Wednesday, December 24, 2008
იან მაკიუენი
მხოლოდ სიყვარული, შემდეგ კი - სიკვდილი
ემოციებს გარკვეული თანმიმდევრობით განვიცდით ხოლმე. ელდას, ჩვეულებრივ, მწუხარება მოსდევს და ეს გრძნობა უფრო ადვილად ასატანია, თუ მას სხვებიც იზიარებენ.
თავდაპირველმა ვიზუალურმა შთაბეჭდილებამ - დიდებული ცათამბჯენების ავბედითმა ჩამონგრევამ - ყველანი გაგვაოგნა. ოთხშაბათს კი კიდევ უფრო შეგვზარა ახალმა ვიდეოკადრებმა: პირველი თვითმფრინავის მიერ ცათამბჯენის კედლის გაპობამ, ხელიხელჩაკიდებული ორი ადამიანის გადმოხტომამ ზედა სართულიდან, კიდევ ერთმა უცნაურმა ფიგურამ, რომელიც ხელგაწვდილი მიექანებოდა მიწისკენ (ქოლგის გამოყენება ხომ არ სურდა პარაშუტის სახით?), მაშველებმა, ჩამოცვენილი ლოდების გიგანტურ გროვაზე რომ დაცოცავდნენ.
აფორიაქებულნი, გულს ლაპარაკით ვიოხებდით. განუწყვეტლივ ვქაქანებდით ტელეფონით, იმეილით ან პირისპირ. ვიცოდით, რომ წინ უფრო დიდი განსაცდელი გველოდა, მაგრამ ამას სრულად ვერ ვაცნობიერებდით.
ეს განსაცდელი, რა თქმა უნდა, პირადული ხასიათისა გახლდათ. ხუთშაბათს ჩემს ნაცნობ-მეგობრებს უილაჯობა და სასოწარკვეთა დაეტყოთ. იგივე განწყობილება შეინიშნებოდა ტელე და რადიოკომენტატორთა ხმაში. ადამიანები დეპრესიამ მოიცვა.
სანახაობა დამთავრდა. ახლა უკვე დაღუპულთა ხმებს ვუსმენდით და ვხვდებოდით, რომ ყოველი ცალკეული სიკვდილი, თავისთავად, აფეთქებაა, რომელიც ანადგურებს დაღუპულის ახლობლებს. სწორედ იმ დღეებში გავიგენით ადამიანის სიცოცხლის ფასი.
შემზარავი იყო დაღუპულთა ნათესავების ხილვა. ისინი საავადმყოფოებთან იყრიდნენ თავს ან, ფოტოსურათებით ხელში, ქუჩებში დაეხეტებოდნენ. ეს გვახსენებდა ომებისა და ბუნებრივი კატასტროფების თანმდევ ტრაგედიებს. ამასთან, მანჰეტენი, მსოფლიოს ეს ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ქალაქი, ჩვენთვის ძალიან ძვირფასი იყო.
ადამიანთა ყოველდღიური ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა მობილური ტელეფონი და, თუ ძალგვიძს, მას სიცოცხლის უკანასკნელ მომენტებშიც ვიყენებთ. ხუთშაბათს ვუსმენდით, რას ეუბნებოდნენ ცათამბჯენებში მყოფნი თავიანთ ახლობლებს და გაგვაოცა იმან, რომ ისინი ჩვეულებრივად იქცეოდნენ. ახალმა ტექნოლოგიამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ადამიანის მარადიული, უცვლელი არსი.
სან-ფრანცისკოში მყოფ მამაკაცს ეძინა და ვერ გაიგონა ტელეფონის ზარი, ამ დროს კი მას ცოლი ურეკავდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდან. ქალმა თავის მეუღლეს ბოლო შეტყობინება დაუტოვა ავტომოპასუხეზე. ტელეეკრანზე ვიხილეთ, როგორ ისმენდა ეს მამაკაცი ცოლის უკანასკნელ სიტყვებს. ქალი ტირილით ამბობდა, საშველი არსად ჩანს, ხანძარი მძვინვარებს და კიბით ჩასვლა შეუძლებელიაო. მან წარმოთქვა სამი სიტყვა, რომლებიც ვერ გააუფასურა ვერც მდარე ლიტერატურამ და ვერც უხამსმა სიმღერებმა თუ ფილმებმა. ეს სიტყვები იყო: მე შენ მიყვარხარ.
ქალმა ეს მანამ იმეორა, სანამ სატელეფონო კავშირი შეწყდებოდა. ამავეს ეუბნებოდნენ თავიანთ ახლობლებს გატაცებულ თვითმფრინავებსა და ცეცხლმოდებულ შენობებში მყოფი ადამიანები. მხოლოდ სიყვარული, შემდეგ კი - სიკვდილი. მკვლელებს მათ სიყვარული დაუპირისპირეს.
კაცობრიობის მეხსიერებას შემორჩა გამოჩენილი პიროვნებების - ჰენრი ჯეიმსის, ნელსონის, გოეთეს - უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც მათ წარმოთქვეს სიკვდილის წინ. მათში იგრძნობა შერიგება სიკვდილთან, ზოგჯერ კი - არაჩვეულებრივი მხნეობა და შეუპოვრობა. ამასთან, ცათამბჯენებსა და თვითმფრინავებში მყოფი ადამიანების მიერ ახლობლებისთვის ტელეფონით ნათქვამი უკანასკნელი სიტყვები გაცილებით უფრო შთამბეჭდავი და დამაჯერებელია.
ისინი გვაიძულებენ, წარმოვიდგინოთ, როგორ მოვიქცეოდით, კატასტროფის ადგილას რომ აღმოვჩენილიყავით და ახლა ვიცით, რას ვიტყოდით იმ მომენტში.
ჩვენი უმრავლესობა არ მონაწილეობდა იმ საშინელ მოვლენებში. უბრალოდ, ვუყურებდით ტელევიზორს, ვკითხულობდით გაზეთებს, ვუსმენდით რადიოს. გარკვეულად, ნუგეშს გვგვრიდა გამოცდილი ანალიტიკოსებისა და მეცნიერების გამოსვლები, ხოლო ჟურნალისტების ყბადაღებულმა პროფესიამ კვლავ დაიბრუნა თავისი კეთილშობილური დანიშნულება ამ ეროვნული ტრაგედიის მომენტში.
ჩემი აზრით, იმ დღეებში არავინ ფიქრობდა წარუმატებელი საგარეო პოლიტიკის, გეოპოლიტიკური სტრატეგიის ან საბრძოლო ვერტმფრენების ოპერატიული შესაძლებლობების შესახებ. ამის ნაცვლად, მხოლოდ ნანახის გამო ვდარდობდით და უიმედო ფანტაზიებს ვეძლეოდით. ამერიკელთა უმეტესმა ნაწილმა შემდგომშიც ვერ დააღწია თავი შემზარავი მოვლენების შესახებ ფიქრებს. გამუდმებით ვფიქრობდით მომხდარ კატასტროფაზე.
სწორედ ესაა სიბრალულისა და თანაგრძნობის არსი: ღამით, როცა ძილი არ გეკარება, ხედავ, შიშისგან როგორ ეკვრი თვითმფრინავის ტუალეტის იატაკს და ჩურჩულით გადასცემ უკანასკნელ შეტყობინებას საყვარელ არსებას. და ესაა თქვენი ყველაზე არსებითი სათქმელი. უნდა იჩქაროთ, სანამ მავანი ბრიყვი (რომელიც სამოთხეში თავისი ადგილის მოპოვებას ესწრაფვის), კარს შემოანგრევს, ხელს ჩაგავლებთ და გიბრძანებთ, სავარძელში ჩაჯდეთ. აი, სავარძლის ღვედები. აი, ჟურნალი, რომელსაც კითხულობდით, სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა.
ამ დეტალების ბანალურობამ შეიძლება გაგაოცოთ. თუ პანიკისგან თავგზა არა გაქვთ აბნეული, ჩაეჭიდებით იმედის ნაპერწკალს და ივარაუდებთ, რომ თვითმფრინავის მარჯვე კაპიტანი იატაკიდან ადგება, ხმას ამოიღებს და ყოველივე მოგვარდება...
ბანდიტებს მგზავრების აზრებისა და განცდების წვდომა რომ შეეძლოთ, თავიანთ საქმიანობას შეწყვეტდნენ. ძნელია სისასტიკის გამოჩენა, თუ ხვდები, რა ხდება შენი მსხვერპლის სულში. ჰუმანურობის საფუძველს წარმოადგენს საკუთარი თავის წარმოდგენა სხვა ადამიანის ადგილას. ეს თანაგრძნობისა და ზნეობრიობის ქვაკუთხედია.
ბანდიტებს სჩვევიათ ფანატიკური, ურყევი რელიგიური რწმენა და სიძულვილი სხვა სარწმუნოების ადამიანთა მიმართ, რაც თრგუნავს თანაგრძნობის ინსტინქტს. მათ ერთ-ერთ დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს წარმოსახვის უქონლობა. რაც შეეხება მსხვერპლთ, ისინი, ალბათ, ვერც კი ხვდებოდნენ, რომ სიყვარულის გამომხატველი აღიარებები მათი სიმამაცის შესანიშნავი გამოხატულება იყო!
2001, 15 სექტემბერი
© “არილი”
No comments:
Post a Comment