Monday, September 13, 2010
საუბრები ლიტერატურაზე – კოტე ჯანდიერი
ცხოვრება თავდაპირველი ტექსტია, ლიტერატურა კი - ამ ტექსტის თარგმანი და კომენტარი.
– ერთგან ბორხესის სიტყვები მოგყავთ. “ჩვენ მაგიური სიტყვის სტრიქონები, სიტყვები, ან ასოები ვართ. იგი მუდმივად იწერება და ეს წიგნი ერთადერთია, რაც არსებობს ამ სამყაროში. უფრო სწორად, ის თვითონ არის სამყარო” ასეა? სამყარო მართლაც მისთვის არსებობს, რომ საბოლოოდ წიგნში იქნას შეტანილი?
არისტოტელე თავის "პოეტიკაში" (უფრო ზუსტად მის ერთადერთ შემორჩენილ ნაწილში, რომელიც ტრაგედიის შეეხება) მარტივად გამოთქვამს, ერთ საკმაოდ რთულად გასაგებ აზრს იმის შესახებ, რომ დრამა სხვა არაფერია, თუ არა ცოცხალი ადამიანების მოქმედებათა მიბაძვა. ეს "მიბაძვა" სხვა არაფერია, თუ არა დრამატულ პერიპეტიათა აღწერა, რაც მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს გმირის მდგომარეობის ცვლილებას ბედნიერებიდან უბედურებისაკენ. ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ მაყურებელმა, მკითხველმა თუ მსმენელმა საკუთარი თავის გაიგივება შესძლოს გმირთან, მასთან ერთად გადაიტანოს მრავალი განსაცდელი, რასაც სიუჟეტი ახვედრებს, "დაიღუპოს" როგორც ანტიგონე, რათა გადარჩეს სულიერად და განიცადოს კათარსისი; უფრო ზუსტად, განიცადოს კათარსისი და ამით გადარჩეს.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში ჩამოყალიბებული ეს თეორია ადამიანის ცხოვრების მეტაფორაა, ცხოვრებისა, რომლის განმავლობაშიც მრავალ განსაცდელს, ჩვენივე საბედისწერო შეცდომებით გამოწვეულ სულიერ თუ ფიზიკურ სატანჯველს, დამცირებასა და სასოწარკვეთას განვიცდით, რათა თვალებდათხრილი ოიდიპოსივით დავინახოთ მოვლენათა არსი, ვეზიაროთ ჭეშმარიტებას და კათარსისის გავლით მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე, გონების სიცხადე და ვნებების მართვის უნარი.
კათარსისი ესთეტიკური ფენომენია, ისევე როგორც პერიპეტია (ანუ ჩვენი ბედიღბლის ცვლილება იმედიდან სასოწარკვეთამდე, ბედნიერებიდან უბედურებამდე და პირიქით). რაკი ცხოვრება პერიპეტიების ჯაჭვია, ცხადია, რომ ის ამავდროულად ბედნიერების, აღმაფრენის, თავდავიწყების, ფიზიკური და ესთეტიური ტკბობის წუთებსაც გულისხმობს.
თუ დრამა მოქმედებათა მიბაძვას წარმოადგენს, ლიტერატურა ცხოვრების იმიტაციაა... ცხოვრებისა, რომელსაც - ფრიდრიხ ნიცშეს სიტყვებით - "გამართლება აქვს მხოლოდ, როგორც ესთეტიკურ ფენომენს", ხოლო ერთი ცალკე აღებული ადამიანის ცხოვრებას მაშინ ეძლევა გამართლება, თუ ის კათარსისამდე მიდის. ამ აზრით, ცხოვრება თავდაპირველი და უნიკალური ტექსტია, რომელიც მუდმივად იწერება, ხოლო ლიტერატურა კი - ამ ტექსტის თარგმანი და კომენტარი.
– როგორია დღეს ჩვენი რეალობა, შემოქმედებითი ან საზოგადოებრივი ცხოვრება? საერთოდ ის სამყარო, რომელსაც ამ წიგნში შესატანად ვამზადებთ?
მე მეჩვენება, რომ ჩვენი დღევანდელი რეალობა, განსაკუთრებით კი საჯარო სივრცე საერთოდ დაცლილია ესთეტიკური ფენომენებისა და განცდებისგან. ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც თბილისელი თეატრალები და მუსიკის მოყვარულები გაყოფილი იყვნენ მერი ნაკაშიძის და ნადია ხარაძის მომხრეებად და წლების განმავლობაში მათ შორის მიდიოდა ცხარე კამათი, თუ რომელი მათგანია უფრო უნივერსალური ვოკალური მონაცემებით დაჯილდოებული; როდესაც ავთო ვარაზის გამოფენა არა წამიერად გაელვებული "ნიუსების" თემა, არამედ ხანგრძლივი საზოგადოებრივი განსჯისა და ინტერესის საგანი იყო; როდესაც ორშაბათ დღეს კინოთეატრში ბილეთს ვერ შოვნიდი, ვინაიდან ორშაბათობით ახალი ქართული, თუ უცხოური ფილმი გამოდიოდა და ადამიანებს ერთი სული ჰქონდათ, ენახათ რაღაც ახალი და უჩვეულო; სამშაბათობით უნივერსიტეტის მწერალთა სხდომებზე ეწყობოდა ახალი ნაწარმოებების ხალხმრავალი განხილვა და სერიოზული დისპუტები იმართებოდა ზოგადად ლიტერატურის საკითხებზე... აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას.
კულტურა არ არის მხოლოდ ცალკეულ შემოქმედ ინდივიდთა ნაღვაწის ერთობლიობა, ეს არის მათი ნაწარმოებების ადგილი და მონაწილეობის ხარისხი საზოგადოებრივ ცნობიერებაში. კულტურა, როგორც საზოგადოებრივი ფენომენი ახდენს რეფლექსიას, შეფასებას და რანჟირებას. იქ სადაც ეს არ ხდება, შესაძლებელია არსებობდეს ცალკეული, თუნდაც გენიალური შემოქმედი, მაგრამ კულტურა და შემოქმედებითი ცხოვრება რედუცირებულია. ამისი კარგი მაგალითია შესანიშნავი ავსტრალიელი მხატვარი ნამატა ჟირი, რომელიც აბორიგენი იყო. მისი ტილოები გამოიფინა ევროპისა და ამერიკის წამყვან გალერეებში, მასზე დაიწერა მონოგრაფიები და ა.შ. მაგრამ ავსტრალიელ აბორიგენთა ცნობიერებაზე და ცხოვრებაზე ამას არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია, ვინაიდან კულტურულ ფასეულობათა აბორიგენული სისტემა მოკლებული იყო ამ ნახატების აღქმის უნარს.
დღეს, როდესაც, ჩვენს გალერეებში ერთნარი სიხშირითა და წარმატებით იხსნება კარგი, საშუალო და ცუდი მხატვრების გამოფენები, როდესაც მედია საშუალებები ერთნაირი დაშტამპული სიტყვებითა და კადრებით აღწერენ ამ გამოფენებს, მეჩვენება, რომ ავსტრალიელ აბორიგენთა მდგომარეობაში ვართ, რადგან ვერ (ან არ) ვანსხვავებთ უნიჭო მიმბაძველობასა და პლაგიატს, ჭეშმარიტი სიახლისაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ინდიფერენტულია ხელოვნების მიმართ და რეაგირებს მხოლოდ ისეთ იაფფასიან, სკანდალურ გამოხდომებზე, როგორიცაა, ვთქვათ, ყბადაღებული "საიდუმლო სირობა". ოთარ ჭილაძის არც ერთ ბოლოდროინდელ რომანს არ ხვდა პატივი ამდენი ხნის განმავლობაში ყოფილიყო საზოგადოების ყურადღების ცენტში. ასეთი ესთეტიკური და ეთიკური განურჩევლობა, ჩემი აზრით, ქართული კულტურის ღრმა კრიზისზე მეტყველებს.
– ერთი შეხედვით ბანალური კითხვა უნდა დაგისვათ, რატომ წერთ?
ჯერ ერთი ვწერ ძალიან იშვიათად. მწერლობას არ განვიხილავ ჩემს პროფესიად და შემოსავლის წყაროდ. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ მწერალი არცა ვარ. ვწერ მხოლოდ მაშინ, როდესაც მე ეს მანიჭებს სიამოვნებას. ამიტომაც, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება კონტრაქტი დავდო რომელიმე გამომცემლობასთან და ვალდებულება ავიღო, რომ ამა და ამ ვადებში, ამა და ამ თემაზე დავწერ მოთხრობას, ნოველას ან რომანს. ცხადია, პროფესიონალი მწერალი ასე არ იქცევა.
ლიტერატურასთან მე ჰედონისტური დამოკიდებულება მაქვს.
– და როგორ წერთ? წერა მართლაც დიდ ემოციურ სტრესებთან არის დაკავშირებული? ან კიდევ, რა მოაქვს მწერლისთვის გამოცდილებას?..
რაც შეეხება თვითონ ტექსტს, მე ვფიქრობ, აქ კომპრომისების დაშვება შეუძლებელია და თუ რამეს ვწერ, ვცდილობ ეს გავაკეთო პროფესიონალურად. ენასთან ხუმრობა არ შეიძლება. სწორი ბრძანდებით, წერა მართლაც დაკავშირებულია დიდ ემოციურ სტრესებთან. მეტსაც ვიტყოდი, თუ წერის პროცესში ემოციური სტრესი არ არსებობს, მაშინ არც კათარსისი განხორციელდება და ტექსტი თანაბრად უინტერესო იქნება როგორც მწერლის, ისე მკითხველისთვის.
გამოცდილებას კი მოქვს ის, რომ ადამიანს საშუალებას აძლევს ყველაფერს, რაზედაც კი ის ფიქრობს, შეხედოს რამდენიმე კუთხით, თავი დააღწიოს სწორხაზოვნებასა და პლაკატურობას, არ გადაიჭრას მორალიზატორობაში და არ გახდეს მოსაწყენი.
– თქვენი მოთხრობები “მაყვლიანი”, საოჯახო ქრონიკა”, “დაატიჟება კონოში” ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტები იყო. რა რეზონანსი და გამოხმაურება ჰქონდათ მათ, მნიშვნელოვანი კრიტიკული წერილები თუ გახსენდებათ და საერთოდ, როგორ ფიქრობთ საქართველოში ლიტერატურული კრიტიკა არსებობს?
იყო რამდენიმე გამოხმაურება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც სურვილი გაუჩნდა რამდენიმე სიტყვა ეთქვა ჩემს მოთხრობებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით დადამახსოვრდა ქალბატონ ლილი ავალიანის წერილები.
რაც შეეხება ლიტერატურულ კრიტიკას ზოგადად, ჩემი დაკვირვებით აქ საქმე სავალალოდაა. ცხადია, არსებობს რამდენიმე ნიჭიერი კრიტიკოსი, რომლის აზრსაც მე დიდ პატივს ვცემ. მაგრამ უბედურებაა ისაა, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, კრიტიკა ჩვენში, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, გარკვეული იდეოლოგიური კონიუნქტურის ტყვეობაშია. ცხადია, იდეოლოგიური კლიშეები იცვლება: კომუნისტური შტამპები ჯერ ნაციონალისტურ-რელიგიური, შემდეგ კი ფსევდო-ლიბერალური ტაბუებითა და რიტორიკით შეიცვალა.
საბჭოთა დროს კრიტიკოსი ერთდროულად ბრალმდებლის, მოსამართლისა და განაჩენის აღმსრულებლის ფუნქციას ასრულებდა. მისი სიტყვა ხშირად სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა მწერლისათვის. აქედან გამომდინარე, კრიტიკოსის პროფესიის არჩევა წესიერი ადამიანისთვის ეშმაკთან გარიგების ტოლფასი იყო. მეორეს მხრივ, საბჭოთა ეპოქის მწერლებისთვის კრიტიკოსი ლიტერატურული პროცესის აუცილებელ მონაწილედ კი არ აღიქმებოდა, არამედ მტრად და პოტენციურ ჯალათად. ცხადია, ამას საერთო არაფერი აქვს ჯანსაღ ლიტერატურულ ცხოვრებასთან, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერაც გაბატონებული შეხედულებებისა და სტერეოტიპების დიქტატს ეგუება, ის მხოლოდ იდეოლოგიურ შტამპებს იცვლის და არ ცდილობს მათგან გათავისუფლებას. ამიტომაც კრიტიკა (თუნდაც ჯანსაღი) ისევ მტრობად აღიქმება, კრიტიკოსობა კი - გაბატონებული ჯგუფის შეხედულებათა მონობად.
სტალინის ძეგლებთან ბრძოლას რა აზრი აქვს, თუ ტოტალიტარული აზროვნებისა და პოლიტ-ტექნოლოგიებისაგან არ გავთავისუფლდით? რა აზრი აქვს ბელადის ქანდაკების მსხვრევას, თუ მის ადგილზე ზვიადის, ბასილ მკალავიშვილის, ანდა ლევან რამიშვილის წარმოსახვითი ძეგლი წამოვჭიმეთ?
– ერთგან თქვით “სტილი განსაზღვრავს ლიტერატურასო” აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ აქვე მინდა გკითხოთ, რა არის მწერლური სტილი და რატომ არის ეს “როგორ” ხშირად “რა”-ზე მნიშვნელოვანი?
მარტივი აზრია: ანტიკურ თეტრში მისულმა მაყურებელმა ზედმიწევნით კარგად იცოდა თუ რა მოხდა და რატომ მოხდა ოიდიპოსის, ან აგამემნონის ოჯახში. მაგრამ ხალხი თეატრში იმისთვის მიდიოდა, რომ ენახა და მოესმინა როგორ ყვება ამ ისტორიას სოფოკლე, საიდან იწყებს და სად ამთავრებს თხრობას ესქილე, როგორ გადმოსცემენ მათ მიერ დაწერილ სიტყვებს ნიღბიანი მსახიობები და ა.შ. ისინი მიდიოდნენ თეატრში თავდავიწყებისათვის, რათა რამდენიმე საათის განმავლობაში გათავისუფლებულიყვნენ საკუთარი საზრუნავისა და ტკივილისაგან, ეცხოვრათ სხვა ადამიანის ტკივილებითა და ვნებებით, რათა ტირილამდე მისულებს კათარსისი განეცადათ. მათი ცრემლები უერთდებოდა მარადისობას, როგორც კაპიტან აქაბის ცრემლები ოკეანეს და "მთელ ოკეანეში არ იყო წვეთი უფრო სუფთა, ვიდრე ეს ცრემლი".
– ფიქრობთ, რომ დღეს თანამედროვე ლიტერატურაში სათქმელის დეფიციტია? და ამას მოსდევს ხომ არ მოსდევს თავად მკითხველის დეფიციტიც?
"დიდი სათქმელი" არ ნიშნავს დიდ ლიტერატურას. შექსპირის "ჰამლეტი" იმიტომ კი არ არის გენიალური, რომ იქ ყოფნა-არყოფნის საკითხია დასმული (ეს საკითხი ამა თუ იმ ფორმით უამრავ ღირებულ ტექტსტში გვხვდება, გილგამეშიდან და ბიბლიიდან დაწყებული, უმბერტო ეკოთი დამთავრებული), არამედ იმიტომ, რომ შექსპირმა მოახერხა ყოველი ჩვენთაგანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გაეხადა ამ კითხვაზე პასუხის ძიება. მე მგონი, ნიჭის დეფიციტი უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე სათქმელისა. ნიჭი კი, ყოველთვის საკმაოდ დეფიციტური "საქონელი" იყო და ასეთადვე რჩება.
"მკითხველის დეფიციტი" შესაძლოა უკავშირდებოდეს ლიტერატურის ფუნქციის შეცვლას პოსტინდუსტრიულ ეპოქაში. მეცხრამეტე საუკუნის ნაციონალიზმის მთავარი ინსტრუმენტი ლიტერატურა იყო. როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყოდა "ნაციონალური ნარატივი ლიტერატურის ენით ლაპარაკობდა". მაგრამ ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკების შემდეგ დევალვირებული და ლამის ტაბუდადებული ნაციონალიზმის პირობებში ლიტერატურამ დაკარგა ერის მოძღვრისა და წარმმართველის ფუნქცია, ის ერთგვარი ინტელექტუალური გართობის ნაირსხეობად, ან, სხვა შემთხვევაში კომერციული ინტერესის საგნად გადაიქცა. არ მითხრას ვინმემ, რომ სიამოვნება არ მიუღია აკუნინის დეტექტიური რომანების კითხვით. დაძაბულ, კომერციულად მომგებიან სიუჟეტთან ერთად, იქ "მაღალი სტილის" ბრწყინვალე იმიტაციას და ინტელექტუალურ საზრდოსაც ვპოულობთ. მაგრამ რამდენად შეიძლება ამ რომანებს დიდი ლიტერატურა ეწოდოს, ეს მართლა არ ვიცი. ერთი კი ცხადია, ფანდორინის თავგადასავალი სულ სხვა მიზნითაა მოყოლილი, ვიდრე როდიონ როსკოლნიკოვის ისტორია.
– ბოლო წიგნზე “კონკიას ღამესა” და მასში შესულ მოთხრობა “გლობალიზაციაზე” მინდა გკითხოთ, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თავად გლობალიზაცია კანონზომიერი პროცესია, მაგრამ როგორ ვხვდებით ჩვენ მას და როგორ შეიძლება მასთან სწორი მიმართების გამოძებნა?
ჩვენი მიდგომა გლობალიზაციის, როგორც ობიექტური პროცესისადმი ორგვარია: საზოგადოების ნაწილი (საკმაოდ დიდი) მას განიხილავს, როგორც მტრული ძალების (მასონები, იეღოველები, სოროსი და სხვ.) შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ. მეორე, შედარებით მცირე ნაწილი კი უაზრო აღტაცებით, გაუგებარი პიეტეტითა და უნიადაგო იმედებით ხვდება გლობალიზაციას, როგორც ყველა ჩვენი სენისა და გასაჭირის პანაცეას. ორივე ეს უკიდურესობა სიბრიყვისა და წინდაუხედავობის მაგალითია. როდესაც ნილოსის ნაპირას ცხოვრობ, არ შეიძლება არ ხვდებოდე, რომ მდინარის მოტანილი ნაყოფიერი შლამი მდიდარი მოსავლის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ასევე შეუძლებელია არ იცოდე, რომ მდინარემ ადიდება იცის და თუ აქა-იქ ჯებირებს არ დაუყენებ, შეიძლება ერთი ხელის მოსმით წალეკოს ყველაფერი, რაც შენ და შენს წინაპრებს გიშენებიათ. იაპონელებმა მოახერხეს მაქსიმუმი აეღოთ ინფორმაციული, ტექნოლოგიური და ფინანსური ნაკადების ხელმისაწვდომობისაგან, მაგრამ ისიც შესძლეს, რომ მათ კულტურას არ ემუქრება ნიველირება, ეროვნული იდენტურობა კი საიმედოდაა დაცული.
© Weekend
No comments:
Post a Comment