Tuesday, February 24, 2009

შოთა იათაშვილი

პირველი გაჩერება


ვარდისფერი ავტობუსი. თბ. “სიესტა”, 2007.


ბოლო პერიოდში ქართულ ლიტ.სცენაზე ორი პოეტური ორდენი გამოჩნდა: "სამკაული" და "ვარდისფერი ავტობუსი". სახელწოდება ორივესი მეტად ტკბილხმოვანია, განსხვავებით 90-იანელების ორდენებისა ("რეაქტიული კლუბი", "ქრონოფაგები", "ბებერი პოეტების ორდენი", "დემონები"), თუმც ესთეტიკა რადიკალურად განსხვავებული. ცდუნებაც დიდია, ორ კურდღელს გავეკიდოთ და ეს ორდენები პარალელურ რეჟიმში განვიხილოთ, მაგრამ აჯობებს ვენდოთ ანდაზის სიბრძნეს, შევეშვათ ერთ-ერთს და ამჯერად პოეტური ტრანსპორტის პირველ გაჩერებაზე, ანუ პირველ საერთო კრებულზე ვისაუბროთ.
ისინი ხუთნი არიან. ძველბერძნული სოფიზმები მახსენდება: ადამიანს თმის რამდენიმე ღერის დაცვენა არ გაამელოტებს, არც უფრო მეტის, მაგრამ ერთხელაც შეხედავენ და აღმოაჩენენ, რომ ის მელოტია. და პირუკუ: ერთი კენჭი გროვა არ არის, არც ორი კენჭია გროვა, კაცი რომ დაფიქრდეს, ალბათ არც სამი, მაგრამ რაღაც მომენტში გროვა მაინც ჩნდება...
მოდით, ახლა ეს სოფიზმი სხვა რეჟიმში გადავიყვანოთ: ბიტ-თაობას კესიდი რომ მოაკლდება, ეს თაობას არ გადააშენებს, არც კერუაკის თუ კორსოს დაღუპვა, მაგრამ ერთხელაც აღმოაჩენენ, რომ ისინი გადაშენდნენ. და პირუკუ: ერთი-ორი ახალი პოსტბიტნიკელი გროვა არ არის, კაცი რომ დაფიქრდეს, ალბათ არც სამი, მაგრამ თუნდაც მიყრუებულ საქართველოში ხუთი პოსბიტნიკელი თუ კიდევ გაჩნდა, ესე იგი ბიტ-პოეზია არ გადაშენებულა...
ასეა?
მოდით ჩვენს ახალ ნონკონფორმისტ პოეტებს მივაყურადოთ, პოლიტიკურად აქტუალურ ვარდისფერს რომ ემაიმუნებიან და არცთუ პირველად ძველი ქვიდან ახალი წყლის გამოწურვას ცდილობენ (ქვამ წყალი დალიაო - ამბობს ერთ-ერთი მათგანი - და თუკი დალია, ესე იგი, არც გამოწურვა ყოფილა წარმოუდგენელი, მით უმეტეს, ჭყინტი ემოციები და ნიჭი თუ გიდევს გუდაში).
ისე, თუკი ემოციებზე ავეწყობით, ფრიად იოლი იქნება მათი დახატვა: ისინი ხომ არაჩვეულებრივები არიან, სამეგობრო მათთან ბევრია და ასეც მოხდა: უკვე ერთად ვსხედვართ ლუდხანებში, ერთად ვხეტიალობთ, რაც მთავარია, ერთად ვკითხულობთ აქა-იქ ლექსებს... აქამდე მათ პოეზიას ძირითადად ვუსმენდი, ახლა კი კრებული დავიდე წინ და პაწია რეცენზიის დაწერაც გადავწყვიტე.
რითი დავიწყო?
ომარ თურმანაულის სიტყვები მახსენდება: "როგორ მჯობნიან ჩემი ლექსები..." ეს ბიჭები კი მგონი პირიქით, თავიანთ წიგნს ჯობნიან, თუმც ჯერჯერობით ამას რამდენად ხვდებიან, არ ვიცი... რომც ვერ ხვდებოდნენ, არა უჭირს, მოვა ამის დროც, იმიტომ რომ საზრიანები არიან...
საერთო კრებულში თითქოს ძნელია განსხვავებების დაჭერა, მაგრამ პატარა ჩაკვირვება და ეს სხვაობებიც იკვეთება:
ალექსა ჩიღვინაძე ჯგუფის იდეოლოგად მოჩანს. თუმც ეს იდეოლოგობა რაღაცნაირად ზედაპირულია: უბრალოდ ლექსებია თითქმის სულ ვარდისფერზე: ვარდისფერი პარაშუტი, მანქანა, პლანეტა და ა. შ. თუმცა სათაურები სათაურად და მოდით, ყურადღებით წავიკითხოთ: "დავიძრებით და გავქანდებით საშინელი საჩქარით. / მე შიშველი ვზივარ შენში. / შენ ხარ ჩემი ვარდისფერი მანქანა. / მე მიმყავხარ შენ. მე მიყვარხარ შენ." ანდა "ღმერთი კი შეშლილი კოსმონავტია, / რომელიც დიდი ხნის წინათ გაფრინდა კოსმოსში." ანდა უფრო ლაკონურად: "მოტყანით ტყვიები". ციტატები ყოველთვის არ ქმნის ადეკვატურ შთაბეჭდილებას ავტორზე, ამიტომაც ციტატების მიღმა ვიტყვი: იგი ამ ხუთეულში ყველაზე სენტიმენტალურია, და ეს სენტიმენტალურობა წინასწარმოცემულ გაბრაზებაშია აზელილი. ბეწვის ხიდის გადავლა არცთუ იშვიათად ვერ ხერხდება და ფორმაში მოუხელთებელ სინთეზს ვიღებთ.
შოთა გაგარინი (გაპოეტებამდე დიღმელაშვილი), "რეაქტიული კლუბიდან" სახელსა და გვარზე კოპირაიტი რომ აქვს აღებული: მასთან ხან მანიფესტის ფორმის ტექტები გვხვდება, ხან მინიმალისტური პოეზიის მცდელობები (წარმატებულიც. მაგ.: "ღრმად ჩაისუნთქე გაქვავებული მზერა / სუიციდი უზრდელობაა, როგორც / უხეირო საჩუქრის დაბრუნება”), ხან კლასიკის პაროდირება, ხანაც სხვა ტიპის ექსპერიმენტები. ის ალბათ ყველაზე ეკლექტური და მაძიებელია ამ ხუთეულში.
ხვიარა (ალექსანდრე ლორთქიფანიძე) მინდობილია საკუთარ შინაგან რიტმს, სათქმელის დინამიკას და მიუყვება, მიუყვება, სანამ არ ამოიწურება თემა, სიტყვები, სანამ არ დაიცლება ენერგიისაგან... მაგრამ მასთანაც, ისევე როგორც სხვა ავტორებთან, ხშირად ჩნდება მომაბეზრებელი, "ხალტურული" რეფრენი, რომელიც პოეტურ ენერგეტიკას დაბლა სცემს...
იორიკი (დათო ყანჩაშვილი): მისი ვერლიბრი ყველაზე დახვეწილია, ყველაზე გარანდული. არის ლექსებიც, თავიდან ბოლომდე შეკრული. - მაგ. "მატრიოშკები" ან "ბავშვი". მასში ყველაზე მეტად ჩანს პოტენცია, ვერლიბრის სტრუქტურათა ათვისების გზაზე საკუთარ ხელწერას მიაგნოს და მერე ხელიდან არ გაუშვას. ვნახოთ, აღდგომა და ხვალეო...
კოშკა (ლევან ცერცვაძე): ის ყველაზე მგზნებარეა, და ყველაზე აგრესიული ამ მგზნებარებაში. მაგ. "მოდი მაკოცე…... / სანამ წაგვადგა ახალწლის ღამე / მწუხარე სახით, / რომ დაგვახალოს სამასსამოცი ახალი ტყვია". ან "ჩემი კოცნით ანგელოზი მოკვდა, / ამ სხეულში ბუდობს შავი ჭირი. / ღმერთო როდის ჩავძაღლდები ნეტავ, / ღმერთო, როდის გათავდება ფირი..." (ტერენტის ინტონაციაა, მაგრამ კარგად გაკეთებული). თუმც მისი სიმძაფრე ზოგჯერ ვულგარული და გადამლაშებულია.
აი, დაახლოებით ასე გამოიყურება "ვარდისფერი ავტობუსი", რომელსაც გვერდებზე ბიტნიკების სარეკლამო აბრები აქვს აკრული. ცოტა არ იყოს, მკაცრი ვიყავი ჩემს ახალ მეგობრებთან, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ რაკი ავტობუსი რეისზე გაუშვეს, ესე იგი რიგრიგობით საჭესთან ჯდომაც მოუწევთ და მგზავრ-მკითხველების უსაფრთხოებაზე ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს?
კეთილი მგზავრობა, ბიჭებო, და გისურვებთ, მგზავრებს ავტობუსიდან ჩასვლისას თქვენს კოლექტიურ პეშვში ორმოც-ორმოცი თეთრი კი არა, საკუთარი მფეთქავი გულები ჩაედოთ...

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:

Post a Comment