Friday, July 30, 2010

რატი ამაღლობელი – როჯერ მოუზლი


როჯერ მოუზლი უკრავდა შუბერტს,
ბიბლიოთეკებში ვებერს იკვლევდა,
ასე ებრძოდა გვიან პუბერტეტს,
ახალ წიგნისთვის საჭმელს იკლებდა.


როჯერ მოუზლი ჩელსის მახლობლად
საკუთარ ბიძას ქირას უხდიდა,
ის ბნელ მანსარდში მარტო სახლობდა,
საჭმლის ნარჩენებს ჩიტებს უყრიდა.


ვერსად ნახავდით როჯერს მოუცლელს,
დილით ტრინიტის კოლეჯს სტუმრობდა,
ლექციებს შორის ხშირად მოუზლი
ოთხ ხელში მასთან ერთად ხუმრობდა –


ვისი ხელების ოდნავ შეხებაც
მჯდარს როიალთან ასე უყვარდა,
საღამოობით კარის შეღება
სახლის და ფიქრი ჩამქრალ ბუხართან


მას უმძაფრებდა შუადღით განცდილ
ამოსუნთქვას და ჩასუნთქვას მისას,
ვისზეც ფიქრობდა ოთახში საცვლით
მჯდომი მოუზლი, უძღვნიდა ვისაც


ყოველ კალამბურს და სიტყვას მახვილს,
ნოტებს გარჩეულს და გამონაყარ
სარკესთან მოვლას საკუთარ სახის -
უძღვნიდა მასვე, ვისი მონახვაც


სურდა ყოველდღე როჯერს ტრინიტის
კოლეჯში, სადაც უკრავდნენ ერთად,
უკრავდნენ ისე, თითქოს სპირიტიზმს
მიუყვებოდნენ, რომ ხელი ხელთან


ახლოს მისვლოდათ, სადაც ერთმანეთს
დიდი და მცირე ოქტავა კვეთავს.
ისინიც გრძნობდნენ ერთმანეთს, სადაც
დიდი და მცირე ოქტავა კვეთავს.


კოლეჯის ბაღში იდგა ივნისი,
როგორც სკულპტურა და შადრევანი,
როგორც გოთიკა, როგორც ინგლისი
მწვანე მოლით და ცით შავგვრემანით


ივნისი თავის თვალებით - ბაღით
სარკმელების რიგს ჩრდილებს ესროდა,
ჭვრეტდა ოთახებს, კლასებს და ჭაღით
ოდნავ ანთებულ საპროფესოროს,


კოლეჯის ბაღი ხმებით აღსავსე
ღია სარკმლებით გრძნობდა მცირედსაც,
რასაც უკრავდა შიგნით ანსამბლი,
რასაც კოლეჯი მუზიცირებდა.


ხმები ვალტორნის, ალტის, ჩელოსი,
დიდი საათის დარეკილი ხმა,
გარშემო ორი ქვის ანგელოსით
ბაღის აუზში არეკლილიყო.


ქალაქში უკვე იწვიმა ორჯერ
და გადაიღო წვიმამ ორჯერვე,
წასვლა არ სურდა აღარსად როჯერს,
ქალაქს ტოვებდა იმ დღეს როჯერი.


ტოვებდა კოლეჯს და ბიძის მანსარდს,
თავის ინსტრუმენტს, ნოტებს საწოლზე.
პირველად წასვლა არ სურდა არსად,
მაგრამ მშობლები, ანდა საცოლე,


მასთან გეგმები, ოქსფორდი, ისევ
სწავლა, კონკურსი მისთვის მეათე,
კვლავ მოსაგები, გამოსვლა ბისზე –
“როჯერ მოუზლი ლაურეატი! ” -


ეს იყო ტვირთი, ამ ტვირთის გარდა
მას ყველაფერი უკან რჩებოდა.
გადაიკიდა ზურგჩანთა კართან,
ხელი მოკიდა თავის ჩემოდანს


და აწოწილი როჯერ მოუზლი
გაუყვა თავის ბედსა თუ გეგმას,
როჯერ მოუზლი სევდას მოუცავს,
სევდას, რომელიც მიყვება გემბანს,


ან აეროპორტს, თვითმფრინავს, ანდა
ხალხმრავალ სადგურს, სწრაფ მატარებელს,
კაცმა არ იცის რომელ ერთს, რადგან -
არ დაწყებულ და დასამთავრებელ


ამბავს მალავდა მოუზლი. ასე
აღარ უნახავთ მას შემდეგ იგი,
ნოტებითა და წიგნებით სავსე,
არც ტემზის აქეთ, არც ტემზის იქით.


არც პაკისტანელ ემიგრანტ ახმედს –
მის აფთიაქარს, არც ქუჩის მუშებს,
არც ბუკინისტებს, მეზობელს არცეთს,
არც მისის პემს და არც მეფუნთუშე


მისის და მისტერ ტომფსონებს, ბიძას
ძვირფას ედუარდს, მზრუნველს და მომვლელს,
არც ნიდერლანდელ ფსიქიატრს მისას
დოქტორს ბლანჟეთი - რობერტ ვან ვორენს


აღარ უნახავს, როჯერს ხომ მისვლა
კვირაში ერთხელ მასთან უწევდა,
წინადღით ნანახს უმხელდა სიზმარს,
წინისწინას კი ხელით უწერდა.


სერთიფიკატებს, სიგელებს უხვად,
წიგნზე მის ფოტოს, კედლებზეც დიდად -
კვირაში ერთხელ როჯერი უხმოდ
მის კაბინეტში იჯდა და თვლიდა.


არც მას უნახავს, ვისთანაც ერთად
როჯერ მოუზლი შუბერტს უკრავდა
ოთხ ხელში, როცა ოქტავებს კვეთდა
მათი ხელები, და ვინც უყვარდა,

იმ სიყვარულით, რომლითაც ვერ თქვა,
რომ სდღაც უკვე ყავდა საცოლე,
რომ აღარც სურდა იმისი შერთვა,
მაგრამ გეგმები, აწონ-დაწონვა


თავის მომავლის, ოქსფორდი, ისევ
სწავლა, კონკურსი მისთვის მეათე,
კვლავ მოსაგები, გამოსვლა ბისზე -
“როჯერ მოუზლი ლაურეატი! “

და ასეც მოხდა, ოქსფორდში წასულ
როჯერს სახელი უმალ ეწვია,
სულ მალე როჯერს ცნობილს და ზრდასრულს
უკვე საკუთარ ცოლთან ეძინა.

ორკესტრთან ერთად შუბერტს უკრავდა
დიდ დარბაზებში როგორც სოლისტი
და რომ უყვარდა, სხვა რომ უყვარდა
არასდროს უთქვამს თავის ცოლისთვის.

როჯერ მოუზლი საკუთარ სათნო
ოჯახთან ერთად იჯდა ბუხართან,
როცა უკრავდა, უკრავდა მარტო,
სრულიად მარტო და სხვა უყვარდა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:

Post a Comment