Tuesday, January 6, 2009
პოლ ოსტერი
ოგი რენის საშობაო ამბავი
ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ
ეს ამბავი ოგი რენისგან მაქვს მოსმენილი. ოგი აქ მაინცდამაინც ლამაზად არ გამოიყურება, ყოველ შემთხვევაში, ისე არა, თვითონ რომ გაეხარდებოდა, ამიტომ მთხოვა, რომ მისი ნამდვილი სახელი არ გამომეყენებინა. სხვა ყველაფერი, დაკარგული საფულის, ბრმა ქალისა და საშობაო სადილის ამბავი ზუსტად ისე დავტოვე, როგორც თვითონ მომიყვა.
უკვე თითქმის თერთმეტი წელია, რაც მე და ოგი ერთმანეთს ახლოს ვიცნობთ. იგი ბრუკლინის ცენტრში, კურტ სტრიტის ერთერთ მაღაზიაში მუშაობს გამყიდვლად. ეს ერთადერთი მაღაზიაა, სადაც ჩემი საყვარელი ჰოლანდიური სიგარების ყიდვა შეიძლება, და ამიტომ იქ ძალიან ხშირად შევდივარ ხოლმე. დიდი ხნის განმავლობაში ოგი ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. ერთი უცნაური ვინმე იყო, ქაღალდის გაბერილი ლურჯი ქურთუკით, რომლისგანაც სიგარებს და ჟურნალებს ვყიდულობდი. ირონიული, ენამოსწრებული კაცი იყო, რომელსაც ყოველთვის შეეძლო, მეტეოცნობებზე, ამინდზე, ან ვაშინგტონელ პოლიტიკოსებზე ეშაყირა. ეს იყო და ეს.
მაგრამ ერთხელ, რამდენიმე წლის წინ, მოხდა ისე, რომ საკუთარ მაღაზიაში ჟურნალს ათვალიერებდა, და ჩემი ერთ-ერთი წიგნის რეცენზიას წააწყდა. ოგი მიხვდა, რომ საუბარი ჩემზე იყო, რადგან სტატიას ფოტო ჰქონდა დართული, და მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სრულიად შეიცვალა. იმ დღიდან ოგისთვის მაღაზიის ჩვეულებრივი მყიდველი აღარ ვიყავი, გამორჩეული პერსონა შევიქენი. ადამიანების უმეტესობას წიგნები და მწერლები მასზე ნაკლებად არ აინტერესებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ოგი თავს ხელოვან ადამიანად თვლიდა. ეხლა, როდესაც ჩემი ვინაობა გაარკვია, მთელი გულით მიმიღო, როგორც მოკავშირე, მესაიდუმლე და თანამებრძოლი. სიმართლე გითხრათ, ეს უეცარი ცვლილება ცოტათი კიდეც მეხამუშებოდა. მერე, როგორც თითქმის ყოველთვის ხდება ხოლმე, ოგიმ თავისი ფოტოსურათების დათვალიერება შემომთავაზა. მისი ენთუზიაზმისა და ჩემდამი კეთილგანწყობის გამო, უარის თქმა და მისთვის იმედის გაცრუება შეუძლებელი მეჩვენა.
ღმერთმა იცის, რის ნახვას მოველოდი, ოღონდ იმას არა, რაც მეორე დღეს მაჩვენა. მაღაზიის უკანა, უფანჯრებო პატარა ოთახში ოგიმ მუყაოს ყუთი გახსნა და თორმეტი ერთნაირი ალბომი ამოაწყო. ოგიმ მითხრა, რომ ეს მთელი მისი ცხოვრების საქმე იყო და რომ ამ საქმეს დღეში მხოლოდ ხუთ წუთს ანდომებდა. ყოველ დილას უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში ატლანტიკ ავენიუსა და კლინტონ სტრიტის კუთხეში დგებოდა, ზუსტად შვიდ საათზე და ერთი და იმავე ხედის ერთადერთ ფერად ფოტოს იღებდა. ეხლა მის პროექტში თითქმის ოთხი ათასი ფოტო იყო თავმოყრილი. თითო ალბომი ერთი წლის ნამუშევრებს იტევდა. სურათები თანმიმდევრობით იყო ჩაწყობილი, 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, და თითოეულის ქვეშ აკურატულად მიწერილი თარიღი ჩანდა. როცა ალბომების ფურცვლა და ოგის ნამუშევრების თვალიერება დავიწყე, არც კი ვიცოდი, რა მეფიქრა. ჩემი პირველი შთაბეჭდილებით, ამაზე უცნაური და ახირებული რამე ცხოვრებაში არ მენახა. ყველა სურათი ერთმანეთს გავდა; ერთი და იგივე ქუჩა, ერთი და იგივე შენობები, უთვალავი სახეებით შექმნილი გადარეული ბოდვა. ოგისთვის სათქმელი თავში არაფერი მომდიოდა, ამიტომ გვერდების ფურცვლას ვაგრძელებდი. თვითონ ოგის სახეზე ჭოჭმანის ნასახიც არ ეტყობოდა და გულღია ღიმილით დამყურებდა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ მოულოდნელად ფურცვლა შემაწყვეტინა და მითხრა: ძალიან სწრაფად ათვალიერებ. ცოტა შეანელე, თორემ სიამოვნებას ვერ მიიღებ.
მართალიც იყო, რა თქმა უნდა. თუ ხედვა არ შეგიძლია, ვერც ვერაფერს დაინახავ. ყუთიდან მეორე ალბომი ამოვიღე და თავი ვაიძულე, უფრო გულდასმით მეთვალიერებინა. მეტ ყურადღებას ვაქცევდი დეტალებს, ამინდის მონაცვლეობას; წელიწადის დროების ძალაში შესვლასთან ერთად განათების კუთხის ცვლილებას ვაკვირდებოდი, ნელ-ნელა მანქანების მოძრაობაში, სხვადასხვა დღეების რიტმში (სამუშაო დღეების დილის ციებ-ცხელება,შედარებითი უმოძრაობა კვირის მიწურულს, კონტრასტი შაბათსა და კვირადღეს შორის), სულ უმნიშვნელო განსხვავებების გარჩევა, და მერე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ადამიანების ცნობაც დავიწყე, გამვლელების, რომლებსაც სამსახურში ეჩქარებათ; ყოველ დილით ერთი და იგივე ადამიანები ერთსა და იმავე ადგილას, რომლებმაც ოგის ფოტოაპარატის ხედვის არეში თავიანთი ცხოვრების ერთი წამი იცხოვრეს. რაკი ზოგიერთს უკვე სახით ვცნობდი, ახლა მათი სხეულის ენაზე დავიწყე დაკვირვება, იმაზე, თუ როგორ იცვლებოდნენ დილიდან დილამდე; ვცდილობდი, გარეგნული ნიშნების მიხედვით მათი გუნება-განწყობა გამომეცნო, მათი ცხოვრების ისტორიები წარმომედგინა, თითქოს მათს სხეულებში გამოკეტილ უხილავ დრამებში შემეძლო შეღწევა. კიდევ ერთი ალბომი ამოვიღე. აღარც მობეზრებას ვგრძნობდი, არც დაბნეულობას, რომელიც თავიდან დამეუფლა. მივხვდი, ოგი დროის ფოტოგრაფირებას ახდენდა, ბუნებრივი დროის და ადამიანთა დროისა ერთდროულად, ამისთვის სამყაროს ერთი პატარა კუთხე ქონდა ამორჩეული, იმ სივრცის მცველად იყო დაყუდებული და მთელი არსებით მის დასკუთრებას ცდილობდა. ნამუშევრებში ჩაძირულს, ოგი ისევ ღიმილით და ჩუმი სიამოვნებით მიყურებდა. მერე, თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა, შექსპირის სტრიქონების კითხვა დაიწყო.
"ხვალ და ისევ ხვალ და ისევ ხვალ/ დრო ვიწრო ნაბიჯებით მოემართება." მაშინ მივხვდი, რომ ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა.
ეს დაახლოებით ორი ათასი სურათის წინ მოხდა. იმ დღის შემდეგ მე და ოგის ბევრჯერ გვისაუბრია მის ნამუშევრებზე, მაგრამ მხოლოდ წინა კვირას შევიტყვე, როგორ ჩაუვარდა ხელში თავისი ფოტოაპარატი და როგორ დაიწყო სურათების გადაღება. ოგიმ ამის შესახებ კარგა გრძელი ამბავი მომიყვა, და მე ჯერაც ვცდილობ, მისი მონათხრობიდან აზრი სწორად გამოვიტანო, და არ შევცდე.
იმავე კვირის დასწყისში "ნიუ-იორკ ტაიმსის’’ თანამშრომელმა დამირეკა და მკითხა, ისეთი მოთხრობის დაწერას ხომ არ ვისურვებდი, რომელიც საშობაო ნომერში გამოქვეყნდებოდა. ჩემი პირველი იმპულსი უარის თქმა იყო, მაგრამ გაზეთის თანამშრომელი ძალიან სიმპატიური და თან ჯიუტი კაცი აღმოჩნდა, და საუბრის ბოლოს დავპირდი, რომ შევეცდებოდი. თუმცა, როგორც კი ყურმილი დავკიდე, პანიკამ მომიცვა. რა ვიცი შობის დღესასწაულზე, ვკითხე საკუთარ თავს; რა ვიცი შეკვეთით დაწერილი მოთხრობების შესახებ?
შემდეგი რამდენიმე დღე სასოწარკვეთაში და დიკენსის, ო’ჰენრის და საშობაო სულისკვეთების სხვა დიდოსტატთა სულებთან ბრძოლაში გავატარე. თვითონ სიტყვათშეთანხმება "საშობაო მოთხრობა’’ უკვე უსიამოვნო ასოციაციებს, ფარისევლური სიბრიყვის და სიმსუყის ნალექს მიჩენდა. საშობაო მოთხრობის საუკეთესო ნიმუშებიც კი თავის მოსატყუებელი ოცნებაა, დიდების ზღაპარი, და საკუთარ თვალში ძალიან დავეცემოდი, ჩემი თავისთვის ოდესმე რამე მსგავსის დაწერის უფლება რომ მიმეცა.
მაინც, ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ადამიანს არასენტიმენტალური საშობაო მოთხრობის დაწერა შესთავაზო? აქ ტერმინები ერთმანეთს გამორიცხავდა, შეუთავსებლის შეთავსება შეუძლებელი ჩანდა. ერთი სიტყვით, თავსატეხი გავიჩინე. ეს იგივე იყო, რაც დოღის ცხენის უფეხებოდ, ან ბეღურას უფრთოდ წარმოდგენა.
არსად აღარ დავდიოდი. ხუთშაბათს ქუჩაში გავედი და დიდხანს ვისეირნე, იმ იმედით, რომ სუფთა ჰაერი გონებას გამიხსნიდა. შუადღის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მარაგების შესავსებად სიგარების მაღაზიაში შევიარე. როგორც ყოველთვის, ოგი იმ დღესაც დახლთან იდგა. უნებურად, მისთვის ჩემი საფიქრალის გაზიარება მომინდა. "საშობაო მოთხრობა?’’ თქვა ოგიმ, სათქმელი რომ მოვამთავრე. "სულ ეგ არის? ერთი სადმე ვახშამზე დამპატიჟე, მეგობარო, და ისეთ ამბავს მოგიყვები, რომ ეგეთი ცხოვრებაში არ გექნება გაგონილი, თან სიტყვას გაძლევ, თითოეული სიტყვა სიმართლე იქნება.’’
ერთი კვარტლით ქვემოთ, ჯეკის პატარა რესტორანში შევედით, ხმაურიან პატარა სადელიკატესოში, სადაც მშვენიერი ლორიანი სენდვიჩები იცოდნენ, კედლები კი "დოჯერსის’’ ძველი გუნდური ფოტოებით იყო დაფარული. უკან თავისუფალი მაგიდა ვიპოვეთ, შეკვეთა მივეცით და მერე ოგი გზნებით შეუდგა თავისი ამბის მოყოლას.
"სამოცდათორმეტის წლის ზაფხული იყო’’, თქვა მან, "ერთ დილასაც მაღაზიაში ბიჭი შემოვიდა და თაროებიდან რაღაცეების აწაპვნა დაიწყო. ცხრამეტის ან ოცის იქნებოდა, და უნდა გითხრა, რომ ეგეთ მონდომებულ ქურდს ცხოვრებაში პირველად ვხედავდი, გულიც კი ამიჩუყდა. მოპირდაპირე სტელაჟს იყო მიმდგარი, და წიგნებს საწვიმარის ჯიბეებში იტენიდა. დახლის გარშემო ხალხი იდგა, ამიტომ თავიდან ვერ დავინახე, მაგრამ როცა შევნიშნე, ყვირილი დავუწყე. კურდღელივით მოცოცხა, და სანამ დახლს უკნიდან გამოვაღწიე, ის უკვე ატლანტიკ ავენიუზე გარბოდა. დაახლოებით ნახევარი კვარტალი ვდიე, მერე ხელი ჩავიქნიე. ამ სირბილში ჯიბიდან რაღაც ამოუვარდა, და რაკი სირბილის თავი აღარ მქონდა, მივედი და დავიხარე, რომ მენახა, რა იყო.’’
"საფულე აღმოჩნდა. ფული არ ედო, მაგრამ მართვის მოწმობას და რამდენიმე სახელდახელო ფოტოს გადავაწყდი. შეიძლება, პოლიციელებისთვის უნდა დამეძახა კიდეც და მისი დაჭერა მეთხოვა, მოწმობაზე ხომ მისი სახელიც ეწერა და მისამართიც, მაგრამ რაღაცნაირად შემეცოდა. ბოლოს და ბოლოს ერთი საცოდავი ბაცაცა იყო, და მეტი არაფერი; თანაც, საფულეში ნაპოვნი სურათები რომ დავათვალიერე, სიბრაზემ სულ გადამიარა. რობერტ გუდვინი. ეს იყო მისი სახელი და გვარი. ერთ-ერთ ფოტოზე, მახსოვს, დედასთან თუ ბებიასთან ხელგადახვეული იდგა; მეორეზე ცხრა ან ათი წლის იქნებოდა, ბეისბოლისტის ფორმით იჯდა და ისე იღიმებოდა, ყველა კბილი გადმოყრილი ქონდა. უგულო კაცი ვარ-მეთქი, ვიფიქრე. ბიჭი, შეიძლება დაბოლილი იყო, ან რაღაც ჰქონდა ნაყნოსი. საწყალი ბრუკლინელი ბიჭი, რომელსაც წინ არაფერი კარგი არ ეჭყანება-თქო. ის რამდენიმე ნაგავში გადასაგდები წიგნი კი ვის რაში სჭირდებოდა?
"ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ის საფულე დავიტოვე. რამდენჯერ დამიპირებია პატრონისთვის მისი დაბრუნება, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ყოველ ჯერზე სხვა დროისთვის ვდებდი ხოლმე და სამაგისოდ თითი თითზე არ დამიკრავს. ერთიც გავიხედოთ, და, შობა კარზეა მომდგარი, მე კი მოწყენილობისგან აღარ ვიცი, რა კედელს მივეხალო. ჩვეულებრივ, ამ დღეს ბოსი მპატიჟებს ხოლმე თავის სახლში, მაგრამ იმ წელს ოჯახთან ერთად ნათესავების მოსანახულებლად ფლორიდაში გაემგზავრა. ერთი სიტყვით, ვზივარ დილით სრულიად მარტო ჩემს ბინაში და საკუთარი თავი მეცოდება. მერე თვალში სამზარეულოს თაროზე შემოდებული რობერტ გუდვინის საფულე მხვდება, და ჩემთვის ვფიქრობ, რატომაც არა, რატომ არ შეიძლება, ერთხელ კეთილი საქმე გავაკეთო; პალტოს ვიცვამ და საფულის დასაბრუნებლად სახლიდან გავდივარ.’’
"მისამართმა ბაუარამ ჰილთან მიმიყვანა, სადღაც გადაკარგულში, მრავალსართულიან დასახლებაში. იმ დღეს გვარიანად ყინავდა, მე კი, მახსოვს, სანამ შენობას ვიპოვიდი, გზა რამდენჯერმე ამებნა. იქ ყველა სახლი ერთმანეთს გავს, შეიძლება, გარს ერთსა და იმავე ადგილს უვლიდე, და თავი შორს გეგონოს წასული. ამას არა აქვს მნიშვნელობა; ბოლოს და ბოლოს იმ ბინას ვპოულობ, რომელსაც ვეძებდი, და ზარს ვრეკავ. ჩამიჩუმი არ ისმის. ჩემთვის ვფიქრობ, ალბათ, შინ არავინ არის-მეთქი, მაგრამ მაინც რომ დავრწმუნდე, ზარს კიდევ ერთხელ ვრეკავ. სადაცაა, უკან გაბრუნებას ვაპირებ, და ამ დროს კარებთან ფეხის ჩაჩუნი მესმის. მოხუცი ქალის ხმა მეკითხება, ვინ ვარ, და მეც ვპასუხობ, რომ რობერტ გუდვინს ვეძებ. "შენა ხარ, რობერტ?’’ ამბობს მოხუცი, მერე დაახლოებით თხუთმეტ საკეტს აჩხაკუნებს და კარს აღებს. ოთხმოცდაათის თუ არა, ოთხმოცის მაინც იქნება, და პირველი, რასაც ვამჩნევ, ისაა, რომ მოხუცი ბრმაა. "ვიცოდი, რომ მოხვიდოდი, რობერტ,’’ მე მეუბნება, "ვიცოდი, რომ შენი ბებია ეთელი შობადღეს არ დაგავიწყდებოდა.’’ და მერე ხელებს ისე შლის, თითქოს მოხვევას მიპირებს.
დიდი ფიქრის დრო არ მქონდა, ხომ გესმის. სასწრაფოდ რაღაც უნდა მეპასუხნა, და სანამ მივხვდებოდი, რა ამბავია ჩემს თავს, საკუთარი პირიდან ამოსული სიტყვები მესმის. "ხო, ბებია ეთელ,’’ ვეუბნები, "ჩამოვედი, შობაზე მაინც ხომ უნდა მენახე.’’ არ მკითხო, ეს რატომ გავაკეთე. წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ, მისთვის იმედის გაცრუება არ მინდოდა, ან რაღაც მაგდაგვარი. არ ვიცი. უბრალოდ, ესე გამოვიდა; და მერე იმ მოხუცმა ქალმა თავისი ბინის შესასვლელთან გულში ჩამიკრა, და საპასუხოდ მეც მოვხვიე ხელები.
მე ხომ არ მითქვამს, რომ მისი შვილიშვილი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ამ სიტყვებით არა; ეს კი იგულისხმებოდა, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მისი მოტყუება არ მინდოდა. რაც იქ მოხდა, თამაშს გავდა, რომელიც ორივემ ერთდროულად გადავწყვიტეთ გვეთამაშა, და რომლის წესები არავის დაუწესებია. მოხუცი, რა თქმა უნდა, მიხვდა, მისი შვილიშვილი რობერტი რომ არ ვიყავი. კი, ბრმაც იყო და ფეხზეც ძლივს იდგა, მაგრამ საქმე ისე ცუდად არ ქონდა, რომ უცხო კაცი საკუთარი სისხლისა და ხორცისგან ვერ გაერჩია. ამ თავის მოკატუნებით ბედნიერი ჩანდა, და, რადგან სხვა, უკეთესი საქმე არ მქონდა, თამაშში ავყევი, და თავი მეც ბედნიერად ვიგრძენი.’’
"ერთი სიტყვით, ბინაში შევყევი და მთელი დღე ერთად გავატარეთ. უნდა გითხრა, რომ იქაურობა მტვერს და ნაგავს მიქონდა, მაგრამ, მეორეს მხრივ, რას უნდა მოელოდე ბრმა ქალისაგან, რომელსაც საოჯახო საქმის კეთება თვითონ უხდება? ყოველ ჯერზე, როცა ჩემს ამბებს კითხულობდა, ახალი ტყუილს ვიგონებდი. ვუთხარი, რომ კარგი სამუშაო ვიშოვე სიგარების მაღაზიაში; რომ ძალიან მალე ცოლის მოყვანას ვაპირებ, ის კი თავს ისე მაჩვენებდა, თითქოს ჩემი ნათქვამი თითოეული სიტყვა სჯეროდა. "ძალიან კარგია, რობერტ,’’ მეუბნებოდა, თავს მიქნევდა და იღიმებოდა. "ვიცოდი, რომ ბოლოს მაინც სწორ გზას დაადგებოდი.’’
რაღაც ხანი გავიდა და ვიგრძენი, რომ ნელ-ნელა ძალიან მშივდება. სამზარეულოში ბევრი არაფერი მეგულებოდა, ამიტომ მაღაზიაში ჩავედი და ათასი რამე ამოვიტანე: შესაწვავად მომზადებული ქათამი, ბოსტნეულის წვნიანი, კარტოფილის სალათი, შოკოლადის ტორტი და კიდევ რაღაც-რაღაცეები. ეთელს საძინებელში ერთი ბოთლი ღვინო აღმოაჩნდა გადანახული, ისე რომ, ჩვენში დარჩეს და, გვარიანი საშობაო სუფრა გამოგვივიდა. მახსოვს, ღვინო ორივეს მოგვეკიდა, და სადილის შემდეგ სასტუმრო ოთახში გადავედით. იქ უფრო მოსახერხებელი სავარძლები იყო. მერე საჭიროებამ მიწია, მოვუბოდიშე და დერეფნის გავლით აბაზანაში შევედი. იქ საქმე სულ სხვანაირად წარიმართა. ეთელის შვილიშვილად თავის გასაღება ხომ ისედაც ვერაფერი საქციელია, მაგრამ ის, რაც მერე გავაკეთე, უკვე ნამდვილი სიგიჟე იყო, ჩემი თავისთვის დღემდე ვერ მიპატიებია.’’
"აბაზანაში შევდივარ, და შხაპის გვერდზე, კედელთან ვშეშდები. თაროზე ჩამწკრივებულ ექვს, თუ შვიდ ფოტოაპარატს ვხედავ. ყველა უახლესი გამოშვების ოცდათხუთმეტმილიმეტრიანი აპარატია, თავ-თავისი ყუთებით, ყველა საუკეთესო ხარისხის. ვხვდები, რომ ესენი ნამდვილად რობერტის მოპარულებია, რომ მისი ბოლოდროინდელი გატაცება ეს ყოფილა და რომ მის სამალავს წავაწყდი. სურათები ცხოვრებაში არ მქონდა გადაღებული, და მითუმეტეს, არასდროს არაფერი მომიპარავს, მაგრამ იმ წუთას, როცა აბაზანაში ის ფოტოაპარატები დავინახე, გადავწყვიტე, რომ ერთი ცალი ჩემთვის დამეთრია. აი ესე, უბრალოდ. დიდხანს არ მიფიქრია, ერთი ყუთი ამოვიიღლიავე და სასტუმრო ოთახში დავბრუნდი.
სულ რამდენიმე წუთით ვიყავი გასული, ბებია ეთელი კი სავარძელში ჩაძინებული დამხვდა. როგორც ჩანს, კიანტი ბევრი მოგვივიდა. სამზარეულოში გავედი და თეფშები დავრეცხე, იმას კი ეძინა და ძილში ახალშობილი ჩვილივით ფშვინავდა. გაღვიძებაში დიდი აზრი ვერ დავინახე და წასვლა გადავწყვიტე. დასამშვიდობებლად წერილსაც კი ვერ დავტოვებდი, - მოხუცი ხომ ბრმა იყო. ამიტომ უბრალოდ წამოვედი. შვილიშვილის საფულე მაგიდაზე დავუტოვე, აპარატი ავიღე და ბინის კარი გამოვიხურე. აი, ესე იყო ეს ამბავი.’’
"მის სანახავად აღარ დაბრუნებულხარ?’’ ვკითხე.
"მარტო ერთხელ,’’ მიპასუხა, "სამი თუ ოთხი თვის შემდეგ. აპარატის ქურდობის მერე თავს ისე ცუდად ვგრძნობდი, რომ ერთხელაც არ გამომიყენებია. ბოლოს მისი დაბრუნება გადავწყვიტე… მაგრამ ეთელი იქ აღარ დამიხვდა. არ ვიცი, რა ბედი ეწია, მაგრამ მის ბინაში უკვე სხვა ხალხი იყო შესახლებული, ეთელის ამბავი კი ვერავინ… მითხრა.’’
"ალბათ გარდაიცვალა.’’
"ხო, ალბათ’’…
"ესე იგი, თავისი უკანასკნელი შობა შენთან ერთად გაუტარებია, არა?’’
"როგორც ჩანს. მაგაზე არასდროს მიფიქრია.’’
"კეთილი საქმე გაგიკეთებია, ოგი. ძალიან კარგი რამე გაგიკეთებია ბებოსთვის.’’
"ჯერ მოვატყუე, მერე მოვპარე. არ მესმის, როგორ შეგიძლია მაგას კეთილი საქმე დაარქვა.’’
"თავი ბედნიერად ხომ აგრძნობინე. აპარატი კი მაინც ნაქურდალი იყო, და იმას, ვისგანაც წამოიღე, არ ეკუთვნოდა.’’
"ყველაფერი ხელოვნებისთვის, არა, პოლ?’’
"ეგ არ მითქვამს, მაგრამ კარგი გამოყენება ხომ უპოვნე?’’
"აბა, რას იტყვი, გაქვს თუ არა საშობაო ამბავი?’’
"კი,’’ ვუთხარი, "მგონი მაქვს.’’
და აქ ერთი წუთით გავირინდე, რადგან ოგის სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა. დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი, ოღონდ თვალები ისეთი იდუმალებით უბზინავდა, შინაგანი ნეტარების ისეთი სხივი ედგა, რომ უეცრად აზრმა გამკრა, ხომ არ გამოიგონა ყველაფერი-მეთქი. მაგრამ იქვე მივხვდი, რომ მაგას არც არასდროს მეტყვის. მეც თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს დავიჯერე, და მთავარი ეს იყო. თუ ერთ ადამიანს მაინც სჯერა, როგორ შეიძლება, ის ამბავი ნამდვილი არ იყოს.
"ძალიან მაგარი ხარ, ოგი,’’ ვუთხარი. "გმადლობ. მართლა დამეხმარე.’’
"ღმერთმა შეგარგოს, მაგისთვის ყოველთვის მზად ვარ,’’ მიპასუხა ოგიმ, რომელსაც თვალებში ისევ ის მანიაკალური სინათლე ედგა. "გარდა მაგისა, თუ მეგობრისთვის შენი საიდუმლოს გაზიარება არ შეგიძლია, რაღა მეგობარი გქვია?’’
"მგონი, ერთი საიდუმლო მეც მმართებს შენი.’’
"არაფერი არ გმართებს. ჩათვალე, რომ უცებ სურვილი გამიჩნდა და მოგიყევი, და არც მანამდე გმართებდა ჩემი რამე.’’
"მარტო ეს ერთი ვახშამი.’’
"ხო. მარტო ეს ერთი ვახშამი.’’
ოგის ღიმილს ღიმილით ვუპასუხე, მერე ოფიციანტს დავუძახე და ანგარიშის მოტანა ვთხოვე.
No comments:
Post a Comment