Sunday, June 14, 2009

XXI საუკუნის ახალი ქართველი "განმანათლებლები"


XXI საუკუნის ახალი ქართველი "განმანათლებლები"
ანუ ვინ ჩაჯდება კარცერში
ნანა კობაიძე


გამომცემელ მამუკა ხანთაძეს მის კოლეგებთან განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ეს არის ადამიანი, რომელიც ქართველ გამომცემელთა პროფესიონალიზმის ასამაღლებლად მუშაობს, უზრდის მათ ძალზე საჭირო კადრებს, გამოსცემს ელექტრონულ წიგნებს და... ოცნებობს 3-4 დღით კარცერში ჯდომაზე. თუმცა, სჯობს, თანმიმდევრობით მივყვეთ მოვლენებს.
ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო. ხანთაძეების ოჯახს საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა და მამუკაც ბევრს კითხულობდა. როგორც თავად ამბობს, უკვე მაშინ დაინტერესდა, როგორ იქმნებოდა წიგნი, რა გზას გადიოდა მწერლიდან გამომცემლამდე. საბედნიეროდ, იგი პოლიგრაფისტის ოჯახში იზრდებოდა და მთელ ამ პროცესებს უშუალოდ ადევნებდა თვალს. როგორც ჩანს, ყველაფერმა ამან თავისი კვალი დატოვა და მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხანთაძე სპეციალობით მართვის სისტემების ინჟინერია, მას შედეგ, რაც პირველად იგრძნო სტამბის საღებავის სურნელი, ამ საქმიანობას ვეღარ შეელია. თავდაპირველად მეგობრებთან ერთად გამოსცემდა დამოუკიდებელ სტუდენტურ გაზეთს "პლიუს-მინუს უსასრულობა" – ეს იყო 1989-90 წლებში. შემდეგ უფრო სერიოზული იდეები გაჩნდა და 1993 წელს ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობა - "აზრი" დააარსა.
პირველი წიგნის გამოცემის იდეა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა თინა ხიდაშელმა მიაწოდა და მამუკა ხანთაძემ საკუთარი ხარჯით გამოსცა წიგნი, რომელშიც შევიდა ნატოს, ჰააგის საერთაშორისო სამართლის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ევროსაბჭოს წესდებები. დავინტერესდი, არ ეშინოდა, რომ პროექტს არ გაემართლებინა? ეს ხომ მისი, როგორც დამოუკიდებელი გამომცემლის პირველი მცდელობა იყო და წარუმატებლობას შეეძლო საბოლოოდ დაესვა წერტილი მისი შემდგომი საქმიანობისთვის. "საგამომცემლო საქმეში, გარდა დიდი ცოდნის, ბაზრის შესწავლისა და ა.შ. არსებობს ე.წ. მეექვსე გრძნობა. ანუ კარგი გამომცემელი ხანდახან გრძნობს, რა უნდა გამოსცეს" – მიიჩნევს მამუკა ხანთაძე. იმხანად ნატო, ევროსაბჭო და მსგავსი ორგანიზაციები საქართველოში პოპულარულ თემად ითვლებოდა და წიგნი კარგად გაიყიდა. ამას მოჰყვა მამუკას მეგობრის, დათო ტურაშვილის წიგნების გამოცემები. გამომცემლის თქმით, თავის დროზე სწორედ "აზრმა" დაბეჭდა პირველად რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა ავტორი, მათ შორის, რატი ამაღლობელი და ელენე კვანჭილაშვილი. შემდეგ გამოიცა ჯაბა იოსელიანის "მესამე განზომილება," ჯემალ აჯიაშვილის თარგმანები. ასე ნელ-ნელა წავიდა წინ საქმე. თუმცა, მალე ჩვენი რესპოდენტი პროფესიულმა ლიტერატურამ გაიტაცა: "საკმაოდ მიმიწვდებოდა ხელი საგამომცემლო საქმის სასწავლო ლიტერატურაზე. ხშირად დავდიოდი მოსკოვში შეხვედრებსა და სიმპოზიუმებზე, ვხვდებოდი ამ საქმის სპეციალისტებს. შემდეგ ვიყავი ოქსფორდში, სადაც საგამომცემლო საქმე დამოუკიდებლად ისწავლება. სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა ანალოგიური რამ საქართველოში გამეკეთებინა." შედეგად 1997 წელს დაარსდა საგამომცემლო საქმის სასწავლო ცენტრი. ამავე პერიოდში მამუკა გამომცემლობა "აზრიდან" წავიდა, რადგან, როგორც თავად თქვა, ორ ფრონტზე ბრძოლა არ სურდა. ცენტრის საქმიანობა ითვალისწინებდა ტრენინგებსა და სემინარებს გამომცემელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ცალკე გაიხსნა კურსები მათთვის, ვინც გამომცემლობებში მუშაობდა. ქართულ ენაზე გამოიცა ლიტერატურა გამომცემელთათვის. ერთი სიტყვით, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. სწორედ ამ პერიოდში მამუკას დაუკავშირდა მისთვის სრულიად უცნობი პიროვნება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ამირან გომართელი და უნივერსიტეტში საგამომცემლო კურსების გახსნა შესთავაზა. დღესდღეობით ეს არის დამოუკიდებელი განყოფილება – დამოუკიდებელი მისაღები გამოცდებით. მომავალ წელს პირველი გამოშვებაც ეყოლებათ – საგამომცემლო საქმის 7 რედაქტორ-მენეჯერი. ეს ცნება სრულიად განსხვავდება რედაქტორის დღეისათვის დამკვიდრებული იმიჯისგან და გულისხმობს წიგნის გამოცემის პროცესის სრულ კონტროლს – ბაზრის კვლევას, ავტორის მოძიებას, ნაწარმოების შეკვეთას, სტამბასთან მოლაპარაკებას, რეკლამას და ა.შ. მამუკა ხანთაძე მიიჩნევს, რომ დღესდღეობით ეს ყველაზე საჭირო ხალხია საგამომცემლო ბიზნესში..
საგამომცემლო საქმის სასწავლო ცენტრი ამ საქმით დაინტერესებულთ სიურპრიზს უმზადებს. სულ მალე ამუშავდება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება სრულიად უსასყიდლოდ გაეცნოს საგამომცემლო საქმიანობის საფუძვლებს. "ეს იქნება სპეციალური სასწავლო პროგრამა დამწყებთათვის. მსურველი გაეცნობა მას. იქვე, online რეჟიმში ჩააბარებს ტესტებს და მიიღებს ჩვენს სერთიფიკატს. სამომავლოდ გათვალისწინებულია სპეც-კურსები სპეციალისტებისთვის. შევეცდებით, ისიც უფასო იყოს" – გვითხრა მამუკა ხანთაძემ, თუმცა ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ეს პროექტიც სოროსის ფონდის გრანტს, რომელმაც საშუალება მისცა მათ უფასო პროგრამა დამწყებთათვის განეხორციელებინათ.
ახლა ისევ დავუბრუნდეთ მოვლენათა მსვლელობას და ვისაუბროთ ერთ საინტერესო პროექტზე, რომელსაც ასევე საინტერესო ისტორია აქვს. საუბარია "ლიტერატურაზე თანამედროვე კარცერ-ლუქსისთვის", რომლის პირველი ეტაპი შარშან განხორციელდა. ყველაფერი კი, როგორც საქართველოში ხშირად ხდება ხოლმე, სუფრიდან დაიწყო. მამუკა და მისი თანაკლასელი – პროფესიით ფილოლოგი კახა დავითური ერთმანეთს შემთხვევით ერთ სუფრაზე შეხვდნენ. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, თავიანთ ამბებს მოყვნენ. საუბარში კახამ თავისი სადიპლომო ნაშრომი ახსენა, რომელიც ლექსის დეკლამაციას ეხებოდა. კახას მიაჩნდა, რომ ლექსის სრულყოფილად აღქმისთვის საჭიროა არა მხოლოდ მისი წაკითხვა, არამედ მოსმენაც და იქვე გაჩნდა იდეა – გამომცემელ მამუკა ხანთაძეს და ფილოლოგ კახა დავითურს ელექტრონულ წიგნად გამოეცათ გალაკტიონის ლექსები. თავდაპირველად ნავარაუდევი იყო მხოლოდ ავტორისა და ქართველი მსახიობების მიერ დეკლამირებული გალაკტიონის ლექსების ჩაწერა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ელექტრონულ მატარებელს გაცილებით მეტი ინფორმაციის დატევა შეეძლო. საბოლოო ვერსიაში დისკზე შევიდა გალაკტიონის წერილები, ფოტოარქივი, დოკუმენტური ფილმი მის შესახებ. 2001 წელს საქართველოში გამოვიდა პირველი ელექტრონული ლიტერატურული გამოცემა (მანამდე რამდენიმე ელექტრონული გამოცემა განახორციელა "ტექინფორმმა," ოღონდ ეს იყო საცნობარო ლიტერატურა). ამჟამად კიდევ ორ პროექტზე მუშაობენ – სურთ გამოსცენ ვაჟა-ფშაველა და ქართული ფოლკლორი. ამ გამოცემის რედაქტორებად მიწვეული არიან ვახუშტი კოტეტიშვილი და ანზორ ერქომაიშვილი. სხვათა შორის, "გალაკტიონის" ელექტრონულ ეგზემპლარებს ყველაზე მეტად თურმე უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის ყიდულობდნენ. "მოგეხსენებათ, ნოსტალგია ქართული სენია და როგორც ჩანს, ეს წიგნი უცხოეთში მყოფ ქართველებს მის დაძლევაში ეხმარებაო" – ასე ახსნა ეს ფაქტი გამომცემელმა.
და ბოლოს, დასაწყისში აღვნიშნე, რომ მამუკა ხანთაძე კარცერში ჯდომაზე ოცნებობს. და იცით რატომ? იმიტომ, რომ სულ მალე გურამ დოჩანაშვილის კარცერ-ლუქსი რეალობად იქცევა. მამუკა ხანთაძე და მისი თანამოაზრეები, რომელთა შორის არიან აკა მორჩილაძე, დათო ტურაშვილი, დათო მაღრაძე, მამუკა ხერხეულიძე – წიგნის დარბაზის გახსნას აპირებენ. ეს იქნება თანამედროვე წიგნის მაღაზია თავისი ბიბლიოთეკით, სალონით, სადაც შეგეძლებათ მიირთვათ ჩაი და იკითხოთ თქვენს მიერ შერჩეული ნებისმიერი წიგნი, გაიმართება ლიტერატურული შეხვედრები, პრეზენტაციები და რაც მთავარია, იქნება ნამდვილი კარცერი – კარზე დიდი ბოქლომით, სადაც დაცვის ორი თანამშრომელი, ორი კიმი, უბოდიშოდ შეაბრძანებს და რამდენიმე დღით გამოკეტავს იმას, ვინც რაიმე სისულელეს იტყვის. კარცერის ინტერიერი ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც ვასილ კეჟერაძეს წარმოედგინა – უამრავი წიგნით, მოხერხებული სავარძლებით, კარგი განათებით – იჯექი და იკითხე რამდენიც გინდა! სხვათა შორის, კარცერში შესვლა ნებაყოფილობითაც იქნება შესაძლებელი. "მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საქმე მაქვს, სიამოვნებით ჩავჯდებოდი ასეთ კარცერში 3-4 დღეს" – გამოგვიტყდა მამუკა. სხვათა შორის, ბატონმა გამომცემელმა არც ის გამორიცხა, რომ შესაძლებელია კარცერ-ლუქსის "კლიენტურა" პირდაპირ ქუჩიდანაც აიყვანონ. "ყველაზე მეტად ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუხდებათ ასეთი კარცერები. სხვათა შორის, იმაზე კარგს ვერაფერს იზამენ – 3-4 დღე იქ რომ დასხდნენ და იკითხონ" – ხუმრობს მამუკა ხანთაძე და არცთუ უსაფუძვლოდ. სამომავლოდ მათ მთელი საქართველოს მოფენა სურთ ასეთი კარცერებით. იმიტომ, რომ საქართველოში დღეს ტოტალური გაუნათლებლობა სუფევსო – ასე ახსნა მან ჩანაფიქრი. არ ვიცი, რამდენად მოეწონება XXI საუკუნის "განმანათლებლების" იდეა საქართველოს არამკითხველ საზოგადოებას, თუმცა, ფაქტია, რომ ადამიანთა უფლებების დამცველებს უსაქმოდ დარჩენა კარგა ხანს აღარ მოუწევთ.

© “წიგნები – 24 საათი”

No comments:

Post a Comment