* * *
მოლოდინი რომ ქრება
ფერისცვალების შეგრძნება ავსებს სიცარიელეს.
ისინი მოწმეებივით გიყურებენ,
მათი სახელები გახსოვს,
მაგრამ საგნებმა არ იციან შენ ვინ ხარ!
გეეჭვება რას ნიშნავს შენი აქ ყოფნა!
ქოთნის ყვავილს რომ წყალს უსხამ
და ფოთლები უთრთის,
მაგიდას რომ მტვერს აცლი და პრიალებს,
ფანჯრის რაფაზე ბეღურებს რომ
პურის ნატეხს უნამცეცებ, -
ბოლომდი არ ხარ დარწმუნებული:
შენ თუ, ვიღაც სხვა აკეთებს
ამ ყოველივეს.
მაგრამ როცა ფანჯარას ხურავ
და საკუთარ თავში ჩამყუდროვდები,
სწორედ მაშინ მოფრინდება ბეღურა
და იმის ნისკარტი ისეთივე ხმას გამოსცემს,
როგორსაც შენი საწერ-კალამი,
როცა ცარიელ ფურცელზე აგრძელებს
შენი ნამცეცების კენკვას.
12.X.2000 წ.
* * *
ვემშვიდობები ოთახს,
იგი ჩემთვის ცოცხალი არსებაა -
თავის კედლებით, ჭერით, იატაკით
და რაც მთავარია ფანჯრებით,
წასვლისას რომ თვალს მაყოლებენ.
მართალია სურათები დროდადრო ქრებიან ჩარჩოებიდან,
ეს მაშინ, როცა სახლში არავინ რჩება მათ გარდა
და თავისუფლად დასეირნობენ უჩვენო სახლში,
სადაც ყველაფერს სიჩუმის მოძრაობა განაგებს,
მზის ლაქა რომ ავლენს შეუმჩნეველი რხევისას.
ამ დროს ოთახში
ბავშვის ტანსაცმელიც ფეხს იდგამს
და თოჯინებს ეთამაშება.
ეს ყველაფერი კარის ღრიჭოდან დავინახე
და მომერიდა სახლში შესვლა,
საგნებისთვის რომ სიმყუდროვე არ დამერღვია.
ისიც კი გავიფიქრე,
იქნებ, უყვართ კიდეც ერთმანეთი ამ მდუმარ საგნებს,
რომელთა საუბარი ძილ-ღვიძილში ზოგჯერ ჩამესმის.
22.X.2000 წ.
* * *
სადღაც სუნთქავენ მწიფე კომშები
და ვხვდები გული რად მეკუმშება,
შემოდის ბავშვი გაოცებული
თმახუჭუჭა და ოქროსქოშება.
ცოცხლდება ზოგჯერ ძველი ზღაპარი -
დედის ხმა, სახე, ტემბრი მზრუნველი
და ბავშვობისკენ თვალს გააპარებს
დღე გაჟღენთილი კომშის სურნელით.
იმ ბავშვობიდან ამ სიბერემდი
ყოველი წელი სადღაც გამქრალა
და წუთი, სიბრძნეს რომ იფერებდა,
მიფრინავს, როგორც ბოლოქანქარა.
28 აგვისტო, 2000 წ.
* * *
დამუნჯდნენ ბაღის ფერადები,
აღარაფერს არ მკარნახობენ.
ვიღაცას ვუცდი,
მარად უცნობს, თანაც ახლობელს;
მეუცხოება ეს ხალხი დღესაც,
დაბადებიდან აქ რომ სახლობენ
და მე არ ვიცი, როცა კვდებიან,
რად ეჩვენებათ: თავი გასწირეს!
მხოლოდ მუსიკა და ისიც ძველი,
დღევანდელ ყოფას ისევ ამცირებს...
ის, ვინც დაბრუნდა დიდი ხნის მერე
და ჩაუარა ხეებს ახოვნებს,
მხოლოდ ის წუთი თუ შეაყოვნებს
თავმოყრილია სადაც ყველა ხმა -
ვინც ტირის, მღერის ანდა ვინც კივის,
ვისაც ბაგეზე სიტყვა შეახმა,
ვინც წუთი იგრძნო გულში ბიძგივით.
თითქოს ყვავილმა ფეხი აიდგა
და ოთახიდან ოთახში დადის
ბავშვი, რომელმაც არ იცის დარდი
და თავისნაირ ლარნაკში ვარდებს,
ისე უყურებს თითქოს უეცრად
აღმოაჩინა ტყუპისცალები...
მე სარკის სივრცეს თვალს ავარიდებ
და მეშინია სარკის თვალების.
აქ ყველაფერი მუდამ იწყება
ზოგჯერ უკვალოდ ან ნაკვალევით...
სახლის სიჩუმეს ქსოვენ ქალები
და ყოველ ბგერას თუ მოძრაობას
უნდა იმ დროის ჩუმად გალევა,
მუდამ რომ არის და იმალება.
7.X.2000 წ.
* * *
გარეთ ადგილი აღარ არის,
გარეთ სივრცე აღარ არის...
თვალები შიგნით იყურებიან,
სადაც უფრო ადვილია სუნთქვა,
სადაც თავის აღმოსაჩენად
ვიძირები, ვიძირები, ვიძირები...
გარეთ ადგილი აღარ არის,
მაგრამ მაინც მოძრაობენ ერთი მიმართულებით,
სადაც მუდამ დარჩენა შეუძლებელია
და საიდანაც სულ რაღაც მიაქვთ
შთაბეჭდილების მსგავსი,
იგივე მიმართულებით,
დამუნჯებულ სამყაროსკენ მოძრაობენ.
გარეთ ადგილი აღარ არის,
საითკენაც ფანჯრის თვალები გაიხედავენ -
ან თვალების ფანჯრები რაიმეს აღმოაჩენენ,
გარდა ამ ძველი მეტაფორებისა -
ჭუჭრუტანებადაც რომ არ გამოდგებიან,
რადგან დაგმანულია ყველა გასაღწევი -
საკუთარ თავში ჩასაძრომის გარდა.
გარეთ ადგილი აღარ არის...
უფსკრულის ბაგეებივით რაღაც იხსნება ჩემში,
იქ შეიძლება ჩაკარგვა,
ჩაკარგვა, ჩაკარგვა...
ამ ცხოვრების შთაბეჭდილებები
არსებობენ დასავიწყებლად.
სხვას ვეღარ აგრძნობინებ როგორ ემზადები იმისთვის,
რისთვისაც სხვებიც ემზადებიან
და სხვადასხვა გზით მიდიან
მრავალსიტყვაობის მომაკვდინებელ სიმუნჯისკენ,
სადაც სიტყვები დუმილის ჭაში ცხოვრობენ.
გარეთ ადგილი აღარ არის,
პირჯვრის გადასაწერ სივრცეს
ძლივს პოულობს ხელი,
რომელიც სწრაფადვე ქრება,
შუბლზე გადარბენილ ჩრდილივით
და დიდი დრო არ სჭირდება
მუშტად რომ იქცეს.
6.V.2000 წ.
და ა.შ.
ქარი, მოძრავი პეიზაჟი:
ხეებსაც კი გაქცევა უნდათ
და ეს ქალაქიც ქალაქიდან გაქცევას ცდილობს
და ყველა კარი ჭრილობაა, როცა იღება
და ეს ჩიტებიც საკენკს ამაოდ დაეძებენ
და მიფრინავენ ქალაქიდან,
სადაც ყვავილიც ვერ პოულობს
გასაშლელ ადგილს
და სისხლივით სდის მიწას ბალახი
და მათხოვრები სხეულების ნანგრევებიდან
ხელებს იწვდიან:
- რა ღირს სიკვდილი?!
ხომ შეიძლება საკუთარ თავში ჩავიმარხო,
რადგან საფლავის მიწა ძვირია?!
უხმო სიტყვები თვალებიდან იმზირებიან
და ცხადად ვხედავ თუ საიდან ამოდის ბინდი -
მალე რომ ღამედ გადაიქცევა
და გადაყლაპავს საკუთარ თავს და
ქალაქს მთლიანად
და იმათაც, ვინც გაქცევა ვეღარ მოასწრო,
ვინც მოქანავე პეიზაჟებს ვერ შეუერთდა
და განაგრძობს თავის სხეულში
საფლავის თხრას:
- ამ ქალაქში რა ღირს სიკვდილი?!
10.VI.2000 წ.
© “არილი”
No comments:
Post a Comment