ლეო ქიაჩელი, “ჰაკი აძბა”. (ყველა დროის საუკეთესი ქართული მცირე რომანი). თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2007.
როცა ირგვლივ რევოლუციის აჩრდილი დაძრწის, სამოქალაქო ომი არ ცხრება და საზღვაო ქალაქი კრეისერების შიშით თრთის, მსხვერპლი გარდაუვალია - იმის გარდა, რომ ადამიანები იღუპებიან, იცვლება ფასეულობები, კითხვის ნიშანი ჩნდება ისეთი ცნებების გვერდით, როგორიცაა ზნეობა, მეგობრობა, თანადგომა... მერე ამ კითხვისნიშნებს პასუხებიც სხვადასხვანაირი გაეცემა ხოლმე და ხშირად ისეც ხდება, რომ უსამართლობა და გაუტანლობა ზეიმობს. 1918 წლის სოხუმი, კრეისერ “შმიდტი” სანაპიროზე, საყოველთაო შიშით გაჯერებული საზოგადოება და ახალგაზრდების სისხლი - ამ ყველაფრის მსხვერპლად. ლეო ქიაჩელის მცირე რომანის ახალი გამოცემა კიდევ ერთხელ გაგვახსენებს აფხაზი თავადის - უჯუშ ემხასა და მისი ძიძიშვილის, ჰაკი აძბას, ტრაგიკულ ამბავს.
ცისფერყანწელები, “ასი ლექსი”. შემდგენელი მაია ჯალიაშვილი. თბ. “ინტელექტი” 2007.
თუ მოგენატრათ ავზნიან ქალაქში მოხეტიალე რაინდების აჩრდილები და ცხენზე ამხედრებული ანგელოზები, თუ ვერაფრით ივიწყებთ მარცვლებად და რითმებად დალაგებულ ავტორპორტრეტებს, ან თუ უბრალოდ აღარ გყოფნით შემოდგომის ცის მკრთალი ფერი და მეტი სილურჯე მოგენატრათ, მაშინ “100 ლექსი” ნამდვილი სიურპრიზია თქვენთვის. წიგნში ცისფერყანწელების რჩეული ნაწარმოებებია თავმოყრილი - გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი და სხვები, რომლებმაც ქართულ ლიტერატურაში თავიანთი ეპოქა შექმნეს - ახლა უკვე მათი შემოქმედება ერთ წიგნად არის შეკრული.
ირაკლი მახარაძე, “გურული მხედრები ამერიკაში”. უცნობი გურული მხედრის ჩანაწერები, „ერთხელ ამერიკაში“. თბ. „არეტე“ 2007.
ალბათ აქამდეც გსმენიათ საზღვარგარეთ გაჯირითებული გურული მხედრების შესახებ - ოკეანის გაღმა-გამოღმა იქაურ ცხენოსნებს რომ აკვირვებდნენ, სხვადასხვა შოუებსა და წარმოდგენებში იღებდნენ მონაწილეობას, და ხანდახან, ალბათ, თვითონაც უკვირდათ თავიათნი წარმატების. ირაკლი მახარაძის წიგნში „გურული მხედრები ამერიკაში“ ერთადაა თავმოყრილი მოჯირითეების საოცარი ამბები და თავგადასავლები, რომლებსაც თან ერთვის უნიკალური ფოტომასალა ამერიკა-საქართველოს არქივებიდან. აქვეა პატარა ბროშურაც, სადაც უცნობი გურული მხედრის თავგადასავლები მისივე დღიურის სახითაა შემონახული.
დაი სიჟი, “ბალზაკი და ჩინელი მკერავი გოგონა”. (რომანი). მთარგმნელი დალი იაშვილი. რედაქტორი გია დარსალია. თბ. “არეტე” 2007.
“ინტელექტუალური ბურჟუების’’ - სტუდენტების ხელახალი აღზრდისა და მათი “ღარიბ გლეხებად” ჩამოყალიბების მიზნით კულტურულმა რევოლუციამ ორი მეგობარი ჩინეთის მიყრუებული სოფლისკენ მოისროლა. სოფელში ბიჭები მოწყვეტილი აღმოჩნდნენ ცივილიზაციის ყოველგვარ ნიშანწყალს და ვერც კი იფიქრებდნენ, რომ ერთ-ერთი ღარიბი მკერავი გოგონას სახლში დასავლური ლიტერატურის საკმაოდ დიდ კოლექციას აღმოაჩენდნენ... “ბალზაკი და ჩინელი მკერავი გოგონა” ფრანგულენოვანი ჩინელი მწერლის, დაი სიჟის პირველი რომანია, რომელიც მალევე ბესტსელერი გახდა და არაერთი ლიტერატურული პრემია მოიპოვა. დაი სიჟი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს.
მორის მერლო-პონტი, “თვალი და გონება”. მთარგმნელი დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია. თბ. “აგორა” 2007.
სად გადის გამყოფი ხაზი სუბიექტსა და ობიექტს შორის, ან არსებობს თუ არა საერთოდ მათ შორის ზღვარი, რამდენად მყარია ჩვენ მიერ აღქმულისა და სინამდვილის კავშირი, ან კიდევ რამ შეიძლება დაარღვიოს ეს კავშირები... “თვალი და გონება” ფრანგი ფილოსოფოსის, მორის მერლო-პონტის ბოლო დასრულებული ნაშრომია. წიგნი ერთგვარი მედიტაციაა მხატვრებსა და მხატვრობაზე, აღქმის ფენომენურობაზე, ხილვის მაგიურ თეორიებსა თუ უხილავ სამყაროზე. “თვალი და გონება” მერლო-პონტის პირველი ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა და იგი მხატვრობით, ზოგადად, ხელოვნებითა და ფილოსოფიით გატაცებულ მკითხველებს დააინტერესებს.
“სემიოტიკა”, სამეცნიერო ჟურნალი. მთ. რედაქტორი ცირა ბარბაქაძე. თბ. “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 2007.
საქართველოში სემიოტიკის კვლევის ცენტრი ერთი წლის წინ დაფუძნდა და მას შემდეგ ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას. ამის ერთ-ერთი დასტურია წინამდებარე სამეცნიერო ჟურნალიც, რომელშიც ნიშნებისა და სიმბოლოების ურთიერთმიმართებით დაინტერესებული მკითხველი არაერთ საინტერესო მასალას გაეცნობა - პოეზიისა და რითმის სემიოტიკა, პოლიტიკური მეტაფორები, სხვადასხვა კონტექსტები თუ ინტერპრეტაციები... ქართველი ავტორების ნაშრომებთან ერთად ჟურნალში წაიკითხავთ რომან იაკობსონის, იური ლოტმანისა და სხვა სემიოლოგთა პუბლიცაკიების თარგმანებს.
© “ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment