Tuesday, February 24, 2009
დავით ჩიხლაძე
ამერიკული რომანის დასასრულისთვის
(ნორმან მეილერის გარდაცვალების გამო)
შეიძლება, პარადოქსი არც იყოს, მაგრამ ნორმან მეილერი ქართულად თარგმნილი არ არის, ისევე, როგორც ჰენრი მილერი, ტომ ვულფი, სოლ ბელოუ, ტრუმენ კაპოტე, ჯეკ კერუაკი. მას ერთი მხრივ ამერიკული კონტრკულტურის მამას უწოდებენ, მეორე მხრივ კი, და, ალბათ, მისი სახელის სიმყარისათვის ეს უფრო მნიშვნელოვანია - თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის, კერძოდ რომანის, გოლიათს.
ნორმან მეილერის პირველი რომანი “შიშველნი და მკვდარნი” 1948 წელს გამოვიდა. მისი პირველი რუსული თარგმანიც ჯერ კიდევ კომუნისტური წყობის დროს, მცირეოდენი შემოკლებებით დაიბეჭდა; როგორც წიგნის წინასიტყვაობაში იყო მითითებული, შემოკლდა მხოლოდ უცენზურო სიტყვები და პასაჟები. საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, ინგლისელი გამომცემლები ამ რომანის დაბეჭდვაზე სწორედ უცენზურო მეტყველებისა და ჯარისკაცთა სექსუალური ოცნებების რეალისტური აღწერის გამო ამბობდნენ უარს. აქ საინტერესო ეფექტს თუ მეტაფორას ქმნის ორი სიუჟეტის მუდმივი გადაჯაჭვა – ომს, კონფუზიას, ტოტალურ ქაოსს, უიმედობას, აგრესიას ერწყმის ჯარისკაცების, თითქოს უადგილო მოგონებები და ოცნებები საკუთარ ცოლებსა და საყვარელ ქალებზე, მათთან გატარებულ სექსუალურ გართობებსა და ორგაზმებზე. რომანის ენა და ფრაზეოლოგია ასევე რეალისტურია და ჯარისკაცების ყოფის დოკუმენტურ სინამდვილეს ასახავს, შეიძლება, უფრო ხისტი სიცხადითაც კი, ვიდრე ეს რომელიმე სხვა ამერიკელ მწერალთან გვხვდება. აქ მას მხოლოდ ტომი ტრანტინო თუ შეიძლება გაუტოლდეს, ვისაც ჰენრი მილერი საკუთარ და, საერთოდ, ამერიკული რომანის ერთადერთ გამგრძელებლად მოიაზრებდა, ტრანტინოს ენაც უკიდურესად მხატვრული, ჟარგონული ორთოგრაფიის მქონე და ამავე დროს, რეალისტურია; ტრანტინომ მეილერის რადიკალიზმსაც კი გადააჭარბა - ამ დროისთვის უკვე სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ორი პოლიციელის მკვლელობისათვის ნიუ ჯერსის ბარში.
მეილერი 25 წლის იყო, როდესაც “შიშველნი და მკვდარნი” გამოიცა. წიგნმა უზარმაზარი წარმატება მოუტანა. “შიშველნი და მკვდარნი” 200,000 ცალი გაიყიდა. მწერალი ომის დროს ფილიპინებზე მზარეულად მსახურობდა, თუმცა, ეს გამოცდილება ომის რეალობის გადმოსაცემად მისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ისევე, როგორც ყველა დიდი ამერიკელი მწერალი ჰემინგუეიმდე და მის შემდეგ, მეილერიც, ამერიკული რეალიზმის წარმომადგენელია; ისეთი რეალიზმისა, რასაც სწორედ ჟურნალისტიკურ რომანამდე მივყავართ. “ახალი ჟურნალიზმი” - ეს ტერმინი სწორედ ამერიკაში გაჩნდა ტომ ვულფის სახელის ქვეშ, სადაც ასევე თავს იყრის კენ კესის, ტრუმენ კაპოტეს, სოლ ბელოუს ობიექტივისტური ძიებანი. 1960 წლიდან ნორმან მეილერსაც მიაკუთვნებენ “ახალ ჟურნალიზმს”, სადაც მხატვრული პროზის ტექნიკა ჟურნალისტიკური ფაქტების აღსაწერად გამოიყენება. ნორმან მეილერი იმ რეალისტური რომანის სკოლის გამგრძელებელია, სადაც სათავეში თეოდორ დრაიზერი დგას. დრაიზერი აღწერს ამერიკის ქალაქების ყოველდღიურ ბიზნესს, ყოფას და თავის გადარჩენისთვის გზის ძიებას, როგორც ომს. ასევე აღწერს მეილერი ამერიკელი ჯარისკაცების ყოველდღიურობას. ნორმან მეილერის ერთ-ერთ სტრატეგიაც და სამკაულიც მეტაფორული შინაარსით დატვირთული ლაკონური ფრაზებია, რაც საერთოდ დამახასიათებელია ამერიკული პროზის რეალობისთვის, - მარკ ტვენიდან - ერნესტ ჰემინგუეიმდე. მეილერის შემდგომ რომანებს ასეთი წარმატება აღარ ჰქონია. 1951 წელს მეილერი გრინვიჩ ვილიჯში გადასახლდა. აკრიტიკებდა ჰოლივუდს, არ უბეჭდავდნენ წიგნებს. განკვეთილობის, გარიყულობის შეგრძნება მას არცთუ უსაფუძვლოდ, სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პირველი მწერალი იყო, კვლავ ანდერგრაუნდში რჩებოდა, ფაქტიურად, არც კი უბეჭდავდნენ სტატიებს მწვავე შეხედულებების გამო ამერიკის უახლეს ომებთან დაკავშირებით. 2003 წელს მეილერის ბოლო non fiction წიგნი გამოვიდა - “რატომ ვართ ჩაბმული ომში?”. ამითაც ჰგავს ის კურტ ვონეგუტს (“ბოლო დროს ძალზე უცნაური ამინდებია”).
ნორმან კინგსლი მეილერი დაიბადა 1923 წლის 31 იანვარს, ნიუ ჯერსიში. მისი თანამედროვე, ასევე უდიდესი მწერლის, ჰენრი მილერის მსგავსად ბავშვობა და სიყმაწვილე ნიუ იორკში, ბრუკლინში გაატარა, კერძოდ კი, ამ რაიონის ყველაზე კრიმინალურ დასახლებაში, რომელსაც კროუნ ჰაიტსს უწოდებენ. სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, კემბრიჯში, აერონავტიკის სპეციალობით. თუმცა, მისი მოწოდება ცოტა ხანში შეიცვალა, როდესაც ჯონ დოს პასოსის ნაწარმოებებს გაეცნო და სერიოზულად დაინტერესდა მწერლობით.
ომში ყოფნისას მას უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა მოთხრობა, ხოლო ფრონტულ ჩანაწერებს თავის პირველ ცოლს, ბეა სილვერმანს უგზავნიდა, მსგავსად ედვარდ ესტლინ კამინგსისა, საკუთარ ლექსებს სახლში დედასთან რომ გზავნიდა ფრონტიდან და მათი უკიდურესად ავანგარდული ხასიათის გამო, კინაღამ დაშიფრული ჯაშუშობის ბრალდებით რომ დააპატიმრეს. თუმცა, როგორც ჩანს, მეილერს, უბრალოდ, არ სურდა ეს ნაწერები მის თანამებრძოლებს ენახათ. შემდეგ მას მოულოდნელად ათავისუფლებენ სამსახურიდან და სახლში დაბრუნებიდან უკვე 15 თვეში “შიშველნი და მკვდარნი” მზის სინათლეზე გამოდის.
იმ დროს, როდესაც საფრანგეთში იქმნებოდა “ახალი რომანი”, რომელიც ძირითადად მაინც ფორმალურ და სემიოტიკურ ძიებებზე იყო აგებული, ამერიკული რომანის რეალობა თანდათანობით პოპ-არტის ადრეული სიმპტომების, რეალისტური მყვირალა და ზედაპირის, ტელეეკრანის და სხვა მედია სიცარიელეების ჟურნალისტიკას ქმნიდა, რაც დღეს, ლოგიკურად ტელეეკრანებზე ომების პირდაპირი ტრანსლიაციით გრძელდება. ფრანგული რომანი ასკეტურად იკვლევდა ენის განთავისუფლების ლინგვისტურ ფუფუნებებს, ხოლო ამერიკული რომანი მეორე მხარეს, მეორე უკიდურესობაში აგრძელებდა ძიებას – ობიექტივიზმში, რეპორტაჟების დაუსრულებელ სერიებში, პოლიტიკურ კომენტარებში. ეს ტენდენციები მეილერთან უფრო მკვეთრად მოგვიანებით გამოჩნდა. მიიჩნევა კიდეც, რომ იგი უფრო ჟურნალისტი იყო, ვიდრე მწერალი და მისი non fiction ნაწერების რაოდენობა რომანს აჭარბებს კიდეც. ასეთია ამერიკული რომანის თითქოს პარადოქსული ისტორიული რეალობა.
1954 წელს მეილერი ესპანელ ქალზე ადელ მორალესზე დაქორწინდა. საზოგადოებრივი წესიერების თვალსაზრისით, მისი ცხოვრება სულ უფრო მოუწესრიგებელი ხდებოდა. 1960 წელს, ცოლი ქუჩაში ნაპოვნი დანით დაჭრა და მხოლოდ იმიტომ შეუფარდეს პირობითი სასჯელი, რომ სიკვდილს ძლივს გადარჩენილმა ადელმა არ ისურვა ბრალდებების წაყენება. ნორმან მეილერს ექვსი ცოლი ჰყავდა, ეწეოდა არეულ ცხოვრებას და ამბობდა, რომ აგრესია მას ცხოვრებამ ასწავლა და არც სურს ამის დამალვა. 50-იანი წლებიდან მეილერი ცნობილი ხდება, როგორც ანტი-ესტაბლიშმენტის ესეისტი, კითხულობს მარქსის “კაპიტალს” და აცხადებს, რომ მარქსი დიდად დაეხმარა გამხდარიყო უკეთესი მწერალი.
ამერიკულ კონტრ-კულტურაში ნორმან მეილერის როლი მნიშვნელოვანია, სწორედ როგორც სექსუალური რევოლუციის ყოველდღიური ესეისტისა. ტურისტულ ცნობარებშიც ნახავთ, რომ 1955 წელს მეილერმა დააარსა და სახელი შეურჩია უდიდეს ამერიკულ ანდერგრაუნდის ჟურნალს “ვილიჯ ვოის”-ს თავის მეგობრებთან, დანიელ ვოლფთან და ედვინ ფანჩერთან ერთად. 10,000 დოლარი ჩადო გაზეთის გამოცემაში, სადაც უნდა ასახულიყო სექსუალური რევოლუციის და სხვა აკრძალული იდეები. დღეს ამ გაზეთში, რომელიც, ყოველ კვირას უფასოდ ვრცელდება ამერიკის შეერთებული შტატების ორივე სანაპიროზე, კონტრკულტურის რუბრიკით სხვადასხვა რესტორნებისა და ბარების, ტაილანდური, ვიეტნამური, ჩინური, ფრანგული, იაპონური, მექსიკური სამზარეულოების ჩამონათვალი და რეიტინგები იბეჭდება. ასეთია ამერიკული და, მით უმეტეს, ნიუ- იორკის და ისტ-ვილიჯის უკიდურესად სოფისტური კონტრკულტურის ცხოვრება, რომელსაც დღეიდან აუცილებლად დააკლდება ნორმან მეილერი.
ამერიკული საზოგადოების კრიტიკა მეილერმა “თეთრი ზანგით”, გახმაურებული პუბლიცისტური რომანით დაიწყო. აქ მწერალი ამერიკელ ურბანულ ჰიპსტერს აღწერს, როგორც ფილოსოფიურ ფსიქოპათს, რომელიც თავისი აჯანყებით ზანგს წააგავს, თუმცა, ზანგის ბუნებრიობა და ურბანისტული ექსტრემალური სიტუაციის ალტერნატიული ცხოვრებისეული მყარი მორალი აკლია.
უფესვებო ადამიანები, სწორედ ასე განიხილავდა მეილერი საკუთარ თავს ჰენრი მილერის, მერლინ მონროს, მუჰამედ ალის, პიკასოს გვერდით, იგივე გააკეთა ედუარდ ლიმონოვმა პროზაულ პორტრეტებში “წმინდა მონსტრი”, რომელიც მის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. სიმონა ვაილის წიგნს კი, “უფესვებო კულტურას”, წინასიტყვაობა თვით ტომას სტერნზ ელიოტმა დაუწერა, თუმცა, ვაილი მაინც გიჟად შეარცხეს. სწორედ ვაილი წერდა, დღევანდელი მასობრივი ემიგრაციის, გადაადგილების და მულტიკულტურული ურბანიზმის პირობებში, ადამიანი კულტურულ ფესვებს კარგავსო, კარგავს იმას, რაც მას უბრალო ადამიანური ბედნიერებისთვის პირველ რიგში სჭირდებაო. ცხადია - ნორმან მეილერი სწორედ იმ იდეალისტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც არ შეეშინდათ რეალობასთან შეხვედრის და არც იმედი დაუკარგავთ. ასეთი ტერმინიც კი იყო ამერიკულ კრიტიკაში, “იმედის მყიფე სხივი”, რომელიც პირველად კენ კიზის “გუგულის ბუდესთან” დაკავშირებით გაჩნდა, ამერიკულ ფსიქიურად დაავადებულთა კლინიკას რომ აღწერს, როგორც მთელი ამერიკული საზოგადოების სიმბოლოს.
არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი non-fiction რომანი “ღამის არმიები”, რომელიც პულიცერის პრიზით და ნაციონალური წიგნის ჯილდოთი აღინიშნა. წიგნში ასახულია 1967 წლის პენტაგონის მარში და მასთან დაკავშირებული ისტორიები. მწერლის დისციპლინირებული ობიექტივიზმისა და არასენტიმენტალობისთვის ნიშანდობლივია, რომ აქაც, ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში, ის მესამე პირში წერს. ამ ხმაურიან გრანდიოზულ მოვლენებში მასთან ერთად მონაწილეობდნენ ალენ გინზბერგი, კენ კიზი, ჯერი რუბინსი და ამერიკული მემარცხენე მოძრაობის სხვა ცნობილი წარმომადგენლები. უკვე 1969 წელს კი, მწერალი ნიუ-იორკის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყო წარდგენილი.
ნორმან მეილერის ბოლო რომანი “ციხე-სიმაგრე” წელს, 2007-ში გამოვიდა. იგი ჰიტლერის ბავშვობას შეეხება, სადაც მწერალი სრული გამონაგონის საფუძველზე აღწერს, რომ ბავშობიდან დემონი დაეუფლა და ის ასწავლიდა ყოველ შემდგომ ცხოვრებისეულ ნაბიჯს. ასეთივე სიუჟეტური ქარგა აქვს ბოლოსწინა, 10 წლით ადრე გამოცემულ წიგნს, “ვაჟიშვილის სახარებას”, რომელიც იესოს ბავშვობას შეეხება და რომელიც ასევე მთლიანად გამონაგონს ეფუძნება.
ნორმან მეილერს ფილმებიც აქვს გადაღებული -“ძველი ბიჭები არ ცეკვავენ”, “მეიდსტონი”, “კანონს მიღმა” და “ველური 90”. და იქაც, ფილმებშიც ბოლომდე პოსტ-მოდერნისტი არაა. მეილერი მაინც რეალისტია, ოღონდ, ცოტა მეტი ზედაპირით ანუ სიცარიელის რაღაც დოზით, მოკლე კომენტარებით და ირონიით. ის სცენარებსაც თვითონ წერდა და რეჟისორიც გახლდათ.
ნორმან მეილერმა 1962 წელს გამოსცა ლექსების კრებული “სიკვდილი ქალბატონებისთვის და სხვა უბედურებანი”, რომელიც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და უკიდურესად ორიგინალურ პოეტურ ხედვებს გვთავაზობს, ისევე როგორც ჯეკ კერუაკის შესანიშნავი ქოროების პოეტური კრებული “მექსიკო სიტის ბლუზი”. მკითხველს ამ კრებულებით არ დაუმახსოვრებია არც მეილერი და არც კერუაკი, მაგრამ ორივე შემთხვევაში, სწორედ ის დეტალი იკვეთება ცხადად, რომ ლექსები მათი კრედოს მოულოდნელი სარკეებია და შინაგან ლირიკულ ფონს გვაჩვენებენ. მით უმეტეს, რომ ნორმან მეილერის ლექსები საერთოდ არ არის პოეტურად სტილიზებული, უბრალოდ, პროზაულადაა დაწერილი.
ნორმან მეილერი 2007 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა მანჰეტენში, 84 წლის ასაკში.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
No comments:
Post a Comment