი, შიშველი გოგოები და ღორივით დაკლული ბურჟუები, სისხლისგან რომ იცლებიან, მომხიბლავად ამორალური ბავშვები, მამაკაცური და მაცდური არამზადები, ლამაზი, შიშველი გოგოები, რომლებიც ამ არამზადებს უწვებიან, ქონმოდებული, ბებერი და იმპოტენტი ბურჟუები, საპატიო ლეგიონის ორდენი მკერდს რომ უმშვენებთ და მათი ფრიგიდული ცოლები, მღვდლები – ამაზრზენი ბებერი მატლები, რომლებმაც ცოდვა იმისთვის გამოიგონეს, ცხოვრება რომ გაგვიმწარონ. ეს ყველაფერი ცნობილია, ამას ბოდლერი გვირჩევნია. ან, თუნდაც, კარლ მარქსი, რომელსაც, სულ ცოტა, სამიზნის სწორად შერჩევა მაინც შეეძლო, როცა წერდა: “ბურჟუაზიის ტრიუმფმა ეგოისტური ანგარიშის ყინულოვან წყლებში ჩაახრჩო რელიგიური ექსტაზის წმინდა თრთოლვა, რაინდული ენთუზიაზმი და ორგროშიანი სენტიმენტალურობა”.* ინტელექტის დახმარებით, კარგ ლექსებს ვერავინ დაწერს, მიუხედავად ამისა, ინტელექტს შეუძლია, ცუდი არ დაგაწერინოს. ჟაკ პრევერი თუ ცუდი პოეტია, პირველ რიგში, სწორედ იმიტომ, რომ სამყაროს მისეული ხედვა სწორხაზოვანი, ზედაპირული და მცდარია. იმ ეპოქაშივე მცდარი იყო, დღეს კი მისი არარაობა სრულიად ნათელია – იმდენად, რომ პრევერის მთელი შემოქმედება ერთი ვებერთელა კლიშეს უსასრულო სახეცვლილებას მოგვაგონებს. ფილოსოფიურ და პოლიტიკურ პლანში, ის, პირველ ყოვლისა, ანარქისტია, რაც, სინამდვილეში, სულელს ნიშნავს.
ბავშვობის სათუთი წლებიდან დღემდე, სწორედ “ეგოისტური ანგარიშის ყინულოვან წყლებში” ვფართხალებთ. შეიძლება, შევეგუოთ კიდეც ამ ყველაფერს, ან თავის გადარჩენა ვცადოთ, ან დინებას ბოლომდე ჩავყვეთ. თუმცა, სრულიად წარმოუდგენელია, რომ ამ ყინულოვანი წყლების გათბობა მხოლოდ სურვილის, მონდომების ძალით იყოს შესაძლებელი. გადმოცემის მიხედვით, რესპუბლიკის დევიზს სიტყვა “ძმობა” რობესპიერის დაჟინებული მოთხოვნით დაემატა. დღეს, შეგვიძლია, ეს ამბავი სრულყოფილად გავაცნობიეროთ და შევაფასოთ. პრევერს, უდავოდ, ძმობის მომხრედ მიაჩნდა საკუთარი თავი, მაგრამ არც რობესპიერი ყოფილა სათნოების მტერი, სულ ოდნავადაც - არა.
* “კლასთა ბრძოლა საფრანგეთში”
ცარიელი ცა
იმ ფილმში, წმინდა პავლეს ცხოვრების შესახებ რომ უნდა გადაეღო, პაზოლინის განზრახული ჰქონდა, მოციქულის მისია თანამედროვე მსოფლიოს შუაგულში გადმოეტანა და წარმოედგინა, რა ფორმას მიიღებდა ის ახლანდელი კომერციული ურთიერთობების ფონზე. რაც მთავარია, ყველაფერი წმინდა წერილის შეუცვლელად უნდა მოეხერხებინა. მას ისიც სურდა, რომს ნიუ იორკი ჩანაცვლებოდა, რის უშუალო მიზეზსაც ასახელებდა: იმ ეპოქაში რომი სამყაროს ცენტრი იყო, დღეს კი ნიუ იორკშია თავმოყრილი მთელი ძალაუფლება, რომლითაც მსოფლიო იმართება (ამავე ლოგიკით, ის გვთავაზობს ათენი პარიზით ჩავანაცვლოთ და ანტიოქია – ლონდონით). ნიუ იორკში გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ ვამჩნევ, რომ, სავარაუდოდ, კიდევ არის ერთი ფარული მიზეზი, რის ბოლომდე გამჟღავნებასაც მხოლოდ ფილმი თუ შეძლებდა. ნიუ იორკში, ისევე, როგორც რომში, თვალშისაცემი დინამიზმის მიუხედავად, ხრწნის, სიკვდილის, სამყაროს აღსასრულის უცნაური სუნი ტრიალებს. კარგად ვიცი, რომ “დუღს ქალაქი ქვაბ-ქოთანივით, იქ გიჟური ენერგია მიმოიქცევა” და ა.შ. მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, სასტუმროს ოთახში დარჩენისა და იმ თოლიების თვალთვალის სურვილი გამიჩნდა, ჰუძონის ნაპირებზე, მიტოვებული საპორტო ნაგებობების სიახლოვეს რომ დაფრენდენ. წვიმის წვეთები ნაზად ეცემოდა აგურით აშენებულ საწყობებს, რაც ჩემზე დამამშვიდებლად მოქმედებდა. წარმოვიდგინე, ბერივით როგორ გამოვიკეტებოდი ამ უზარმაზარ ნომერში, ტალახისფერი ცის ქვეშ, სწორედ მაშინ, როცა ჰორიზონტზე მეწამული ტონების უკანასკნელი გაბრძოლების წამები მიიწურებოდა. მოგვიანებით, შესაძლოა, გარეთაც გავსულიყავი, საბოლოოდ დაცარიელებულ ქუჩებში მესეირნა. ისევე, როგორც უღრანი ტყის მცენარეულ საფარში სხვადასხვა ვეგეტატიური ფენა ერთმანეთს ფარავს, ნიუ იორკშიც ყველანაირი სტილი და სიმაღლე გვერდიგვერდ, წარმოუდგენელ ქაოსში თანაარსებობს. ხანდახან, ქუჩაში სიარულის დროს ისეთი განცდა მაქვს, თითქოს კანიონში, კლდოვან ციხე-სიმაგრეებს შორის მივაბიჯებდე. ალბათ ისევე, როგორც პრაღაში (თუმცა უფრო მცირე მასშტაბით – ნიუ იორკის შენობები ხომ მხოლოდ არქიტექტურის ერთ საუკუნეს წარმოადგენენ), დრო და დრო შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმ ცოცხალ ორგანიზმში ვმოძრაობ, რომელიც ზრდის ბუნებრივ კანონს ემორჩილება. (ამის საპირისპიროდ, პალე-როიალის ბაღში მდებარე ბურენის სვეტები სულელურ კონტრასტში გაშეშებულან, მათივე აქტიტექტურულ გარემოსთან ერთად. აქ უკვე ცხადად გრძნობ ადამიანის ხელს, მის ნება-სურვილს, მეწვრილმანე ბუნებასაც კი – ბედის ირონიით). სრულიად შესაძლებელია, რომ კაცის ხელით შექმნილი არქიტექტურა მხოლოდ მაშინ აღწევდეს მშვენიერების მწვერვალს, როცა დუღილის, მოძრაობისა და მუდმივი ზრდის წყალობით, ბუნებრივ წარმონაქმნს მოგვაგონებს, ხოლო ბუნება მხოლოდ მაშინ იყოს ყველაზე მშვენიერი, როცა სინათლის თამაშისა და ფორმების აბსტრაქციის გამო, გაცნობიერებულ, გააზრებულ საწყისზე მიგვანიშნებს.
© “ცხელი შოკოლადი”
No comments:
Post a Comment