Monday, September 13, 2010
სემუელ ბეკეტი – ეჰ ჯო
SAMUEL BECKETT
EH JOE
ეჰ, ჯო
ტელეპიესა
ჯო, სამოციოდე წლის, ჭაღარა, ძველ ხალათსა და საშინაო ფეხსაცმელში, თავის ოთახში.
ჯოს ზურგიდან ვხედავთ. ის საწოლის კიდეზე ზის, დაძაბულ პოზაში. დგება, ფანჯარასთან მიდის, აღებს მას, გარეთ იყურება, ფანჯარას ხურავს, ფარდებს აფარებს, დაძაბულ პოზაში შეშდება.
ჯო (ჩვენ მას ზურგიდან ვხედავთ, როგორც ადრე) ფანჯრიდან კარისაკენ მიდის, აღებს მას, გარეთ იყურება, კარს ხურავს, გასაღებით კეტავს, დაძაბულ პოზაში შეშდება.
ჯო (ისევ ზურგიდან ჩანს) კარიდან კარადისაკენ მიდის, აღებს მას, შიგნით იყურება, კარადის კარს გასაღებით კეტავს, დაძაბულ პოზაში შეშდება.
ჯო (ისევ ისე, ზურგიდან) კარადიდან საწოლთან მიდის, მუხლებზე ეშვება, საწოლის ქვეშ იყურება, დგება, საწოლის კიდეზე ჯდება, თანდათან მშვიდდება.
ჯო (ჩვენ მის სახეს ვხედავთ) საწოლის კიდეზე ზის, მოდუნებული, თვალდახუჭული. კამერა უმოძრაოდაა, შემდეგ ძალიან ნელა უახლოვდება სახეს, რათა ის მსხვილი პლანით აიღოს. ტექსტის პირველი სიტყვებისთანავე კამერა ჩერდება.
კამერა
კამერა ჯოს პირველ გადაადგილებებს მიჰყვება, ერთსა და იმავე მანძილზე, ჯოს მთელ სიმაღლეზე. პირველ მსხვილ პლანსა და უკანასკნელს შორის კამერა სახეს ცხრაჯერ ნელა უახლოვდება. ყოველ ჯერზე ათი სანტიმეტრით.
კამერა ჩერდება, როცა ხმა ლაპარაკს იწყებს. სანამ ლაპარაკი ისმის, კამერა უმოძრაოდაა. პაუზებისას, როცა ხმა ჩუმდება, კამერის მოძრაობის დაწყებამდე სამი წამი გადის. შემდეგ ოთხი წამის განმავლობაში კამერა სახეს უახლოვდება, სანამ ხმა კვლავ არ დაიწყებს ლაპარაკს.
ხმა
ხმა დაბალია, მკაფიო, შორეული, თითქმის უინტონაციო. მეტყველება მონოტონურია, ოდნავ შენელებული. ფრაზებს შორის პაუზა არანაკლებ ერთი წამია. აბზაცებს შორის – შვიდი წამი, ანუ სამი წამი სანამ კამერა მოძრაობას დაიწყებს და ოთხი წამი სანამ კამერა გაჩერდება, ხოლო ხმა კვლავ ალაპარაკდება.
სახე
სახე თითქმის სრულიად ურეაქციოა დასაწყისიდან დასასრულამდე, მზერა – გაშტერებული. თვალები არაფერს გამოხატავს, გარდა გაძლიერებული სურვილისა გაიგონოს. დროდადრო სახეზე დაძაბულობა კლებულობს – როცა ლაპარაკი წყდება, მაგრამ ისევ მატულობს – როცა ლაპარაკი განახლდება.
ქალის ხმა. ჯო...
ჯო თვალს გაახელს, უსმენს.
ჯო...
ჯო სმენად გადაიქცევა
ყველაფერზე იფიქრე?.. არაფერი დაგავიწყდა?.. ახლა უკვე ვერავინ მოაღწევს შენამდე, ა?.. ვერავინ დაგინახავს... ვერავინ მოგისმენს... სინათლეს რატომ არ აქრობ?.. არ გეშინია, რომ ვიღაც გითვალთვალებს?.. ა, ჯო?.. რატომ ლოგინში არ წვები?.. რით არის ლოგინი ცუდი, ჯო?.. თეთრეული ხომ გამოცვალე?.. არ გიშველა?.. თუ ეს გულია?.. იმსხვრევა, იფშვნება, როცა სიბნელეში წევხარ... ყველაფერი დაჭიანებულია... ა, ჯო?
კამერის მოძრაობა I
ყველაფერი კარგად იქნებაო, მითხარი... მაშინ, უკანასკნელად... თან ჩქარ-ჩქარა მაცმევდი პალტოს... ბოლომდე გალანტური... ეს ახლა თქვი, ჯო, ხომ ვერავინ გაიგონებს... ყველაფერი კარგად იქნება... ა, ჯო?.. არავის შეუძლია თქვას ეს შენსავით... მოდი, კიდევ თქვი, ჯო, და მოისმინე... ყველაფერი კარგად იქნება... აკი მართალი აღმოჩნდი... სინამდვილეში.
კამერის მოძრაობა II
აყროლებული სანაგვე, რომელსაც შენს სულს ეძახი... ჩემი ხმაც იქიდანაა, ხომ ასეა?.. მამაშენის ხმაც იქიდან გაიგონე... თვითონ არ ამბობდი?.. ხელში ჩაგიგდო... ერთხელ, ივნისის ღამით... და ეს გრძელდებოდა, წლობით გრძელდებოდა... ინტერვალებით... შენს თავში... ბოლოს და ბოლოს შენ ის მოახრჩვე... ამას სულიერი მოხრჩობა უწოდე... თორემ აქამდე გაწვალებდა... შემდეგ დედაშენის ჯერი მოვიდა... “ნახე, ჯო, ჩვენ შენ ზემოდან გადევნებთ თვალს...” უფრო და უფრო სუსტად, სუსტად, სანამ ისიც არ მოიშორე თავიდან... შემდეგ სხვები იყვნენ... დიდძალი ხალხი... ყველა... როგორ უყვარდით!.. ღმერთმა იცის, რის გამო... უყვარდით – ეცოდებოდით... თანაც როგორ... ახლა კი – შემოგხედოს კაცმა... ერთადერთი გატაცება – მკვდრების მოხრჩობა საკუთარ თავში.
კამერის მოძრაობა III
ახლა თუ უყვარხარ ვინმეს?.. თუნდაც ერთ ცოცხალს თუ ებრალები?.. ა, ჯო?.. იმ ნაბოზარს, შაბათობით რომ მოდის – შენ ხომ მას უხდი, ჯო?.. ფრთხილად იყავი, არ გაკოტრდე... ამაზე არ გიფიქრია?.. ა, ჯო?.. რა გეშველებოდა, ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით?.. არც ერთი მკვდარი სული... იჯდე ძველ მყრალ ხალათში, უსმენდე საკუთარ თავს... ერთგულ თაყვანისმცემელს... უძლურდებოდე და უძლურდებოდე, სანამ ფეხებს არ გაფშეკ... ჯერ კიდევ მხნე – ინებეთ... კუბოს მდუმარება... სამოთხე, რომელზეც შენ გამუდმებით ლაყბობდი... ვერ მოგართვეს, ჯო... არ ყოფილა შენისთანებისათვის.
კამერის მოძრაობა IV
თავიდან მეც ძლიერი ვიყავი... სანამ ხელში მყავდი... ა, ჯო?.. თანაც რა ძლიერი... როგორც იმ ზაფხულის საღამოობით, თელების ქვეშ... პირველ ხანებში... ჩვენი სიყვარულის... როცა ვისხედით და იხვებს შევცქეროდით... ჩვენი გადაჭდობილი ხელები ერთმანეთს მარადიულ სიყვარულს ეფიცებოდნენ... რა აღტაცებაში მოჰყავდი ჩემ ხმას!.. სხვა ჩემ ღირსებებს შორის... ჩემ ბროლის ხმას... შენი გამოთქმა რომ ვიხმარო... შენ ხომ მეტაფორების ოსტატი იყავი... ჩემი ბროლის ხმა... ვერ ძღებოდი მისი მოსმენით... ახლა კი... რად იქეცი... დიდხანს გაქაჩავ?.. ჩურჩული... იცი, როცა აზრები გეფანტება... და უკვე სიტყვებსაც ვეღარ არჩევ... ასე, ნაფლეთ-ნაფლეთი სიტყვები... აი რა არის ყველაზე ცუდი... ა, ჯო?.. თვითონ არ ამბობდი?.. სულ ბოლოს... ასე, ნაფლეთ-ნაფლეთი სიტყვები... ცდილობ მათ გარჩევას... რატომ, ჯო?.. რისთვის, როცა თითქმის უკვე მიაღწიე?.. რა განსხვავებაა... რას ვფიქრობთ ჩვენ იქ?.. და უდიდესი ნეტარებაა... როცა თითქმის უკვე მიაღწიე... კიდევ ვინმეს მოხრჩობა... ჰო, ეს ყველაზე ცუდია... ამას თვითონ არ მეუბნებოდი?.. ჩურჩული... ნაფლეთ-ნაფლეთი სიტყვები... ცდილობ მათ გარჩევას... დაძაბვისაგან თავი გისკდება... ბოლოს და ბოლოს კი ყველაფერი მორჩება... შენ თვითონ მოათავებ... მაგრამ უცბად რომ ვერ შეძლო?.. ამაზე არ გიფიქრია?.. ა, ჯო? უცბად რომ არ მორჩეს... ეს ჩურჩული შენს თავში... ჩემი ჩურჩული შენს თავში... და აზრიც ხელიდან გისხლტება... გისხლტება... და ასე ბოლომდე... ა, ჯო?.. სანამ ჩვენ არ შემოგვიერთდები... ა, ჯო?
კამერის მოძრაობა V
ჰოდა რას შვრება ახლა შენი ღმერთი?.. ჯერ კიდევ ღირს რამედ?.. შენ მას კიდევ ელოლიავები?.. ჩვენი ჯოს ვნებანი... აი, მოიცადე... ის კიდევ ჩაგიგდებს ხელში... დაგელაპარაკება... როცა შენ თავსვე ამოუხვალ ყელში... და ყველა შენი მკვდარი დაიხოცება... შენ კი ზიხარ ძველ მყრალ ხალათში... საუცხოო ჯანზე ამისთანა დავრდომილის კვალობაზე... მხოლოდ ეს სიმსივნე მუცელში... კუბოს მდუმარება, თუნდაც მატლების გარეშე... ჯილდო მთელი შრომისათვის... სანამ ერთ ღამეს უფლის ხმა არ შემოგძახებს: “უგუნურო... რა უქენი შენს სულს?” ასეთ რამეს ყულფს ვერ ჩამოაცვამ... ამაზე არ გიფიქრია? ა, ჯო?.. როცა ის ხელში ჩაგიგდებს... როცა შენივე თავს ამოუხვალ ყელში... თუკი მხოლოდ ეს მოხდა ოდესმე.
კამერის მოძრაობა VI
ჰო, შენ უარი არაფერზე მიგიღია... რაღაც სხვა... შენ უყვარდით, უყვარდით... ღმერთმა იცის, რის გამო... მეც კი... მაგრამ მე უკეთესი ვინმე ვიპოვე... იმედი მაქვს, იცოდი... ყოველმხრივ უფრო ღირსეული... უფრო ალერსიანი... უფრო ძლიერი... უფრო დახვეწილი... უფრო ლამაზი... უფრო სუფთა... სანდო... ერთგული... ნორმალური... დიახ... მე ვიპოვე.
კამერის მოძრაობა VII
მაგრამ იყო ერთი, რომელმაც ვერ იპოვა... იცი, ჰო, ვისაც ვგულისხმობ?.. ა, ჯო?.. მიმნდობი... შეზღუდული... მუდამ ფერმკრთალი... ფერმკრთალი თვალებით... გაცისკროვნებული... შენი გამოთქმა რომ ვიხმარო... ერთადერთი... გესმის ჩემი?.. ა, ჯო?.. აი ვის უყვარდი... ყველაფერი კარგად იქნებაო, უთხარი... თან იმ თავის პალტოში ტენიდი... ის ვერაფრით ახვედრებდა ღილებს საღილეებში... შენ კი ჯიბეში დილის რეისის ბილეთი გედო... კარგად გააცურე, ა, ჯო?.. შენ ხომ მას ბოლო მოუღე... რა თქმა უნდა, მან მას ბოლო მოუღო... ის ადრე წავიდა... ის ჩუმად იქნება.
კამერის მოძრაობა VIII
არ იცი, რა მოხდა?.. არა?.. მას არ მოუხსენებია?.. მხოლოდ მშრალი ცნობა გაზეთში... მიიბარე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, მისი სული... წირვა შედგება... მოგიყვე?.. არ არის საჭირო?.. არ გაინტერესებს?.. სულ ერთია, მოგიყვები... ჩემი აზრით, შენ ეს უნდა იცოდე... ჰო, რა თქმა უნდა, გირჩევნია თავი აარიდო... რა თქმა უნდა, ეს მტკივნეულია, ჯო... რატომ უნდა დაიფშვნას გული?.. როცა თითქმის უკვე მიაღწიე... აი მეც მალე წავალ... უკანასკნელი... მხოლოდ იმ ნაბოზარსღა უყვარხარ... მერე კი შენ თვითონაც... ძველი კვამლი უცეცხლოდ... ყველას გადამბუგავი... წლობით მხრჩოლავი... და – დუმილი... და – წერტილი... ჯილდო მთელი შრომისათვის... სანამ ერთ უსაძაგლეს ზამთრის ღამეს... ზემოაღნიშნული არ გამოგიცხადებს, რომ უწმინდური ხარ.
კამერის მოძრაობა IX
და აი... თბილი ზაფხულის ღამე... ყველაფერს სძინავს... ის საწოლის კიდეზე ზის... თავის იისფერ პერანგში... გახსოვს?.. აჰ, როგორ გიცნობდა, ღმერთო დიდებულო! ღია ფანჯრებს მიღმა – ჩუხჩუხი... ის დგება და სახლიდან გადის... როგორც იყო... მთვარე... ბალახი... ბაღის გავლით, ვიადუკის ქვეშ... წყლის პირს უახლოვდება... პირქვე წვება, სახით ზვირთებისაკენ... არა, სიმღერიდან სიტყვებს ვერ ამოყრი... სულ მთლად გალუმპული დგება, სახლში ბრუნდება... “ჟილეტს” იღებს – შენ ურჩიე ეს მარკა ფეხებზე თმის გასაპარსად... ისევ ბაღის გავლით, ვიადუკის ქვეშ... სამართებლით ხელში ზედ წყლის პირზე გვერდულად წვება... არა, სიმღერიდან სიტყვებს კვლავ ვერ ამოყრი... შენ გახსოვს, როგორ ეშინოდა ტკივილის... პერანგს ნაკუწს ახევს, ჭრილობას იხვევს... კვლავ დგება, სახლისაკენ მიდის... სველი აბრეშუმი ტანზე შემოეტმასნა... ყოველივე ამას პირველად ისმენ, ჯო?.. ა, ჯო?.. ტაბლეტებს იღებს და ისევ ბაღში, ისევ ვიადუკის ქვეშ... რამდენიმე ცალს სირბილში ყლაპავს... წარმოუდგენელი საათი... მთვარე ბორცვების თავზე მიცოცავს... ნაპირი თრთის... მთრთოლვარე ვერცხლი... ის ჩერდება, რათა შეხედოს... შემდეგ ნაპირ-ნაპირ მღვიმისაკენ... წარმოიდგინე, რა დღეში იყო... რახან ეს გააკეთა... წარმოიდგინე... როგორც ბავშვი, ფეხებს წყალში ათქაფუნებს... კიდევ ერთ მუჭას ყლაპავს... გავაგრძელო, ჯო?.. ა, ჯო?.. წყალში წვება, ნაპირიდან ერთი მეტრის მოშორებით... აქ მან უკვე ყველაფერი გამოთვალა... უკანასკნელი ტაბლეტები... აი ვის უყვარდი... ა, ჯო?.. ქვებს შორის პატარა ორმოს თხრის სახისათვის... მიმნდობი... შეზღუდული... მუდამ ფერმკრთალი... ფერმკრთალი თვალებით... და ეს გამოხედვა – წამით ადრე... გაცისკროვნებული... ეს ხომ შენი აღწერაა, ჯო?.. ა, ჯო?.. (ხმა სულ უფრო ჩუმი ხდება, ბოლოს ძლივს გასაგონ ჩურჩულად იქცევა.) აი ასე... აი ყველაფერი. შენ მხოლოდ წარმოიდგინე. სახით ორმოში... წარმოიდგინე... ბაგეებით ქვებში... თან მიჰყავს ჯო... მთრთოლვარე ნაპირი... “ჯო, ჯო...” ჩქამიც კი არ ისმის... ქვებში... ქვებს... აი, თქვი, ხომ ვერავინ გაიგონებს... თქვი – “ჯო,” ამ დროს ბაგეები იხსნება. წარმოიდგინე ეს ხელები... წარმოიდგინე... სრულიად მარტო... ბაგეები ქვებში... წარმოიდგინე ეს თვალები... თვალები... გაცისკროვნებული... ივნისი... ღვთისგან ბოძებულ რომელ ზაფხულს?.. შენი ღმერთი... ძუძუებით... ქვებში... ხელებიც... სულ ბოლომდე... წარმოიდგინე ეს ხელები... რას ეჭიდებოდნენ ისინი?.. ქვებს...
გამოსახულება თანდათან ქრება.
(ხმა – როგორც ადრე) რას ეალერსებოდნენ ისინი?.. სულ ბოლომდე. აი ვის უყვარდი... არა, ჯო?.. ხომ მართალია, ჯო?.. ა, ჯო?.. ასე არ არის?.. ჩვენთან შედარებით... ღმერთთან შედარებით... ა, ჯო?
აღარც ხმა, აღარც გამოსახულება.
კახა ბარამიძის თარგმანი
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
No comments:
Post a Comment