Friday, July 30, 2010

მალხაზ ხარბედია – ვკითხულობთ ჩეროში


ზაფხული ალბათ ყველაზე კარგი დროა წიგნებისთვის. განსაკუთრებით მათთვისაა ხსნა ზაფხული, ვინც მთელი წლის მანძილზე ვერ იცლის საკითხავად, და მხოლოდ ორკვირიანი ან ერთთვიანი შვებულებისას ცდილობენ ამ განცხომაში გაატარონ დრო. მეც, მიუხედავად იმისა, რომ მთელი წელი კითხვის მეტს არაფერს ვაკეთებ, საზაფხულო საკითხავის მოლოდინით ვცხოვრობ ხოლმე, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, არასდროს ისეთი დაგემოვნებით არ ვკითხულობ წიგნს, როგორც ზაფხულში. ამაში ვერც ერთი სეზონი ვერ შეედრება ზაფხულს.
მაგალითად, ნებისმიერ სხვა დროს ერთ წიგნზე კონცენტრირება ყოველთვის მიჭირს. არა, გონება კი არ მეფანტება, უბრალოდ იძულებული ვარ ათასი სხვა რამ ვიკითხო. თავი დავანებოთ ბლოგზე დასადებ, ჟურნალში ან გაზეთში დასაბეჭდი მასალების (პროზა, პოეზია, ესსე, თარგმანი...) კითხვა-რედაქტირება-მომზადებას, მათ გარეშეც ბევრია საკითხავი, რადგან ერთდროულად დაახლოებით 5-6 წიგნში მაქვს სანიშნი ჩადებული, რომელთაგან ყველაზე სასურველი წიგნი, იძულებული ვარ მხოლოდ 20-30 გვერდიანი მონაკვეთებით ვიკითხო, იმიტომ, რომ სხვა საქმე გელოდება, სამსახურში ხარ გასაქცევი, შეხვედრა ან სხდომაა დანიშნული, ჩაწერაა რადიოში, კახეთში ან გურიაში უნდა გაემგზავრო, დეგუსტაციაზე უნდა მიხვიდე...
ახლა დავფიქრდი, გავიხსენე რაღაცეები და აღმოვაჩინე, რომ ზაფხულის შესახებ არაერთხელ დამიწერია აქამდე. თითქმის ყველა ზაფხული მახსოვს, ზაფხულში წაკითხულ წიგნებსაც, როგორც წესი, უკეთ აღვიდგენ და ნათლად წარმოვიდგენ ხოლმე ყველაფერს, რაც ზაფხულს ეხება, რეალურ თუ ლიტერატურულ ზაფხულებს.
ამასწინათ ფეისბუკში ერთი სტატუსი ამომიტივტივდა, რომელიც საზაფხულო საკითხავს ეხებოდა - ზოგი აურება წიგნის წაღებას აპირებდა სოფელში თუ ზღვაზე, ზოგსაც ბებია ჰყოლოდა სოფლის ბიბლიოთეკარი და მის იმედად მიდიოდა, ვიღაცას სამეცნიერო ლიტერატურისგან დროებით თავის დაღწევა უხაროდა, ვიღაცა კი მშობლიურ კაკლის ჩეროზე და ჰამაკში წასაკითხ წიგნებზე ოცნებობდა.
სხვათა შორის, ერთმანეთისგან განსხვავდება ზღვაზე და სოფელში წასაკითხი წიგნები. რატომღაც მგონია, რომ ზღვა უფრო ენერგიულ, გაბმით საკითხავ წიგნებს იტანს, სოფელს კი მემგონი ყველაზე ღრმა და ფიქრიანი წიგნებიც კი უყვარს. ზღვაზე გარუჯული გოგოები არიან, სოფელში კიდე ჭრიჭინები, ერთგან სალუდეები და კაფეებია, მეორეგან - გაუქმებული კანტორა და ძველი სტადიონი, ზღვაზე ღამის ცხოვრებაა და მანათობელი თვალები, სოფელში კი ციცინათელები ხაზავენ სიბნელეს. სწორედ ამიტომაც, ზღვაზე კითხულობენ მურაკამის და ბეგბედერს, სოფელში კი ჰერმან მელვილსა და სერვანტესს. ზღვა გეუბნება: მეტი დიალოგი, მეტი მოქმედება, ინტრიგა დამანახე... სოფელი კი დამყოლია, მომთმენი: აღწერები, ფიქრიანი სიარული, დაეჭვებული პერსონაჟები...
ზაფხული შთაბეჭდილებების დაგროვების პერიოდია და აქ რეალურ შთაბეჭდილებებს (ზღვაზეც და მთაშიც ხომ ბევრი თავგადასავალი გველის) გამოგონილი ისტორიებიდან მიღებული შთაბეჭდილებებიც ერწყმის. ესაა პერიოდი, როცა ზღვარი იშლება ამ ორ სამყაროს შორის. დასვენებაც ალბათ ამას ნიშნავს – როცა გადაწყვეტილებები არ გაქვს მისაღები, როცა დრო და სიამოვნება ხელიდან კი არ გაგირბის, არამედ ისე იხანგრძლივებ, როგორც მოგესურვება. როცა ზუსტად იცი, რომ სანიშნით გაყოფილ გვერდებზე ყველაფერი თავის ადგილას დაგხვდება, ისე, როგორც დატოვე. ესაა ლიტერატურის ჩრდილქვეშ სულისმოთქმა. ანუ კითხვა ჩეროში.

© tavisupleba.org

No comments:

Post a Comment