Monday, November 24, 2008

კოტე ჯანდიერი

კოტე ჯანდიერი, ნინო გოგუაძე - იდიოტიზმის ანატომია

სიმონ ჯანაშია - ზოგადი განათლების სისტემის ექს-”რეფორმატორებს”

ნინო გოგუაძე - ”ბინდის გვარია სოფელი”

ლობიო


გაზეთ "რეზონანსის" …2008 წლის 12 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა ჩემი და ნინო გოგუაძის წერილი "იდიოტიზმის ანატომია", რომელსაც მოჰყვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის, ბატონ სიმონ ჯანაშიას, გამოხმაურება (ზოგადი განათლების სისტემის ექს-"რეფორმატორებს", "რეზონანსი", 25 ივლისი, 2008, №200). კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო, რომ ს. ჯანაშიას ეს საპასუხო წერილი, მიუხედავად კურიოზული ენობრივი შეცდომებისა და მიუტევებელი სტილური ხარვეზებისა, არ არის დაწერილი "პროექტების ენით". მეტიც, ალაგ-ალაგ ტექსტს კაზმულსიტყვაობაში გაწაფული ადამიანის ხელიც კი ეტყობა. არ ვიცი, ეს ბატონი სიკოს სიბეჯითეს უნდა მივაწერო, თუ წერილის ნამდვილ ავტორთა (რაზედაც, სხვათა შორის, აშკარად მეტყველებს წერილის სტილური არაერთგვაროვნება) წარმატებულ მცდელობას, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ეს აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია. სხვათა შორის, ჩვენი წერილის Dერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო. ვისურვებდი, რომ მომავალში მაინც ყველა კანონი, სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტი, მეთოდური თუ სასწავლო სახელმძღვანელო და ა.შ. სწორედ ასეთი ადამიანური ენით იწერებოდეს. მაშინ კი საზოგადოებას აღარ გაუჭირდება "რეფორმატორების" ჭეშმარიტ მიზნებში, მათ მოსაზრებებსა თუ შეხედულებებში გარკვევა და ადეკვატური რეაგირება.
რაც შეეხება საპასუხო წერილის შინაარსს, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენ მიერ ეროვნული სასწავლო გეგმებიდან და სახელმძღვანელოებიდან დამოწმებული მაგალითები, რეფორმატორთა მიერ ზოგადი და უმაღლესი განათლების, აგრეთვე, მეცნიერების სფეროში გადადგმული კატასტროფული ნაბიჯები ს. ჯანაშიამ უმნიშვნელო ხარვეზებად, მეორეხარისხოვან დეტალებად გამოაცხადა, ხოლო მთავარი აქცენტი ჩვენს (ანუ წერილის ავტორთა) დისკრედიტაციაზეა გადატანილი.
ბატონი სიკო შეტევას სამი მიმართულებით ავითარებს:
1. წერილის ავტორები არ არიან კომპეტენტურნი განათლების საკითხებში, ვინაიდან ერთ დროს თვითონ მუშაობდნენ განათლების სამინისტროში და არაფერი სასიკეთო არ გაუკეთებიათ; პირიქით, ინტელექტუალურ დახმარებას უწევდნენ (არ ვიცი, ვის) კორუფციული სქემების შემუშავებაში, სახელმწიფო ხარჯზე დასეირნობდნენ ჩილეში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სამსახურებრივი სტატუსის მეშვეობით საკუთარ ახლობლებს აწყობდნენ პრესტიჟულ თანამდებობებზე და ა.შ.
2. წერილის ავტორები არაკეთილსინდისიერი ადამიანები არიან, რადგან ყურადღებას დეტალებზე ამახვილებენ, არღვევენ "ციტირების პროცედურებს", დამახინჯებით, კონტექსტიდან ამოგლეჯილად იმოწმებენ ცალკეულ ფრაზებს და ა.შ.
3. წერილის ავტორები განაწყენებულნი არიან სტატუსის დაკარგვით და სწორედ ეს განაწყენება უბიძგებთ, ასეთი უსამართლო და უსინდისო თავდასხმები განახორციელონ ჭეშმარიტ რეფორმატორებზე.
სტატუსის დაკარგვასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო შემდეგი: როდესაც ცხადი გახდა, რომ სახელმწიფოში და, კონკრეტულად, მაშინდელ განათლების სამინისტროში არ არსებობდა რეფორმის გატარების პოლიტიკური ნება, ხოლო ჩვენი შეხედულებები რეფორმის მიზნების, მისი შინაარსისა და განხორციელების გზების შესახებ მკვეთრად დაშორდა სამინისტროს ხელმძღვანელობის ხედვას, მე და ნინო გოგუაძემ საკუთარი ნებით დავწერეთ განცხადება სამსახურის დატოვების შესახებ. მაშინ არც ე. წ. "ვარდების რევოლუცია" იყო მომხდარი და არც ახალი ჯიშის "რეფორმატორთა" გუნდს ეპყრა ხელთ ძალაუფლება. ჩვენ ეს გავაკეთეთ უყოყმანოდ, ვინაიდან პირადად ჩვენი სოციალური, - გნებავთ, მორალური, - სტატუსი, ზოგ-ზოგებისაგან განსხვავებით, არ არის დამოკიდებული სამსახურებრივ მდგომარეობასა და ხელფასის ოდენობაზე.
რაც შეეხება ჩემი და ნინო გოგუაძის მიერ კორუფციული სქემების შემუშავებას, ჩილესა თუ სხვა ეგზოტიკურ ქვეყნებში უფასო ექსკურსიებსა და პრესტიჟულ სამსახურებში ახლობლების მოწყობას, ბატონ სიკოს ვურჩევ, ამ ჩამონათვალს დამაჯერებლობისათვის რაიხსტაგის დაწვა და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქების მცდელობაც დაუმატოს. აქვე მინდა შევნიშნო, რომ ჩემი ხანმოკლე (პრაქტიკულად, ორთვე-ნახევრიანი) მუშაობის პერიოდში განათლების სამინისტროს შენობაში ლობიოს ხარშვას არ შევსწრებივარ და ამაზე ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, კაცმა რომ თქვას, იქნებ მომავალი თაობებისათვის ნაკლებსაზიანო იყოს, თუკი სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობა თავს დაანებებს ლოტოტრონებს, საგნებისა და ფაკულტეტების უაზრო გაერთიანებას, პათოლოგიური მოთხოვნებითა და სულისკვეთებით გაჟღენთილი ეროვნული სასწავლო გეგმების ფაბრიკაციას, მაღალმთიან და სასაზღვრო რეგიონებში სკოლების დახურვას, სკოლებში ყოვლად ანტიჰუმანური და ანტისახელმწიფოებრივი "მოსწავლის ქცევის კოდექსის" დანერგვას და ისევ ლობიოს ხარშვას მიჰყოფს ხელს.
სხვათა შორის, ბატონი სიკო იმასაც გვსაყვედურობს, რატომ გადადიხართ ზოგადი განათლების პრობლემატიკიდან სკოლების დაფინანსების, უნივერსიტეტის "რეფორმირების", მეცნიერების მართვისა და სხვა საკითხებზე, ეს ხომ იმდენად ალოგიკურია, რომ მსგავს შეცდომას სკოლის მოსწავლეც კი არ დაუშვებდაო. ლოგოსის მაძიებელ "რეფორმატორებსა" და პირადად ბატონ სიკოს კიდევ ერთხელ ვუხსნი: თქვენი საკანონმდებლო "შემოქმედება", თქვენ მიერ დაწერილი ეროვნული სასწავლო გეგმები, ამ სასწავლო გეგმების მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელოები, თქვენ მიერ შემუშავებული და დამკვიდრებული სახელმძღვანელოთა შეფასების კრიტერიუმები და გრიფის მინიჭების პროცედურები, სკოლების დაფინანსების თქვენ მიერ შემოღებული წესი, რომელმაც უკვე რამდენიმე ასეული სკოლის დახურვა გამოიწვია, უნივერსიტეტში პოლიციური რბევებით გატარებული "რეფორმა", რომელმაც მოსპო სამეცნიერო-კვლევითი სექტორი, ხოლო ფაკულტეტების მექანიკური გაერთიანებით შექმნა დაუძლეველი ქაოსი სასწავლო პროცესში, ყველაფერი ეს, ბოლოს და ბოლოს, გვაფიქრებინებს, რომ "რეფორმის საჭეთმპყრობელ" ადამიანებს სწორედაც რომ საღ აზრთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.
კარგი, ვთქვათ, ჩვენ ყოვლად არაკომპეტენტური და ზნედაცემული ადამიანები ვართ. განა ეს შველის საქმეს? განა ჩვენ მიერ საილუსტრაციოდ დამოწმებული მრავალი ენობრივი და აზრობრივი კურიოზი გაქრება ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონიდან, ეროვნული სასწავლო გეგმებიდან, სასკოლო სახელმძღვანელოებიდან?
წიგნის ავტორს, გამომცემლობასა და გამოცემის წელს არ ასახელებთ, რითაც "ციტირების პროცედურას" არღვევთო - გვსაყვედურობს ოპონენტი. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ ეს შეგნებულად გავაკეთეთ, რათა ყურადღება წიგნის ავტორსა და გამომცემლობაზე კი არ გაგვემახვილებინა, არამედ იმაზე, ვინც გრიფის მიმნიჭებელია. უვარგისი სახელმძღვანელოები იწერება ახლაც და დაიწერება მომავალშიც, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, გვაქვს თუ არა გონივრული და პატიოსანი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ავისა და კარგის გარჩევას შევძლებთ და მოსწავლეებს დავიცავთ სიბრიყვის მოძალებისაგან? ასეთი მექანიზმების შექნა შესაბამის სახელმწიფო უწყებას ევალება. როდესაც განათლების სამინისტროს გრიფს იღებს მეათე კლასის ქიმიის სახელმძღვანელო, რომელშიც პრაქტიკულად ვერ ნახავთ ვერც ერთ ქიმიურ ფორმულას, ხოლო ქიმიური რეაქციებისადმი მიძღვნილ თავში ვერ აღმოაჩენთ ქიმიური რეაქციის ვერც ერთი მაგალითს, ამის ნაცვლად კი წააწყდებით ყოვლად უადგილო მსჯელობებს ქიმიური პროდუქციის რეალიზაციის, კინოფილმ "ჯარისკაცის მამის", ქართული ღვინისა და კონიაკის შესახებ, რა ჰქვია ამას? ამის შემდეგ გვაქვს თუ არა სრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ბატონი სიკოსა და მისი კოლეგების მიერ გამოგონილი გრიფის მინიჭების პროცედურა ყოვლად უვარგისი და იდიოტურია? "ციტირების პროცედურის დარღვევა" და სამინისტროში მოხარშულ ლობიოზე მსჯელობა ვერ შენიღბავს იმ კატასტროფულ შედეგებს, რომლებსაც თითოეული მასწავლებელი ყოველდღიურად გრძნობს, ხედავს, განიცდის, მაგრამ "პროექტების ენაზე" მოტლიკინე ხელმძღვანელობის შიშით ხმამაღლა ვერაფერს ამბობს. თუკი ვითარების გამოსწორებას იმის გარკვევა უშველის, ჩემი პირადი ნივთებიდან რა დავტოვე სამინისტროს იმ ავადსახსენებელ კაბინეტში და რა წამოვიღე შინ - კი, ბატონო, ამაზეც ვიმსჯელოთ, მაგრამ ამით რა ეშველება ჩვენი შვილების ცნობიერებაში ჩაბეჭდილ მახინჯ ენობრივ კონსტრუქციებსა და გაუმართავ, ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, მცდარ აზრებს, რა ეშველება ასეულობით დახურულ სკოლას, დასაცლელად გაწირულ სოფელს, რა ეშველება იავარქმნილ კვლევით ინსტიტუტებს, ფიზიკის, მათემატიკის, აღმოსავლეთმცოდნეობის, კლასიკური ფილოლოგიისა და სხვა, მსოფლიოში ცნობილ და "რეფორმატორების" მიერ გაუქმებულ, ფაკულტეტებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ სიამაყეს წარმოადგენდნენ და ცივილიზაციის საგანძურში საქართველოს სახელით თვალსაჩინო წვლილი შეჰქონდათ? და, ბოლოს, რა ეშველება ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისა და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ტოტალურ დეჰუმანიზაციას, თუკი საჯარო სკოლებში დროზე არ შეჩერდა სამარცხვინო "მოსწავლის ქცევის კოდექსის" მოქმედება, კოდექსისა, რომელიც სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს ძნელად აღსაზრდელი ბავშვების მიმართ "ნულოვან ტოლერანტობასა" და ასეთი მოსწავლეების განსაკუთრებული რეჟიმის სპეცსკოლებში გადაყვანას ავალდებულებს?
ჩემი აზრით, "ინტელექტუალ-რეფორმატორებისაგან" საზოგადოება სწორედ ამგვარ საჭირბოროტო კითხვებზე მოითხოვს პასუხს. ამის სანაცვლოდ კი იმავე საზოგადოებამ მდარე ბელეტრისტიკა და უნამუსო ცილისწამება მიიღო. ამით კი, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი წერილის სათაური "იდიოტიზმის ანატომია" ზუსტად და ზედმიწევნით გამოხატავს განათლების სფეროში შექმნილ ვითარებას. "რეფორმატორთა" საპასუხო წერილში კი პირადად ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი და ნიშანდობლივი მაინც ლობიოს ხარშვის ეპიზოდია...
დანარჩენი ჩვენმა საზოგადოებამ განსაჯოს.

P.S. ბატონო სიკო! თქვენ მიერ ხელმოწერილ პუბლიკაციაში ჩვენი მისამართით როყიოდ წამოსროლილი იმდენი ცილისწამება, ტყუილი და ბინძური ინსინუაცია ამოვიკითხე, რომ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ჩვენი ურთიერთობა ასე მარტივად არ დამთავრდებოდა. მოგეხსენებათ, ერთ დროს ამისათვის დუელში იწვევდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პირადად თქვენს მიმართ არავითარი გაღიზიანება არ დამრჩენია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი, ვინც რეალურად განაგებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ვინც დაგავალათ საპასუხო ტექსტის (ან თუნდაც მისი ნაწილის) შედგენა და ხელმოწერა, ახლა შეეცდებიან ჯოხი მხოლოდ თქვენზე გადატეხონ. როგორი აზრისაც არ უნდა ვიყო თქვენზე, დარწმუნებული ვარ, რომ სხვის დაუხმარებლად თქვენ ვერაფრით ვერ შეძლებდით ასეთი დახვეწილი და მიზანმიმართული ცილისმწამების შეთხზვას.
მე იმის დაშვებაც კი შემიძლია, რომ თავდაპირველად თქვენ მართლა გულწრფელად გინდოდათ რაიმე სასიკეთო გაგეკეთებინათ განათლების სისტემაში, მაგრამ იმათ, ვისი დაკვეთის შემსრულებლადაც ახლა გამოდიხართ, ძალიან ოსტატურად გამოიყენეს თქვენი ენთუზიაზმი, ქაოტური და ერთმანეთთან დაუკავშირებელი იდეები და სწორედ თქვენ გამოგიყვანეს ავანსცენაზე - ათასი სისულელე, ხშირად კი დანაშაულის ტოლფასი საქმეები გაკეთებინეს, გალაპარაკეს, გაწერინეს და თქვენც ნელ-ნელა ეშხში შეხვედით. ახლა კი მათ აღშფოთებეული საზოგადოების პირისპირ დაგტოვეს. გაავებულ ხალხს დროდადრო ვიღაც უნდა გადაუგდო გასაგლეჯად და დასამშვიდებლად, თვითონ კი მოასწრო ჩრდილში გადგომა. რას იზამ, ეს მათი სტილია.
არ იფიქროთ, რომ ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ერთი წუთით მაინც გათავისუფლებთ იმ უმძიმესი პასუხისმგებლობისაგან, რომელსაც განათლების სფეროში პირადად თქვენი ნამოქმედარი ან, თუნდაც, ამ სამარცხვინო ცილისწამებასა და ტყუილზე ხელის მოწერა გაკისრებთ. უბრალოდ, გულწრფელად გეტყვით: გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდი, ზემოხსენებული პასკვილის ქვეშ მთელი ამ საგანმანათლებლო კოშმარის ნამდვილ არქიტექტორთა და სულის ჩამდგმელთა ხელმოწერები მენახა.


© “რეზონანსი”

No comments: