Friday, November 7, 2008

ზედი სმიტი

ჰენველ-უფროსი


ზედი სმიტის ეს მოთხრობა 2007 წლის მაისში დაიბეჭდა ჟურნალ The New Yorker-ში. ჰენველების ოჯახზე სამი წლის წინ სმიტმა კიდევ ერთი მოთხრობა გამოაქვეყნა, “ჰენველი ჯოჯოხეთში”, რომელიც ასევე თარგმნილია ქართულ ენაზე და დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალ “არილში” 2005 წელს.


ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა



ჰენველ-უფროსი, ცხადია, ჰენველის მამა იქნებოდა. შვილის არ იყოს, ისიც კარგი უბადრუკი ვინმე ჰყავდა გამჩენს. არა, პიროვნება აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ის "დიდი პიროვნება" გახლდათ ამ ოდიოზური ფრაზის სრული მნიშვნელობით: ბიოგრაფია ჰქონდა ასეთი, – უცნაური და თითქმის ფანტასმაგორიული. ის თავად ჰენველისთვისაც კი ლამის მირაჟი იყო და თანაც არცთუ სასიამოვნო. უგერგილო და თავქარიანი ადამიანი ხშირად სასტიკზე უარესია. ვისაც ასეთ ხალხთან ჰქონია საქმე, ალბათ კარგად გამიგებს. სისასტიკეს შეიძლება შეერკინო და საბოლოოდ გაუმკლავდე კიდეც, უსაზღვრო გულგრილობა კი, რომელიც არად დაგიდევს შენს გრძნობებს, სულ სხვა რამეა. ასეთი მამის შვილობა სევდანარევ დამოუკიდებლობასა და გაბოროტებულ გულჩათხრობილობას მიგაჩვევს, და ცხოვრების ხალისსაც დაგიკარგავს.
ჰენველ-უფროსი კომეტასავით დაატყდებოდა ხოლმე თავს ჰენველს - დიდი ინტერვალებით. ის ნამდვილად იქ იყო, როცა ჰენველი დაიბადა და მერეც, კიდევ ექვსი წელი ბრაიტონ-ბიჩს არ გასცილებია: მოაჯირს გადაეკიდებოდა, პატარა ჰენველს ხელში აიტაცებდა და აქეთ-იქითQაქანავებდა.
ის საღამო ჰენველ-უფროსს ოჯახთან არ გაუტარებია, მაგრამ კეთილშობილება გამოიჩინა და ცოტაოდენი ფული დატოვა, იმდენი, თევზისა და ჩიპსების საყიდლად რომ ჰყოფნოდათ, თუმცა, კაცმა არ იცის, გასწვდებოდა თუ არა გაღებული თანხა მსგავს შენაძენს. ერთი სიტყვით, კაი ძმაბიჭი იყო, თავისებური ხიბლით. ცოტა ძველმოდურად კი ჟღერს, მაგრამ მაშინ ასეთებს "ძმაბიჭებს" ეძახდნენ. ჭიქას პირველი ასწევდა და ბოლო დადგამდა - ხმაურიანი, მოკლედ, "ვინც მოვიდა, გაუმარჯოს" ტიპი იყო, თუმცა გალეშილი და გონდაკარგული არავის უნახავს. სულ თავისზე წყალწაღებულ ჯეელებთან დაიარებოდა, ასეთებთან უფრო იოლად გრძნობდა თავს კაცად. სახლში ავტომატი ჰქონდა, ორპენსიანს ჩააგდებდი და სიგარეტს გამოგიგდებდა, პაბებში რომ იყო, ისეთი. თავისი ცოლის უახლოეს მეზობელსაც ეკურკურებოდა, ქვრივს, სიუ ბოიდს ­- "სიუ, სიუ, ძალიან მიყვარხარ, ჩემო სიუ", იმდროინდელი სიმღერის მოტივზე მოჰყვებოდა ღიღინს, წელზე ხელს მოხვევდა და ცეკვა-ცეკვით მიარბენინებდა ჭიშკრისკენ, მისის ჰენველი კი საცოდავად უღიმოდა ფანჯრიდან.
ტანად ზორბა იყო, ჰენველ-უმცროსზე დიდი. მერე კი, შეიძლება სულაც მომდევნო წელს, ხუთ ნოემბერს, მოულოდნელად გამოეცხადათ. უკანა კართან, სიბნელეში იდგა იაფფასიანი სოსისებით ხელდამშვენებული. არც კი დარჩენილა, ჰენველთან ერთად რომ მოელხინა ამ დელიკატესით. მერე ისევ გადაიკარგა. "სიგარეტისთვის გავიდა და აღარ დაბრუნებულა": ჩვეულებრივი ისტორია ინგლისისთვის, მაშინაც და ახლაც! ერთი ეგაა, ჰენველ-უფროსს შიგადაშიგ დაბრუნება სჩვეოდა. ეს კიდევ უარესი, ამაზე ხომ ადრეც მოგახსენეთ. მოკლეშარვლიანი ჰენველი კი იდგა ასე ეულად, ნაწყალობევი სოსისებით ხელში. ამის დავიწყება შეუძლებელი იყო, კაცს ღრმად აღბეჭდვოდა მეხსიერებაში ცხრამეტი-ოციანი წლების ეს ეპიზოდი. ჩვენ ამის შესახებ ჰენველ-უფროსის ერთ-ერთი შთამომავლის ჩანაწერებიდან შევიტყვეთ. ეს შთამომავალი თავად ჰენველ-უფროსისთვის ისეთივე არარეალური იქნებოდა, როგორც ინტერნეტ-ქსელი ან გობლინები. არავინ იცის, რატომ ხდება ისე, რომ ზოგი რამ კარგად გვახსოვს, ზოგი კი უკვალოდ ქრება, ამ თემაზე ხომ ბევრი სენტიმენტალური ნაბოდვარი დაწერილა. თვით ჰენველს დიდად სჯეროდა მეცნიერული თეორიების, თუმცა მეცნიერების არაფერი გაეგებოდა. მისი წარმოდგენით, ტვინში რაღაც ქიმიური გამონათებები ხდებოდა და მოძრავი სურათები ფიქსირდებოდა (ეს ანალოგია ფოტოფირიდან მოდიოდა, რომელსაც ჰენველი მეტ-ნაკლებად იცნობდა); ზემოაღნიშნული "გამონათებები" სპონტანურად ხდებოდა და არც მათი შემჩნევა იყო შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამის ქაღალდზე გადატანაც რაღაც გამონათების მსგავსია, მაგრამ ეს პროცესი უფრო სევდიანი, მეორადი და ასე ვთქვათ, პარაზიტულია.
ოცდაათიან წლებში ჰენველ-უფროსი კანადას გაემგზავრა, რათა შეშისმჭრელის პროფესიას დაუფლებოდა. კანადაში გემის გამგზავრებამდე ჰენველ-უმცროსს იქ პატარა ზეიმი მოუწყეს, ოღონდ მამამისი ამაში არ მონაწილეობდა. ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა სანთელი სპილენძის ფართო მოაჯირზე დაამაგრა და უჩვენა ჰენველს, როგორი წრიული სიმეტრიულობით განლაგდნენ მის შუქზე სპილენძის ჯვარედინი ხაზები. ჰენველ-უფროსი სამი წლის შემდეგ დაბრუნდა, რა თქმა უნდა, უფულოდ. სამაგიეროდ, კოვბოივით სიგარეტის ცალი ხელით გახვევა ესწავლა. ჰენველზე ამას დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. საბოლოოდ კი ჰენველ-უფროსმა ავტობუსის კონდუქტორად დაიწყო მუშაობა. მერე იყო ომი, საიდანაც ის ფაქტიურად არც დაბრუნებულა, რადგან ვიღაც საშუალო კლასის ქალბატონი, სანიტარული მანქანის მძღოლი შეუყვარდა. ერთხელაც ჰენველს სახლში დაადგა თავზე. მაშინ უკვე ახალი სახელი ერქვა, "ბილი", ეტყობა, ამით თავის ირლანდიურ ფესვებზე სურდა მინიშნება. უმსგავსობა იყო და მეტი არაფერი! ჰენველ-უფროსისთვის სიტყვებს მყარი მნიშნველობა არ ჰქონდა, მისთვის ისინი არც სამყაროს რეალურ საგნებს აღნიშნავდნენ. მკაცრად თუ ვიმსჯელებთ, ამას "ფსიქოპათია" ჰქვია. მერე კი შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე გაცრეცილი ფოტო ამოაძვრინა და დაიწყო სახალისო და საკმაოდ დამაჯერებელი ამბების მოყოლა, კერიში რომ გადახდენოდა თავს. მისი ნაბოდვარი ვინმე უცხოს რომ მოესმინა, იფიქრებდა, სწორედ ეს უნდა დამართნოდა ასეთი სპილენძისფერი თმისა და ახლო-ახლო ჩამჯდარი თვალების პატრონსო. ჰენველიც ცდილობდა, უცხო თვალით შეეხედა ამ ყველაფრისთვის. ბილი ყველა ახალგაზრდა ჯარისკაცზე ისე უყვებოდა, როგორც თავის კარგ მეგობარზე, ჰენველს კი ჯერ ვერ მოესწრო მათთან დამეგობრება, თუმცა გულიანად კი იცინოდა და თავადაც ეხამუშებოდა მისთვის ეს ახალი, "უცხოს" როლი. "მაგარია, ძველო, ძალიან საკაიფოა!" უწონებდა მონაყოლს და ალბათ გულწრფელიც იქნებოდა (ცდილობდა, შეფასებისას სულგრძელობა გამოეჩინა), ვინმე სხვა რომ ყოფილიყო და არა მისი შვილი. დიახ, ვინმე სხვა რომ ყოფილიყო. ორიოდე საათში ბილი წავიდა, გახარებული და გაღიმებული. ამის შემდეგ ის ჰენველს თორმეტი წელი აღარ უნახავს.
1956 წლის აგვისტო იყო. ჰენველმა ყური მოჰკრა, მამამისს კენტის საგრაფოს ერთ შორეულ სოფელში რაღაც პატარა ბიზნესი წამოეწყო, რომელსაც თურმე არცთუ ურიგოდ ართმევდა თავს. რაიმე რეალური მოლოდინის გარეშე - ან ამის უფლებას თავს როგორ მისცემდა - ჰენველი თავის ველოსიპედს მოაჯდა და იქით გაეშურა. ახლა კაი სანახავი კი იქნებოდა, მაგრამ იმ ხანებში ლონდონიდან კენტში ველოსიპედით ჩასვლა არაფრად უღირდა. კაცმა რომ თქვას, ახალგაზრდა იყო, თუმცა თავად ალბათ ასე არ თვლიდა, უკვე საკუთარი ოჯახიც ჰყავდა. აბა, მაშინ რა იცოდა, რომ სამომავლოდ მეორე ოჯახსაც მოეკიდებოდა.
აგვისტოს მცხუნვარე დღე იყო. ჰენველი წყლისთვის ნავთის ძველი პლასტმასის ბოთლს იყენებდა, რომელიც ველოსიპედის ხარიხაზე მიება - ამ გამოგონებით მან, ცოტა არ იყოს, გაუსწრო კიდეც დროს. ახლადგაყვანილ ტრასას დაადგა, ოღონდ როგორც კი საშუალება ეძლეოდა, სოფლის ორღობეებში გადაუხვევდა ხოლმე, სუფთა ჰაერზე ერჩივნა მოგზაურობა. ვიმედოვნებ, მეტისმეტ მაღალფერდოვნებად არ ჩამითვლით, თუ ამ შემთხვევაში "ბუჩქნარის ცოცხალ ღობეს" ვახსენებ. მერწმუნეთ, ამით მხოლოდ ისტორიულ სიზუსტეს ვუხდი ხარკს. ორჯერ გამოედო ეკლიან ბუჩქნარს და იდაყვებზე პერანგიც შემოიფხრიწა. გადაწყვეტილი ჰქონდა, სანამ გარკვეულ ადგილს არ მიაღწევდა, არ გაჩერებულიყო - მეც ასეთივე სიჯიუტეს ვიჩენ, რაღაცას როცა ვწერ. კიდევ ერთი მილი, კიდევ ერთი თავი, ერთი მილი, ერთი თავი. ის სოფელი პატარა დაბლობზე იყო გაშენებული. ჰენველმა შესახვევი გაიარა, სოფლისკენ დაეშვა და "მთავარ" მდელოზე გაჩერდა; კაცმა რომ თქვას, მთელი სოფელიც მხოლოდ ეს მდელო იყო. იქვე ორი დაწესებულებაც შენიშნა: ქოთნებში ჩარგული ლავანდის ლამაზი ბუჩქებით დამშვენებული წითელი აგურის პაბი და მდელოს მეორე მხარეს, მყვირალა ფერებით მოხატული ფურგონი, სადაც შემწვარი თევზი და ჩიპსები იყიდებოდა. ჰენველმა კარგად იცოდა, დიდი არაფრის იმედი რომ არ უნდა ჰქონოდა. ველოსიპედიდან ჩამოვიდა და მდელოს შემოუარა, თან ხელის მტკიცე, ჩვეული მოძრაობით მსუბუქად მიაგორებდა თავის ტრანსპორტს. ოთხი საათი იყო ­­- ფურგონი დაკეტილი დაუხვდა. ველოსიპედი ფურგონის კედელზე მიაყუდა, რომელზეც ოქროსფრად მოჩარჩოებული ხასხასა წითელი ასოებით წაეწერათ, "ჰენველის განსაკუთრებული თევზეული და ჩიპსები". ჰენველი ხის ძირას ბალახზე დაეშვა. ქვევით კრიკეტის მოედანი და შამბნარში ჩაფლული გუბურები მოჩანდა, მაგრამ ის ვერ აღიქვამდა ამ ხასხასა მწვანე ხედს, მასზე სურნელი უფრო მოქმედებდა: ფოთლებგამხმარი, ჭკნობაშეპარული ვარდები, ზაფხულის უკანასკნელი მშვენება. დაკრიფე და გაახარე შენი დაიკო (დაბ. წელი - 1931).


სუნამოს რეცეპტი აირინ ჰენველისთვის

ექვსი ვარდი (მოპარული, ფურცლებგაცლილი)

ონკანის წყალი

ცარიელი რძის ბოთლი

მოსრისე ვარდის ფურცლები მძაფრი არომატის მისაღებად. ჩაყარე ბოთლში. გაავსე წყლით.

ამასობაში ფეხები ოფლში ჩაეხარშა და მანაც ფეხსაცმელი გაიძრო. სახლში ცოლი ეჯდა, რომელიც არც თუ კარგად იყო, ოღონდ ჰენველს თავადაც ვერ გაეგო რა სჭირდა და ვერც ვერაფრით ეხმარებოდა, მაგრამ ახლა, მზეს მიფიცხებულმა, პირველად იგრძნო შვება: მოეხსნა სიმძიმე ზურგში, უკვე თვეების მანძილზე რომ ტანჯავდა. ბალახზე დაწვა და ხერხემლით ღრმად ჩაეფლო მიწაში. გულაღმა გადაწოლილი ათვალიერებდა "თავდაყირა" მოსიარულე ქალების ფეხებს. ძალიან მოსწონდა ეს ახალი ზარის ფორმის ქვედაბოლოები, იმდენად ფართო, რომ შეგეძლო მათ ქვეშ შემძვრალიყავი და უსაფრთხოდაც გეგრძნო თავი; ინანა, ცოლის შერთვა რომ იჩქარა, ან იქნებ სხვა რომ არ შეირთო, იმას ნანობდა. "აქ ხომ არ დავრჩენილიყავი? იქნებ მზეს ჩავენთქე და აღარ დამენახა ის ნარინჯისფერი ელვა ჩემი ქუთუთოების ქვეშ, იქნებ თავად ვქცეულიყავი ამ ნათებად, და სამყაროს მთელი კანონი და საფუძველთა საფუძველი ჩემთვის ეს ღეროგადახრილი გვირილა, ვარდის სურნელი და პაბის მერხზე თავდაყირა ჩამომჯდარი გოგო გამხდარიყო... გოგო, თავდაყირა რომ შეექცევა "მეგუთნის საუზმეს" თავის მეგობართან ერთად. განა წუთის საქმე არ იქნებოდა წარწერა "ჰენველის განსაკუთრებული" "ჰენველის და ჰენველის განსაკუთრებულით"-ით შეგვეცვალა?
მე ჰენველის აზრების ჩემეული ჩანაწერი მოგაწოდეთ, – მაქსიმალურად ზუსტი. რომან "მიდლმარჩში" წააწყდებით ძველ მაქსიმას იმის შესახებ, თუ რაოდენ უფრო გულმოწყალე ხდება ადამიანი, როცა საკუთარ კერას შორდება. ეს ყველაფერი იმ კეთილგონიერ შვილიშვილებსა თუ შვილთაშვილებს მახსენებს, თავიანთი წინაპრების სასიკვდილო სარეცელთან რომ ათენ-აღამებენ აიპოდებით ხელში ან ღამის სამ საათამდე მანიაკალური გულმოდგინებით ეძებენ ინტერნეტის გენეალოგიურ საიტებზე რაიმე ცნობას მათ შესახებ, როგორმე რომ აღადგინონ საიქიოში უკვე გამგზავრებულთა ან გასამგზავრებლად გამზადებულთა ცხოვრებისა და განცდების დეტალები, საკუთარი დედის სატელეფონო ზარს კი არ პასუხობენ. მეც ამ თაობას ვეკუთვნი. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ოჯახისთვის, ოღონდ თვალით ნუ დამენახვებიან.
როგორც უკვე გითხარით, 1956 წელი იდგა. არაფერი იყო მზის, ჰენველისა და მზის გარდა. მაღალ ბალახებში წამოგორებული ჰენველი ფიქრებმა გაიტაცა და ასეთი დიალოგიც შეთხზა:

ჰენველ-უფროსი: (ისიც ჰენველის გვერდით წევს) მაშ, მიპოვე, არა?

ჰენველი: ჰო, ალფ. რა, არ უნდა მეპოვე?

ჰენველ-უფროსი: გირჩევნია გააბოლო. ნუ ხარ ასე სულსწრაფი.

ჰენველი: ("სენიორ სერვისს" კოლოფიდან იღებს ერთ ღერს) გმადლობთ.

ჰენველ-უფროსი: მაშ ასე, როგორ მიდის შენი საქმეები? მე, როგორც ხედავ, არაფერი მიჭირს.

ჰენველი: რა თქმა უნდა, და მაინც... ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ჯორჯ ელიოტის ცნობილ რომანს -

ჰენველ-უფროსი: უუ, მორჩი ამ სისულელეებს. შენ სულ ასე იცი - ისეთი გინდა გამოჩნდე, როგორიც არ ხარ და არც არასდროს ყოფილხარ. ეგეთ რაღაცეებს არასოდეს კითხულობდი. შენი ბჟუტური რომ მოისმინოს კაცმა, იფიქრებს, უნივერსიტეტში უსწავლიაო.

ჰენველი: (ნაღვლიანად) ჩვენ ვერ გავწვდით საშუალო სკოლის ფორმას. მე სკოლის გამოცდები ჩავაბარე, აი, ფორმა კი ვერ ვიყიდეთ.

ჰენველ-უფროსი: (ისე გულიანად იცინის, რომ ცრემლიც კი მოადგება თვალზე) არ მოგბეზრდა კედელზე ცერცვის შეყრა? ღმერთო ჩემო, ცოტა ხომ არ მოგიძველდა ეგ ისტორია? სულ ვარდის სურნელი რომ ასდიოდეს, ბარს მაინც მირჩევნია ბარი დავარქვა. საითაც არ უნდა მიცურავდეს შენი ნავი, დასანანი არაფერია, ჰენველ.

ჰენველი: (წაიმღერებს) ცერცვი ჩავაგდე ნავში. . . . ნიჩბის მაგივრად ბარი მაქვს ხელში. . . . ვარდი, რომელიც ჩემ სიყვარულს ვაჩუქე იმ დღეს.

ჰენველ-უფროსი: სულ გაგირეკია.

* * *

"ეს ვისი ველოსიპედია?"
ჰენველი წამოჯდა. ვერ ვიტყვი, ჰენველ-უფროსი დიდად გააოცა-მეთქი მისმა დანახვამ, ერთი ეგ იყო, მცირედ შეფიქრიანდა და ვაჟს ჩიპსები შესთავაზა, მასაც არ გაუდია თავპატიჟი.
"აქ სადღაც დასაკეცი მაგიდა უნდა მქონდეს..."
ჰენველი თვალს არ აცილებდა ჰენველ-უფროსს, რომელიც ფურგონის სიღრმეში რაღაც ხარახურასა და ძველ ავეჯში იქექებოდა. იქვე ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ფოჩებიანი ტორშერი და ტანსაცმლის საკიდი დაეყარათ: ჰენველის საგვარეულო გერბი. სანიტარული მანქანის მძღოლი, ბანთი, რომელსაც, სავარაუდოდ, იქაურობის მილაგებ-მოლაგება ევალებოდა, ამ ერთი წლის წინ გარდაცვლილიყო ­- ეს პატარა ბიზნესი მისი ფულით იყო შეძენილი. ქალი ალბათ ჰენველ-უფროსს საჭმელსაც უმზადებდა და სასმელითაც ანებივრებდა, ახლა კი, მარტო დარჩენილი ჰენველ-უფროსი საზიზღრად გასიებულიყო, ცხვირსა და ლოყებზე კანქვეშა კაპილარები დასკდომოდა, ჟღალი ბაკენბარდები წამოზრდოდა და შევერცხლოდა. საშინელება იყო! ჰენველ-უფროსი ფიზიკურად ყოველთვის აღემატებოდა ჰენველ-უმცროსს: "შემაჯექი ზურგზე ­- მიდი, შემაჯექი! ნუ გეშინია, არ ჩავტყდები!" ეუბნებოდა ხოლმე რომელიმე ქალს, და როცა ის ბუდასავით ამხედრდებოდა მის ზურგზე, ჰენველ-უფროსი ერთი-ორჯერ მაინც ჩაბუქნიდა, ზოგჯერ ხუთჯერაც. ახლა კი ფურგონიდან გამოსულს, საცოდავად ამოყირავებული პატარა მაგიდა მიებჯინა უზარმაზრ ღიპზე. სწორედ ეს ღიპი მიანიშნებდა, საბოლოოდ რომ მიეტოვებინათ ქალებს.
"ესეც ასე" - და შთამბეჭდავი საჯდომი მაგიდაზე ჩამოდო; მაგიდის თუჯის ფეხები ღრმად ჩაესო მიწაში - "ფეხზე მდგომელა ჭამისა არ მწამს ".
ორი პატარა სკამი გამოიტანა და ჰენველიც ერთ-ერთზე მოთავსდა. ჰენველ-უფროსი რომ არ ჯდებოდა, მის მემკვიდრეს ერთი ხანობა ეს ბუნებრივადაც კი ეჩვენებოდა. მასპინძელი მდუღარე ზეთს დაჰფოფინებდა და შესაწვავ ჩიპსებს არჩევდა, ზოგს კი ყრიდა, აბა, თავის ერთადერთ ვაჟიშვილს უვარგისი ჩიპსებით ხომ არ გაუმასპინძლდებოდა! როცა ტაფასთან ფუსფუსს მორჩა, ჰენველისთვის უკვე ნათელი გახდა ის, რაც ისედაც აშკარა იყო: მამამისს მისი ყურება ემძიმებოდა. ორივენი მინდორს გადაღმა მდელოს გასცქეროდნენ, ჰენველ-უფროსი ფურგონს მიყუდებოდა - თავისი რწმენის მიუხედავად - ხელში გაქონილი ქაღალდის პარკი ეჭირა და თითოეულ ჩიპსს გულმოდგინედ ამუშავებდა კბილებით. ჰენველი თუ ხმას ამოიღებდა, ჰენველ-უფროსი მისი მზერის მიმართულებით იყურებოდა, შვილისთვის ერთხელაც არ შეუხედავს.
ამ საუბრიდან ჰენველს ფაქტიურად არაფერი ახსოვდა, მისთვის ის ისეთივე არარეალური რამ იყო, როგორც წეღანდელი შეთხზული დიალოგი. ვიდრე ჰენველი მდუმარედ ცდილობდა მამამისისგან რაიმე (დიდი ხნის ნანატრი, მაგრამ ნაკლებმოსალოდნელი) სინანულისმაგვარი ამოექაჩა (რას ვიზამ, შვილო... სიმართლე გითხრა, საშინლად ვნანობ...), რეალურ, დამძიმებულ ჰაერს გაოფლილი ჰენველ-უფროსის ლაყბობა არხევდა; ყვებოდა სუეცის ამბებზე და იმ არაბ ნაბიჭვრებზე, და კიდევ ათას რამეზე, რისიც ჰენველს ­- ადამიანთა შორის ამ ყველაზე აპოლიტიკურ არსებას, რომლისთვისაც სამყარო შედგებოდა და ამოიწურებოდა იმ ხალხით, ყოველდღიურად რომ ხედავდა, ელაპარაკებოდა, აჭმევდა, ბანდა - არაფერი გაეგებოდა. ბოლოს და ბოლოს საუბარი იმათზეც ჩამოვარდა, ვისი ამბებიც ჰენველს პირადად ეხებოდა - მის ცოლზე, ქალიშვილებზე. ჰენველმა მორცხვად აღწერა თავისი იმჟამინდელი გასაჭირი, თან ექიმისგან ნასესხებ ფრთხილ და მაღალფარდოვან გამოთქმებს აწვებოდა ("მენტალური აშლილობა", "მიდრეკილება ისტერიისკენ"). ჰენველ-უფროსმა უკანა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ჭუჭყისგან ჩაშავებულ კისერზე მოისვა, მერე კარგა ხანს გულმოდგინედ კეცავდა. და უცებ ჰენველი მიხვდა: მამამისს სავსებით ბუნებრივად მიაჩნდა ის ფაქტი, რომ მისი ვაჟი გარკვეული აზრით არასრულფასოვან ქალზე დაქორწინდა და ახლაც ის ირონიული ზიზღისმაგვარი გრძნობა დაუფლებოდა, როგორიც მაშინ, როცა პატარა ჰენველმა იმის მაგივრად, რომ ეცინა, როდესაც მოაჯირზე გადახრილი მამა ხელში აყვანილს აქანავებდა, საშინელი ღრიალი მორთო.
"ესეც ასე, კეთილი და პატიოსანი", დაამთავრა მან თავისი ლექცია ჰენველiს უბადრუკობაზე (ლექციაში ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ მას არ შესწევდა უნარი გაეკეთებინა სწორი არჩევანი და საერთოდ, სწორად შეეფასებინა მოვლენები) და უფრო ზოგად თემაზე, "ქალებზე" გადავიდა, რამაც საშუალება მისცა, რაღაც ეჭვი მაინც გაეღვივებინა მსმენელში, რომ ჰენველის უბედურება მარტო მისი ბრალიც არ იყო: "ისინი თავიდან წერენ ისტორიას - კაცს საშუალებას არ აძლევენ იყოს ისეთი, როგორიც არის. მუდამ იმას გიჩიჩინებენ, როგორი უნდა ყოფილიყავი, და სულ არ აინტერესებთ, როგორი ხარ სინამდვილეში. თანაც, რასაც სამაგიეროდ გთავაზობენ, იმის ნახევარიც არ ღირს, რაც თვითონ ჰგონიათ - ან იქნებ მე ვფიქრობ ასე. თუმცა, შეიძლება თქვენ უფრო გაგიმართლათ - ღმერთმა იცის, ახლა ისინი გაცილებით უკეთესები ჩანან, ვიდრე ჩემ დროს..."
მათგან ოციოდ იარდში ორი სარაფნიანი გოგონა ერთმანეთს ყირის გაჭიმვაში ეხმარებოდა. ჰენველ-უფროსმა მუცელში ხელი წაჰკრა ჰენველს, და ამ უკანასკნელმაც ძლიერი წყენა იგრძნო დედამისის მაგივრად, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და შუბლთან ისევ ჩამოშლოდა კულულები - ახლა უკვე გათეთრებული - ისევ ატარებდა იმ სქელ ფეტრის შლაპებს და ჰაროლდ ლოიდის სათვალეს, უზადოდ წრიული შუშებით და სქელი ჩარჩოთი. არაფერი უთქვამს. უხმოდ შეექცეოდა თავის ჩიპსებს. ქერა, გამხდარი გოგონა კი ამასობაში მეორე, შავგრემანი გოგოს პუტკუნა კოჭების დასაჭერად ემზადებოდა, ეტყობა, კვება არ აკლდა მის პატრონს, აბა ათიოდე წლის წინ წვივებს ასე ვერ გაისუქებდა. შავგვრემანი ხელებს დაეყრდნო და ფეხები აიქნია, ყვითელი კაბა მკერდზე შემოეტმასნა, მისი კრინოლინი ქერა გოგონას ვიწრო მხრებს გადაეფინა. მერე ჰენველისა და ჰენველის თვალწინ გოგონები სიცილ-კისკისით გაგორდნენ ბალახზე. ცოტა ხანში ჰენველ-უფროსმა აიღო ქაღალდის ორი ცარიელი პაკეტი, ცხიმიან გორგლად აქცია და ჩაილაპარაკა, მიჯობს, ჟალუზები ავწიო, ჩაის დროა და ხალხი მოვაო. ამის მერე ჰენველს აღარც უნახავს მამამისი.
1986 წლის რომელიღაცა რიცხვში, კერძოდ კი რომელში, ალბათ მხოლოდ სახელმწიფო არქივში თუ ეცოდინებათ, ჰენველის ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა. ჰენველი შინ მოზელილი ცომით პიცას ამზადებდა თავისი მეორე ოჯახის პატარა წევრებისთვის. ყველაზე უკეთ ახალი პამიდვრის თხელი, წყალგარეული სოუსი გამოსდიოდა, ხამსითა და შავი ზეთისხილით შეკმაზული, ისეთი პიკანტური და გემრიელი, რომ კოვზით უპუროდაც შესანიშნავად მიირთმევდა კაცი. თუმცა, შეიძლება მარტო მე მიყვარს ასე ჭამა. ზოგჯერ მეტისმეტად გახვევთ თავს ჩემ გემოვნებას.
"დიახ, გასაგებია - გმადლობთ... კარგი ქენით, რომ შემატყობინეთ", თქვა ჰენველმა ჩვეულზე უფრო სოლიდური ხმით. ტელეფონის ყურმილი დადო და ოთახიდან გავიდა. პიცის კეთებას რომ მორჩა, ოთახში დაბრუნდა, გაფითრებული ჩანდა, თუმცა აღელვება არ ეტყობოდა. გვითხრა, მამაჩემი გარდაიცვალაო, და ამ ფრაზის გაგონებაზე ყველა ჩვენგანი - დედაჩემი, ჩემი ძმა და მე - იძულებული გავხდით, ერთ წამში წარმოგვედგინა ჩვენთვის უცნობი ადამიანი და უკვე მეორე წამს მოგვეკლა. ჰენველს იქამდე არაფერი უთქვამს ჩვენთვის, ოდნავ მაინც რომ შევემზადებინეთ ამ ამბისთვის. რამდენიმე კვირით ადრე იცოდა, მამამისი რომ კვდებოდა, მაგრამ მის მოსანახულებლად არ წასულა. ოცი წლის შემდეგ, მისი დროც რომ მოვა, არც ჰენველის შვილი მივა მასთან. ჩემი პროფესიული საქმიანობისას ხშირად ვიმეორებ ფრაზას, "მე არ მწამს მოდელების". ქინძისთავით მიჭედებულ პეპელას წარმოდგენაც არა აქვს, რა ლამაზ ფორმას ქმნის.
"ის ვერასდროს ისვენებდა ერთ ადგილას", თქვა ჰენველმა, "ახლა კი თავისი გზის დასასრულს მიაღწია". ძველი, ლამაზი მეტაფორაა, ბორხესს რომ მოეწონებოდა, ისეთი; ჩვენ კი ყველამ ის პირდაპირი მნიშვნელობით გავიგეთ და მაშინვე ბრაიტონის ნავსადგური გაგვახსენდა: ბრაიტონი ჩვენთვის ჰენველის სამყარო იყო, ის ადგილი, სადაც, როგორც წესი, ჰენველები კვდებოდნენ. პატარაობაში მესიზმრა ­- ამას რა დამავიწყებს - რომ სხეულზე გრილი, ბრტყელი ბრაიტონული ქვები მეყრებოდა... აი ისე, როგორც ებრაელები აწყობენ ლოდებს საფლავებზე; მეყრებოდა და მეყრებოდა, ვიდრე მთლიანად არ ჩავიმარხე ამ ქვებში. მერე კი მთელი ოჯახები მოდიოდნენ და პიკნიკს მართავდნენ ამ ადგილას ისე, რომ არც კი იცოდნენ ჩემი ამბავი, რადგან მე უკვე ბრაიტონის კლდის ნაწილად ვქცეულიყავი ისევე, როგორც ყველა ჰენველი (ჩემი სიზმრისეული ლოგიკით) - უხსოვარი დროიდან... მას შემდეგ, რაც ინგლისში დასახლდნენ. მაგრამ მე მდედრობითი სქესის ჰენველი გახლავართ და გათხოვებასთან ერთად ჩემ გვარსაც გამოვეთხოვე.


© “ცხელი შოკოლადი”

No comments: