Thursday, October 14, 2010

გურამ მეგრელიშვილი - სოვდაგრების ლიტერატურა

მწერლებს და განსაკუთრებით ქართველ მწერლებს პატრონი რომ არასოდეს ჰყოლია, ახალი ამბავი არ არის. თავის დროზე ამ თემაზე კონსტანტინე გამსახურდიაც წერდა. 1917 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში მწერალი თანამოკალმეების დაქსაქსულობაზე სწუხს და ყველას გაერთიანებისაკენ მოუწოდებს.
„არა მარტო ევროპაში, ჩვენს სამშობლოშიც, საზოგადოების ყოველ ნაწილს, ხელოსნებსაც კი რაღაც ორგანიზაცია აერთიანებთ, რომელნიც ზრუნავენ იურიდიულად დაიცვან საკუთარი წევრების უფლებები და მხოლოდ ქართველი მწერალი და მისი უფლებებია ღვთის ანაბარად მიტოვებული, მისი ნაწარმოებები ხშირად ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდება... არავინ იცავს მწერალს უზურპაციისაგან და სახელმწიფო არ ზრუნავს ორიგინალური ნაწარმოების დაუკითხავად გადათარგმნა-გადაბეჭდვისაგან...“
„ავტორის უფლება ყველგან ხელშეუხებელია, ამ უფლების დარღვევისათვის ბრალდებული ისევე ისჯება, როგორც ყველა სხვა ქონების მიმტაცებელი, ჩვენში კი მწერლობა და მწერლის თავმოყვარეობა აბუჩადაა აგდებული...“
„ევროპაში, ამერიკაში, რუსეთშიც კი ჟურნალების, ალმანახების, მწერალთა ანთოლოგიის გამოცემის სათავეში თვით მწერალნი დგანან და არა თანამგრძნობნი, ან ლიტერატურული სპეკულანტები...“
როცა ამ სიტყვებს გასული საუკუნის დასაწყისში კონსტანტინე გამსახურდია წერდა, ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ საუკუნის შემდეგ, ქვეყანაში ამ მხრივ არაფერი შეიცვლებოდა და მწერლისა თუ უზურპატორის ურთიერთობა ისეთივე მწვავე დარჩებოდა, როგორიც მის დროს იყო.
თუმცა საბჭოთა პერიოდში ქართველი მწერლის უფლებების დამცველ ორგანიზაციად „მწერალთა კავშირი“ ითვლებოდა, რომლის წევრობაც ისეთივე ნუმენკლატურული იყო, როგორც იმ ეპოქის სხვა დანარჩენი კავშირები თუ გაერთიანებები. დღედღეობით ყოველი ლიტერატორი საკუთარი შნოსა და გამტანიანობის იმედადაა დარჩენილი და „უზურპატორთან“ საბრძოლველად ბატონი კიხანესავით მარტოსული და უიმედოა. ვერავინ დამაჯერებს, რომ საქართველოში ვინმემ სარჩელი შეიტანოს მისი ნაწარმოების უკანონოდ (კონტრაქტის, ან სიტყვიერი შეთანხმების გარეშე) გავრცელებასთან დაკავშირებით და პროცესი მოიგოს. მაგრამ სასამართლო პროცესს განა იმიტომ ვერ მოიგებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს, არამედ იმიტომ, რომ, როგორც კოწია იტყოდა, „მწერალი ვერა დგას სათანადო სიმაღლეზე“.
იმის შიშით, სხვამ არ დაგვასწროს და რომელიმე სოვდაგარ გამომცემელ-რედაქტორთან „დამეგობრებაში“ არ გადაგვეღობოსო, მწერლები ერთმანეთის ლანძღვა-გინებსასაც არ თაკილობენ და უკეთეს შემთხვევაში, ერთმანეთის ნაშრომს თვალს ისე მოურიდებლად არიდებენ, თითქოს ყურადღების ღირსადაც არ თვლიდნენ.
როგორც წესი, ასეთი სოვდაგრები დროებით დაძმობილებულ მწერლებს ერთჯერადი ცხვირსახოცებივით მოიხმარენ ხოლმე და მერე სანაგვეზე მოისვრიან, რადგან მათთვის ლიტერატურა მხოლოდ შემოსავლის წყარო და დაუკმაყოფილებელი, ვერშემდგარი მწერლობის სხვა პიროვნებაში რეალიზების ამბიციაა. ლიტერატურა კი თავად მწერლის ამბიციას ვერ უძლებს, არამც თუ ვინმე კალკულატორს მიმჯდარი მწერლად არშემდგარი ბუღალტრისა.
ასეთი სოვდაგარი გამომცემელ-რედაქტორები კი იმდენად ახერხებენ ლიტერატურულ წრეზე გაბატონებას, რამდენადაც ამის საშუალებას თავად მწერლები აძლევენ. აბა წარმოიდგინეთ, რომელი მწერალი გაუბედავს გამომცემელს ჰონორარზე დალაპარაკებას ან წიგნის ხარისხის დაწუნებას. ისინი ხომ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნენი არიან, ვისაც უნდა ემადლიერებოდეს ყოველი ლიტერატურული „ონანისტი“, თავის მოწყალე თვალს სწორედ მას, ათასებიდან იმ ერთს რომ მიაპყრობს და თუკი საჭიროდ ჩათვლის, დაბეჭდავს კიდეც.
თუ გაგიმართლა და რომელიმე ყოვლისშემძლემ შენი წიგნი გამოსცა, პრეზენტაციაზე თავად უნდა იზრუნო, საავტორო ეგზემპლარები დაივიწყო, საკუთარი წიგნების გარკვეული ნაწილი იყიდო და მთელი ტირაჟიც რომ შეიძინო, უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ „ოცდაათ წიგნზე მეტი არ იყიდება.“
ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზემოთ ხსენებულ სოვდაგრებს წიგნის გაყიდვიდან მოგება საერთოდ არ აინტერესებთ. მათი მთავარი მიზანი საკუთარი არაცნობიერი კომპლექსების დაპურებაა და სწორედ ამიტომ, ისეთ ნაწარმოებებს უნთებენ ხოლმე მწვანე შუქს, რომლის ფონზეც თვითონ, ან მათი რჩეული ავტორები მსოფლიო ნოვატორები ჩანან. ჩავატაროთ გამოკითხვა ათ ყველაზე ცნობილ გამომცემელობაში, რამდენს აქვს წაკითხული ის, რასაც გამოსცემს. სამზე მეტი თქვენი მოგება იყოს! ამ ყველაფერზე მე პირადად МАССОЛИТ-ი, იქაური მწერლები და თავმჯდომარე ლატუნსკი მახსენდება მიხეილ ბულგაკოვის რომანიდან.
საქართველოში გამოცემული წიგნების დიდი ნაწილი რომ უპასუხისმგებლოდაა შედგენილი, ახალი ამბავი არც ეს არის. უგემოვნო და უხარისხო დიზაინის ყდებზე აღარაფერს ვამბობ. რედაქტირებულ წიგნებს მგონი მხოლოდ ორი-სამი რედაქტორ-გამომცემელი უშვებს, ანუ მწერალი-მონის ფუნქცია დარედაქტირებასთან ერთად წიგნის დიზაინის შერჩევაცაა.
მწერალთა უმოქმედობა იქაც კარგად ჩანს, რომ ერთმანეთისთვის სიტყვა ვერ შეუწევიათ ჯეროვნად. ერთმანეთის გვერდით ვერ დამდგარან, როცა ამას საჭიროება მოითხოვს და ამის გამო, მწერლის, ამ სოციალურად მნიშვნელოვანი ფიგურის დანიშნულება დღითი-დღე უფასურდება.
ქვეყანაში ძლიერი ლიტერატურული გაერთიანება რომ არსებობდეს, რომელიც თითოეული მწერლის, თითოეული ლიტერატორის უფლებებს იურიდიულად დაიცავს, ასე ადვილად „ხელწამოსაკრავი“ აღარ იქნებოდა ცალკეული მწერალი, სალონი თუ ლიტერატურული წრე. ის, რაც კავკასიურ სახლთან დაკავშირებით მოხდა, თითოეული ჩვენგანის სირცხვილია და „ამაღლებული ხმა“, რომელიც ოთხ კედელს ძლივს გასცდა, სხვა არაფერი იყო თუ არა „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.
ლიტერატურული სივრცე რომ არასოდეს ყოფილა თავისუფალი, ყველამ იცის, მაგრამ რაც ბოლო ოცი წლის მანძილზე ხდება, სრული მარაზმია. გარკვეული ჯგუფები იკავებენ ნიშებს, სადაც შესვლა „უცხო ელემენტებს“ არ შეუძლიათ, ხოლო თუკი ასეთი მაინც გამოჩნდა, უმალ მათ დასვრას, ლანძღვას და განქიქებას იწყებენ. გათავისუფლდა ახალი სივრცე - „ქართული პენ კლუბი“, რომელსაც რეალური შანსი აქვს გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს ხელოვნურად შექმნილ ლიტერატურულ კლიმატზე და ისევ იგივე „დაჯგუფებები“, პირები და „სოვდაგრები“ ცდილობენ ეს სივრცეც შეავსონ და დაიკავონ. მწერლები კი კვლავაც სდუმან. პილატესავით ხელებს იბანენ, რადგან მიაჩნიათ, რომ „გასაკეთებელი ისეც გაკეთდება“, „მოსახდენი ისეც მოხდება“, „სივრცე ისეც შეივსება“.
ჩემი აზრით, მიუხედავად იდეური თუ იდეოლოგიური სხვაობებისა, ახლა იმის დრო ნამდვილად არ არის მწერლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ის მძლავრი იარაღი, რაც ღმერთმა თითოეულ ჩვენგანს მისცა - სიტყვა, მიზანმიმართულად უნდა გამოიყენონ და სადაც საჭიროა, იქ უნდა დადგნენ. ფსევდოპათეთიკური მოწოდებები, თუ როგორი უნდა იყოს პროზაიკოსი და პოეტი, ათი, თხუთმეტი და ოცდაშვიდი მცნებები მათთვის და ა.შ. მხოლოდ არაფრისმთქმელი, ლირიული გადახვევაა და სხვა არაფერი. თითოეულმა მწერალმა მხოლოდ ერთი მწვავე და სიმართლისმთქმელი წერილი მაინც რომ დაწეროს საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებთან დაკავშირებით, კერძოდ კონკურსების დაბალ დონესა და ცალკეული გამომცემლობების ჰეგემონიაზე, შეცვლით თუ არაფერი შეიცვლება, მკითხველისა და საკუთარ თავის წინაშე მაინც იქნება მართალი.

© azrebi.ge
© netgazeti.ge

No comments: