ცრიდა.
- ცრის! - თქვა გაზიანი წყლის გამყიდველმა, შუახანს მიღწეულმა, გამხდარმა და ულვაშა ამირანმა და მზერა სველ ქუჩას ჯერ ხელმარცხნივ გააყოლა, კინოთეატრისკენ, შემდეგ ხელმარჯვნივ, ბოტანიკური ბაღის შესასვლელისკენ. - ბავშვობისას, მე და თამარა, აცხონოს ღმერთმა...
- ისეთი ლაპარაკი იცი, ვერავინ ვერაფერს გაგიგებს. აუხსენი მაინც კაცს თამარა ვინ არის! - უთხრა ამირანს მისთვის ჩვეული წკრიალა ხმითა და დამყვავებლური ტონით ცოლმა, მანერულად მოწყენილმა, ჩასუქებულმა ქალმა და ქმრის ჯიხურში სტუმრად მოსულ მეწაღეს გადახედა.
- ჩემი ბიძაშვილი იყო თამარა. თორმეტი წლისა გარდაიცვალა! - ქვებივით მძიმედ გადმოყარა სიტყვები ამირანმა და გაჩუმდა - ისევ ქუჩას გასცქეროდა, ერთხელ საზარდულიც მოიქავა.
- რაღაცას ამბობდი! - ისე გაინაზა ხმა ცოლმა, რომ ამირანი კი არა, მეწაღეც მიხვდა, რომ ეს შეხსენებაზე უფრო თავდაჭერილი ქცევისკენ მოწოდება იყო.
- დიდი მუხის ხე იდგა ჩვენს ეზოში, დიდი ფუღურო ჰქონდა, იქ მიყვარდა წვიმის დროს ჯდომა. თამარაც მოდიოდა ხშირად. ერთი ლექსი ჰქონდა ამოჩემებული: "ჰიტლერი და შოშია სხედან ფუღუროშია, წამოუხტა შოშია, ჩასცხო კინკრიხოშია. ეგ რა მიქენ შოშია? რა და, ჩემი ხოშია!"... ორი წლით იყო ჩემზე უფროსი. ლექსს რომ მორჩებოდა, ზოგჯერ მართლა ჩამავლებდა ქეჩოში ხელს და ძირს მომადენინებდა ტყაპანს... ახტაჯანა იყო, იმის სულს ვენაცვალე!
ნაბახუსევზე მყოფი მეწაღე ამ სევდიანმა ისტორიამ კიდევ უფრო დათრგუნა.
- არა, დღეს ნამდვილად ვერ ვიმუშავებ. ფეხებს გავფშიკავ, რომ ვიმუშავო. ვკვდები მგონია, თვალებში მიბნელდება! - თქვა მეწაღემ.
- გკლავთ სასმელი და მაინც სვამთ. ყველა ერთნაირები ხართ კაცები! - შენიშნა ამირანის ცოლმა. - ასეთი წვრილი წვიმა ერთდღიანი არ არისო, იტყვიან. ხვალაც იწვიმებს. ხვალ კიდევ დღევანდელ ფუნთუშებს არავინ იყიდის!
- გუშინ "არაუშავს" მუშაობა მქონდა. დღეს კიდევ ერთი ჭიქა გაზიანი წყალი გავყიდე და ისიც გულისპირზე გადაისხა იმ ოხერმა. მთვრალი იყო ვიღაცა... ჰო, მართლა, შენ გიკითხა, საპოჟნიკი სად არისო, მეზღვაურის მაისური ეცვა. სად ეგდე მაინც?
- მეძინა. დავკეტე ბუტკა და მეძინა, - გამოტყდა მეწაღე.
- რა თარსი დღეა, მე ამის დედა კი ვატირე!.. ის ახალი ბუფეტჩიცა მოვიდა კინოთეატრიდან გუშინ, შენ რა კარგი მუშაობა გაქვს, მე ეკლერებიც კი არ მეყიდებაო, იწუწუნა... იმან გამთარსა! - თქვა ამირანმა და ასანთის კოლოფი გააჩხაკუნა, როგორც გაბრაზებისას სჩვეოდა ხოლმე.
- ხომ არ მოეწონე? - ჰკითხა ცოლმა.
- ერთი მაგისიც!.. - ისე გადახედა ცოლს ამირანმა, თითქოს ის დაამადლა, მისი თანდასწრებით უწმაწური სიტყვების კორიანტელი რომ არ დააყენა და ულვაშებზე გადაისვა ხელი. - ბიჭი რას შვრება, რეპეტიტორთან არ უნდა წასულიყო დღეს?
- მე არ გავუშვი, არ გაცივდეს-მეთქი! - ამჯერად ნაღვლიანი მზერას ტონიც შესაფერისი მიუსადაგა ცოლმა.
- არაფერიც არ მოუვა!.. ტყუილად ვიხდი მაგის მომზადებაში ფულს?! - იფეთქა ამირანმა. - არ უსწავლია გაკვეთილი და იმიტომ არ წავიდა!.. თქვენ მე რამეს გამომაპარებთ?!.. კაპიკს კაპიკზე ვაწებებ, ამის დედა ვატირე! დახეული ფეხსაცმელებით დავდივარ, წყალი შლიგინით შედის და გამოდის, თაგვები დამდიან მგონია შიგ, ოღონდ შვილს არ მოაკლდეს-მეთქი!.. ორჯერ შემიკეთა კაცმა ნისიად!
- არ გრცხვენია?! - საწყალი ხმით წამოიძახა მეწაღემ და წყენისაგან კიდევ უფრო მოიბუზა. - მეც გადაგიხადო ის ფული, რაც შენთან პახმელიაზე გაზიანი წყალი მიყლაპია?
- სიტყვას მოჰყვა! - თავი იმართლა ამირანმა.
მეწაღე წამოდგა და ტაბურეტი კუთხეში მიდგა.
- წავალ მე!
- დაეტიე მანდ, თუ კაცი ხარ! - ახლა მეწაღეს გაუბრაზდა ამირანი. - სახლში რა უნდა აკეთო, ცოლ-შვილს აშლევინო ნერვები?.. აიშლი ნერვებს - აგტკივდება გული და შეიძლება გაგისკდეს. თუ გგონია მოკვდები და თან გადაგყვებიან?!.. აი! - აქ ამირანმა სამი თითის კომბინაცია გააკეთა. - მიდი, დომინო გადმოიღე!
- არ დალიოთ! - თქვა ამირანის ცოლმა, ქმარს ხალათის საყელო გადმოუტრიალა და თვალწაჭუტულად შეათვალიერა. - ბორში რომ გაგიკეთო, შეჭამ?
- სტრიხნინასაც დავაყოლებ! - უპასუხა ამირანმა. - წადი ახლა, თუ მიდიხარ, ბაზარში, დროზე მიდი სახლში და იმ უსაქმურს უთხარი, რეპეტიტორთან წაეთრეს, თუ არადა, შინ არ დამხვდეს - სადაც უნდა იქ წაბრძანდეს. ქუჩაში გაათიოს ღამე!.. აგერ კიდევ შენ ფული და ბაზრიდან ტაქსით გადი სახლში.
ამირანმა შარვლის ჯიბიდან ორი ცალი მანეთიანი ამოიღო, ცოლს მისცა, შემდეგ სატურატორის გვერდით რკინის ყუთში ჩაყრილ ხურდასაც გადახედა, მაგრამ დამატება გადაიფიქრა.
ცოლმა ქმარს სიყვარულით შეხედა.
- ყველს ვიყიდი ამით, - თქვა მან.
- ტაქსით წადი-მეთქი! - ესროლა ამირანმა.
- არ დალიოთ! - გაიმეორა ცოლმა, კუთხეში აყუდებული ქოლგა სანახევროდ გაშალა და კარში გვერდულად გავიდა.
ამირანმა ასანთის კოლოფი გააჩხაკუნა და ქუჩაში მიმავალ ცოლს მზერა გააყოლა.
- ბედნიერი კაცი ხარ შენ! - უთხრა მან მეწაღეს კარგა ხნის დუმილის შემდეგ.
- რატომ ვითომ? - ლამის იწყინა მეწაღემ.
- შვილები გზაზე დააყენე, თავის თავს ხედავენ უკვე და იმიტომ. ყოჩაღი შვილები გყავს!
- სანამ მოყოჩაღდებოდნენ და გზაზე დადგებოდნენ, მე ჩემი დამემართა. ახლა შვილიშვილების დრო მოდის... და მერე კიდევ, მოყოჩაღების შემდეგაც კარგად მაყაჩაღებენ, ნუ გეშინია - კაპიკს არ შემარჩენენ თუ ფული დასჭირდათ... ღმერთო, რა ცუდადა ვარ!
- ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება.
- აუ, ჩემი!.. ვკვდები მგონია!..
- ამ ხნის კაცი ხარ და ქუჩის ბიჭივით საკუთარ თავს აგინებ, შე კაცო?! - შეუწყრა ამირანი.
- ეგ ქალაქური პონტია, შე გოიმო, შენა... შენი ბიძაშვილი რისგან მოკვდა?
- თამარა?.. ვერავინ ვერაფერი გაიგო - შუაღამეს გამოიღვიძა, მაჭარი დამალევინეთო, ითხოვა. არადა, მაჭარი მანამდე არასოდეს მონდომებია. დალია მაჭარი, დახუჭა თვალები და მოკვდა. შემოდგომა იყო მაშინაც. მისი სიკვდილის შემდეგ ჩემს ფუღუროს გველები შემოეჩვივნენ. დაგორგლილები იწვენენ შიგ... ფუჰ!.. გვაგინებს ვიღაცა!
- მეც მომიკვდა შვილი, - თქვა მეწაღემ. - სამი წლის შვილი მომიკვდა, ისეთი ლამაზი, ისეთი...
- რას ამბობ, კაცო!.. არ ვიცოდი!
მეწაღემ ამოიოხრა.
- რა არის მაინც ეს ცხოვრება! წამია ყველაფერი, ერთი გადაფურთხება... ჭიანჭველები ბუდობდნენ იმ ფუღუროში გველების მოსვლამდე. სიკვდილის წინ ფრთებს გამოისხამდნენ, იფრენდნენ ცოტა ხანი და პრდაპირ ჰაერში კვდებოდნენ. ცალ ფრთას მოვაგლეჯდი ხოლმე და საკუთარი ღერძის გარშემო დატრიალდებოდნენ. არ ვყავართ ღმერთს სიამტკბილობისთვის გაჩენილი - დაგადგამს უღელს რაიმე სადარდებელის სახით და გათრევინებს, არ გაპატიებს კარგად ყოფნას. თუ გაამაყდი და ფრთები გამოისხი, გაგაფრენს ერთ-ორ წრეზე და გაგამგზავრებს იქიდან პირდაპირ იმქვეყნად!..
- ჭიანჭველის ფრთები არ გამიგია!
- ქალაქელი ხარ და იმიტომ!.. ხომ არ გავხურებულიყავით?
მეწაღემ კითხვა უპასუხოდ დატოვა - არც იმისთვის ეყო გამბედაობა, რომ დალევაზე უარი ეთქვა და არც იმისთვის, რომ დაელია.
- თუ იცი, რისთვის გაგვაჩინა ღმერთმა? - მეწაღის გაუბედაობამ გამოარკვია დროზე ადრე თავისი სევდიანი ფიქრებიდან ამირანი.
- დარდიან გულზე დალევისათვის!
- ...და ვინ გასწავლა ეს გამოთქმა?
- შენ, შე სოფლელო, შენა!
- რა გეშველებოდათ სირისტიან ქალაქელებს უჩვენოდ!
- ტლუ ხარ, ტლუ... გაგრია! - თქვა მეწაღემ.
***
სახანძროს შენობაში, სახანძრო მანქანების ფარეხის განყოფილებაში, ერთ-ერთი მანქანის უკან, გადაბრუნებულ ყუთზე სახელდახელოდ გაშლილ პურ-მარილს ორი მეხანძრე უჯდა: დაბალ სკამზე, ახალგაზრდა, ხმელ-ხმელი, მოძველბიჭო ღიმილიანი, მეზღვაურის მაისურში გამოწყობილი ბიჭი წამოსკუპებულიყო, მაღალ სკამზე კი შუახანს მიღწეული, ჩასუქებული, ულვაშებიანი იაშა წამოკოსებულიყო.
არაყს სვამდნენ. იაშა არაყს რომ გადაკრავდა, ძეხვს დასუნავდა და მჟავე კიტრს დააყოლებდა უპუროდ, მეზღვაურისმაისურიანი კი პირიქით - მჟავე კიტრს დასუნავდა და ძეხვს დააყოლებდა პურთან ერთად.
- აგერ, კიდევ მოძვრებიან, ეგ ჩათლახები! - წამოიძახა მეზღვაურისმაისურიანმა ბიჭმა, არყიანი რკინის ტოლჩა ყუთზე ჩამოდო და გულისპირზე შებობღებული ორი ჭიანჭველ წკიპურტებით მოიშორა სათითაოდ, სიმთვრალის მიუხედავად ზუსტად გამოუვიდა. - ყველაზე მეტად ფეიჰოა ყვარებიათ ჭიანჭველებს!
- საიდან მოიტანე? - გაეცინა იაშას და ახალი ხოხმის მოსასმენად მოემზადა, მაგრამ მეზღვაურისმაისურიანის გაფანტულ ღიმილზე მიხვდა, რომ იმედი გაუცრუვდებოდა.
- ფეიჰოასი იყო ის გაზიანი წყალი, გულისპირზე გადამესხა-მეთქი, რომ გითხარი. თან სიროფი ორმაგი დოზით მივაცემინე, - თქვა მეზღვაურისმაისურიანმა. - მოდი რა, ერთი გაკოცო!
- რატომ, კაცო? - არყისგან მხოლოდ ოდნავ შეხურებლი იაშა, უკვე საკმაოდ მთვრალი თანამესუფრისაგან განსხვავებით, კოცნის ხასიათზე ჯერ კიდევ ვერ იყო.
- იმიტომ, რომ კაცური კაცი ხარ!.. სხვებს ჩემთან დალევის შეეშინდათ და ოთახში ჩაიკეტნენ, უფროსობამ არ გვნახოსო... შენ იმ კურდღლებში არ წერიხარ, შენ ლომი ხარ, ლომი!.. შენ გამისწორე მარტო და ამიტომ უნდა გაკოცო... იმ კურდღლების კიდე...
- ჰო, კარგი, არ გინდა, რა! - დაუყვავა იაშამ.
- აი, ისევ მოძვრებიან, მე ამათი!.. - კიდევ ერთი ჭიანჭველა ჩამოიფერთხა გულისპირიდან ბიჭმა. - ერთ ბიჭს, თუ იცი, იაშა ბიძია, რა უქნია, იმ ბიჭის შეყვარებული სხვას რომ მისთხოვდა?.. რა უქნია, და, ის მანქანა უქირავებია, ბოდიში სუფრასთან და, თურქული ტუალეტებიდან უწმინდურობა რომ ამოაქვს, რომ წმენდს ერთი სიტყვით. სავსე ყოფილა ის მანქანა, მიუყენებია საქორწილო სუფრისთვის და შუა ქეიფში რომ იყვნენ...
- ეგ ვიცი, კაცო. ლეგენდაა ეს ამბავი, მეტი არაფერი!
- არ არის ლეგენდა! - იწყინა მეზღვაურისმაისურიანმა. - რვა წელი მიუციათ იმ ბიჭისთვის.
- ლეგენდაა-მეთქი! - გაჯიუტდა იაშა.
- არ არის-მეთქი, ჩემი კარგი!..
- მე ხომ გითხარი!.. - გააწყვეტინა იაშამ.
- წამომცდა... კარგი რა, იაშა ბიძია, ქალაქური პონტია, მოსული პონტი, მე ამის დედა ვატირე... აუ, ჩემი, რა ბედი ჰქონია იმ ნაბიჭვარ საპოჟნიკს, მე მაგის დედა!.. რომ დამხვედროდა ადგილზე, ერთს მაგარს მოვსდებდი... მე ვეტყოდი, გოგო არ გამაყოლე და სხვას მიათხოვე, შე ახვარო, ეგეც არ იკმარე და ჯარში მიკარი თავი!..
- მერედა, რაღა დღეს მოგაგონდა ეგ ამბავი?
- ამ დილით გავიგე-მეთქი, ხომ გითხარი?
- ეგ არ გითქვამს.
- ეგრე იყო... წუხელ ხომ მორიგე ვიყავი?.. ამ დილით კიდევ, სანამ სმენას მოვრჩებოდი, მამაჩემმა დამირეკა, მე და დედაშენი სოფელში მივდივართ გასვენებაზე, შენ რომ სამსახურს მორჩები, დაჩაზე ადი და ვაზი და კიტრები მორწყეო. მე ვეუბნები, რაღა მორწყვა უნდა, ისედაც იწვიმებს-მეთქი. არ იწვიმებს, ამინდის გამოცნობა მე არ მესწავლება, წადი და მორწყეო. ამის ღმერთი არ იყოს, უფროსობა რა ჩემს ფეხებს გაიგებს, მაგათ მოსვლამდე დავბრუნდები-მეთქი, ვიფიქრე, მოვაჯექი მანქანას და თხუთმეტ წუთში იქ ვიყავი... მანქანით რომ არ წავსულიყავი, იქ უნდა მეჩალიჩა, სახლიდან ნასოსი უნდა გამომეტანა, ჭაში ჩამედგა... სახლში ვინახავთ, რომ არ მოიპარონ... მოკლედ, მივაყენე მანქანა...
- რომელი, ესა? - იკითხა იაშამ, სახანძრო მანქანას საბურავები შეუთვალიერა.
- მაშინ არ წვიმდა-მეთქი, კაცო, გაიგე და, არც ტალახი იყო გზაზე... ჰოდა, მივუშვი წყალი და ამ დროს მეზობელი სახლიდან ვიღაც ქალი გამოვარდა, ნახევრადშიშველი, რა ხდება, პაჟარიაო?..
- შენი ყოფილი შეყვარებული, არა?.. იმ საპოჟნიკის გოგო?
- არა-მეთქი, კაცო... მფრინავის დაჩაა ის სახლი, ორი წელი არ ყოფილიყო აქეთ, მე სამი წელი არ მენახა, რაც ჯარში ვეგდე. მანამდე კარგად ვიყავით ერთმანეთში... ქალთან ერთად ჩამოსულიყო შვებულებით... ქალთან რა, ნაშასთან ერთად და სახლში ხომ ვერ მიიყვანდა, ორი და ყავს. დაჩაზე ყავდა პადპოლნა... ჰოდა, მფრინავიც მოვიდა, ტუალეტში მჯდარა მაგ დროს, თურქული ტუალეტები გვაქვს იქ. მოვიკითხეთ ერთმანეთი და რას მეუბნება, თუ იცი?
- საიდან უნდა ვიცოდე?
- ხომ მიგიყევი?
- შეიძლება ჟორას მოუყევი ჩემს მოსვლამდე და გეშლება.
- ერთი ჟორასიც!.. გაგვექცა ეგ ჩათლახი!
- ჰო, მე კი შემატოვა...
- მოკლედ, მოვიკითხეთ ერთმანეთი და ის მეუბნება, რა გიქნა იმ ჩათლახმა საპოჟნიკმა, შენი შეყვარებულის მამამ... შეყვარებულის რა, საცოლე იყო უკვე, პრინციპში... მოკლედ, რა გიქნა იმ ჩათლახმა, ჯარში რომ გიკრა თავიო... წამოცდა, აზრზე ხარ?!.. თურმე ყველას ცოდნია, მამაჩემსაც და დედაჩემსაც...
- საპოჟნიკმა როგორ გიკრა თავი?
- საბუთები გავაკეთეთ, თითქოს მამაჩემი და დედაჩემი რაზვოდში იყვნენ და დედაჩემი მარტოხელა იყო. იმ მფრინავის ძმაკაცის მამა იყო მაშინ კომისარი. მფრინავმა ჩაგვიწყო საქმე. ჰოდა, ვიღაცამ გვიჩივლა, გაყრილები არ არიანო, თურმე იმ ჩათლახს უჩივლია! - მეზღვაურისმაისურიანს ყუთზე მუშტის დაბრახუნება უნდოდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს, მიხვდა, ყუთი ბოღმიან გულზე მოქნეულ მუშტს რომ ვერ გაუძლებდა და ბაყვზე შემოირტყა გაშლილი ხელი.
- მერე? - ეცოდებოდა და არც ეცოდებოდა მეზღვაურისმაისურიანი იაშას.
- რის მორწყვა, რა მორწყვა, დავაწექი სახლისკენ...
- მოიცა და, ამ მანქანაში წყალი არ ასხია?
- ცარიელია, აბა ნახევრად ცარიელით ხომ ვერ წამოვიდოდი მაგ თავდაღმართებში, პავაროტებში შტორმი დადგებოდა ცისტერნაში და მომისროდა ხრამში... გზა და გზა დავცალე, სანამ დიდი თავდაღმართები დაიწყებოდა. ატალახდებოდა გზა, აუ, რას მაგინებდნენ შოფრები, ჩემი!.. მაგრამ, მერე ხომ წვიმა წამოვიდა და მაინც ატალახდა?!.. ვინც მაგინა, თვითონ მიუვიდეს!.. ჰოდა, მამაჩემს ვეკითხები, იცოდი ვინ მიჩივლა მაშინ-მეთქი და, ვიცოდიო. მიმალავდნენ თურმე, ემანდ არაფერი მოსწიოს საპოჟნიკს და თავი არ დაიღუპოსო... მადლობა უნდა ეთქვა იმ ჩათლახს, საპოჟნიკის ქალიშვილი რომ ვიკადრე და ცოლად დასმას ვუპირებდი. კიდევ კარგი ჯარში მიკრეს თავი და ვერ მოვიყვანე. ბავშვი ვიყავი მაშინ. ახლა ვხვდები, რომ მომეყვანა, ვინანებდი!.. - კიდევ უნდოდა ხელის ბაყვზე შემორტყმა მეზღვაურისმაისურიანს, მაგრამ უცებ ელდანაკრავივით წამოხტა, ხელი გულზე წაივლო, მაისური ჩაბღუჯა და მარცხენა ძუძუსთავი თან მწარედ მოიფხანა და თან მოისრისა. - აქაც შემომიძვრნენ, მაიკის ქვემოდან, ამათი დედაც!.. რა მწარედ იკბინებიან ეს ახვრები ძუძუსთავზე, გეგონება ძუძუს მთხოვენო!..
- ესე იგი, შენ ამბობ, რომ კარგი ქენი, რომ არ მოიყვანე? - იკითხა იაშამ, მშვიდად რომ მიადევნებდა თვალს მეზღვაურისმაისურიანის გამწარებას.
- ვინანებდი! - მოსხიპა მეზღვაურისმაისურიანმა და გულ-მკერდის ფხანა-სრესით დაეშვა სკამზე.
- აბა რა გაწუხებს?
- ის მაწუხებს, რომ მიჩივლა და სამი წელი წყალქვეშა ნავზე ვიყავი, დღის შუქი არ მინახავს. რომ არ ეჩივლა, ჯარში არ წამიყვანდნენ! - იაშასთვის მოულოდნელად მშვიდად ახსნა მეზღვაურისმაისურიანმა.
- რომ არ წაეყვანეთ, ხომ შეირთავდი იმ ქალს?
- ჰო, ალბათ... შევირთავდი...
- რომ შეგერთო, ხომ ინანებდი?
- ამაში არ არის საქმე!.. - უცებ გაგულისდა მეზღვაურისმაისურიანი. - ტუალეტის მანქანა უნდა ვიქირავო, იმ ახვარს თავზე დავადგე და მთელი ბუტკა ავუვსო... ანდა თუ იცი რას ვიზამ? ვიქირავებ, მივაყენებ მანქანას ღამით, შევუყოფ შლანგს ბუტკის შიგნით და მივუშვებ. დილით მაგარი სიურპრიზი დახვდება. ფეხები არავინ მომჭამოს, ერთბაშად ვერ მიხვდნენ, ვინ იყო. მოფარებულში, ძალიან სკუჩნი ადგილასაა ის ბუტკა...
- მერე ფეხსაცმელებს რას უშვები?.. სხვამ რა დააშავა?.. - ბრძნულად შენიშნა აუღელვებელმა იაშამ.
- რომელ ფეხსაცმელებს? - დაიბნა მეზღვაიურისმაისურიანი.
- გასარემონტებლად რომ დატოვა ხალხმა ბუტკაში, იმას!
- ამ ჩემს ფეხებს!.. ან, აგერ, ამ მანქანას ავიყვან, კანალიზაციასთან გავაჩერებ, ავხდი ლუკს, ჩავდებ შიგ შლანგს... მთლად ისეთი ჟიჟა ვერ იქნება, როგორიც თურქულებშია, ქალაქის კანალიზაციაში წყალი უფრო მეტია... ამ მანქანისთვის კი სულერთია, რა სუფთა წყალი ამოუქაჩია და რა...
- მოდი რა, თითოც დავლიოთ, მერე შენ აქ დაიძინე, ან თუ გინდა მე წაგიყვან სახლში... ეგერ, კიდევ მიხოხავს ერთი.
მეზღვაურისმაისურიანმა გულისპირიდან ობოლი ჭიანჭველა წკიპურტით მოიშორა და გადააპურჭყა, თითქოს ჭიანჭველას მიაყოლაო.
- ამ ზოლიან მაიკაზე რომ დაძვრებიან, თვალები არ უჭრელდებათ? - გახუმრება სცადა მან. - ამ დილით დაჩიდან რომ ვბრუნდებოდი, კინაღამ ხრამში გადავიჩეხე, გზის გაყოლებაზე ზოლიანი ბეტონის ბორდიურები რომაა, იმან ამიჭრელა თვალი. ტორმუზი მივეცი, კიდევ კარგი, მაშინ არ წვიმდა...
- მთვრალი იქნებოდი, - ივარაუდა იაშამ.
- არა, გაბრაზებული ვიყავი. როცა გაბრაზებული ვარ, თვალებში მიჭრელდება და შეიძლება დამიბნელდეს კიდეც...
* * *
- აუ, ჩემი!.. - წამოიძახა სასმელისაგან სასიამოვნოდ მზერადაბინდულმა მეწაღემ.
- რას ყმუი, მგელი ხომ არა ხარ, შე კაცო და ტყეში ხომ არა ხარ?! - შეუწყრა ამირანი.
მეწაღემ გამომშრალი ტუჩები ენისწვერით აილოკა.
- შენ რა გიჭირს, ზიხარ აქ ცენტრალური ქუჩის პირას, მოვლენების ეპიცენტრში ხარ, როგორც რადიოში იტყვიან ხოლმე. მე კიდევ ვაგდივარ ჩემთვის იქ, იმ მოფარებულში, კოჭლი ძაღლების მეტი არავინ დადის! - დაიწუწუნა მან. - ან კიდევ, ტურისტ ქალებს რომ გამოიჭერენ ბიჭბუჭები, სასრესად მოყავთ... გუშინ პირდაპირ ჩემს ბუტკას ააყუდა უკნიდან ერთმა, გამოვუვარდი და აქეთ დამიწყო ჩხუბი...
- ქალის ტუფლით თუ დაგილევია შამპანური, საპოჟნიკო? - ჰკითხა ამირანმა.
- ტლუ ხარ!.. ქალის ჭუჭყიანი ტუფლებით სოფლელი ქაჯები სვამენ შამპანურს. შენ ლიფითაც გექნება დალეული, ასე არ არის?
- ჭიანჭველები ვართ ჩვენ და თავი ანგელოზები გვგონია. ზურგზე ღიტინს არ გრძნობ?
- წავალ მე! - თქვა მეწაღემ და ტაბურეტიდან ბანცალით წამოდგა. - წავალ თორემ მერე უფრო მომეკიდება. წავიმუშავებ ცოტას, ორი სასწრაფო შეკვეთა მაქვს.
- არსადაც არ წახვალ! ან რისი გამკეთებელი ხარ, თვალები აქეთ-იქით გაგირბის. ყვერებში თუ გაიყრი მახათს არ ვიცი...
- მაშინ სახლში წავალ. შენც წადი, მოისვენე!
- არ მინდა სახლში, ფუღუროში მინდა. ჩემი ბავშვობის მუხის ფუღუროში. ბაბუაჩემის ბაბუის ბაბუის მამის დარგულ მუხის ფუღუროში მინდა ჩემს თამარასთან ერთად. შენ არ იცი რა კარგად მღეროდა თამარა. ისე კარგად მღეროდა, რომ ტირილი მინდებოდა. მოდი რა, კიდევ მოვიტანოთ ერთი ბოთლი, თამარა მინდა ვაცხონო.
- ხომ ვაცხონეთ?
- გაკვრით ვაცხონეთ. ახლა პერსონალურად მინდა ვაცხონო. შენი შვილიც ვაცხონოთ!
- მე მეტს ვერ დავლევ! - გადაჭრით განაცხადა მეწაღემ.
- შვილების გეშინია, არა?.. ასეა - ცუდად გაზრდი და უნდა გეშინოდეს, რამე არ მიქარონ და არ შემარცხვინონო; კარგად გაზრდი და მაინც უნდა გეშინოდეს, საყვედურებით არ ამიკლონ, თუ რამეში შევცდიო. საშინელებაა ეს ცხოვრება!
- მეფსია!
- ბუტკის უკან ქენი, კაციშვილი არ ჭაჭანებს ქუჩაში.
- კორპუსიდან დამინახავენ. კინოთეატრში შევალ! - თქვა მეწაღემ, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.
- დაიკარგა თამარას საფლავი. აღარ არის თამარას საფლავი. მოდი რა, ვიმღეროთ თამარას რომ უყვარდა ის სიმღერა!
- მთვრალი ხარ შენ! - თქვა მეწაღემ.
- ბიძია! - მოისმა ქუჩიდან.
ჯიხურს თორმეტიოდ წლის ბიჭი მოსდგომოდა და მორცხვი და სერიოზული თვალებით იყურებოდა - აშკარად მეწაღე ეგონა წყლის გამყიდველი.
- გისმენ, ბიძია! - გამოეპასუხა ბიჭს ამირანი და მეწაღე გვერდზე მიწია. - მე ვმუშაობ აქ, ეს სტუმარია.
- ერთი ჭიქა წყალი, ფეიჰოასი თუ შეიძლება, - თქვა ბიჭმა და დახლზე ოცკაპიკიანი დადო.
მეწაღემ დააბოყინა და კარი გამოაღო.
- არსად გამექცე, თორემ... - დაადევნა ამირანმა.
- კინოთეატრში შევალ.
- აქვე ქენი! - ლამის სთხოვა ამირანმა და შეკვეთილი წყლის ჩამოსხმას უჩვეულო ხალისით შეუდგა.
მეწაღემ ხელი ჩაიქნია და კინოთეატრისკენ წაცუნცულდა. ამირანმა წყალი ჩამოასხა და ბიჭს გაუწოდა.
- სიფთა ხარ შენ... თუმცა არა, იყო ამდილით ერთი, გულისპირზე გადაისხა ორმაგსიროფიანი... გაცივებული ხომ არა ხარ, ბიძია, ამ წვიმაში წყალს რომ სვამ?
- გზაჯვარედინზე, ეგერ, შუქნიშანთან, მანქანამ კაცი გაიტანა თვენახევრის წინ... მამაჩემი იყო ის კაცი! - თქვა ბიჭმა და გაწითლდა.
ამირანს მოულოდნელობისაგან მეწაღესავით დააბოყინა.
ბიჭი ჭიქას დასწვდა და ორი დიდი ყლუპი მოსვა.
- უკან გადავარცხნილი თმები ჰქონდა მამაჩემს, - თქვა ბიჭმა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა.
- ვიცი ვიზეც მეუბნები, მაგრამ მე არ მინახავს. დარტყმის ხმა რომ გავიგონე, მერე მივიხედე. რომ მივედი, გათავებული იყო უკვე, აცხონოს ღმერთმა. გამომძიებელიც იყო ჩემთან, - თქვა ამირანმა.
- ვიცი რომ იყო, - თქვა ბიჭმა. - მამაჩემის ორმოცი გადავიხადეთ გუშინწინ.
ამირანმა ბიჭს სველი პიჯაკი შეუთვალიერა.
- შიგნით შემოდი.
- არა, აქ ვიდგები, გმადლობთ, - უპასუხა ბიჭმა და პაუზა დაიჭირა. - დედა თუ მოვიდა, არ უთხრათ, რომ ვიყავი. ამიკრძალა აქ მოსვლა.
- ხომ დაჭერილია ის, ვინც მამაშენს დაარტყა?
- დედამ თქვა, მალე გამოუშვებენ, ფული ჩაყარაო. მამაჩემიც ნასვამი ყოფილა. არ სვამდა, მაგრამ იმ დღეს დაულევია კოლექტივთან ერთად. დაბადების დღე აღუნიშნავს ერთ თანამშრომელს რესტორანში.
- შემოდი-მეთქი! - თქვა ამირანმა, კარი გამოაღო, ქუჩაში გაყო თავი და ბიჭს ხელით ანიშნა ჯიხურში შემოსულიყო.
ბიჭმა ჯიხურში შემოსვლის წინ ფეხები ასფალტზე დაუსვა, თითქო ტილოზე იწმენდსო, შეთავაზებულ ტაბურეტზე დაჯდა, სასკოლო ჩანთა მუხლებზე დაიდო და ხის ყუთზე გადაფარებულ გაზეთზე დაყრილ პურისა და ძეხვის ნარჩენებს ცუდად შენიღბული ზიზღით შეხედა.
- ორმაგსიროფიან წყალს სვამდა მამაჩემი. კუჭი აწუხებდა. შეიძლება სიკვდილის წინ ამ ბუტკაში დალია-მეთქი წყალი, გავიფიქრე.
- არა, არ მოსულა ჩემთან.
- ამ უბანში იშვიათად გამოდიოდა. იმ დღეს რესტორნიდან ადრე წამოსულა - არ მინდა დათრობაო.
- და ან ძმა გყავს?
- და მყავს, უმცროსია ჩემზე ორი წლით. წავალ მე, თუ შეიძლება.
- მოიცა, - თქვა ამირანმა, ბიჭს ნაკლული ჭიქა გამოართვა, სიროფით შეავსო და მიაწოდა.
- არ მინდა, - თქვა ბიჭმა და გაწითლდა. - ხუთი კაპიკი დამიბრუნეთ თუ შეიძლება, ავტობუსით უნდა წავიდე სახლში.
- ჯერ ეს დალიე.
ბიჭმა წყალი მოსვა.
- დედაჩემს არ უთხრათ რომ ვიყავი. შეიძლება გამოიაროს და თქვენთანაც მოვიდეს.
- არ ვეტყვი, - თქვა ამირანმა და გზაჯვარედინს გახედა.
კინოთეატრიდან ათიოდ კაცი გამოვიდა. ამირანმა რეფლექსურად მათზე შეაჩერა მზერა - ჩემი ჯიხურისკენ ხომ არ წამოვლენ წყლის დასალევადო.
- არ ვარ მე ის კაცი, ვინმესი ან რამესი შემეშინდეს. მართლა არ მინახავს როგორ მოხდა. კლიენტები მყავდა, ოთხი თუ ხუთი კაცი იდგა რიგში, - თქვა ამირანმა. - რამდენი წლის იყო მამაშენი?
- ორმოცდაორის... უნდა წავიდე, თორემ დედა ინერვიულებს.
ამირანი თავის მაღალ სკამზე ჩამოჯდა.
- ჭიანჭველები ვართ! - თქვა მან. - ვის სად და როგორ მიგვასრისავს ბედი არავინ იცის!
- სიროფზე მოდიან ალბათ, - ნათქვამს ვერ მიუხვდა ბიჭი. - ჩვენი სკოლის წინაც ყიდიან გაზიან წყალს. იქაური გამყიდველი ბებერია და ჭიანჭველებს ვერ ერევა. გოშა ქვია, ხომ იცნობთ?
- არა, არ ვიცნობ, თუმცა გამიგია!
- მამაჩემი, სკოლაში რომ მაკითხავდა, სულ გოშასთან სვამდა სიროფიან წყალს... წავალ მე, თორემ დედა ინერვიულებს.
ბიჭი წამოდგა და უხერხულად გაიღიმა - ვერ გადაეწყვიტა დაედო თუ არა წყლიანი ჭიქა ნასუფრალზე.
ამირანმა თუნუქის კოლოფიდან ცოტა ოდენი ხურდა ფული ამოიღო და მოულოდნელად ბიჭს პიჯაკის ჯიბეში ჩაუჩხრიალა.
- არ მინდა! - ლამის იყვირა ბიჭმა.
- აიღე! - დაუყვავა ამირანმა. - კანფეტები უყიდე შენს დას. დედაშენს დაუჯერე, არ ანერვიულო... რა ნიშნებზე სწავლობ?
- ოთხებზე და ხუთებზე. უფრო ხუთებზე.
- მართლა?
- მართლა! - თქვა ბიჭმა.
- უნდა გაკოცო! - თქვა ამირანმა და ბიჭს შუბლზე აკოცა. - მე ის კაცი არა ვარ, რამე მენახა და არ მეთქვა!
- მჯერა! - თქვა ბიჭმა.
- მამას უფრო გავხარ თუ დედას?
- მამას.
- მაშინ უფრო გაგიჭირდება ამ ამბის გადატანა.
- კარგად ბრძანდებოდეთ! - თქვა ბიჭმა.
ბიჭის წასვლის შემდეგ ამირანი ჯიხურიდან გამოვიდა და აჩქარებული ნაბიჯებით მიმავალ უცნაურ სტუმარს დაჟინებული მზერა გააყოლა - აინტერესებდა გზაჯვარედინისკენ თუ გაიხედავდა. ბიჭმა მზერა იგრძნო და უკან მოიხედა. ამირანმა ხელი დაუქნია. ბიჭს, თითქოს ამირანის შერცხვაო, გზაჯვარედინისკენ არ გაუხედავს. ამირანს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მას აეკრძალოს ბიჭისთვის გზაჯვარედინისკენ გახედვა, ჯიხურში შევიდა და სიგარეტს მოუკიდა.
ჯიხურში მეწაღე შემოვიდა და ტაბურეტზე დაჯდა. რაღაცით კმაყოფილი ჩანდა.
- ბუფეტჩიცასგან დიდი მოკითხვა! - თქვა მან. - არ ყოფილა კაპასი. ასეა ძმაო, თუ ცოლი სამსახურში არ გაკითხავს, ნებისმიერ ქალთან გამონახავ საერთო ენას.
- შენ ვინ მოგცემს, ცოლი კი არა, ლიმუზინი რომ გაკითხავდეს მაინც!
- ვნახოთ! - თქვა მეწაღემ. - ქალს სოფლურად კი არ უნდა ელაპარაკო, ქალს ქალაქურად უნდა ელაპარაკო.
- ჰოდა, თუ ასეა, მიდი და გამოართვი არაყი ნისიად.
- იქ მაგარ სასმელებს არ ყიდიან.
- ყიდიან ჩუმად. მიდი და გამოართვი.
- მე მეტს ვერ დავლევ.
- წამო და ბუფეტში დავლიოთ, ქალაქურად.
- წავიდეთ, - მცირე ყოყმანის შემდეგ დასთანხმდა მეწაღე. - კულტურულად დავლევთ და წამოვალთ.
- აქ რომ ბიჭი იყო, იცი რისთვის მოსულა?.. მამამისის ხსოვნასთან მოსულა, კაცურად მოვიდა ის თითისტოლა ბავშვი! გაიგე?.. თვენახევრის წინ მანქანამ კაცი რომ გიატანა, იმის შვილი ყოფილა.
- გატანილის თუ გამტანის?
- გატანილის. გამტანის რომ ყოფილიყო, ხსოვნასთან მოვიდა-მეთქი, ვიტყოდი?
- კიდევ კარგი, თორემ კინაღამ ცუდად გავხდი!
- გამტანის ბიჭი რატომ უნდა მოსულიყო?
- რა ვიცი... გაივსო ქალაქი ათასნაირი მანიაკებით. ახლა არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს.
- მამამისის სიკვდილის ადგილის სანახავად მოვიდა. შენ აზრზე ხარ რას შევესწარი ახლახან?.. ეშინოდა ბავშვს და მაინც მოვიდა!
- აქედან ხომ ძაფით წაიყვანეს მაგის სული? - მოაგონდა მეწაღეს.
- რომ მოკვდები მერე გინდა ძაფი გაუბიათ და გინდა ოქროს სიმი... მიგასრისავს ეს ცხოვრება სადმე და მორჩა, საფლავიც აღარ დარჩება ცოტა ხანში, როგორც თამარას არ დარჩა საფლავი. ჭიანჭველები ვართ ჩვენ... გამტანს კიდევ ფული ჩაუყრია და შეიძლება გამოუშვანო.
- მთლად მაგის ბრალიც არ იყოო. თანაც შუქნიშანი გაფუჭებული ყოფილა. როცა შუქნიშანი გაფუჭებულია, მძღოლის გამართლება შეიძლება თურმე. ასეა, ძმაო, მე მხოლოდ ხალხის ნალაპარაკევს ვჯერდები, შენ კიდევ წამოჭიმულხარ აქ, ცენტრალურ ქუჩაზე, შენკენ უფრო საინტერესო რაღაცეები ხდება. მე კი ვზივარ იქ, იმ მოფარებულში... ისე, შუქნიშანი გაფუჭებული რომ ყოფილა, ეს მაგარ შეღავათს აძლევს თურმე გამტანს.
- არ ვიცი, - თქვა ამირანმა. - აზრზე არა ხარ რა ქნა იმ თითისტოლა ბიჭმა! ჟრუანტელი მივლის ტანში. უმამოდ ცხოვრება ცალი ფრთა რომ მოგაგლიჯონ და, მიდი ახლა იფრინეო, გითხრან, ისეა... ჩემი კრეტინი ბიჭი კიდევ რეპეტიტორთან არ კადრულობს სიარულს. გადავიდეთ კინოთეატრში, იქიდან უნდა დავურეკო - თუ რეპეტიტორთან არ წავიდა და გაკვეთილი არ ჩააბარა, ურჩევნია სახლში არ დამხვდეს!..
- იცოდე, ბუფეტჩიცასთან არ შემარცხვინო, - გააფრთხილა მეწაღემ. - რამე შენებური არ დაუბრეხვო. დამა ქალია, ქალაქელი, ტონკი ლაპარაკი უყვარს და არა პლაჟური.
- რა დროს შენი მანდავოშკებიანი ბუფეტჩიცაა! - გაბრაზდა ამირანი. - რამდენიც არ უნდა გელაპარაკო, მაინც ვერაფერს გაიგებ, რამოდენა ამბავს შევესწარი დღეს!
- შენ რა უნდა მელაპარაკო და რა უნდა ამიხსნა ქალაქელ კაცს, შე სოფლელო, შენა! - გაბრაზება ხუმრობაში გადაუტანა ამირანს მეწაღემ.
- ახლაც ჟრუანტელი მივლის! - თქვა ამირანმა და ულვაშებზე ხელი გადაისვა. - შენ კიდევ ჭიანჭველა ხარ, ისეთი ჭიანჭველა, ფრთასაც რომ არ ეღირსება სიკვდილის წინ!
* * *
ამირანი და მეწაღე ჯიხურიდან გამოვიდნენ.
ისევ ცრიდა.
ამირანმა ჯიხურის გასაღები ხელში შეათამაშა და მისი საკეტში მორგება სცადა, მაგრამ პირველი ცდა უშედეგოდ დამთავრდა.
- ხურდა ფულს შიგ ტოვებ, კაცო? - ჰკითხა მეწაღემ და დაასლოკინა.
- სახლში წასვლის წინ გამოვივლი, - უპასუხა ამირანმა.
- კარგი ერთი, რისი გამომვლელი შენ იქნები. წამოიღე ეგ ფული, იქნებ ტაქსისთვის მაინც გეყოს სახლამდე, - ურჩია მეწაღემ.
ამირანმა ამოიოხრა და გასაღები მეორეჯერაც ააცილა საკეტს.
- იქ როგორ ახვედრებ, აი იქ, ჩვენ რომ ვიცით?! - იანგლა მეწაღემ და გადასახარხარებლად მოემზადა, თვალებიც მოწკურა ეშმაკურად, მაგრამ ისევ დაასლოკინა, ამჯერად უფრო მწარედ და ხასიათი წაუხდა.
ამირანმა გასაღები საკეტს მოარგო და მეწაღეს ნიშნისმოგებით გადახედა.
- რა უნდა გელაპარაკო ქალაქელს! - მძიმედ თქვა ამირანმა, გასაღები საკეტს შეატოვა და ჯიხურის კარი გამოაღო.
- აგერ ის ბავშვიც! - თქვა უცებ მეწაღემ და ხელი კონოთეატრის მიმართულებით გაიშვირა.
გზაჯვარედინზე ცარიელ ქუჩას ჯიხურის წეღანდელი სტუმარი ბავშვი გადადიოდა.
- ვა-ა! - გაოცება ვერ დამალა ამირანმა.
- აქ რას დასეირნობს, ამ წვიმაში? - გულგრილად გაოცდა მეწაღე და ბავშვს ხელი დაუქნია, მაგრამ ის გაზიანი წყლების ჯიხურისკენ არ იყურებოდა. რაღაცნაირი დაძაბული და თან დემონსტრაციული ნაბიჯებით მიემართებოდა ფართო ქუჩის მეორე ნაპირისკენ.
- რა მთვრალივით მიდის? - შენიშნა მეწაღემ.
- ნახე, რამდენს ბედავს?!.. მამამისის ნაკვალევზე მიდის, ეშინია და მაინც მიდის!.. მამამისის უკანასკნელ ნაბიჯებს უნდა გადააბიჯოს... მამამისისი სიკვდილს უნდა აჯობოს!.. - დაიწყო ამირანმა, მაგრამ ნიავმა წამოუბერა, ჯიხურის კარი მიხურა, საკეტიდან გასაღები გამოვარდა, ასფალტზე დაეცა და ამირანსაც სიტყვა გაუწყდა.
- ე-ე, შვილო! - დაუძახა მეწაღემ ბავშვს. - წადი, შვილო, სახლში წადი!
გზის შუა ზოლს მიახლოებული ბავშვი ძახილზე შედგა და ჯიხურისკენ მოიხედა.
ამირანმა ძირს დავარდნილი გასაღები აიღო. გასაღებს გამობმული მინიატურული სათამაშო სპილო გაბზარულიყო. ამირანს სიბრაზისგან სახე მოექცა და მწარედ შეიგინა.
- ჩემი ბიჭის პატარაობისდროინდელი სათამაშოა, თილისმად მქონდა. არადა, წუხელ მესიზმრა, თითქოს ეს სპილო მართლა სპილოს ძვლის იყო და გაყიდვა მინდოდა რეპეტიტორის ფულის გასასტუმრებლად... რა თარსი დღეა, მე ამისი დედაც!.. - კიდევ ერთხელ შეიგინა ამირანმა. - ბავშვს გასძახე, არსად წავიდეს, ფულს ავიღებ და სახლში ტაქსით გავუშვებ, თუ ძალიან შორს არ ცხოვრობს!
- არსად წავიდესო!.. - ბავშვს გასძახა მეწაღემ.
ბავშვმა სასკოლო ჩანთა ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა. შორიდანაც კი ჩანდა როგორც გაიღიმა, - თითქოს დანაშაულზე წაასწრესო ისე.
- ვაჟკაცი ბავშვია! - თქვა ამირანმა და ჯიხურში შევიდა.
- ვაჟკაცი ხარ! - დაუძახა მეწაღემ ბავშვს, თითქოს ამხნევებსო და ისევ ამირანისკენ გაიხედა, მაგრამ ადგილზე რომ არ დაუხვდა, რის თქმასაც ხმამაღლა აპირებდა, მხოლოდ თავისთვის ჩაიბურდღუნა: - ქალაქელია და იმიტომ!
ნიავმა ჯიხურის მოღიავებული კარი ისევ მიკეტა, ამჯერად უფრო ძლიერად. საკეტმა გაიჩხაკუნა და კარიც ჩაიკეტა. ჯიხურს შიგნით ამირანს მოულოდნელობისაგან თუნუქის კოლოფი გაუვარდა ხელიდან და ხურდა ფული იატაკზე ჩხრიალით გაიშალა.
ამირანმა შეიგინა და ამ დროს საბურავების ღჭრიალის ხმა მოისმა. კინოთეატრის წინ სახანძრო მანქანა მიქროდა. მანქანა გზაჯვარედინს უახლოვდებოდა.
- წვიმს და მაინც რაღაცა იწვის! - გულგრილად შენიშნა მეწაღემ. - პაჟარნია მოდის!
- პაჟარნიაც მესიზმრა წუხელ!.. ვიკლუჩატელსაც ვერ მივაგენი მე ამის დედა და გასაღებიც დამეკარგა!.. - იყვირა ამირანმა ჯიხურიდან.
გზაჯვარედინზე სახანძრო მანქანამ მოულოდნელად მარჯვნივ მოხვევა დაიწყო, ბოტანიკური ბაღის შესასვლელსა და გაზიანი წყლების ჯიხურისკენ მომავალი ქუჩის მიმართულებით. მეზღვაურისმაისურიანმა მძღოლმა საჭე გაჭირვებით დაიმორჩილა, უცებ ელდანაკარივით ადგილზევე შეხტა, ცალი ხელი გულზე წაივლო და გამწარებით მოიფხან-მოისრისა. ამასობაში მანქანა, მკვეთრი მოხვევისას სანახევროდ სავსე ავზში აყანყალებულმა წყალმა შეატრორტმანა, ჯერ მარჯვნივ გადახარა, მერე ისევ მარცხნივ.
ბავშვი მთელი ტანით შეტრიალებულიყო მანქანისკენ, არ იცოდა რომელ მხარეს ეგანა მისთვის, ერთხელ ხელები ჩანთიანად ზევით აიშვირა, თითქოს ტყვედ დანებებას აპირებსო.
- რა ხდება მანდ?! - განწირულის ხმით იყვირა ჯიხურსშიგნიდან ამირანმა.
ბავშვი მისკენ გამოქროლილ მანქანას მონუსხულივით შესჩერებოდა.
- გაიწიე, გაიწიე-მეთქი! - აბღავლდა ამირანის ყვირილზე გონს მოსული მეწაღე.
სახანძროს მძღოლმა, ბავშვისთვის გვერდი რომ აევლო, კიდევ ერთხელ აიღო მარჯვნივ. საბურავები სველ ასფალტზე მოცურდნენ. მძღოლი მუხრუჭს მთელი ტანით დააწვა - ფეხზე წამომდგარიყო და თავით მანქანის კაბინას ებჯინებოდა. მანქანა უკვე სერიოზულად შექანდა. მძღოლმა მუხრუჭებს აუშვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მანქანა ცალი გვერდით ყალყზე შედგა და სანამ ბავშვს გადაემხობოდა თავზე, ერთი წამით ჰაერში გაშეშდა.
- რა ხდება-მეთქი?! - ისევ იყვირა ამირანმა და ჩამოვარდნილ სიჩუმეში მისმა ხმამ ბავშვამდეც მიაღწია. მან თითქოს ჯიხურისკენ მოხედვა მოინდომა, მაგრამ ვერ მოასწრო: მანქანა მძიმედ და უხმაუროდ გადაემხო თავზე.
- აუ, ჩემი, გასრისა, ჭიანჭველასავით გასრისა! - მანქანის ასფალტზე დანარცხებამდე მოასწრო ეთქვა მეწაღეს და თვალები დახუჭა...
ცრიდა...
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
No comments:
Post a Comment