Wednesday, December 24, 2008
სალმან რუშდი
მაღლა ცისკენ
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
გასული ნოემბრის ერთ დღეს დიდხანს დავეხეტებოდი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მხრჩოლავი ნანგრევების ირგვლივ. ვაკვირდებოდი ამ შემზარავ სანახაობას და ვესაუბრებოდი ჩემსავით გაოგნებულ უცნობებს. ვამჩნევდი, როგორ ირეკლებოდა ჩემი დაბნეულობა იმ ადამიანების თვალებში, რომლებსაც თავდაპირველად, ალბათ, მხოლოდ აქაურობის დათვალიერების სურვილი ამოძრავებდათ და არა უფრო სერიოზული და საპატიო განზრახვა - ქცეულიყვნენ მომხდარი ტრაგედიის მოწმეებად. დავინახე აგრეთვე მაშველები და მახლობელი მაღაზიებისა და ოფისების თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღე მოდიოდნენ ნანგრევებთან. ზოგიერთი მაშველი თვალს არიდებდა აუტანელ სურათს, რათა მუშაობის გაგრძელების უნარი შეენარჩუნებინა. საათების განმავლობაში დავდიოდი და ადამიანების თვალებში ვეძებდი პასუხს იმ შეკითხვებზე, რომლებიც ყოველ ჩვენგანს აღელვებდა. ჩემი დაკვირვებული მზერა არავის აღიზიანებდა. იმ დროს მხედველობითი კონტაქტი, უბრალოდ, აუცილებელი იყო და შვებასაც კი გვგვრიდა.
მაღლა, ცისკენ ავიხედე. ბევრი რამ დაიწერა და ითქვა იმის შესახებ, რაოდენ შემაძრწუნებელი იყო ცათამბჯენების გაუჩინარება ლანდშაფტიდან. ადამიანები თვალებს აცეცებდნენ და ეძებდნენ იმას, რაც ერთხელ იხილეს. არ სჯეროდათ, რასაც ხედავდნენ. არარსებობა არსებობად იქცა. ნოემბრის ამ დღეს ცარიელი სივრცე თითქოს გამკვრივდა და მაღლა აიზიდა გამქრალ ნაგებობათა შესანაცვლებლად. "აი, აქ მოხდა ეს", შევახსენე საკუთარ თავს, "ქვემოთ კი არა, იქ, ზემოთ". ანაზდად თვითმფრინავის ხმაური მომესმა და შევკრთი.
ახლა, როცა ქალაქში მსჯელობენ შენობათა რეკონსტრუქციის შესახებ, სულ უფრო ხშირად მახსენდება ის ილუზია. მახსოვს, აგრეთვე, სენატორ ჩარლზ შუმერის გულისტკივილით აღსავსე კილო, რომლითაც ის საუბრობდა ქალაქის აღდგენის შესახებ. მაგონდება პოლონეთისა და ინგლისის მიერ ომის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილებები, აღდგენილიყო ლონდონის პარლამენტის დაბომბილი შენობა და ვარშავის მიწიდან აღგვილი ცენტრი. ამ ქალაქების მკვიდრნიც ესწრაფოდნენ ვარშავისა და ლონდონის რეკონსტრუქციას უწინდებური სახით.
ნიუ-იორკის მცხოვრებთა უმრავლესობა ერთსა და იმავე თვალსაზრისს იზიარებს. მათი შეხედულებით, ორი ცათამბჯენის ზუსტი აღდგენა გაამთლიანებს ქალაქს. ჩვენ არ შეგვიძლია წარსულის წაშლა, მაგრამ ძალგვიძს მისი ნაკვალევის აღმოფხვრა.
არსებობს საპირისპირო არგუმენტებიც. "მემორიალისტთა" ჯგუფს, დაღუპულთა ნათესავების მეთაურობით, სურს, ეს ადგილი წმინდა მიწად გამოაცხადოს. "ანტიკაპიტალისტურად" განწყობილი ადამიანები, რომლებიც დაუკავშირდნენ "მემორიალისტებს", ეწინააღმდეგებიან ექვსი ახალშემუშავებული პროექტის მიღებას. ისინი არ ეთანხმებიან, აგრეთვე ხელისუფლების მოთხოვნას, რომ შენობებში განთავსდეს იმდენივე ოფისი და სასტუმრო, რამდენიც დანგრეულ ცათამბჯენებში ჰქონდა არენდატორს, ლარი სილვერსტაინს. "არქიტექტორთა" ჯგუფი ამტკიცებს, რომ უნდა აშენდეს ახალი ტიპის (და არა ძველი ცათამბჯენების იდენტური) ნაგებობები. ბოლოს, იმ ჯგუფს, რომელიც უფრთხის მომავალ საშიშროებებს, სჯერა, რომ ცათამბჯენების აშენება გამოიწვევს ტერორისტთა ახალ იერიშებს, და რომ აქ არავინ მოინდომებს მუშაობას.
მალე განიხილება ცათამბჯენთა ექვსი პროექტი, რაშიც მონაწილეობას მიიღებენ ზემოჩამოთვლილი (და, აგრეთვე, სხვა) ჯგუფები? არ უნდა დავივიწყოთ გუბერნატორ ჯორჯ პატაკის წინადადებაც, იმის შესახებ, რომ აქ საერთოდ არაფერი არ უნდა აშენდეს. ვფიქრობ, აზრთა მთელი ამ სხვადასხვაობის შედეგად მივიღებთ ახალ ქვემო მანჰეტენს, ის კი (თუ ინგლისურ ანდაზას გავიხსენებთ), იქნება ერთგვარი მრავალკუზიანი აქლემი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა საერთო ძალისხმევით დახატული ცხენი.
თუ ეს მოხდება, მაშინ ჩემი საკუთარი წარმოდგენა რეკონსტრუქციის შესახებ ხორცშესხმას ჰპოვებს, სულ ცოტა, ერთზე მეტ პროექტში. სწორედ ნოემბრის იმ დღეს გავიფიქრე, რომ იქ უნდა აშენებულიყო რაღაც გრანდიოზული (სასურველია, ახალი ნაგებობები ძველ ცათამბჯენებს ჰგავდნენ, გარეგნულად მაინც). მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აფეთქება სიმბოლური ქმედება გახლდათ, რასაც ჩვენი სიმბოლური რეაგირება უნდა მოჰყვეს. კარგი იქნება, აიგოს ახალი 110 სართულიანი ცათამბჯენი (ან ორი ცათამბჯენი), რომლის ზედა 30 ან 40 სართულს ცარიელი სივრცე დაიკავებს, გიგანტური ატრიუმის მსგავსად. ამ მემორიალის კედლებზე უნდა აღინიშნოს დაღუპულთა გვარები, როგორც ეს გაკეთდა ვაშინგტონში, ვიეტნამის ომის მემორიალში. შესაძლოა, ჩემი წინადადება მისაღები იყოს ყველა ჯგუფისთვის.
შემთხვევით გავიგე, რომ ჩემი მეგობარი, ინგლისელი მხატვარი ბრაიან კლარკი კონსულტაციას უწევდა ლარი სილვერსტაინსა და არქიტექტორთა მის ჯგუფს. კლარკს ჩემი იდეა ძალზე მოეწონა და დამპირდა, რომ შეეცდებოდა მის ხორცშესხმას.
პირადად მე არაფერი შემატყობინეს, მაგრამ ახლა ვიცი, რომ, ერთ-ერთი საგაზეთო ცნობის თანახმად, "მემორიალური ცათამბჯენის პროექტი წარმოადგინა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის არენდატორმა ლარი სილვერსტაინმა. 110-სართულიანი შენობის ზედა 40 სართულს დაიკავებს ცარიელი სივრცე". გავვოცდი. ვცადე, გამერკვია, იყო თუ არა ეს ჩემი იდეის ვარიანტი, მაგრამ ვერაფერი გავიგე. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, სულ ერთია, ვის ეკუთვნის ზემოაღნიშნული ჩანაფიქრი. ჩემი აზრით, ის მართლაც მოსაწონია.
უფრო არსებითია, დროულად გავიაზროთ, რას ვაგებთ - ნეკროპოლს თუ ფენიქსს. ვფიქრობ, შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებიც აქ ბეჯითად მუშაობდნენ, იმსახურებენ, რომ აღდგენილ იქნას ეფექტური სამუშაო გარემო და გამთლიანდეს ის ქალაქი, რომელიც მათ ესოდენ უყვარდათ.
ეს, ალბათ, გაცილებით უკეთესი მემორიალი იქნება, ვიდრე - ნებისმიერი ქანდაკება, სკვერი ან ატრიუმი და უწინდებურად მომხიბვლელი ქვემო მანჰეტენი კვლავ გახედავს ნიუ-იორკს - ის ხომ ყოველთვის მომავლისკენ იყურებოდა და არა - წარსულისკენ.
27 ივლისი, 2002 წელი
© “არილი”
No comments:
Post a Comment