Sunday, October 17, 2010

ლაშა ბუღაძე - ფიქრები მტკვრის პირას


დამეთანხმეთ, ყველაფერი რიგზე იქნებოდა, საქართველოში რომ ბევრი ადამიანი კითხულობდეს წიგნს...

ყოველ შემთხვევაში, ამდენს არავინ იყვირებდა "ბუკინისტების" მტკვრის პირას გასახლების გამო!

დავსვათ შეკითხვა: რატომ ყვირის ეს ხალხი (მკითხველები, წიგნების გამყიდვლები, გამომცემლები)?

პირადად მე, მაგალითად, ის არ მესიამოვნა, იმავე ადგილას რომ ვერ მივიდოდი წიგნების შეთვალიერება-შეძენისთვის, სადაც 10 წელიწადზე მეტია დავდივარ, და არც ის მომეწონა, კონკრეტული ადგილის შეჩვევა-შეყვარებისთვის რომ გაკიცხეს ზოგ-ზოგიერთებმა ჩემნაირები.

ნუ, ჰა, გადავეჩვევი, ბატონო, რახან ასეთი ამბავია - რახან ქვეყნის განვითარება-გაბრწყინებისათვის ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მელიქიშვილის ქუჩიდან წიგნების დახლების გაქრობა! კრინტსაც აღარ დავძრავ, რაკი ასე აყენებენ საკითხს: გინდათ წიგნები მელიქიშვილზე? მაშინ დაემშვიდობეთ თბილისის გაპარიზების იდეას! იკმარეთ თქვენი გუამი, ზედ არ შემოგვხედავს ევროკავშირი...

მოკლედ, რა გაეწყობა, შევეჩვევი ახალ ადგილს (მეც მინდა პარიზში!), თან აგერ მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, ამხ. . გონაშვილმაც მოიწონა იქაურობა - გაზაფხულზეც კაი იქნება და შემოდგომაზეცო...

სანაპირო მე არ შემაშინებს! ზოგჯერ ისეთ ადგილებში დავდივარ წიგნების სანახავად, დედა-ენის ძეგლის დამოები მართლაც პარიზის გულად მოგეჩვენებათ, -ნო მაყვალა...

დავაკონკრეტოთ შეკითხვა. რატომ ბრაზობს მკითხველი?

პასუხი: ბრაზობს იმიტომ, რომ ისინი, ვინც იქ, მელიქიშვილზე იდგნენ და "ბუკინისტებად" მოიხსენიებოდნენ, რეალურად, ჩვეულებრივი, ახალი წიგნებით მოვაჭრეები გახლდნენ (ცხადია, ზოგს ძველი წიგნებიც ჰქონდა, მაგრამ ძირითადად მაინც რუსეთიდან ჩამოტანილ ახალ გამოცემებს ყიდდა ეს ხალხი), ახლა კი გაქრნენ და ჯერაც არ გამოჩენილან მტკვრის პირას... მკითხველი კი ღელავს, რადგან მიუხედავად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა - ჯერაც იმიტომ რჩება აქტიურ მკითხველად, რომ მრავალგვარ რუსულ გამოცემას ყველაზე ხშირად (და სისტემატურად) სწორედ ამათთან იძენდა... მხოლოდ არსებული წიგნის მაღაზიების ამარა რომ დარჩე (მგონი, სულ ექვსი ცალია თბილისში, აქედან ორიც - კაფე), საუკეთესო ვარიანტში, წელიწადში ორჯერ მოგიწევს ახალმიღებული "პარტიის" შეთვალიერება, ხოლო რუსულ-ქართული ომის მერე, თუ არ ვცდები, მხოლოდ ერთხელ ჩამოიტანეს შედარებით საინტერესო წიგნები.

ნუ, რა ვქნათ, ჩვენი რა ბრალია, თუკი ყველაზე მეტი მომხმარებელი მაინც რუსულ თარგებს ჰყავს თბილისში? მართალია, პუტინი სისხლისმსმელია და არც მედვედევი გამოდგა დიდი ლიბერალი, მაგრამ წიგნებს კი მაინც მაგრა და ბევრს ბეჭდავენ რუსეთში. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ ეს მაღაზიები რომ შეგრჩეს და მათთან ერთად კი მხოლოდ ქართული წიგნები, უკანასკნელ უწიგნურად აღესრულები.

რაც შეეხება წიგნებს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენაზე: ბევრს კი ვლაპარაკობთ რუსული ენა დაგვავიწყდა და ყველა ინგლისურად ავმეტყველდითო, მაგრამ დასავლურ ენებზე გამოცემული წიგნები, სამწუხაროდ, კვლავაც დეკორატიულ ფუნქციას ასრულებენ მააზიებში - წიგნის მაღაზია "პარნასში", მაგალითად, წლებია სამუზეუმო ექსპონატებივით წარმოადგენენ რამდენიმე მშვენიერ ინგლისურ და გერმანულენოვან წიგნს (ამ ექსპონატთაგან ერთ-ერთი - ჰაინერ მიულერის პიესები - დიდი ხვეწნა-მუდარის მერე წავგლიჯე მაღაზიის დირექორ, - . დარსალიას. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი ქართულ განძს, ესეც მასსავით ბეჯითად და სათუთად უფრთხილდება თავის "უცხოურ" წიგნებს).

სასიამოვნო გარემოა, მაგრამ მწირი არჩევანია ინგლისური წიგნის მაღაზია prospero's books-შიც. აქ, ძირითადად, კავკასიურ ომებზე დაწერილი ლიტერატურა, ტურგენევის "მუმუს" ინგლისური თარგმანები, ჰემინგუეის "მოხუცი და ზღვა", ვადაგასული "ალი და ნინო" და მსგავსი წიგნები გვხვდება. შედარებით თანამედროვე ლიტერატურული ტექსტი (1989 წელსაა დაწერილი!), რომელიც ამ კოხტად მოწყობილ მაღაზიაში მოვიძიე, ფამუის "მე წითელი მქვია" იყო. და, ჰა, კიდევ ეს საშინელი ვამპირული საგა...

ამას დავუმატოთ დიუმას ცენტრიც, თავისი თარგმანებით და მორჩა, წიგნის საძიებელ რუკაზე ბოლო წერტილი გვექნება მონიშნული.

თუმცა განა იმას ვამბობ, ლიტერატურულ კაფე-მაღაზიათა მფლობელების არ მესმის-მეთქი, მესმის, როგორ არა! იმიტომაც არ ჩამოაქვთ ხშირად ბევრ-ბევრი ახალი წიგნი, რომ მათი მყიდველ-მკითხველი არ მოიძიება საქართველოში. აბსოლუტურად ვეთანხმები მწერ-კავშ-თავმჯდომარეს, - . გონაშვილს - დიახ, ყველა ვერ იქნება დიდი ექვთიმე! მართლაც განძად ხომ არ დადებ ყველაფერს!

მაგრამ შეკითხვა მაქვს: მაშ, წიგნის გარემოვაჭრეები როგორღა ყიდიან (უფრო სწორად, ყიდნენ) ახალშემოსულ ინტელექტ-საქონელს? თუ ამათ ცოტაც ჰყოფნიდათ? შეიძლება. არ ვიცი. სად მაღაზიის ფლობის ხარჯები და სად ქუჩის ერთ-ორ კვადრატულზე დგომა! ამაზე პასუხი არა მაქვს. ჩემზე ჭკვიანებმა უნდა ახსნან.

მოკლედ, მაინც იქ მივედით, სადაც დასაწყისში ვიყავით: არც მკითხველი გვყავს და არც წიგნის მყიდველი.

ესენი რომ ბლომად გვყავდეს, წიგნის მაღაზიებიც უხვად გვექნებოდა და მტკვრის პირასაც, არა მხოლოდ გუამ-სუამის, არამედ როგორც ევროკავშირის წევრები, ისე ჩავიდოდით. რა, ტყუილად კი არ ითქვა რუსთავი 2-ის "კურიერში" - აქ გაზაფხულზეც კაია და შემოდგომაზეცო...

მკითხველი კი იმიტომ არ გვყავს ბევრი, რომ საქართველოში კითხვა არ უყვართ (ან არ იციან), კითხვა კი იმიტომ არ იციან (და არ უყვართ), რომ სკოლაა ცუდი (და მშობლების დროსაც ასეთი იყო - წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მაინც ეყვარებოდათ კითხვა), სკოლა კი ცუდი იმის გამოა, რომ რაღაც მოურჩენელი სჭირს ჩვენს განათლებას და კულტურას (როგორც სისტემას), მოურჩენელი კი იმიტომაა, რომ საფუძვლიანად არ ვმკურნალობთ, საფუძვლიანად კი იმიტომ არ ვმკურნალობთ, რომ რეალურად თავად ვართ სამკურნალოები, ჩვენ თვითონ კი იმიტომ ვართ სამკურნალოები, რომ პლანეტა სსრკ- მაცხოვრებლები ვიყავით, პლანეტა სსრკ-ში კი იმიტომ ვცხოვრობდით, რომ ნოე ჟორდანია ბოლო წუთამდე ფიქრობდა - ლენინი არ მომატყუებდაო და მერე კაი ჩიტიც დაიჭირა, ასე კი იმიტომ ფიქრობდა, რომ, ლენინის არ იყოს, თვითონაც მარქსისტი გახლდათ, მარქსიზმა კი ტვინი აურია ევროპელს, უპირველეს ყოვლისა - გერმანელ ინტელექტუალს, გერმანელ ინტელექუალებს კი იმიტომ აერია ტვინი, რომ სრულ ანაქრონიზმად მიიჩნია ევროპული მონარქია, ევროპულ მონარქიას კი ზოგ-ზოგიერთები უკვე 1789 წლიდან თვლიდნენ ანაქრონიზმად, ანაქრონიზმი კი მაშინ იქცევა ნამდვილ ანაქრონიზმად, როცა ცნობისმოყვარე მკითხველს "ბუკინისტს" არ შეატოვებ...

ყველაფერი კი იმიტომაა ასე, რომ ჩემს კრიტიკულ წერილს ბევრი ადრესატი ჰყავს, კონკრეტული კი - არც ერთი. საჩივლელი, როგორც ხედავთ, ბლომად მაქვს (თუნაც ზემოთ ჩამოთვლილ საკითხთა გამო), მაგრამ, აბა, ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია...

დაიბეჭდა ჟურნალ “ლიბერალში”

No comments:

Post a Comment