უკვე საკმაო ხანია, რაც მიდის პოლემიკა ბუკინისტების ქალაქიდან აყრისა და მათი ერთ ადგილას გადასახლების გამო. აზრი გამოთქვეს მწერლებმა, გამომცემლებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ (ამავე დროს, მწერალმა, თუ - პირიქით), და რაც მთავარია, სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა თუ ფორუმებზე – უბრალოდ, მკითხველებმა. მომხრეთა თუ მოწინააღმდეგეთა არგუმენტები თითქოს ერთნაირად მყარი და დამაჯერებელი იყო, თუმცა - სხვადასხვა ტიპის. ბუკინისტების აყრის მომხრენი ხშირად იურიდიული ენით საუბრობდნენ და მოკამათეებს ემოციურობასა და რომანტიზმში სდებდნენ ბრალს. თითქოსდა ორივე მხარემ ყველაფერი თქვა, და აწი მხოლოდ “კი”-ს ან “არა”-ს თქმით, პოზიციის დაფიქსირებითღა უნდა შემოიფარგლონ ისინი, ვინ საკუთარი აზრის გამოხატვა დააგვიანა.
თითქოს... მაგრამ, მგონი, არც მთლად ასეა. კვლავ მორიგ რომანტიკულ ჩანახატად რომ არ ჩათვალონ ჩემი ნაწერი, შევეცდები, იურიდიული ენით მოლაპარაკეებს მათივე ენით დაველაპარაკო და საკუთარი არგუმენტები უკან შევუტრიალო. რამდენად გამომივა, თავად განსაჯეთ.
პოლემიკაში ხშირად ტრიალებდა კარტოფილის თუ პომიდვრის თემა. “კანონმოჩილნი” ამბობდნენ, თუ გარე ვაჭრობა აიკრძალა და კარტოფილის თუ პომიდვრის ყიდვა აღარ შეიძლება, მაშ, წიგნის ყიდვა რატომ უნდა შეიძლებოდესო, “რომანტიკოსები” კი გაიძახოდნენ, წიგნი კარტოფილი და პომიდორი ხომ არ არის, ერთ პირობებში რომ დავაყენოთო. “კანონმორჩილნი” ესთეტიკურ საკითხებსაც აყენებდნენ: აბა, რა ლამაზი სანახავია ცელოფანგადაფარებული უსახური სტენდები ქუჩებშიო.
მოდი, შევეშვათ წიგნისა და ხილ-ბოსტნეულის ერთმანეთთან შედარებას, მითუმეტეს, რომ შესადარებლად შინაარსით გაცილებით ახლოს მყოფი რაღაცები მოგვეპოვება. ლაპარაკია სხვა ბეჭდურ პროდუქციაზე - ჟურნალ-გაზეთებზე, და პრესის იმ სტენდებზე, რომლებიც დღემდე თბილისის ქუჩებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ერთი გამაგებინებეთ, თუ ის გარევაჭრობაა, ეს არაა გარევაჭრობა? და თუ ბუკინისტების სტენდები, სადაც მსოფლიო ლიტერატურის შედევრებია გამოფენილი, აუშნოვებს ქალაქს, ის სტენდები ათასჯერ უფრო არ აუშნოვებს, სადაც “სარკე”, “თბილისელები”, “რეიტინგი”, “ასავალ-დასავალი” და ათასობით ასეთი ყვითელი გამოცემაა გამოფენილი? მით უმეტეს, რომ წვიმასა თუ ქარში მათ სტენდებსაც ისეთივე ცელოფნები აქვს გადაფარებული?
შეიძლება მავანმა თქვას, ყვითელი პრესის გვერდით ხომ სოლიდური პრესაც იყიდებაო, შეიძლება, სხვამ დაამატოს, პრესა ყოველდღიურია და ამიტომ ყველგან უნდა იყიდებოდეს, წიგნის საყიდლად კი მიბრძანდით წიგნის მაღაზიებში ან დედაენის ბაღშიო, მაგრამ თუკი კანონი უზენაესია, განა ეს არგუმენტია? გამოდის, რომ ვიღაცები კანონს, როგორც უნდათ, ისე იყენებენ და ირგებენ. თავისთავად ჩნდება ეჭვი, რომ ბუკინისტების აყრა გამომცემლების მიერაა ლობირებული, ვინაიდან ქუჩაში წიგნების არსებობა მათ ბიზნესს რაღაცნაირად ხელს უშლიდა.
არიან თუ არა ისინი ბუკინისტები? – ამ კითხვას სვამდნენ გამომცემლები საკუთარ წერილებში და ამტკიცებდნენ, რომ დიდი ნაწილი ვითომბუკინისტებისა, სინამდვილეში გადამყიდველია. ალბათ ისინი, ასე თუ ისე, მართლებიც არიან, ნამდვილი ბუკინისტი სხვაა და სასკოლო სახელმძღვანელოების გადამყიდველი – სხვა. მაგრამ, რადგანაც აქ თითქოსდა ზღვრის გავლება საკმაოდ ძნელია, მათი აზრით, ყველა უნდა აიყაროს. ცხადია, უფრო მეტად ვერ გავავლებთ ზღვარს “ლიბერალის”, “24 საათის” და “სარკე”-ს გამყიდველს შორის, რადგან ორივე გამოცემა ერთ სტენდზე დევს. რა ვქნათ ახლა: მათაც გამოვუყოთ ერთი პარკი და ვისაც პრესის შეძენა მოუნდება, იქით გაეშუროს? თუ იქნებ მაინც ვცადოთ და დავანაწევროთ ისინი? მაგალითად, ყვითელი პრესა “ბლიადსკი პარკში” გაიყიდოს, სახელისუფლებო პრესა – “ვარდების პარკში”, ლიბერალური კი, ვთქვათ – ვერის ბაღში?
გასაგებია, რომ უკვე ვხუმრობ, ვხუმრობ, რათა “კანონმორჩილებს” მათი არათანამიმდევრულობა დავანახო და ის, რომ უფრო მეტად საკუთარი ინტერესებიდან ამოდიან, ვიდრე - სახელმწიფო ინტერესებიდან. და ალბათ გესმით, რომ არანაირად არც პრესას და არც პრესის გამყიდველ საწყალ ხალხს არ ვერჩი, პირიქით, თუ საჭირო გახდა, მათაც ბოლომდე დავიცავ.
აი ესაა. სულ ესაა ჩემი “არარომანტიული” ხედვა ამ საკითხისა. თუმცა თავს ალბათ მაინც ვერ შევიკავებ, და წერილის ბოლოს “რომანტიულადაც” ვიტყვი რამდენიმე სიტყვას:
წიგნი ყველგან უნდა იყოს და არა მხოლოდ რამდენიმე წიგნის მაღაზიაში და დედაენის ბაღში. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ყოფამ და ხალხის მიზანმიმართულმა გამოტვინებამ თითქმის საერთოდ დაავიწყა მოსახლეობის 99%-ს წიგნის არსებობა. ჰო, ასეა, ქუჩაში უაზროდ რომ გაბოდიალდება, ყველგან უნდა შეეჩხიროს ასეთ ადამიანს თვალში წიგნი! იქნებ, რომ მობეზრდება ეს უაზრო არსებობა, მივიდეს ერთ-ერთ დახლთან და დახედოს... მერე რომელიღაც წიგნი აიღოს ხელში, გადაფურცლოს... და საერთოდ, ქვეყნის მოსახლეობას უნდა ახსოვდეს წიგნის არსებობა. ვიზუალურად მაინც უნდა ახსოვდეს, როგორც კი იგი ამას დაივიწყებს, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ქვეყანა დაშლილი, დანგრეული და უპერსპექტივოა. იარაღის ჟღარუნით სახელმწიფო ვერ აშენდება!
ვიზუალურად მაინც უნდა ახსოვდეს-მეთქი, ვთქვი... ჰო, მესმის, ეს ბოლო ეტაპია, თითქოს არც არაფრის მომცემი, მაგრამ ოდნავ მაინც რაღაცის იმედს რომ გიტოვებს, ისეთი... წიგნებიც ცოტა აგრესიულები უნდა იყვნენ ამ სამყაროში, კი არ შეიყუჟონ ფრთხილად და დაიმალონ, არამედ ხანდახან შეტევაზეც უნდა გადავიდნენ ხოლმე... წიგნებო, წინ!
დაიბეჭდა ჟურნალ “ლიბერალში”
No comments:
Post a Comment