Thursday, December 16, 2010

გია მირზაშვილი - ლექსები


ნატერფალი

ჯიხურის უკან - აბრა ნეონის, მუნდშტუკით კაცი ლოხი.
ვერ დამიმონეს წარმტაც ქალაქში, არ წავხდი მურტალ დროში.
ხრიოკ ასფალტზე ხარობს სამყურა, კენკავს ბეღურა ხოზოს.
ხელმარჯვე ხარაზი ჩაბარდა პატრონს, ქანაობს ქარში ქოში.
ბოთლი - მუგუზალი, ცა - ულტრამარინი,
მდელო იისფერი, ზღვა - ალიზარინი.
სურნელება ლაქის, კვალი ზეთისხილის,
გაწებილი ფუნჯი, გათენება დილის.
ზოლი კინოვარის, ვარდისფერი კვამლი,
უმბრის ნატერფალზე ლაღად დავსვამ მთვარეს.
კიოსკის უკან - ამქარი ლოთების, თეფშზე წითელი დოში.
ვერ დაიმონეს წარმტაც ქალაქში, არ წახდნენ მურტალ დროში.
მტვრიან ეზოში არ ჰყეფს მურია, ვგონებ არა აქვს ხოში.
მარჯვე მხატვარმა დალია სული, ჩექმა აგდია თოვლში.


ქალი


ჯავარი ქალის

ხავერდი ჟღალი

მაქმანი შავი
რამსებს აგირევს.

პირველი აპრილი


კამოს ქუჩა. ქალი მოპსით.
მყუდროება უწინდელი.
მოტარტარე მეეზოვე.
ფერმიხდილი ღობე.
ყარაული დაყურსული.
ცალგვერდა ვილისი.
შენს ნახატს არასდროს არავინ იყიდის.


მკვიდრი


ბზინვარე ლამპა, ღერი ქემელის,
ჭრელ ნამუშევრებს ვერ იტევს კედელი.
მკვიდრი ოთახის, ქანცგაწყვეტილი.
ნაჯახირევი გაცვდა ღვედები,
ნაღვენთი დარდის, რწმენით ურყევით
გრჩება უთქმელი სათქმელი ულევი.
ამსიმძიმე ლოდი, დრომოჭმული იჭვი,
სარეკლამო ფარზე დამტვერილი ფიქრი.
ქეჩოში მწვდა ჟინი, მომიყვანა შენთან.
ქალი ღირებული გაგიმეტა ბედმა.

***

მაღარიჩი ბედოვლათის, ნარგიზები ქათქათა,
მოიქუფრა არემარე, ჩიტი არღნის გაფრინდა.
აქ რა ქარმა გადმოგაგდო, კარგი დახლი დაგიდგა.
უგზო-უკვლოდ ხეტიალი, ალხანა და ჩალხანა.
ლუდხანიდან რიტმი რეპის, სევდიანი ლამბადა.
ბედშეკრულ ქალს ადღეგრძელებს მოარშიყე თამადა.

ელენეს

მარტი ანჩხლი. პური მარგი.
სანთებელა. მზერა სათნო.
რხევა ტალღის. ქარაშოტი.
სერენადა უგიტაროდ. არ დამშორდე.
ხამუშ-ხამუშ უბედობა,
ალაგ-ალაგ ათინათი.
დაგეკვეთა ჟამი მარჯვე.
მოვინატროთ ნებივრობა.
მარტი ანცი. ქარაშოტი.
სერენადა უგიტაროდ.
არ გამწირო. არ დამშორდე...

ცისკრის ვარსკვლავი
მათარით არაყს დავატარებდი,

საფრთხეს ვუგებდი ხაფანგს,
ბედნიერ საათს დაბადებული

გადავდიოდი მალაყს.
ფიქრის გორაზე დაბუდებულა
ჩუმი ვარსკვლავი ცისკრის,
ტოლჩას მდუღარე ყავით აავსებს
და ფეხშიშველი ივლის.

მათარით გესლი მიტარებია,

ეშმა მიგებდა ხაფანგს.
მე დაბრკოლება კვლავ გამაკაჟებს…

ამ სიტყვებს ვუძღვნი მაკას.

შენ და მე


ღამე გაგითენებიათ,
ფიქრი სევდას ეკვროდა.
ეს ტანჯული მუსაიფი
არვის მოაგონდება.
პალიტრაზე მოელვარე
ათასგვარი ელფერი.
გაუვიდა ტილოს ყავლი,
გაიცრიცა ფერები.
ლაღად დრო გვიტარებია,
ღვინო გვისვამს ქვევრიდან,
ჩვენ აღვდგებით საუკუნოდ,
ვით ფენიქსი ფერფლიდან.

პორტსიგარი

ეს მურტალი ვითარება კარგის მომასწავებელია,
ვიყოთ მაგრად, ვიდრე ვსუნთქავთ, ვიდრე გრძნობა მწველია.
მოღუშული სიფათები, გაყინული თვალები,
ემსახურე შენს ხელობას, დააბოლე ქალები.
ფულზე ფიქრი ბითურია, გასამრჯელო წვრილმანი,
გადაღლილი ტანის თრევა შენს ჯიბეზე გადადის.
ამოიღე პორტსიგარი, გააბოლე ქემელი,
მოიარე ავლაბარი, სოლოლაკი, ზემელი.
ვიყოთ მარჯვედ სანამ ვსუნთქავთ, სანამ გრძნობა მწველია,
ეს მურტალი ვითარება კარგის მომასწავებელია.

როცა
როდესაც კარგავ ყველაზე ძვირფასს,
როცა ფოთლები მესერთან თრთიან,
როცა უბანი ჯერ კიდევ უბნობს,

როცა მოიმკი თავგასულ სურვილს,

როდესაც სიცხე მიაგდებს ქალაქს,
როცა დარაბებს არავინ რაზავს,
როდესაც ღვარძლი მიაღწევს მწვერვალს,
როცა ყოველი იქცევა ფერფლად,
როდესაც საფრთხე შენსკენ მოიწევს…
და როცა მაკა სულზე მოგისწრებს.

სავარძელი


სიყვარული ჭეშმარიტი

ძარღვიანი ხელებით,

გამოხედვით – სევდიანით,

მზერით - დამათრობელით.

წყალს ბოთლიდან გადაყლურწავს,

წვრილ სიგარეტს მოქაჩავს, ხულიგნურად,

ხათრიანად ცეცხლზე ნავთს გადაგასხამს.

თმაზე სამაგრს გაისწორებს,
თავზე ხელს გადაგისვამს,

თავხედურად გაგიცინებს
და ფიქრებში წაგიყვანს.

გაწოლილა სავარძელში
მეგობარი ძვირფასი,
გაპოხილა სიყვარულით
ხვატიანი ივლისი.

“ჩვენთან, კონკასთან”


როცა თათუზას კეპი ახურავს,
როცა რეზიკო საქსოფონს ჩაჰბერავს,
როდესაც მაკა ნარნარად გიცქერს,
როცა ბონგებზე იტყავებ თითებს,
როცა თბილისს ჯერ კიდევ არ სძინავს,
მაშინ დემონის ჩაგესმის გმინვა.

No comments:

Post a Comment