Sunday, June 14, 2009

ჰარუკი მურაკამი – პეიზაჟი უთოთი


ტელეფონმა დაახლობით შუაღამისას დარეკა. ძიუნკო ტელევიზორს უყურებდა. კეისუკე თავისთვის კუთხეში მიმჯდარიყო, თავზე ყურსასმენები ჩამოეცვა და თვალდახუჭული უკრავდა ელექტროგიტარაზე - ეტყობა პასაჟებს ამუღამებდა, ისე სწრაფად დარბოდნენ სიმებზე თითები. ზარის ხმა არ გაუგონია. ყურმილი ძიუნკომ აიღო.
- ხომ არ გეძინა? - როგორც ყოველთვის ჩურჩულით იკითხა მიაკემ.
- არა, ჯერ არ დავწოლილვართ, - უპასუხა ძიუნკომ.
- ეხლა სანაპიროზე ვარ. მორებითაა სავსე აქაურობა. კარგი რამე გამოვა. მოხვალ?
- მოვალ. გადავიცვამ და ათ წუთში მანდ ვიქნები.
ძიუნკომ კოლგოტკები და გახეხილი ჯინსები ჩაიცვა, მაღალყელიანი სვიტრი. პალტოს ჯიბეში სიგარეტი, საფულე, ასანთი და ბრელოკი ჩაიდო. მერე კეისუკეს ფეხი წაჰკრა ზურგში. კეისუკე შეკრთა და სასწრაფოდ მოიხსნა ყურსასმენები.
- სანაპიროზე მივდივარ, კოცონს დავანთებთ.
- ისევ იმ მიაკესთან, არა? - მოიღუშა კეისუკე. - მაგარი ხუმრობაა. გარეთ თებერვალია, შუაღამე. ეს კი სანაპიროო... კოცონიო...
- არ გაძალებ, მარტოც მშვენივრად წავალ.
კეისუკემ ამოიოხრა:
- კარგი, წამოვალ. მოიცა, უცებ მოვემზადები.
გამაძლიერებელი გამორთო, პიჟამაზე შარვალი ამოიცვა, სვიტრი გადაიცვა და ბოლომდე შეიკრა ქურთუკის ელვა. ძიუნკომ შარფი შემოიხვია, თავზე შალის Qქუდი დაიკოსა.
- ნეტა რა ნახე მაგ კოცონებში? მაინც რა არის საინტერესო? - ბუტბუტებდა კეისუკე სანაპიროსკენ მიმავალ გზაზე. ყინავდა, მაგრამ უქარო ღამე იყო. ამოისუნთქებ და სიტყვები პირს გამოსცდება თუ არა, იქვე იყინება.
- “პერლ ჯემში” რაღაა საინტერესო? კაკაფონიაა და მეტი არაფერი, - უპასუხა ძიუნკომ.
- “პერლ ჯემს” ათ მილიონამდე თაყვანისმცემელი ჰყავს მთელ მსოფლიოში...
- კოცონის თაყვანისმცემლები კი უკვე ორმოცდაათი ათასი წელიწადი ცხოვრობენ დედამიწაზე.
- რაც მართალია, მართალია, - დაეთანხმა კეისუკე.
- ერთ მშვენიერ დღეს “პერლ ჯემი” აღარ იქნება, კოცონის თაყვანისმცემლები კი დარჩებიან.
- ეგეც სიმართლეა.
კეისუკემ ჯიბიდან მარჯვენა ამოიღო და ძიუნკოს მოხვია.
- მაგრამ იცი რას გეტყვი ძიუნკო?.. სულ არ მაინტერესებს რა იყო ხუთასი საუკუნის წინათ და რა იქნება კიდევ ხუთასის შემდეგ. სულ არ მაინტერესებს! მთავარი ის არის, რაც ახლაა. იცის კი ვინმემ რამდენი დარჩა ქვეყნის აღსასრულამდე? შენ გგონია ფიქრობს ვინმე მომავალზე? კუჭი უნდა გქონდეს ამოვსებული და გიდგებოდეს. რა, არა?
კიბით მოლოზე ავიდნენ და იქ, როგორც ყოველთვის, მიაკეს ფიგურა დაინახეს. მიაკეს ერთად შეეგროვებინა ნაპირზე გამორიყული ნაირ-ნაირი ფორმის კუნძები და ფრთხილად ალაგებდა ერთ ადგილას. გამორიყულ ხეებს შორის ერთი მოზრდილი მორიც იყო. აქამდე მოთრევა ეტყობა არც ისე იოლი უნდა ყოფილიყო.
მთვარის შუქზე სანაპირო ზოლი ალესილ სამართებლის პირს ჰგავდა. ზამთრის ტალღები საოცრად ჩუმად ლოკავდნენ ქვიშას. ირგვლივ კაცის ჭაჭანება არ იყო.
- რას იტყვით, ბევრია? - თეთრი ორთქლის ღრუბლად ამოისუნთქა მიაკემ.
- აჰა! - წამოიძახა ძიუნკომ.
- ჰო, დროდადრო გროვდება ხოლმე. ამ რამდენიმე დღის წინ ძლიერი შტორმი იყო. ეგ არის, თოლიებს უნდა მიუგდო ყური: “დღეს აუარებელ ხე-ტყეს გამორიყავს”.
- გეყოფათ ბაქი-ბუქი, ცოტათი გავთბეთ, თორემ ამ ყიამეთში მთელი ჩემი მეურნეობა წამეყინა, - ხელების ფშვნეტით თქვა კეისუკემ.
- თუ შეიძლება, ნუ გვაჩქარებ. ამ საქმეში მთავარი წესრიგია. ჯერ ყველაფერი უნდა იანგარიშო, შეამოწმო, რამე ხომ არ გამოგრჩა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება აუჩქარებლად დაანთო. ფაცი-ფუცით არაფერი არ გამოვა. აჩქარდები და ყველაფერს გააფუჭებ.
- აჰა, ნუ ფაცი-ფუცობ კლიენტის ქვეშ.
- ეგეთი ხუმრობები ჯერ ადრეა შენთვის, - თავი გადააქნია მიაკემ.
სქელი მორითა და რამდენიმე მოზრდილი ნაფოტით მიაკემ ოსტატურად აღმართა რაღაც ავანგარდული სკულპტურის მსგავსი. მერე რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან, ყურადღებით შეათვალიერა კონსტრუქცია, რაღაც შეასწორა, ისევ უკან წავიდა და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მორებს. და როგორც ყოველთვის, ეს რამდენჯერმე გაიმეორა. უყურებდა დალაგებულ შეშას და თვალნათლივ ხედავდა როგორ აბრიალდებოდა კოცონი - სკულპტორივით, ხელუხლებელ ქვაში რომ ხედავს სხვისთვის ჯერ კიდევ არარსებულ ფიგურას.
“აი ეს უკვე სხვა საქმეა”, ჩაილაპარაკა მიაკემ, როცა მორები ისე დალაგდნენ, როგორც ჩაფიქრებული იყო. მერე საამისოდ შემონახული გაზეთი დაახვია, სულ ძირში შეაცურა და ჩვეულებრივი პლასტმასის სანთებელათი მოუკიდა. ძიუნკომ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, პირში გაიჩარა და ასანთს გაჰკრა. თვალებმოჭუტული შეაცქერდა მიაკეს ზურგსა და სიმელოტეშეპარულ კეფას. ეს ყველაზე დაძაბული წუთი იყო - მოეკიდება თუ არა? და როგორ აბრიალდება...
ორნი ჩუმად შესცქეროდნენ მორების გორას. ცეცხლი მოედო გაზეთს, ერთხანს ალში გაუჩინარდა, მაგრამ სულ მალე ერთიანად გაშავდა და ჩაქრა. ეს იყო და ეს. “არაფერი გამოვიდა”, - გაიფიქრა ძიუნკომ, - ეტყობა ძალიან ნესტიანი მორებია.” ის იყო, სულ გადაეწურა იმედი, რომ ამ დროს ცეცხლის ნაღდი ნიშანი - თეთრი კვამლის წვრილი ძარღვი აიკლაკნა ზევით. ქარი არ ქროდა და ბოლიც აი ასე გაწვრილებული წავიდა მაღლა-მაღლა. სადღაც ნამდვილად დაინთო, მაგრამ სად, ჯერჯერობით არ ჩანდა.
ყველანი ხმაგაკმენდილები იდგნენ. ჯიბეში ხელებჩაწყობილი კეისუკეც კი ჩუმად იყო. მიაკე ჩაცუცქდა, ძიუნკომ გულხელი დაიკრიფა და მხოლოდ დროდადრო არტყამდა ნაფაზს.
ასეთ დროს ძიუნკო ყოველთვის ჯეკ ლონდონის “კოცონზე” ფიქრობდა. მოთხრობაზე, რომელშიც კაცი სადღაც შუა ალიასკაში ცდილობს კოცონის დანთებას. ვერ დაანთებს და გაიყინება. მზე კი ჰორიზონტისკენ ეშვება. საერთოდ ძიუნკო ცოტას კითხულობდა, მაგრამ ეს წიგნი, რომელიც არდადეგებზე წასაკითხად მისცეს, რამდენჯერმე გადაიკითხა. მთელი სცენა ცოცხლად, ძალიან ბუნებრივად ედგა თვალწინ. გულისცემას, შიშს, იმედსა და სასოწარკვეთას სიკვდილის პირად მყოფ ადამიანისას, ისე გრძნობდა, თითქოს ეს ყველაფერი მის თავზე ხდებოდა. მაგრამ ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კაცი თვითონვე ეძებდა სიკვდილს. ძიუნკომ ეს იცოდა. მიზეზის ახსნა არ შეეძლო, მაგრამ იმთავითვე გრძნობდა ამას. მგზავრი მართლა ეძებდა სიკვდილს. იცოდა, რომ ეს მისთვის ყველაზე შესაფერისი დასასრული იქნებოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მთელი ძალით იბრძოდა. თავის გადასარჩენად თავისზე ძლიერ მეტოქისთვის უნდა ეჯობნა. ძიუნკო სწორედ ამ პრინციპულმა, ერთი შეხედვით აბსურდულმა წინააღმდეგობამ შესძრა სადღაც შუა მოთხრობაში.
მასწავლებელმა სასაცილოდ აიგდო მისი ეს მოსაზრება. გაკვირვებულმა ჰკითხა: “მაინც რა შავ ქვად ეძებს მოთხრობის გმირი სიკვდილს? ეს რაღაც ახალია, თან ერთობ ორიგინალური”. ნაწყვეტი ძიუნკოს ნაწერიდან ყველას გასაგონად წაიკითხა. კლასში სიცილი ატყდა.
მაგრამ ძიუნკო დარწმუნებული იყო - ყველა ცდებოდა. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ რატომ ჰქონდა მოთხრობას ასეთი წყნარი და ლამაზი ფინალი?
- მგონი ჩაქრა, არა? - მორიდებით იკითხა კეისუკემ.
- ყველაფერი რიგზეა, არ ჩამქრალა. ძალას იკრებს, სულ მალე აბრიალდება. ხომ ბოლავს ისევ? როგორც იტყვიან ხოლმე: “კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს”.
- ისევე, როგორც სისხლის გარეშე არ აგიდგება.
- შენ რა, სხვა არფერი გიტრიალებს თავში? - გაუკვირდა მიაკეს.
- თქვენ მართლა ფიქრობთ რომ ცეცხლი არ ჩამქრალა?
- მართლა. სულ ცოტაც და აალდება.
- საინტერესოა, სად დააგროვეთ ამდენი სიბრძნე?
- რა სიბრძნე. პატარაობაში ბოისკაუტი რომ ვიყავი, მაშინ ვისწავლე. რას რას და კოცონის დანთებას, გინდა არ გინდა მაინც გასწავლიან.
- ოჰო! - წამოიძახა კეისუკემ, - გამოდის ბოისკაუტიც ყოფილხართ?
- მარტო მაგიტომ არა, რა თქმა უნდა. ეტყობა, რაღაც ნიჭიც მაქვს. იმის თქმა მინდა, რომ კოცონს ჩვეულებრივ ადამიანებზე უკეთ ვანთებ.
- საინტერესო უნარია, თუმცა ფულს მაგ ხელობით ვერ იშოვნი.
- რაც მართალია, მართალია, ფულს ვერ იშოვნი, - გაეღიმა მიაკეს.
და როგორც იწინასწარმეტყველა, მალე სიღრმეში ალი გამოჩნდა. შეშა ატკაცუნდა. ძიუნკომ შვებით ამოისუნთქა. ახლა სანერვიულო მართლა აღარაფერი იყო. კოცონი დაინთო. კიდევ ცოტაც და სამივენი გათოშილ ხელებს მიუშვერენ. ჯერჯერობით არაფრის გაკეთება აღარ არის საჭირო, უნდა იდგნენ და უყურონ როგორ იკრებს ცეცხლი ძალას. “ხუთასი საუკუნის წინათ ადამიანები ალბათ ზუსტად ასე ითბობდნენ ხელებს კოცონთან”, - გაიფიქრა ძიუნკომ.
- თქვენ მგონი თქვით, რომ წარმოშობით კობედან ხართ? - თითქოს უცებ გაახსენდაო, იკითხა კეისუკემ. - თქვენიანებიდან არავინ დაშავებულა?
- არც კი ვიცი. დიდი ხანია ყველანაირი კავშირი გაწყვეტილი მაქვს.
- დიდი ხანია თუ ცოტა, აქცენტი მაინც არ შეგსუსტებიათ.
- მართლა? თვითონ როგორღაც ვერც კი ვგრძნობ.
- თუ ეს კანსაური აქცენტი არ არის, მაშინ რომელ დიალექტზე უნდა ვლაპარაკობდეო, არა?
- რაც არ შეგიძლია, ხელი არც უნდა მოკიდო. ამ შემთხვევაში ეს სწორედ მაგ დიალექტს ეხება. ეგღა აკლია კანსაურს, რომ იბარაკელებმა დაამახინჯონ. თქვენ გაცილებით უკეთ დროშებით მოტოციკლეტებზე ჭენება გამოგდით (საუბარია ეგრეთ წოდებულ ”ბოსოძოკუზე”, დაჯგუფების წევრებზე, რომლებიც საცობებს აწყობენ გზებზე, მოტოციკლებითა და მოპედებით დაჰქრიან დროშებით ხელში. მთარმგნ.)... მოსავალს რომ აიღებთ ხოლმე.
- ესეც ჩვენი ჩუმჩუმელა მიაკე, პასუხისთვის ჯიბეში არ დაიწყებს ქექვას. კარგი არ არის ასეთ უბრალო რამეზე ჩრდილოეთ კანტოს გულუბრყვილო პიპლების დაჩაგვრა (კანსაი იაპონიის სიდიდით მეორე რაიონია. ამ რაიონში შედის ქალაქები კობე, Oოსაკა, კიოტო. ჩრდილოეთ კანტო ტოკიოდან ჩრდილოეთითაა და რამდენიმე პრეფექტურისგან შედგება. ერთი მათგანია იბარაკი. მთარგმნ.), - თქვა კეისუკემ. - ისე კი, ხუმრობის გარეშე, იქ ყველაფერი რიგზეა? ვიღაც ნამდვილად გადარჩებოდა. თქვენ რა, ახალ ამბებს არ უყურებთ?
- კარგი, გვეყოფა ამაზე, - შეაწყვეტინა მიაკემ. - დალევ ვისკის?
- უარს არ ვიტყოდი.
- შენ, ძიუნ-ტიან?
- სულ ცოტას.
მიაკემ ტყავის ქურთუკის ჯიბიდან ლითონის თხელი მათარა ამოიღო და კეისუკეს მიაწოდა. იმან სახურავი მოხსნა და ისე გადაჰკრა ერთი ყლუპი, ტუჩები არ მიუკარებია.
- მშვენიერია! - სული რომ მოითქვა დააყოლა. - ნაღდი ”სინგლ მოლტია”, ოცდაერთი წლის დაძველების. მუხის კასრი. შოტლანდიის სანაპიროს ტალღების შხუილი და ანგელოზების სუნთქვა ისმის.
- ნუ სულელობ. ჩვეულებრივი “სანტორია”, კვადრატული ბოთლიდან.
ძიუნკომ კეისუკეს მათარა გამოართვა, თავსახურში დაისხა, მერე კი თითქოს წრუპავსო, რადენჯერმე სულ ცოტა მოსვა. ოდნავ დაიჭყანა. იგრძნო როგორ ჩაიღვარა თბილი სითხე ყელიდან კუჭში. სხეულს სითბომ დაუარა. მიაკემაც დალია, მერე მათარა ისევ კეისუკეს გადააწოდა, იმანაც ბევრი არ ახვეწნინა. სანამ მათარა ხელიდან ხელში გადადიოდა, ცეცხლმა იძალა და ნამდვილ კოცონს დაემსგავსა. მაგრამ არც ისე აბურბურებულა, ნელ-ნელა, თანდათანობით, ზუსტად ისე, როგორც მიაკე ვარაუდობდა. ამაში იყო მთელი მისი მომხიბლაობა. ალი რბილად, რაღაცნაირად ნაზად ძლიერდებოდა. ფრთხილად, აუჩქარებლად ელამუნებოდა მორებს. ეს იყო ადამიანების სულების გასათბობად მოწოდებული ალი.
კოცონის წინ ძიუნკო არასდროს არ იღებდა ხმას. მხოლოდ დროდადრო იცვლიდა პოზას და მეტი აღარ ინძრეოდა. ეს ალი დაუყვედრებლად იღებდა სხვადასხვა საგნებს, თავის წიაღში მიჰქონდა, თითქოს პატიობდა კიდეც რაღაცას. “სწორედ ისე, როგორც ნამდვილ ოჯახში უნდა იყოს”, - ფიქრობდა ძიუნკო.


ძიუნკო იბარაკის პრეფექტურის ამ პატარა ქალაქში მაისში, გამოსაშვები კლასის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა. მამის საბანკო ანგარიშიდან სამასი ათასი იენი გამოიტანა, “ბოსტონის” ჩანთა ტანისამოსით გატენა და შინიდან წავიდა. თავის მშობლიურ ქალაქ ტოკოროძავას სადგურიდან გაემგზავრა, რამდენიმე მატარებელი გამოიცვალა და იბარაკაში, ზღვისპირა პატარა ქალაქში აღმოჩნდა. ამ ქალაქზე არაფერი არ იცოდა, არც კი გაეგონა. უძრავი ქონების პირველივე შემხვედრ სააგენტოში ერთოთახიანი ბინა დაიქირავა და უკვე შემდეგ კვირიდან მუშაობა დაიწყო ხალხლმრავალ გზატკეცილისპირა სადღეღამისო მაღაზიაში. დედას კი მისწერა: “არ ინერვიულო, ცოცხალი ვარ და ჯანმრთელი. ნუღარ მომძებნი.”
აღარც სკოლაში სიარული უნდოდა და აღარც მამის დანახვა. პატარაობაში კარგი ურთიერთობა ჰქონდა. უქმეებზე ხშირად მოგზაურობდნენ. მის გვერდით ძალასა და სიამაყეს გრძნობდა. მაგრამ როცა დაწყებითი სკოლის ბოლო კლასში თვიურები დაეწყო, ბოქვენზე თმა ამოუვიდა და მკერდიც დაუმრგვალდა, მამამ რაღაც უცნაურად დაუწყო ყურება. თხუთმეტი წლისას კი, როცა ას სამოცდაათ სანტომეტრს ასცდა, მამა საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას.
სწავლაში წარმატებებით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიდა. საშუალო სკოლაში რომ გადადიოდა, კლასში საუკეთესო იყო. წლის ბოლოს კი სიის ბოლოში დაეშვა. მესამე საფეხურის სკოლაში ძლივძლივობით მოეწყო. თავი ძველებურად რიგზე ჰქონდა, მაგრამ რაღაცნაირად გაფანტული იყო. ვერც ერთ საქმეს ბოლომდე ვერ აბამდა თავს.
შეეცდებოდა თუ არა მორეოდა თავს, მაშინვე თავი ასტკივდებოდა, სუნთქვა გაუხშირდებოდა, პულსი აერეოდა. სკოლაში სწავლა გაუთავებელ წამებად ექცა.
ახალ ქალაქს ხეირიანად არც კი იყო შეჩვეული, როცა კეისუკე გაიცნო. ბიჭი ორი წლით უფროსი იყო, საუკეთესო სერფერის სახელი ჰქონდა დაგდებული. მაღალი იყო, თმას წაბლისფრად იღებავდა და სიცილის დროს კოხტად ჩარიგებული კბილებით იწონებდა თავს. ეს ქალაქი თავისი განსაკუთრებული ტალღებით იყო განთქმული, ჰოდა ისიც დარჩა აქ საცხოვრებლად, ძმაკაცებთან ერთად უკრავდა როკ-ჯგუფში. მეორეხარიხოვან ინსტიტუტში მოეწყო, მაგრამ ლექციებზე არ დადიოდა და დიპლომსაც როგორღაც საეჭვო პირი უჩანდა. კეისუკეს მშობლებს მიტოში, პრეფექტურის ცენტრში, ტკბილეულის ცნობილი მაღაზია ჰქონდათ. ბოლო-ბოლო ეს საქმე მემკვიდრეობით კი დარჩებოდა, მაგრამ საკონდიტროს მეპატრონედ გახდომა მაინცდამაინც არ უნდოდა. ძმაკაცებთან ერთად სატვირთო “დაცუნით” აქეთ-იქით გრიალი, ტალღის თავზე მოქცევა და მოყვარულთა ჯგუფში გიტარაზე დაკვრა უფრო მოსწონდა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ასე ცხოვრება უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა.
ძიუნკო მიაკეს მას შემდეგ დაუმეგობრდა, როცა კეისუკესთან დაიწყო ცხოვრება. მიაკე ორმოცდახუთი წლის თხელ-თხელი, სათვალიანი მამაკაცი იყო. მოგრძო სახე ჰქონდა, მოკლე თმა, ხშირი წვერი, საღამოთი თმა მუქ ჩრდილად ამოეჯაგრებოდა ხოლმე სახეზე. შარვალზე გადმოშვებული ხალათითა და თეთრი, გაცვეთილი კედებით დადიოდა. ზამთრობით ზემოდან დაჭმუჭნილ ტყავის ქურთუკს იცვამდა, ზოგჯერ ბეისბოლის კეპს ჩამოიფხატებდა ხოლმე. ძიუნკოს სხვა ტანისამოსში არ ენახა, მაგრამ ის, რაც ეცვა, ყოველთვის გულდაგულ იყო გარეცხილი.
ზღვისპირა პატარა ქალაქ კასიმაში კანსაურ დიალექტზე მოლაპარაკე სხვა ადამიანი არ აღმოჩნდა და მიაკე უნებურად იქცევდა ყურადღებას. ძიუნკოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გოგონამ თქვა, რომ ეს კაცი სადღაც აქ ახლოს ცხოვრობს და სურათებს ხატავსო. “არა, სულაც არ არის ცნობილი, მისი ნახატებიც არავის არ უნახავს, მაგრამ ცხოვრობს როგორც ყველა, ესე იგი, რაღაცას აკეთებს, ხანდახან ტოკიოში მიემგზავრება საღებავებისა და ფუნჯებისათვის და იმავ საღამოთივე ბრუნდება. რამდენი ხანია, რაც აქ ცხოვრობს? ხუთი? სანაპიროზე ხშირად ანთებს კოცონს. როგორც ჩანს, მოწონს ეს საქმე. თვალებზე ეტყობა როგორი გატაცებულიც არის. ჩუმია, ცოტა უცნაური, მაგრამ ცუდი ადამიანი არ უნდა იყოს.
მიაკე დღეში სამჯერ შეივლიდა ხოლმე მაღაზიაში. დილით პურს, რძესა და გაზეთს ყიდულობდა, შუადღისას - ბენტოს (სხვადასხვა წვრილ-წვრილი კერძებისა და ბრინჯისგან შედგენილი კომპლექსური კერძი), საღამოთი კი - ცივ ლუდსა და რამე მისატანებელს. ასე მეორდებოდა ყოველდღე. ერთსა და იმავე დროს - დილით, შუადღისას და საღამოს. მიესალმებოდა და ათასში ერთხელ თითო-ოროლა სიტყვას თუ ამოღერღავდა. ძიუნკოს როგორღაც ბუნებრივად გაუჩნდა სიმპათია.
და აი, ერთ დილით, როცა მაღაზიაში არავინ იყო, ძიუნკომ გაბედა და ჰკითხა:
- გასაგებია, რომ სადღაც ახლოს ცხოვრობთ, მაგრამ ამგვარ საყიდლებზე რატომ დადიხართ ყოველდღე? უფრო იოლი არ არის იყიდოთ რძის ან ლუდის რაღაც მარაგი და მაცივარში შეინახოთ? ასე უფრო მოსახერხებელი არ იქნება? მე, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი გამყიდველი ვარ და ჩემთვის მართალი გითხრათ, სულ ერთია...
- სრული სიმართლეა, რა თქმა უნდა, წინასწარ ყიდვა ჯობს, მაგრამ არის მიზეზები რომელთა გამოც ასე არ ვიქცევი.
- საინტერესოა, რატომ?
- როგორ გითხრათ... ისეთი წვრილმანია...
- მაპატიეთ, ალბათ თავს გაბეზრებთ ჩემი შეკითხვებით. ისეთს ნურაფერს იფიქრებთ. უბრალოდ, როცა რამე არ ვიცი, თავს ვერ ვიკავებ, რომ არ ვიკითხო. ეს სიბოროტით ნამდვილად არ მომდის.
მიაკემ ერთხანს შეიცადა, მერე თავი გადააქნა - რაღაცნაირად დაბნეულმა.
- მე, სიმართლე თუ გინდათ, მაცივარი არცა მაქვს. არ მიყვარს მაცივრები.
- არც მე მახატია მაინცდამაინც გულზე, - გაიცინა ძიუნკომ, - მაგრამ ერთი მაინც მაქვს. უმაცივროდ როგორღაც ძნელია.
- იქნებ ძნელიც არის, მაგრამ რას იზამ - მშვიდად ვერ ვიძინებ იქ, სადაც აი ეს მაცივრები დგას.
რა უცნაურია, გაიფიქრა ძიუნკომ, მაგრამ ამ საუბრის შემდეგ მიაკეთი უფრო მეტად დაინტერესდა.


რამდენიმე დღის შემდეგ სანაპიროზე სეირნობისას ძიუნკომ დაინახა როგორ ანთებდა მარტო მიაკე კოცონს. კოცონი ერთიციცქნა იყო. ძიუნკომ თავი ვერ შეიკავა, მიუახლოვდა და ხელები მიუშვირა ცეცხლს. გვერდით რომ ედგა, გოგონა მიხვდა, რომ ხუთიოდე სანტიმეტრით მაღალი იყო. მიესალმა, მერე კი ჩუმად შესცქეროდა ცეცხლს.
და სწორედ მაშინ მოხდა პირველად: საკმარისი იყო ჩაშტერებოდა ცეცხლის ენებს, რომ მაშინვე რაღაც იგრძნო. რაღაც ძალიან ღრმა. შედედებული განწყობის მაგვარი. რაღაც მეტისმეტად ცოცხალი და რეალური წონით, რომ ამისთვის იდეა დაგერქმია. და აი ამ რაღაცამ მთელ სხეულში დაუარა, გამსჭვალა და გაქრა, მკერდში კი სულის მათრობელა გრძნობა დაუტოვა. ხოლო როცა გაქრა, ცეცხლისკენ გაშვერილ ხელებზე კარგა ხანს გრძნობდა ბუსუსებდაყრილ კანს.
- მიაკე-სან, თქვენ როცა კოცონს უყურებთ, უცნაური არაფერი გეჩვენებათ?
- რას გულისხმობ?
- იმას, რასაც ვერ ვგრძნობთ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, უცებ ცოცხალ რეალობად აღვიქვამთ. როგორ ვთქვა... ალბათ ჭკუა არ მყოფნის და სიტყვებით არ შემიძლია ამის გამოხატვა. მაგრამ ვუყურებ ცეცხლს და რატომღაც ვმშვიდდები.
მიაკე ჩაფიქრდა.
- ცეცხლს თავისუფალი ფორმა აქვს. და რადგან ასეა, თითოეული ადამიანი თვითონ ირჩევს გულით რისი დანახვაც უნდა. შენ მშვიდდები, ესე იგი, სიმშვიდე, რომელიც შენში ბუდობს, ბუნებრივად ირეკლება ცეცხლში. ხვდები, რისი თქმა მინდა?
- აჰა.
- მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე ემართება ყველანაირ ცეცხლს. საამისოდ ცეცხლი თავისუფალი უნდა იყოს. გაზის გამათმობელში ეს არასდროს არ მოხდება. არც სანთებელაში. ისევე როგორც არც ნებისმიერ კოცონში. ცეცხლი რომ თავისუფალი იყოს, ისეთი ადგილი უნდა შეარჩიო, სადაც მას თავისუფლად ყოფნა შეეძლება. ეს კი ყველას არ შეუძლია.
- მაგრამ თქვენ ხომ შეგიძლიათ?
- ხან - ჰო, ხან - არა. მაგრამ უფრო ხშირად ვახერხებ. თუ სულს ჩაატან, მაშინ გამოდის.
- ასე გიყვართ კოცონი?
მიაკემ თავი დაუქნია:
- რაღაც ავადმყოფობასავით არის. ისე გამოდის, თითქოს ამ პატარა ქალაქში იმიტომ დავსახლდი, რომ ამ სანაპიროზე სხვებთან შედარებით მეტი მორები გამოაქვს. ეტყობა, ეს არის მიზეზი. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ კოცონები დავანთო.
ამის შემდეგ ძიუნკო შეძლებისდაგვარად მოდიოდა საპაიროზე, როცა მიაკე კოცონს ანთებდა. გამონაკლისი მხოლოდ ზაფხულის სეზონის პიკი იყო, როცა პლაჟი გვიანობამდე სავსე იყო ხალხით. მიაკე კოცონს ხან კვირაში ორჯერ ანთებდა, ხანაც თვე ისე გავიდოდა, ერთხელაც არ დაანთებდა. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენ შეშას გამორიყავდა ზღვა. მაგრამ როგორც კი გადაწყვეტდა კოცონის დანთებას, აუცილებლად ურეკავდა ძიუნკოს. “შენი კოცონის მეგობარიო”, ხუმრობით ეტყოდა ხოლმე კეისუკე. საერთოდ არანორმალურად ეჭვიანი კეისუკე რატომღაც მხოლოდ მიაკეს ენდობოდა.

ცეცხლი ყველაზე დიდ მორს მოედო, ალი ნელ-ნელა დამშვიდდა. ძიუნკო ქვიშაზე დაჯდა, ტუჩები მოკუმა და აალებულ სტიქიას მიაშტერდა. ჯოხმომარჯვებული მიაკე ალს სიკვდილის საშუალებას არ აძლევდა, დროდადრო საამისოდ მომარაგებულ შეშას შეუკეთებდა ხოლმე მისი აზრით საჭირო ადგილას.
- რაღაც მუცელი ამტკივდა, - დაიჩივლა კეისუკემ, - ეტყობა შემაცივა. ქოთანი მაინც იყოს, ცოტა მომეშვებოდა.
- თუ გინდა, შინ წადი, - უთხრა ძიუნკომ.
- ალბათ აჯობებს, - საცოდავად დაიკნავლა კეისუკემ. - შენ რას იზამ?
- ძიუნ-ტიანს მე მოვაცილებ სახლამდე, არ ინერვიულო, - თქვა მიაკემ.
- მაშინ კარგი, - და კეისუკე დაემშვიდობათ.
- სულელი, - თქვა ძიუნკომ როცა კეისუკე წავიდა და თავი გადააქნია. - ჯერ თავის ასატკენს გაიჩენს, მერე კი წუწუნებს.
- ეგრეა, ეგრე, ძიუნ-ტიან: ვინც ბავშვობიდანვე თავთან არ მეგობრობს, ცუდად მისდის საქმე. უვარგისი ადამიანები არიან. მაგრამ კეისუკეს თავისი ღირსებებიც აქვს.
- შეიძლება, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ არაფერზე არ ფიქრობს.
- ახალგაზრდები საერთოდ სიტყვებს დაუფიქრებლად ფანტავენ.
ისევ გაჩუმდნენ, თითოეული თავისას ფიქრობდა. დროც სხვადასხვანაირად გადიოდა.
- მიაკე-სან, რაღაც მინდოდა მეკითხა. შეიძლება გკითხოთ?
- მაინც რა?
- პირადული. ცოტა არ იყოს, უხერხული.
მიაკემ რამდენჯერმე გაისვა ხელი აჯაგრულ ლოყაზე.
- რა ვიცი. მაგრამ რადგან მეკითხები, მკითხე.
- ალბათ გყავთ ცოლი, არა?
მიაკემ ქურთუკის ჯიბიდან მათარა ამოიღო, სახურავი მოხსნა და აუჩქარებლად დალია დარჩენილი ვისკი. სახურავი ისევ მოახრახნა, მათარა ჯიბეში ჩაიდო და მხოლოდ ამის შემდეგ შეხედა სახეში ძიუნკოს:
- ასე უცებ საიდან მოგივიდა თავში?
- უცებ არა. უბრალოდ გავიფიქრე... როცა კეისუკემ მიწისძვრაზე დაიწყო ლაპარაკი... სახეზე შემოგხედეთ. კოცონთან მჯდარი ადამიანების თვალები არ ტყუიან. ერთხელ ეს თქვენ თვითონ მითხარით.
- მართლა?
- შვილებიც გყავთ?
- ჰო. ორი.
- კობეში?
- იქ სახლი გვაქვს. იქ ცხოვრობენ.
- რა ადგილას?
- ხიგასინადას რაიონში (1995 წლის მიწისძვრის დროს ეს რაიონი ყველაზე ძლიერ დაზარალდა. მთარგმნ.).
მიაკემ თვალები მოჭუტა, ზღვას გახედა, მერე ისევ ცეცხლს მიაცქერდა.
- ნუ ეძახი კეისუკეს სულელს. ეს ჩვენი განსასჯელი არ არის. აი, მე, მაგალითად არაფერზე არ ვფიქრობ. არც მეტი, არც ნაკლები, სულელების მეფე ვარ. გესმის ჩემი?
- მეტი არაფრის მოყოლა არ გინდათ?
- არა, არ მინდა.
- კარგი, - თქვა ძიუნკომ. - მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კარგი ადამიანი ხართ.
- პრობლემა ეგ არ არის, - თავი გააქნია მიაკემ. ჯოხის წვერით ქვიშაზე რაღაცას ხაზავდა. - ძიუნ-ტიან, შენ ოდესმე დაფიქრებულხარ სიკვდილზე?
ძიუნკომ ერთხანს შეიცადა, მერე თავი გააქნია.
- აი მე კი ხშირად ვფიქრობ.
- და როგორ აპირებთ სიკვდილს?
- მაცივარში გავიყინები. გაგიგონია მსგავსი რამ? როცა ბავშვები თამაშობენ და გადაგდებულ მაცივარში ძვრებიან. კარი იკეტება და ისინი იქ იხუთებიან. აი ასეთი სიკვდილით.
მოზრდილი კუნძი წამოიქცა და ფერფლი გაფანტა. მიაკე იჯდა და შეჰყურებდა, ხელიც არ გაუნძრევია. ცეცხლის ათინათები არარეალურ ჩრდილებს დაათამაშებდა მის სახეზე.
- უჩუმრად, ნელ-ნელა მოვკვდე ვიწრო და ბნელ ადგილას. კარგი იქნება უჰაერობით დაიღრჩო, მაგრამ ეს ყველაფერი ასე იოლი არ არის. სადღაც ჭუჭრუტანიდან ჰაერი აღწევს, ამიტომ მოხუთვა არ გამოდის. სანამ მოკვდები, კარგა დრო უნდა გავიდეს. რამდენიც გინდა იყვირე, მაინც ვერავინ გაიგონებს. არავინ არ შეფუცხუნდება. თან ისეთი სივიწროვეა, ვერ გაინძრევი. რამდენიც არ უნდა ეცადო, არც კარი გაიღება.
ძიუნკო ხმას არ იღებდა.
- ვერც კი დაითვლი, რამდენჯერ ვნახე ერთი და იგივე კოშმარი. შუაღამისას ოფლში გაღვრილს მეღვიძება. თან ყოველთვის ვკვდები სიზმარში - უკუნ სიბნელეში, საზარელი და ნელი სიკვდილით. მეღვიძება და კოშმარი არ მტოვებს. ყველაზე საშინელი სწორედ ეს არის. თვალებს ვახელ, ყელი გამშრალი მაქვს. სამზარეულოში მივდივარ. მაცივართან. რა თქმა უნდა, მაცივარი არა მაქვს, ამიტომ უნდა მესმოდეს, რომ ეს სიზმარია. მაგრამ იმ წუთას ეს სულ არ მახსოვს. ვაგრძელებ ფიქრს: რაღაც ისე ვერ არის, თან მაცივრის კარს ვაღებ. შიგნით უკუნი წყვდიადია. ნათურა ჩაქრა. ჩემთვის ვფიქრობ: ნუთუ სინათლე გამორთეს-მეთქი და შიგნით ვყოფ თავს. უცებ იქიდან ვიღაცის ხელი მწვდება ყელში. ვგრძნობ, რომ მიცვალებულის ხელია. და აი ეს ხელი არაადამიანური ძალით მიმათრევს. რაც ძალი და ღონე მაქვს, ვღრიალებ. ახლა კი ნამდვილად მეღვიძება. აი ეგეთი კოშმარია. Yყოველთვის ერთი და იგივე და ერთნაირი. და ყოველთვის საშინელი.
მიაკემ ჯოხი წაჰკრა კუნძს და თავის ადგილზე დააბრუნა.
- იმდენად რეალური, რომ მგონია - უკვე რამდენჯერმე მოვკვდი.
- დიდი ხანია, რაც გესიზმრებათ?
- იმდენი, რომ გახსენებაც კი მიჭირს. ზოგჯერ ვახერხებდი თავის დაღწევას. ერთი... თითქმის ორი წლითაც. მაშინ ვფიქრობდი, რომ საბოლოოდ მიმატოვა და ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ მერე კოშმარი ისევ ბრუნდებოდა. საკმარისი იყო დამეჯერებინა, რომ საბოლოოდ გავთავისუფლდი, ახლა ყველაფერი რიგზე იქნება-მეთქი, რომ ყველაფერი თავიდან დაწყებულიყო. ზუსტად ისე, როგორც ადრე. ვერც ვერსად გაექცევი. - მიაკემ თავი გადააქნია: - მაპატიე ძიუნ-ტიან, რომ ასეთ საშინელებებს გიყვები.
- არაფერია, - თქვა გოგონამ, სიგარეტი პირში ჩაიდო და ასანთს გაჰკრა. მერე მოქაჩა და მოკლედ თქვა: - მოყევით...
ცეცხლი თანდათან ნელდებოდა. დარჩენილი შეშებიც კარგა ხანია კოცონში იწვოდა. ტალღები თითქოს წინანდელზე მეტად ხმაურობდნენ.
- არის ერთი ამერიკელი მწერალი, ჯეკ ლონდონი.
- ის, რომელმაც კოცონზე მოთხრობა დაწერა?
- ჰო. საიდან იცი? მოკლედ, ეგ მწერალი გამუდმებით ფიქრობდა, რომ ზღვაში დაიღრჩობოდა. სჯეროდა, რომ სწორედ ასეთი სიკვდილით მოკვდებოდა. ჩავარდებოდა ღამის ზღვაში და ჩაიძირებოდა, ისე, რომ ვერც ვერავინ შენიშნავდა.
- და რა, ზუსტად ეგრე მოკვდა?
მიაკემ თავი გააქნია.
- არა, მორფით მოიწამლა.
- გამოდის, მისი წინათგრძნობა არ გამართლდა. ან იქნებ საგანგებოდ მოაწყო ისე, რომ არ გამართლებულიყო?
- ერთი შეხედვით, - თქვა მიაკემ. ჩამოვარდა პაუზა. - მაგრამ რაღაც თვალსაზრისით არ შემცდარა. ის მართლა დაიღრჩო, როცა მარტოდმარტო დარჩა ბნელ, ღამის ზღვაში. გალოთდა. ნება მისცა სასოწარკვეთას მთელ მის სხეულს დაუფლებოდა. ტანჯვით კვდებოდა. წინათგრძნობა ერთგვარი საცდურია. ხანდახან რეალობასაც ჯაბნის და ცოცხალ არსებას ემსგავსება. ამაშია მთელი მისი საშიშროება. გესმის ჩემი?
ძიუნკო ჩაფიქრდა. არა, არ ესმოდა.
- ადრე არასდროს მიფიქრია იმაზე, თუ როგორ მოვკვდებოდი. როგორ უნდა მეფიქრა სიკვდილზე, როცა ისიც კი არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო.
მიაკემ თავი დაუქნია.
ამაში მართალი ხარ. მაგრამ პირიქითაც ხდება - სიკვდილის არჩევანით ცხოვრების გზაც საცნაური ხდება.
- და ასეთია თქვენი გზა?
- არ ვიცი. მხოლოდ ხანდახან მეჩვენება ასე.
მიაკე ძიუნკოს გვერდით დაჯდა. როგორღაც თითქოს ჩამოჭკნა და დაბერდა. ყურებს ზემოდან თმის ბღუჯა გამოშვეროდა.
- როგორ სურათებს ხატავთ?
- რამდენიმე სიტყვით ვერ ავხსნი.
ძიუნკომ კითხვა შეცვალა:
- კარგი, მაშინ რას ხატავდით ამ ბოლო დროს?
- სამი დღის წინ დავამთავრე ”პეიზაჟი უთოთი”. შუა ოთახში უთო დგას. და მეტი არაფერი.
- მერედა რატომ არის ეს ძნელი ასახსნელი?
- იმიტომ, რომ სინამდვილეში უთო არ არის.
ძიუნკომ სახეში შეხედა მიაკეს.
- გამოდის, რომ უთო უთო არ არის?
- ეგრეა.
- გინდათ თქვათ, რომ საცდურია?
- ჰო.
- და სულ სხვა რაღაცის მაგივრად არის დახატული?
მიაკემ თავი დაუქნია.
ძიუნკომ ახედა: ვარსკვლავები მომრავლებულიყო. მთვარესაც კარგა გრძელი გზა გაევლო. მიაკემ, აქამდე რომ ხელში ეჭირა, ის უკანასკნელი ჯოხიც შეაგდო ცეცხლში. ძიუნკო ნელა მიეყრდნო მხარზე. მიაკეს ტანსაცმელი სხვა ათასი კოცონის სუნით იყო გაჟღენთილი და გოგონაც აუჩქარებლად ისრუტავდა ამ სურნელს.
- იცით რა?
- რა?
- მე... მთლიანად ცარიელი ვარ.
- სერიოზულად ამბობ?
- ჰო.
ძიუნკომ თვალები დახუჭა და ატირდა. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ლოყაზე. ძიუნკო მარჯვენათი მუხლს ზემოთ, შარვალში ჩაებღაუჭა მიაკეს, სხეული უთრთოდა. კაცმა ხელი მოხვია და ფრთხილად მიიკრა. ცრემლები კი მოდიოდა და მოდიოდა.
- მართლა გეუბნებით, სრულიად არაფერი, - ცოტა ხნის შემდეგ გაბზარული ხმითა თქვა. - სრული სიცარიელე.
- მესმის.
- მართლა?
- ეგეთ რამეებში ცოტათი ვერკვევი.
- რა უნდა ვქნა?
- უნდა გამოიძინო. გაიღვიძებ და ნახავ - ყველაფერი გაგივლის.
- ჩემი აზრით ასე მარტივად არ უნდა იყოს საქმე.
- შეიძლება. შეიძლება მართლა ასე მარტივად არ არის საქმე.
შეშა აშიშინდა და ქშენით გამოუშვა ორთქლი. მიაკემ თავი ასწია, თვალები მოჭუტა და ერთხანს კოცონს მიჩერებოდა.
- ახლა რა უნდა ვქნა? - გაიმეორა ძიუნკომ.
- მართლაც და რა? იქნებ ერთად მოვკვდეთ?
- სერიოზულად ამბობთ?
- სერიოზულად.
მიაკე გაჩუმდა. ძიუნკომ მის ძველ ქურთუკში ჩარგო სახე.
- ნებისმიერ შემთხვევაში მოიცადე სანამ ჩაიწვება, - თქვა მიაკემ. - რაც არ უნდა იყოს, კოცონია. ბოლომდე ჩემთან იყავი. ჩაქრება და სულ დაბნელდება. აი მაშინ კი მოვკვდეთ. კარგი?
- კარგი, - უპასუხა ძიუნკომ. - ოღონდ როგორ?
- მოვიფიქროთ.
- აჰა.
კოცონი აბოლდა. ძიუნკომ თვალები დახუჭა. მხარზე მოხვეული მიაკეს ხელი, მოზრდილი ადამიანისთვის მეტისმეტად პატარა, გახევდა.
საეჭვოა, რომ ამ კაცთან ცხოვრება შევძლო, ფიქრობდა ძიუნკო. რატომ? იმიტომ, რომ ალბათ ვერ შევძლებ მის გულში შეღწევას. მაგრამ სიკვდილს მასთან ერთად ნამდვილად მოვახერხებ.
ნელ-ნელა ძილი მოერია. ვისკი თავისას შვრებოდა. მთელი შეშა კარგა ხანია ჩაიფერფლა. მხოლოდ ყველაზე დიდი მორი კაშკაშებდა ნარინჯისფრად. მისი მშვიდი სითბო მთელ სხეულზე ედებოდა. ალბათ კიდევ დიდხანს არ ჩაიწვება.
- არა უშავს თუ დავიძინებ?
- არა უშავს.
- როცა ჩაქრება, გამაღვიძებთ?
- ნუ ღელავ. ცეცხლი ჩაქრება თუ არა, აცივდება. რომც არ გინდოდეს, გაგეღვიძება.
ძიუნკომ თავისთვის გაიმეორა ეს სიტყვები. “ცეცხლი ჩაქრება თუ არა, აცივდება. რომც არ გინდოდეს, გაგეღვიძება”. მერე მოიკუნტა და დაიძინა - დიდი ხნით არა, მაგრამ ღრმად.

თარგმნა ირაკლი ბერიაშვილმა

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:

Post a Comment