Friday, November 5, 2010

მარიო ვარგას ლიოსა – იმედის უფლება


გრემ გრინის "ძალა და დიდება"

გრემ გრინმა 1938 წელს რამდენიმე თვე დაჰყო მექსიკაში, ტაბასკოს და ჩიაპასის შტატებში ცხოვრობდა. მწერალი აგროვებდა მასალებს რელიგიურ დევნათა შესახებ. ეს დევნა პრეზიდენტ კალიესის დროს დაიწყო და გაგრძელდა ლასარო კარდენასის მმართველობის პერიოდში. ამ მოგზაურობის შედეგად შეიქმნა ჩანაწერების წიგნი: "იქ, სადაც კანონი არ კანონობს" და რომანი "ძალა და დიდება". ეს რომანი "საქმის არსთან" ერთად გრინის საუკეთესო ნაწარმოებად იქცა.
დღესაც კი (ნახევარი საუკუნის შემდეგ მას აქეთ, რაც ეს რომანი გამოქვეყნდა და ისტორიული ვითარება შეიცვალა) ნაწარმოები წარუშლელ შთაბეჭდილებას სტოვებს.
შესანიშნავად მოთხრობილი უბრალო ამბის დრამატულ საყრდენად გრინმა გონებისა და რწმენის უძველესი კონფლიქტი აქცია. უფრო ფართო აზრით, ეს იყო კონფლიქტი ორი შეურიგებელი უტოპიისა - სპირიტუალიზმისა და მატერიალიზმისა. დევნილი, უსახელო მღვდელი და ასევე უსახელო კაცი, მისი მადევარი პოლიციის ლეიტენანტი, - ეს ორი პერსონაჟი შემთხვევით როდი დატოვა ავტორმა სახელის გარეშე, ისინი კონკრეტულ ადამიანებზე მეტად ზოგადი იდეები არიან, აბსტრაქციები, ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისებს განასახიერებენ, როგორც დღე და ღამე, მანკიერება და სათნოება. ამ პერსონაჟებში გამომჟღავნდა დაპირისპირება, რომელიც სხვადასხვა დოქტრინის და იდეოლოგიის ფორმით თავისებურ ლაბირინთს ქმნის. ეს ლაბირინთი ადამიანთა მთელ მოდგმას მოიცავს. ამასთანავე, მთხრობელის პოზიცია მეტად რთულია: ის თითქოსდა ცდილობს გაამართლოს ბოროტი ლეიტენანტი და გახელებული ესხმის თავს პატარა, კეთილი საწყისის განმასახიერებელ მღვდელს, მის სისუსტეებს წარმოაჩენს. გრემ გრინამდე ეს ხერხი ზოგიერთმა კათოლიკე მწერალმა გამოიყენა: ფრანსუა მორიაკთან და ბერნანოსთან მკითხველები შეეჩვივნენ ადამიანური სიბინძურიდან და სიბილწიდან გამონათებული სიკეთის ნაპერწკლების ხილვას. ისეთ ავტორთან, ვთქვათ, როგორიცაა კლოდელი, უკვე ნახსენები ხერხი ძალზე თვალსაჩინო გახლდათ, ზნეთადამრიგებლური ფინალი კი ნებისმიერ თხრობას ცვლიდა, ნებისმიერ პიესას იგავად აქცევდა. ისინი კარგი მწერლები იყვნენ, მაგრამ მხოლოდ მორწმუნეთათვის წერდნენ, იმათთვის, ვინც ეჭვების ტყვეობაში არ არიან. "ძალა და დიდება" კი პირიქით, სწორედ დაეჭვებულთათვის არის დაწერილი. და თუმცა გრინის სტილური შესაძლებლობები არცთუ ისე დიდია, - როგორც, ვთქვათ, კლოდელისა, და ინტელექტუალური დახვეწილობითაც ის ბევრად ჩამოუვარდება მორიაკის ტიპის მწერლებს, - მისი წიგნი უაღრესად თანამედროვეა და დღევანდელი მკითხველისთვის არის განკუთვნილი, მაშინ, როცა კლოდელის და მორიაკის წიგნები დღითი დღე ძველდება.
ლეიტენანტი - მკაცრი და სწორხაზოვანი ადამიანია, მისი იდეები აბსოლუტურ თანხმობაშია მისსავე ქმედებებთან. მოვალეობის გრძნობა მისი ცხოვრების საზრისს წარმოადგენს. ის არ სვამს და, ახალგაზრდობის მიუხედავად, არ არის გატაცებული ქალებით. მისთვის აშკარაა სოციალური უსამართლობის ფესვები და იგი ვერ იტანს ეკლესიას და მღვდლებს, რადგან მათ უბრალო ადამიანების მჩაგვრელებად მიიჩნევს. ამასვე ეუბნება მღვდელს მისი დაპატიმრების დღეს: როგორ შეიძლება შეურიგდე იმ რელიგიას, რომელიც თავის მსახურებს აძლევს იმის უფლებას, სააღმსარებლოში მოისმინონ აღიარებანი მონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა, მიუტევონ აღმსარებლებს და შემდეგ მშვიდად მიუსხდნენ სადილის სუფრას. ლეიტენანტის ღარიბებისადმი გამოცხადებული სოლიდარობა აბსტრაქტულია, თუმცა ზოგჯერ კონკრეტულ კეთილქმედებაშიც ვლინდება: მაგალითად, იგი ჩუქნის მცირე ფულს იმ საწყალ ადამიანებს, რომელთაც მერე თვითონვე აგზავნის ციხეში აკრძალული სასმელის მიღების გამო. ლეიტენანტს სწამს კანონისა და სიცოცხლისა დედამიწაზე, სწამს, რომ შეიძლება კანონის მეშვეობით ცხოვრების შეცვლა. მაგრამ სააქაოდან სამუდამოდ რომ გაქრეს უსამართლობა და სიღატაკე, საჭიროა ჯერ ის სამყარო გაქრეს, რომლის წარმოგზავნილადაც პატარა მღვდელი ითვლება. სხვა სამყაროს არსებობა, ამ სამყაროზე ოცნება წარმოადგენს გადაულახავ წინააღმდეგობას დედამიწაზე სამოთხის გაშენებაში. ვიდრე ცრუმორწმუნე ღატაკნი იმის იმედად იქნებიან, რომ ამქვეყნიურ ტანჯვათა გამო იმქვეყნად მიეზღვებათ, არაფერს არ ეშველება. უნდა ყველაფერი შეიცვალოს და სააქაო ქვეყნიერება იქცეს სამართლიანობის სამეფოდ, სადაც გონების კანონები მოქმედებს და არა შიში ან ილუზიები. ამას ფიქრობს ლეიტენანტი და შესაბამისად მოქმედებს კიდეც: დაეხეტება თავის შტატში და ეძებს მღვდლებს, მუსრს ავლებს მძევლებს, ხოლო სოფლებს კი ატერორებს. მისი პრინციპი ასეთია: მიზანი ამართლებს საშუალებას. იმისათვის, რომ დედამიწაზე ზეციური კანონები დამყარდეს, უნდა მოისპოს ზეციური მტაცებელი არსებანი.
ლეიტენანტის მოწინააღმდეგე მოკლებულია ყოველგვარ მიზანსწრაფულობას და საკუთარ თავში დარწმუნებულობას. მღვდელს უყვარს დალევა, მან უმანკოების აღთქმაც დაარღვია - ჰყავს გოგონა გლეხის ქალისაგან, რომელთანაც შესცოდა სიმთვრალეში. მთავარი კი ის გახლავთ, რომ მღვდელი მშიშარა და დაბნეული ადამიანია. მან თვითონვე შესანიშნავად იცის ყოველივე ეს (მთხრობელიც არ ცდილობს ჩვენს მოტყუებას და არ უძებნის მორალურ და ფსიქოლოგიურ გამართლებას თავის გმირს). როდესაც შტატში ეკლესიის დევნა დაიწყო, მღვდელი არ გაქცეულა სხვა სასულიერო მსახურთა მსგავსად. რამ ითამაშა აქ გადამწყვეტი როლი - პრინციპების ერთგულებამ, მაღალმა ზნეობრივმა თვითშეგნებამ? როდესაც იგი დახვრეტის მოლოდინში განვლილ ცხოვრებას აჯამებდა, აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებული გმირობა სახიფათო ადგილზე დარჩენისას მას არ გამოუჩენია. აქ თავისი სიტყვა პატივმოყვარეობამ და, როგორც საბოლოოდ გაირკვა, არასწორმა გათვლამ თქვა. ის კიდევ იმიტომ არ გაიქცა, რომ ფიქრობდა, მარტოდ დარჩენილი თავის ნებაზე მოიქცეოდა, ვერავინ შეუქმნიდა დაბრკოლებებს. და კიდევ: ამ საქციელით ის სამაგიეროს უხდიდა გაქცეულ მღვდლებს, რომლებიც მუდამ ექიშპებოდნენ მას. მოგვიანებით, როცა გუბერნატორმა გამოსცა ბრძანება იმის შესახებ, რომ ყველა სასულიერო პირს ქორწინების უფლება ეძლეოდა, ყველაფერი ისე აეწყო, რომ აქაც ხელი მოეცარა თითქოს სხვა მღვდლების გამო, რომლებმაც ამ მღვდელს წამებულის როლი დააკისრეს. თუმცა სხვაც უნდა ითქვას: ეს კაცი მღვდლადაც არ ვარგოდა, ხელისცეცებით იკვლევდა გზას ცხოვრებაში, არ შეეძლო საკუთარ ბედზე ღმერთისმიერი ანაბეჭდების ამოცნობა და მისი ყოველი საქციელი ავადმყოფი სინდისის ნიშნით იყო აღბეჭდილი. მორწმუნეთათვის ამგვარი მღვდლისგან შეწევნა ნაკლები გახლდათ. მას არ ჰყოფნიდა მოთმინება, მძიმე ხასიათს ავლენდა მათდამი დამოკიდებულებაში, ვინც ნუგეშის სიტყვისთვის მიდიოდა მასთან. ამიტომ ერთხანს ამპარტავანი კაცის სახელიც გაუვარდა, ის რვა წელი ემალებოდა ხელისუფლებას და არაერთხელ დააპირა შტატებიდან გაქცევა. შიში მოსვენებას უკარგავდა.
არ არის ძნელი იმის განჭვრეტა, თუ რა შთაბეჭდილება შეექმნება მკითხველს უკანასკნელი ფურცლის წაკითხვისას. გონების და კანონის უანგარო დაცვისაგან საკმაოდ შორს მდგომი კაცი რომანში ნამდვილ ადამიანურობას განასახიერებს. ის არ იწვევს აღფრთოვანებას და თანაგრძნობას, ყოველივე ამას მისი მსხვერპლი იწვევს - ადამიანი, რომელიც თავის თავში უამრავ წინააღმდეგობას და ნაკლოვანებას ატარებს და რომლის სხეულიც, დაცხრილული ტყვიებით ქალაქის პატარა მოედანზე აგდია. იმ ორ უტოპიათაგან, რომანში რომ ერთმანეთს უპირისპირდება, უფრო საშიშია და ვერაგი სახრჩობელების და დამწვარი ეკლესიების ფასად დედამიწაზე სამოთხის დამამკვიდრებელი უტოპია. კიდევ რამდენი ადამიანის დახვრეტა მოუწევს ლეიტენანტს, რათა თავისი ნაოცნებარი ახალი საზოგადოება რეალობად აქციოს? მღვდლების განადგურების შემდეგ თანამებრძოლთა კედელთან მიყენების ჯერი დადგება. ამ თანამებრძოლთა შორის ლეიტენანტის უფროსიც იქნება, რომლისთვისაც რევოლუცია როგორც ლეიტენანტისათვის იდეალი კი არ არის, არამედ ძალაუფლების მიღწევის და იატაკქვეშა კომერციის მეშვეობით გამდიდრების საშუალება.
სოციალური თვალსაზრისით ლეიტენანტი ნებისმიერ ფანატიკოსზე სახიფათოა: ის პოლიტიკოსი-მეოცნებეა. ის დაჰიპნოზებულია რაღაც გამჭვირვალე ხილვებით და რეალობას ვერ ხედავს. მას ვითომდა სიკეთე სურს, სინამდვილეში კი უკეთურებას სჩადის. შესაძლებელია თავისი ქადაგებებით საიქიო ცხოვრებაზე მღვდლები მართლაც უჩლუნგებდნენ პროტესტის გრძნობას გაჭირვებულებს, მაგრამ ლეიტენანტს არ ესმის სხვა რამ: განმათავისუფლებელი (მისი რწმენით) რევოლუცია უსამართლობის ერთ ფორმას ცვლის მეორეთი და აღაზევებს ჩაგვრის ახალ ფორმებს, ახლებურ ობსკურანტიზმს და კორუფციას.
შეიძლება ვინმემ საკამათო გახადოს ის დასკვნები, რომელსაც პატარა მღვდელი რწმენის დასაცავად მოიხმობს. ამ დასკვნების გაგონებისას ნებისმიერ თანამედროვე თეოლოგს, თავისუფლების მქადაგებელს თმა ყალყზე დაუდგებოდა. სიტყვა ეხება შემრიგებლურად განწყობილ მღვდელს: დაპატიმრების დღეს ლეიტენანტთან საუბრისას ის ამტკიცებს, რომ რადგან "ყველანი სამყაროში უბედურები არიან, განურჩევლად ღარიბებისა და მდიდრებისა, ღირს კი ეშინოდეს ადამიანს ტკივილის?" რა შეიძლება იყოს სულის ხსნაზე მნიშვნელოვანი? მღვდლის არგუმენტების მოსმენის შემდეგ ჩვენ ვრწმუნდებით, რომ სოციალური უსამართლობა არის გარკვეულწილად ასატანი ბოროტება. ამ ბოროტებაში ხომ სამომავლოდ მარადიული ხსნის გარანტია იმალება.
პატარა მღვდელი რომანიდან "ძალა და დიდება" სიმპათიას იმსახურებს არა თავისი განსჯებით, არამედ თავისი ბედით. ეს ადამიანი მარტოსულია და დაუცველი. სწორედ ამ ნიშნებით ჰგავს იგი საზოგადოების მსხვერპლთ - გლეხებს და ინდიელებს, რევოლუციის ქარიშხალში მძევლებად ქცეულებს... ჩვენს დროში, როცა ალერგიაც კი არის გაჩენილი ჭკუისდამრიგებლური თხრობის მიმართ, რომანი "ძალა და დიდება" კვლავაც ინარჩუნებს სიცოცხლეს, რადგან მორწმუნეთ და არამორწმუნეთ ერთ რამეს სთავაზობს: იმედის შენარჩუნების უფლებას. და განა იმედი წარმოსახვის და სულიერების ნაწილი არ არის?
და კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ამ რომანმა დროს გაუძლო: აქ წამოჭრილი პოლიტიკური და ზნეობრივი პრობლემები ძალიან ოსტატურად არის ჩაწნული მიმზიდველ სიუჟეტში და ამ სიუჟეტის მიღმა ილანდება. სულ სხვაგვარადაა საქმე უამრავ იდეურ რომანებში, სადაც სიუჟეტი მხოლოდ საშუალებაა გარკვეულ შეხედულებათა სისტემისა. მსგავს შემთხვევებში მკითხველი ხედავს, რომ რომანის გმირებს აკლიათ თავისუფლება, მაშასადამე, დამაჯერებლობაც, ისინი უფრო მარიონეტებს ჰგვანან, ვიდრე ცოცხალ ადამიანებს. ასეთ დროს რა მნიშვნელოვან თემაზეც არ უნდა საუბრობდეს ავტორი და რა იდეებსაც არ უნდა სთავაზობდეს მკითხველს, დამარცხება გარდუვალია. რომანის უპირველესი დანიშნულებაა არა მკითხველის დამოძღვრა, არამედ მისი მოჯადოება. მწერალმა უნდა დაამარცხოს მკითხველის სკეპტიციზმი, დაიპყროს მისი ყურადღება, განაგოს მისი გრძნობები, რეალურ სამყაროს მოაშოროს და აიძულოს ილუზიის სამყაროში გადასახლდეს. ავტორს არ ძალუძს პირდაპირი გზით მიაწვდინოს მკითხველს თავისი სათქმელი, თავდაპირველად მან უნდა დაასნეულოს მკითხველი გამოგონილი სამყაროს სიცოცხლისუნარიანობით და აიძულოს იგი (კითხვის მაგიურ სივრცეში) განიცადოს ტყუილი, როგორც მართალი და მართალი, როგორც ტყუილი.
გრემ გრინი ოსტატურად მოგვითხრობს ისტორიას. ის ქმნის ეფექტებს და აღვივებს ცნობისმოყვარეობას მოულოდნელი აღიარებებით, აგრეთვე დრამატულ სცენებში აქსოვს იუმორს, შეუძლია რამდენიმე შტრიხით დახატოს გმირის ხასიათი ან პეიზაჟი. რომანში "ძალა და სახელი" განსაკუთრებით თვალშისაცემია გრინის სახეების ვიზუალური, კინემატოგრაფიული ბუნება...
გრემ გრინის შემოქმედება კრავს გარკვეულ ციკლს. ის აღწერს დასავლური სამყაროს გარეუბნებს, სადაც ჯერ კიდევ მეფობს პრიმიტიულობა და ველურობა.

თარგმნა ანდრო ბუაჩიძემ

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:

Post a Comment